Saturday, June 6, 2015

ბექა გოგინაშვილის კალაური, ოზიმო და ნიუ იორკი




მანჰეტენზე მდებარე ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც პენსილვანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ნიკოლოზ ჩოჩელის მიერ რელიგიურ თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც მიმდინარეობდა, 30 წლის ქართველი ტენორის – ბექა გოგინაშვილის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა.



იმ საღამოს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ორი ქართველი საოპერო შემსრულებელი და მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტი გიორგი გაგნიძე და ზურაბ ნინუა შეუერთდნენ, ქართული, იტალიური, გერმანული, ესპანური და უკრაინული კლასიკური მუსიკა შესრულდა (კონცერტმეისტერი ნინო ღარიბაშვილი). პროგრამა თავად ბექა გოგინაშვილმა შეადგინა და მსმენელს ის ქართული ნაწარმოებები წარუდგინა, რომელსაც უცხოეთში არ იცნობენ. ბექა კალაურელია. სწავლა დ. არაყიშვილის პირველ სამუსიკო კოლეჯში (მზია დავითაშვილის კლასი) გააგრძელა, თუმცაღა იმის გამო, რომ იმ დროს ოთხ ოფიციალურ სამსახურში მუშაობდა, იძულებული იყო სწავლა შეეწყვიტა.


ყოველთვის მსურდა იმაზე წინ გადამედგა ნაბიჯი, ვიდრე იმ მომენტში ვიყავი. როცა გრძნობ, რომ ერთ ადგილს ტკეპნი და სვლას ვერ განაგრძობ, ცხოვრების წესი რადიკალურად უნდა შეცვალო. სიახლე მიყვარს, ოღონდ იგი კარგად გააზრებული უნდა იყოს. ამიტომ გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა და გეზი ევროპისკენ ავიღე. მინდოდა უფრო მეტი ცოდნა შემეძინა, კერძოდ, კი სახელგანთქმული ბელკანტოს ტექნიკას იტალიაში საფუძვლიანად დავუფლებოდი. ძალიან გამიჭირდა სახლის დატოვება, თუმცა დედამაც და ჩემმა უფროსმა მეგობარმა, შესანიშნავმა პიანისტმა ნინა სტეპანიანმაც მხარი დამიჭირეს და მეც საზღვარგარეთ გავემგზავრე. როცა თბილისში ვარ, ქ–ნ ნინასგან გაკვეთილებს ახლაც დიდი სიხარულით ვიღებ. იგი წლების განმავლობაში ნოდარ ანდღულაძის ერთგული კონცერტმეისტერი იყო, ამავე დროს ვოკალის ნიუნსებშიც პროფესიონალურად ერკვევა. ერთხელ მაესტრომ იხუმრა კიდეც, რომ ნინა ვოკალისტებიდან ყველაზე ნიჭიერი გამოვიდა.



მენატრება ჩემი ხეთა, მეგობრები, ეზო, ვენახი, ბაღი. გონებითა და გულით მაინც იქა ვარ.



ანუ იტალიური სკოლა, ფაქტობრივად, ყველა საოპერო შემსრულებლისთვის აუცილებელია...



ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ კონსერვატორიის დასრულების შემდეგ ვოკალისტი ევროპულ და, განსაკუთრებით, მუსიკისადმი იტალიური საოპერო სკოლის მიდგომის თავისებურებებს კარგად გაეცნოს. საქართველოს ვოკალურ სკოლაში შესაძლებელია პროფესიონალიზმის გარკვეული დონის მიღწევა, შემდგომ კი აუცილებლად უნდა შეეცადო ევროპული ვოკალური ინსტიტუტების გამოცდილებას ეზიარო. მე ოზიმოს საოპერო ხელოვნების აკადემიაში ვსწავლობდი და მუშაობა დიდ მაესტროებთან მომიწია, თუმცაღა იქაც, იტალიაში უსახსრობის გამო განათლების სრული კურსი ვერ დავასრულე. თუმცაღა რაც ვისწავლე ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. იქ სწავლისას მომღერალი იმას აცნობიერებს თუ კარიერულად რა გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას. იღბალიც ბევრს ნიშნავს, რადგანაც საოპერო სცენა ადამიანისგან კოლოსალურ შრომასა და რესურსს მოითხოვს. უნდა გაგიმართლოს, რომ დიდ წარმატებას მიაღწიო.



ნიუ იორკში სულ რამდენიმე თვე ხართ...



საქართველოში აუცილებლად დავრუნდები და ჩემს საზღვარგარეთულ გამოცდილებას გავუზიარებ იმათ, ვისაც ეს სჭირდება. იდეა მაქვს, რომ განვახორციელო საოპერო პროექტი, რომელიც მოზარდ თაობას ოპერას შეაყვარებს. ასევე ჩაფიქრებული მაქვს კახეთში ახალგაზრდა ვოკალისტთა კონკურსი, რაც მათ სამომავლოდ უფრო მეტ შემოქმედებით სტიმულს მისცემს.

2015.05.15
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment