Thursday, February 13, 2014

ფრანსუა-ქსავიერ ლალანის ცხვრები




ჩელსიში ორმა ნიუ იორკულმა გალერეამ (მაიკლ შვოსა და პაულ კასმინის გელერეებმა) ცნობილი ფრანგი მხატვარ-დიზაინერ-ანიმალისტის ფრანსუა-ქსავიერ ლალანის (1927–2008) „ცხვრის სადგური“ წარადგინა... ბენზინგასამართ სადგურზე. ეს პროექტი საჯარო ხელოვნების პროგრამა „Getty Station“- ის ფარგლებში განხორციელდა. მისი მიზანი კი ქალაქის სპეციფიკური ადგილების, ინდუსტრიული ეპოქის ტერიტორიების XX საუკუნისა და ზოგადად, თანამედროვე ხელოვნებასთან დიალოგში ჩართვა გახლავთ. სხვათა შორის, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში იმ ადგილებს, სადაც ცხვრებისგან შალსა და ხორცს იღებენ, ანუ სადაც მეცხოველეობის ფერმებია განლაგებული, სწორედ „ცხვრის სადგურს“ უწოდ
პარიზის ჟულიენის აკადემიის კურსდამთავრებული ფრანსუა-ქსავიერ ლალანი კლასიკური ფერწერით იყო დაკავებული და სწორედ ფერწერა გახდა მისი სკულპტურებით გატაცების პრელუდია. იგი კონსტანტინ ბრანკუზისა (ისინი მეზობლებიც კი იყვნენ) და იმ ძველი ეგვიპტური ხელოვნების გავლენის ქვეშ მოექცა, რომელსაც ლალანი ლუვრის დარბაზებში გაეცნო. ხელოვანი მეგობრობდა სალვადორ დალისთან, მაქს ერნსტთან და ფრანსუა პომონთან. ფრანსუა–ქსავიერის მეუღლე კლოდიც ხელოვანი იყო და მათ ერთად არაერთი საინტერესო და დღეისათვის, ასე ვთქვათ, სახელოვნებო მარკეტისთვის მიმზიდველი სკულპტურა თუ ორიგინალური ავეჯი შექმნეს. იმასაც ამბობდნენ, რომ კლოდი ქმრისთვის ისეთივე მუზა იყოო, როგორც დალისთვის - გალა. თუმცაღა კლოდმა შესძლო არ მოქცეოდა ქმრის ჩრდილქვეშ და ხელოვნების ისტორიაში ადგილი მხოლოდ მუზის სახელით კი არა, არამედ როგორც თვითმყოფად ხელოვანს, ისე დაემკვიდრებინა.


ლალანების წყვილმა სახელი ცხოველებისა და მცენარეების მსგავსი აბსტრაქტული- იუმორნარევი სკულპტურების შექმნით გაითქვეს. დიდი ბეჰემოთი და მარტორქა, რომლებიც სექციებადაა დაყოფილი და ამ სექციების გახსნით ცხოველი მაგიდად, კარადად, თაროდ, ბიუროდ, პატარა მარნად გადაიქცევა; მინის მაგიდა, რომლის ფეხები ერთტანიანი ორი რკინის ირემია; თეთრსტრაუსებფეხებიანი მაგიდა, რომლის ზედაპირი სირაქლემებს პირით უჭირავთ, ცენტრში კი ლარნაკის მაგივრად დიდი თეთრი კვერცხია, ბუზი - უნიტაზი, აქლემი - სკამი; რბილი, ფუმფულა და მოსახერხებელი სავარძლები - ცხვრები; ყვავილებისგან „შეკერილი“ მაგიდა და ა.შ. თუმცაღა ფრანსუა–ქსავიერი ცოლის ორიგინალურ–ექსტემისტული იდეებით გატაცებას დიდად არ მიესალმებოდა, მაგრამ მათ მაინც ერთი რამ აერთიანებდათ - სამყაროს სიურეალისტური აღქმა, ხალასი იუმორის გრძნობა და ხელოვნებისადმი „უტილიტარისტული“ მიდგომა, როგორც არტ–ნუვოსა და სიმბოლიზმის თავისებური გამოძახილი. სხვათა შორის, ცოლ–ქმრის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი მოდელიორი ივ სენ ლორანი იყო, რომელიც გატაცებით ყიდულობდა ლალანების შექმნის წუთიდანვე ანტიკვარიატად გადაქცეულ ზოომორფულ თუ ფლორისტულ ფიგურებს. გულგრილი ლალანების სკულპტურების მიმართ არც ეპატაჟისტი სერჟ გინსბურგი იყო.



ნიუ იორკის ერთ–ერთ ბენზინგასამართი სადგურის ბალახზე „მოსეირნე“ 25 ცხვარი ფრანსუა-ქსავიერ ლალანის ერთ–ერთი ჩანაფიქრის ხორცშესხმაა. მას უნდოდა ხელოვნების დემისტიფიკაცია, მისი სახალისოობის წარმოჩენა და იმის ხაზგასმა, რომ საუკეთესო ხელოვნება ეს არის - ბუნების, ცხოვრების ხელოვნება.


აშშ-ში ლალანების ხელოვნების დიდი პროპაგანდისტი და მათი ნამუშევრების კოლექციონერი გახლავთ ენდი უორჰოლის მოსწავლე, ცნობილი არქიტექტორი პიტერ მარინო, რომელმაც მთელი თავისი რეზიდენცია და ბაღი კლოდ და ფრანსუა – ქსავიერ ლალანების ნამუშევრებით მოაწყო და, ფაქტობრივად, სახლში არაჩვეულებრივი გამოფენა შექმნა - სკულპტურული ზოოპარკი და რკინის ორანჟერეა

2014.01.28
batumelebi.ge

No comments:

Post a Comment