Monday, March 17, 2014

ნიუ იორკელები უკრაინელების მხარდასაჭერად




მას შემდეგ, რაც მაიდანზე სისხლიანი შეტაკებები დაიწყო, ნიუ იორკში უკრაინელთა დიასპორამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკრაინის ევროინტეგრაციის მხადამჭერი და იანუკოვიჩის დაუყოვნებლივი გადადგომის მომთხოვნი აქციები ლამის ყოველ დღე გამართეს. ამას გარდა, ამერიკაში მცხოვრები უკრაინელების ორგანიზებით არაერთი საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომლის მიზანი გახლდათ მაიდანზე დაღუპულების ოჯახებისთვის მატერიალური დახმარება და დაჭრილებისთვის მედიკამენტების თუ საოპერაციო ჩარევის თანხის მოგროვება. ბოლო ორი დღის განმავლობაში ნიუ იორკში ჯერ ბრუკლინ ბრიჯზე, მეორე დღეს კი აშშ–ში უკრაინის საკონსულოსთან ხამხლმრავალი აქცია გაიმართა, რომელშიც პოლონელებთან, ჩერქეზებთან, ბალტიისპირელებთან და, ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოთა სივრცეს არმიკუთვნებულ მოქალაქეებთან ერთად, ტრადიციულად, ქართველებიც მონაწილეობდნენ.


22 თებერვალს ბრუკლინისა და მანჰეტენის დამაკავშირებელ ხიდზე მოეწყო „მშვიდობის ჯაჭვი“, რომელიც უკრაინის ჰიმნითა და უკრაინული სიმღერებით, სანთლებითა და დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ლოცვებით ათასობით ადამიანმა შექმნა. მეორე დღეს კი 49–ე ქუჩაზე ასევე დიდი მიტინგი გაიმართა, რომლის დროსაც საკონსულოს კედელთან უკრაინაში თავისუფლებისათვის მებრძოლების ფოტოები გამოფინეს, მათ შორის, ქართველი დავით ყიფიანის.

აქციის მონაწილეებმა სანთლებითა და ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა სახელდახელოდ შექმნილი მემორიალი. გამომსვლელებმა მრავალჯერ აღნიშნეს, რომ რუსეთს კაგებეს მიერ დაგეგმილი აქცია, ჩამოაშოროს უკრაინა ევროინტეგრაციის გზას და კვლავ საბჭოთა რესპუბლიკად აქციოს, არ გაუვა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ნიუ იორკის შტატის სენატორი ტონი აველა და ამერიკის კონგერსის წევრი კეროლაინ მელონი, რომლებმაც ასევე აღნიშნეს უკრაინის მნიშვნელოვანი როლი ევროპასა და საერთაშორისო პოლიტიკაში და ხაზი გაუსვეს მაიდანის გმირების საპროტესტო აქციების დროს უკრაინელების ორგანიზებულობას, სიმამაცესა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას.

აქციის ოდნავ მოშორებით კი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამი ადამიანი იდგა, რომლებიც ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ, მაგრამ აქციის მონაწილეები მათ ყურადღებას არ აქცევდნენ. აქციაზე მაიდანის გმირებისთვის დაწერილი ახალი სიმღერები, უკრაინის ჰიმნი და ლოცვა ისმოდა.

23 თებერვალი საბჭოთა ჯარის დღეა და ასევე, ჩეჩნებისა და უნგუშების დეპორტაციის ტრაგიკული თარიღი. ამიტომაც ორმაგად მნიშვნელოვანი იყო ის სიტყვები, რომლებსაც ადამიანები სკანდირებდნენ არა მარტო უკრაინის საკონსულოს წინ, არამედ – გაეროში რუსეთის საელჩოს შენობის წინ (მოგვიანებით აქციამ საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაეროში რუსეთის საელჩოს წინ გადაინაცვლა): „რუსეთო, ხელები შორს უკრაინისგან!“, „რუსეთო, ხელები შორს საქართველოსგან“, „რუსეთო, ხელები შორს კავკასიისგან!“



























netgazeti.ge 
25.02.14














No comments:

Post a Comment