Wednesday, September 3, 2014

ხატია ბუნიათიშვილი "კარნეგი ჰოლში"



120 წელზე მეტია, რაც სამუსიკო სამყაროს ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო სივრცე – "კარნეგი ჰოლის" დარბაზები გამოჩენილ კომპოზიტორებს, კლასიკური თუ თანამედროვე მუსიკის შემსრულებლებს თავის სცენას სთავაზობს. აქ გამოდიოდნენ გუსტავ მალერი, ვლადიმირ ჰოროვიცი, მარია კალასი, ენრიკო კარუზო, ბილი ჰოლიდეი, ბენი გუდმანი, ლაიზა მინელი. "კარნეგი ჰოლში" შედგა დვორჟაკისა და გერშვინის ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერა, აქ უკრავდნენ მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული ორკესტრები - ნიუ იორკის, ბოსტონის, ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრები; დირიჟორობდნენ ატრურო ტოსკანინი და ლეოპოლდ სტაკოვსკი; უკრავდნენ არტურ რუბენშტეინი და ვან კლაიბარნი. "კარნეგი ჰოლს" თავისი სცენა არაერთი ქართველისთვის დაუთმია, მათ შორისაა პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც, რომელიც (Joan and Sanford I. Weill Recital Hall) ლისტის, რაველის, შოპენისა და სტრავინსკის ნაწარმოებებით წარსდგა და როგორც პროფესიონალმა შემფასებელებმა აღნიშნეს, დიდი წარმატებითაც. ამის დასტურია კარნეგი ჰოლში გამათული კონცერტისას კრიტიკოსებისა თუ მუსიკის მოყვარულთა ერთსულოვანი ოვაციებიც. ხატიამ ბისზე ჰენდელის მენუეტი და პროკოფიევის მე-7 სონატის მე-3 ნაწილი შეასრულა.

– პირველად "კარნეგი ჰოლში" (Zankel Hall) 2008 წელს ორკესტრთან ერთად დავუკარი, – ამბობს ხატია. – თუმცა "კარნეგი ჰოლთან" ნამდვილ თანამშრომლობად (როდესაც მოწვევა თავად "კარნეგი ჰოლიდან" მოვიდა), 7 აპრილის კონცერტს ვთვლი. თანამშრომლობა ისევ გრძელდება...

–"კარნეგი ჰოლისთვის" საკონცერტო პროგრამა როგორ შეარჩიეთ?

– პირველი მნიშვნელოვანი წარდგენისთვის შევარჩიე პროგრამა, რომელიც ჩემთვის ორგანულია. კერძოდ, რეპერტუარი, რომელიც გამოირჩევა დრამატურგიული მნიშვნელობით, კომპლექსური პიანისტური სირთულეებითა და მრავალფეროვნებით.

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საფორტეპიანო კონკურსები?

–კონკურსებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ყველა კონკურსი ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპია, რომელიც ერთ დღეს, საკმაოდ მალე, ჩემივე ნებით დავასრულე.

–თქვენ პარიზში ცხოვრობთ. შეესაბამება თუ არა ნიუ იორკი (გნებავთ, მუსიკალური ნიუ იორკი) თქვენს მოდუსს და იცხოვრებდით თუ არა აქ.

–ძალიან მიყვარს ნიუ იორკი. მომწონს ამ ქალაქის აქტიური, შემოქმედებითი პულსი და კოსმოპოლიტური ატმოსფერო. ნიუ იორკში სიამოვნებით ვიცხოვრებდი. ვიცნობ ბევრ ამერიკელ პიანისტსაც, თუმცა მათ ძირითადად მხოლოდ ფესტივალებზე ვხვდები. ვმეგობრობ სტივენ კოვასევიჩთან.

– ფრანგი კომპოზიტრებიდან ვინ გიყვართ?

– ფრანგი კომპოზიტორებიდან განსაკუთრებით რაველი მიყვარს. ინსტრუმენტალისტებისგან გამოვყოფდი ივრი გიტლისს, რომელიც ჩემი საყვარელი მევიოლინეა და ასევე ძალიან ძვირფასი მეგობარი.

–მართა არგერიჩი თქვენთვის მნიშვნელოვანი პიანისტია. რას ისწალიდით მისგან და რას გაუზიარებდით მას?

– მისგან უკვე ვისწავლე, რომ ყველაფერი განსაკუთრებული უნიკალური და განუმეორებელია. ის, ვინც მას პირადად არ იცნობს, მხოლოდ Diva-დ აღიქვამს. რეალურად ძალიან თბილი ადამიანია, უყვარს ადამიანები და გულთან მიაქვს ნებისმიერი სახის უსამართლობა. მასთან საუბარი შეიძლება როგორც პირად ცხოვრებაზე, ასევე გლობალურ პრობლემებზეც. ორივეს გულდასმით მოისმენს და თანაგიგრძნობს.

– ინსტრუმენტთან თქვენი ენერგეტიკა ისევე იგრძნობა, როგორც არტისტული ტემპერამენტი. როგორ ანაწილებთ ენერგიას, რათა იგი ყველა ნაწარმოებზე "გეყოთ"?

–არ ვანაწილებ, ბოლომდე ვიხარჯები.

–რატომ შეარჩიეთ შოპენის სონატა N 2, რომელსაც "სამგლოვიარო მარშსაც" უწოდებენ? პირადად ჩემთვის (და არა მარტო) იგი სევდიანი 1990 –იანების ასოციაცისაც იწვევს. თქვენ როგორ იხსენებთ ამ წლებს და როგორ ფიქრობთ, რა იყო ეს პერიოდი ზოგადად ქართველი ხელოვანებისთვის?

– მეორე სონატა ახალგაზრდა ადამიანის მიერ აღქმული მრავალფეროვანი ცხოვრების რთული გზის, სიკვდილისა და სიკვდილის შემდგომ გაჩენილი სიცარიელის სურათებია. ეს ყველაფერი გაჟღენთილია სასოწარკვეთილებით. 90–იანი წლები ტყუილად არ მოგაგონდათ. პოლონეთმაც გაიარა ის სირთულეები, რომლის წინაშეც საქართველო დღესაც დგას. 90 –იანი წლებში ბავშვი ვიყავი. ეს იყო შიშის, დაუცველობის, ქაოსის, ნავთქურის, სანთლების, მშობლების ყოველდღიური საზრუნავის (თუ სად ეშოვათ ელემენტარული შემოსავალი) წლები.

–რას არ დაუკრავდით არასდროს?

– არასდროს არ დავუკრავდი Crossover-ს. თუმცა never say never.

– არსებობს მოსაზრება ნაწარმოების ქალური და კაცური შესრულების მანერის/სტილის/ჟღერადობის შესახებ. რამდენად იზიარებთ ამგვარ "გენდერულ დიფერენციაციას"?

–გენდერულ დიფერენციაციას არ ვიზიარებ, მხოლოდ ინდივიდუალურ დიფერენციაციას.

– თქვენი გეგმები 2014/15 წლებისთვის?

– ამ პერიოდის განრიგი სოლო და სიმფონიურ ორკესტრთან კონცერტებით ძალიან დატვირთულია. ასევე კამერული მუსიკისა და ჩემს დასთან გვანცა ბუნიათიშვილთან დუეტის საღამოებით. საქართველოში ჯერ ჯერობით არაფერი მაქვს დაგეგმილი. ძირითადი ნაწილი კონცერტებისა ჩატარდება ევროპასა და ამერიკაში. მცირე რაოდენობით აზიასა და ავსტრალიაში. ასევე იგეგმება ჩემი ახალი ალბომის გამოსვლა, რომელსაც დედას ვუძღვნი. ჰქვია "Motherland".



17.07.2014
"საქართველოს რესპუბლიკა"

No comments:

Post a Comment