Saturday, October 25, 2014

ფავნის შუადღე: ტანაქუი ლე კლერქი




ნიუ იორკის კარსმომდგარ 52–ე კინოფესტივალის დაწყებამდე წინა ფესტივალისთვის შერჩეული ფილმი, "ფავნის შუადღე: ტანაქუი ლე კლერქი" (2013) ქალაქის კინოეკრანებიდან კვლავ არ ჩამოდის. ფილმის რეჟისორი და სცენარისტია "ემისა" და "ფიბოდის" ჯილდოების მფლობელი ნენსი ბუირსკი, რომელმაც ამჯერად ფილმი ამერიკული ბალეტის "ტრანსცენდენტულ ვარსკვლავზე"– ტანაქუი ლე კლერქის ცხოვრებაზე გადაიღო. ეს ფილმი, პირადად ჩემთვის, არა მხოლოდ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ აშშ–ის ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი და ინდივიდუალური ხელწერის მქონე ბალერინის, ტანაქუი ლე კლერქის (მას ახლობლები "ტენის" ეძახდნენ) ტრაგიკულ ბედზე, არამედ ამერიკული ბალეტის ქართველი ფუძემდებლის, ჯორჯ ბალანჩინის ცხოვრებიდან აქამდე უცნობ ფაქტებზეც მოგვითხრობს და იმ კადრებსაც გვიჩვენებს, რომელიც დღემდე, მაგალითად, პირადად ჩემთვის და, ალბათ, არა მარტო ჩემთვის, უცნობი იყო. დოკუმენტური ფილმი "ფავნის შუადღე: ტანაქუი ლე კლერქი" იმ იშვიათ ბოიგრაფიულ დოკუმენტურ სურათს წარმოადგენს, რომელიც გარდა იმისა, რომ საარქივო ფოტო – ვიდეო მასალითა და კლასიკური მუსიკის "საუნდთრეკით" შექმნილი მაღალპროფესიონალური ნამუშევარია, იგი საოცარი დრამატული მხატვრულობით ასახავს XX საუკუნის შუა წლებს, იმ პერიოდის ნიუ იორკის სახელოვნებო აურასა და იმ ადამიანების სახეებს, რომლებიც ამერიკული ბალეტის ისტორიას ერთად ქმნიდნენ. ფილმის შავ–თეთრი საარქივო კადრებისა და XX საუკუნის ბალეტის "ოქროს ხანის" მოცეკვავეების ახლანდელი მოგონებების მონაცვლეობა ერთგვარი ისტორიულ–ნოსტალგიური ექსკურსიცაა, მაშინდელი სასცენო მუზის – ტანაქუი ლე კლერქის ბიოგრაფიული ტექსტიცა და ჯორჯ ბალანჩინის დასის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი პერიოდის ქრონოლოგიაც. მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ნიუ იორკის კულტურული ცხოვრების ჩვენებას კი ერთგვარ რუხ ლანდად გასდევს იმის განცდა, რომ პოლიომიელიტის (პოლიოს) ეპიდემია, რომელიც ახლა უკვე ორივე კონტინენტზე – ევროპასა და ამერიკაში, ფაქტობრივად, დაძლეულია, 60–70 წლის წინათ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა...


ტანაქუი ლე კლერქი 1929 წელს პარიზში დაიბადა. ომის დაწყებისთანავე ოჯახი საფრანგეთიდან ამერიკაში გაემგზავრა და მშობლებმა გოგონა საბალეტო სკოლაში რუსი ბალეტმეისტერის, მიხაილ მორდიკინის კლასში ჩაწერეს. ტენი, როგორც განსაკუთრებული ნიჭის მქონე სტუდენტი, მალევე მიიღეს ამერიკული ბალეტის სკოლაში. 1949 წელს 45 წლის ბალანჩინის მახვილმა ქორეოგრაფიულმა თვალმა შეამჩნია, რომ მასზე გაცილებით უმცროსი ტენი ნამდვილი ვარსკვლავი გახდებოდა და შეურჩია ერთი საბალეტო ნომერი, რომელიც სასტუმრო "უოლდორფ ასტორიაში" პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში პოლიოსთან მერძოლი, სახელგანთქმული არამომგებიანი ორგანიზაციისთვის, "ათცენტიანების მარშისთვის" გამართული საქველმოქმედო კონცერტისთვის იყო განკუთვნილი. თავად ბალანჩინი, შავ მოსასხამში გახვეული პოლიომიელიტის საფრთხეს განასახიერებდა, ტენი კი – ამ დაავადებისგან დატანჯულ ადამიანს. წლების მერე ბალანჩინი თავის თავს ადანაშაულებდა, რომ მის საყვარელ ქალს სწორედ მან "მოუტანა’’ უბედურება... იმ საქველმოქმედო წვეულებაზე, მისსავე ქორეოგრაფიულ ეტიუდში. "ბედის ირონიით" მას მერე, რაც ტანაქუი ბალანჩინის მუზა და ცოლი გახდა, ევროპაში "ნიუ იორკ სითი ბალეტის" საგასტროლო მოგზაურობის წინ, როცა მთელი დასი პროფილაქტიკულ აცრას იკეთებდა, იგი, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, მედკაბინეტის წინ კოლეგების რიგიდან გამოვიდა და პოლიომელიტზე არ აიცრა...

 ტენი ამბობდა, რომ ევროტურში გამგზავრება არ უნდოდა. კოპენჰაგენში ჩასვლიდან რამდენიმე ხანში ტანაქუი ცუდად გახდა. იგი წელს ქვემოთ მოწყდა და მას მერე ვეღარც ფეხზე გაიარა და მის სასცენო ცხოვრებას ხომ სამუდამოდ დაესვა წერტილი. ეს ის პერიოდია, როცა ტენი თავისი კარიერის ზენიტში იყო. მოგვიანებით მისი პირადი ბედნიერებაც დასრულდა: ბალანჩინსა და ლე კლერქის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, ქმარი სხვა ბალერინით/ახალი მუზით, ტენიზე 14 წლით უმცროსი სიუზენ ფარელით მოიხიბლა (ფარელი ბალანჩინის მეხუთე ცოლობას არ დასთანხმდა), ტენი და ჯორჯი თექვსმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოფიციალურად დაშორდნენ, თუმცაღა ბალანჩინს თავის ყოფილ მუზაზე ზრუნვა არ შეუწყვიტავს და ქორეოგრაფის სიკვდილამდე ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ. ბალანჩინი ავად გახდა, ტენი კი ყოველდღე დადიოდა მის მოსანახულებლად (მის გარდაცვალებამდე, 1983 წლამდე), უფრო სწორედ, მეგობრებსა და მომვლელ პერსონალს იგი ბალანჩნის სახლში მიჰყავდათ...



ნენსი ბუირსკის ფილმს სახელწოდება ლე კლერქის მიერ დებიუსის მუსიკაზე ცნობილი თეატრალური მეცენატის, რეჟისორისა და ქორეოგრაფის ჯერომ რობინის მიერ დადგმულ "ფავნის შუადღის" გამო ეწოდა. ამ ერთაქტიან სპექტაკლში ტენი ცეკვავდა. უფრო სწორად, სპექტაკლი ტენისთვის დაიდგა. ლე კლერქზე რობინიც იყო შეყვარებული, ამერიკული ბალეტის პოსტმოდერნის ლეგენდარული ოსტატი მერს კენინჰემი კი ცეკვებს სპეციალურად ლე კლერქისთვის დგამდა.

17 წლის ტენი Ballet Society –ის მიწვევით დასის პრიმა – ბალერინა გახდა და ეს არა მარტო ლე კლერქის ნიჭის, არამედ, ბუნებრივია, მისი პედაგოგის დამსახურებაცაა. შეიძლება ითქვას, რომ ბალანჩინი მისი ცეკვის მანერას თინეიჯერობიდანვე წარმართავდა. ხოლო როცა ტენი 21 წლის გახდა, ბალანჩინმა სპეციალურად მისთვის შექმნა ლირიული დადგმა - "ვალსი". 1952 წელს, შობას, 23 წლის ტენის მასზე 25 წლით უფროსმა ჯორჯ ბალანჩინმა სთხოვა ხელი. ახალ წელს ისინი დაქორწინდნენ კიდეც. ტენი გახდა ბალანჩინის მეოთხე და უკანასკნელი ცოლი, მაგრამ არა უკანასკნელი მუზა და სიყვარული. წლების შემდეგ ამერიკელმა მწერალმა ვალერი ო'კონორმა ტენისა და ჯორჯის სიყვარულსა და მოცეკვავის ტრაგიკულ ბედს ნოველა "ოსტატის მუზა" მიუძღვნა.



1956 წელს, როცა New York City Ballet ევროპაში გასტროლებზე იმყოფებოდა, ლე კლერქი თავს ცუდად გრძნობდა, თუმცაღა მაინც შეძლო მთელი საგასტროლო პროგრამის შესრულება. უკანასკნელი სპექტაკლიდან 2000 წლამდე, სანამ იგი 71 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვლებოდა, ტენის დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეეძლო. ფილმი მხატვრულად აღწერს იმ მომენტს, როცა კოლეგებმა ლე კლერქის დაავადების შესახებ შეიტყვეს. მისი კოლეგა ჟაკ დ'ამბოიზი (იგი "ფავნის შუადღეში" ტენის პარტნიორი იყო), რომელთანაც ბალერინას თბილი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა, 57 წლის შემდეგაც კი ცრემლს ვერ იკავებს და ვერ საუბრობს იმ ტრაგიკულ წუთზე, როცა ყველასთვის უკვე ცხადი გახდა – ტენი ვეღარასოდეს გამოვიდოდა სცენაზე. "როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს ბალერინა, რომელთანაც ცეკვავ?" – დასძენს იგი და აგრძელებს: "ტენი ამობდა: მე აღარა ვარ მოცეკვავე. მაშ ვინ ვარ?" მართლაც ძალიან სევდიანია ეკრანზე ხედავდე მოცეკვავის გაშეშებულ სხეულს მაშინ როცა, როგორც ტენის ერთ–ერთი მეგობარი ამბობს: "სწორედ ტენის სხეული იყო ქორეოგრაფების მუზა. მათ ამგავრი აღნაგობის ბალერინა მანამდე არ ენახათ"...



ტენი დანიის სამედიცინო ცენტრში დააწვინეს, მერე კი აშშ–ში გადააფრინეს. ფილმი აღწერს ტანაქუი ლე კლერქის სევდით, სასოწარკვეთილებითა და ამავე დროს, მბჟუტავი იმედით სავსე ყოველდღიურ რუტინას სამედიცინო ცენტრში, სადაც მასთან ერთად ამ ვერაგი სნეულებით შეპყრობილი სხვა პაციენტებიც მკურნალობდნენ. გასტოლებიდან ნიუ იორკში დაბრუნების შემდეგ ბალანჩინმა ერთწლიანი შვებულება აიღო, რათა ცოლზე თავად ეზრუნა. როგორც ფილმიდან ჩანს, თავიდან მას მართლა სჯეროდა, რომ ტენი სასცენო კარიერას ოდესმე აუცილებლად დაუბრუნდებოდა.



ტენი თანდათან შეეგუა თავის მდგომარეობას; მას დედა და მეგობრები ძალიან ეხმარებოდნენ; დაიწყო იმაზე ზრუნვა, რა უნდა გაეკეთებინა ცხოვრებაში სამომავლოდ 27 წლის პარალიზებულ მოცეკვავეს; ფილმიდან ჩანს, რომ ტანაქუი იყო საოცარად ხალისიანი, მშვენიერი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ინტელექტუალი, რომელსაც სიცოცლე ძალიან უყვარდა. ტენი სნეულებას არ დანებდა; ვარჯიშობდა, საზოგადოებრივ ურთიერთობებს არ გაურბოდა, დაიწყო წიგნის წერა, პედაგოგიური მოღვაწეობა, ფოტოგრაფირება და საინტერესო კროსვორდების შედგენა. 1964 წელს გამოდის კიდეც ტენის პირველი წიგნი: "მურკა, კატის ავტობიოგრაფია", ხოლო 1967–ში – "ბალეტის სამზარეულო წიგნი". 1970 –იანებიდან კი ტანაქუი ლე კლერქი ჰარლემის საბალეტო თეატრმა პედაგოგად მიიწვია. ტენი ქორეოგრაფიული პასაჟების აღსაწერად ფეხების ნაცვლად ხელებს იყენებდა და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა.



New York City Ballet – ის მოცეკვავეების - პატრიცია მაკბრაიდის (იგი ტენის ბავშვობისდროინდელი ახლო მეგობარი იყო), არტურ მიტჩელისა და ბალანჩინის ასისტენსტის (ამჟამად "ჯორჯ ბალანჩინის ფონდის" დირექტორის), ბარბარა ჰოგანის მოგონებები ტანაქუი ლე კლერქზე ერთი ადამიანის სასცენო ცხოვრების გარდა, ტენის სიყვარულზე, მეგობრობაზე, ტკივილის დაძლევაზე, ოცნებებსა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დეკადის არტაურაზე მოგვითხრობს. ფილმი იწყება რობინსის "ფავნის შუადღით" (დებიუსი,1953) და სრულდება ბალანჩინის "ვალსით" (რაველი, 1951), სადაც მთავარი გმირი კვდება... "ვალსი" ის საბალეტო კომპოზიციაა, რომელთანაც ლე კლერქი რატომღაც ყოველთვის იყო იდენტიფიცირებული. ერთხელ, ერთ წვეულებაზე, ერთ ლამაზ გოგონას შავებში ჩაცმული მამაკაცი ხვდება და მას შავ ხელთათმანებს აძლევს. გოგონა "სიკვდილით" მოიხიბლება, ამ საბედისწერო ხელთათმანებს მოირგებს, ისინი ვალსს ერთად ცეკვავენ და გოგონას სიცოცოცხლეც სრულდება.


ამბობენ, ერთხელ ბალანჩინმა "სითი ბალეტის" კორიდორში, სარეპეტიციო კლასის კართან ატუზული, მაღალი, წარბშეჭმუხნული გოგონა დაინახაო. "კლასში რატომ არა ხართ?" უკითხავს ბალანჩინს. "გამომაგდეს" – უპასუხია ტენის. მერე კი ფილმი გვიყვება, როგორ ავარჯიშებს ბალანჩინი წლების შემდეგ შშმ–ის ეტლს მიჯაჭვულ ტენის, როგორ ცდილობს იგი, როგორმე გააცოცხლოს თავისი მუზის ფეხის კუნთები... მაგრამ უშედეგოდ. ტენის, მოდელის აღნაგობისა და ამერიკის საბალეტო სცენაზე ახალი ტრენდის დამმკვიდრებლის კარიერა, რომელიც ბალერინის ისედაც ხანმოკლეა, სასცენო ცხოვრებაზე გაცილებით უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა.


ნენსი ბიურსკი თავად ამბობს, რომ მისთვის ფილმის გადაღების მთავარი მოტივატორი იყო "ფავნის შუადღე", რომელშიც მან პირველად ლეგენდარული ტანაქუი ლე კლერქი იხილა. "ფილმით მინდოდა იმ განწყობის, მუსიკისა და ცეკვის პოეზიის გადმოცემა" – ამბობს რეჟისორი. ფაქტია, რომ მან ეს მშვენივრად შეძლო. ამერიკული კინოკრიტიკა აღფრთოვანებით შეხვდა ამ ფილმს. სურათი წარდგენილი იყო 64–ე ბერლინალეზე, სადაც მისი საერთაშორისო პრემიერა გაიმართა. ვფიქრობ, 91 წუთიანი ფილმი "ფავნის შუადღე: ტანაქუი ლე კლერქი" აუცილებლად უნდა ესტუმროს ქართულ კინოთეატრებს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მის სამშობლოში ამით ჯორჯ ბალანჩინის ცხოვრების ჩვენთვის უცნობი ეპიზოდების გაცნობის შანსი გაცილებით უფრო მეტ ადამიანს მიეცემა.

24საათი
24.09.2014


No comments:

Post a Comment