Tuesday, March 8, 2016

ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის




ფონდმა "თამარიანი", რომელიც ახალგაზრდა ტენორმა ბექა გოგინაშვილმა 2015 წლის ზაფხულში თბილისში დააფუძნა, თავისი პირველი ამერიკული საქველმოქმედო კონცერტი ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე წმინდა მფარველი ქალწულის სახელობის მართლმადიდებელ ტაძარში გამართა. შეგროვილი თანხა კი საქართველოში, სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ გველუკაშვილების უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს გადაეგზავნა. სამი მცირეწლოვანი ბავშვის მამა ბანკის ვალების გასასტრუმრებლად თურქეთში გაემგზავრა, მას კი სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა, რის გამოც ოჯახი ამ მიზერული თანხის გარეშე დარჩა. "თამარიანი" სოფელ ჟეპოტაში მცხოვრები დოლიაშვილების ოჯახის დახმარებასაც გეგმავს. კაცს მეუღლე გარდაეცვალა და გაუსაძლის სიდუხჭირეში სამ მცირეწლოვან ბავშვს ზრდის.

"თამარიანმა" შარშან წეროვანში მცხოვრებ ასევე ძალიან გაჭირვებულ ადამიანებს გაუწოდა დახმარების ხელი: უსინათლო დედასა და მისი თეთრთმეტი წლის შვილს, რომელსაც ბებია, ფაქტობრივად, სიცივისა და შიმშილისგან გარდაეცვალა.



იმ დღეს ქართული ოჯახის დასახამრებლად იმღერეს სოპრანოებმა ირმა დვალიშვილმა, ანი კოლხიდამ, ნონა კიკალიშვილმა, ბას – ბარიტონმა მალხაზ მარგოშვილმა, ტრიო "მაგნოლიამ" (მანანა ჩიტაურმა, მზია ბეკურაშვილი, ზაირა ჩოხელი), ლიზი კვერნაძემ, ეკა გელაშვილმა, გიორგი შაუთიძემ, ანსამბლმა "ზეკარი"; ფორტეპიანოსთან – ნინო ღარიბაშვილი და თენგიზ შაუთიძე, რომლებიც ვიქტორ სირელსონის მიერ დაარსებული ანსამბლის "მოცეკვავე წეროები" წევრები არიან. კონცერტი გაიხსნა ბექა გოგინაშვილის მიერ შესრულებულმა არიამ ლეოკაველოს "მასხარებიდან", ასევე გაიჟღერა პუჩინის, მოცარტის, ვერდის, ბიზეს, გასტალონის, ლაღიძის, გერშვინის მუსიკამ; ქართულმა პოპულარულმა სიმღერებმა. იმღერეს " სვანური", "შენმა სურვილმა", "შენ ხარ ვენახი".

ფონდი გარდა ამგვარი საქველმოქმედო აქციებისა, ახალგაზრდა მომღერლების წახალისებითაცაა დაკავებული. შარშან "თამარიანმა" სამუსიკო კონკურსი "კახეთი 2015" ჩაატარა, რომლის მიზანი ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათი ფინანსური მხარდაჭერაა. ამ კონკურსზე საბერძნეთსა და აშშ–ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა თავიანთი პრიზები დააწესეს.



ბექა გოგინაშვილი ამბობს, რომ კარგად იცის ქველმოქმედების ფასი, რადგანაც თავადაც მას, ამერიკაში ახალჩამოსულს ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები უანგაროდ არაერთხელ დახმარებიან. ასეთია, მაგალითად, ცნობილი საოპერო მაესტრო მარჩელო გაროფალო, რომელიც იტალიიდან აშშ–ში 42 წლის წინათ გამოემგზავრა. იგი ბექას უფასოდ ამეცადინებდა და ხელს უწყობდა, რომ ქართველ მუსიკოსს ასევე უფასოდ "მეტროპოლიტენ ოპერის" სარეპეტიციო დარბაზებში ემღერა. 92 წლის პედაგოგი იმ დღეს "თამარიანის" საქველმოქმედო აქციაზეც მოვიდა. ქართველმა ბარიტონმა გიორგი გაგნიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა აქციას, ბექას "მეტოპერის" ცნობილი კონცერტმეისტერი ჯონ ფიშერი გააცნო. ფიშერის ძვირადღირებული გაკვეთილების დაფინანსება კი იტალიელმა პასტორმა, მუსიკის მოყვარულმა და მეცენატმა მარკ როზეტიმ (იგი თავად ორღანზე უკრავს) თავის თავზე აიღო. ერთხელ მან ქართველ არტისტს მოუსმინა და მაშინვე მისი დახმარება გადაწყვიტა. რამდენიმე დღეში კი ბექა გოგინაშვილის სოლო კონცერტი პენსილვანიის ქალაქ სკრენტონში გაიმართება.



"თითქმის ყველა ქართველ მუსიკოსს ვიცნობ, ვინც ნიუ იორკში ცხოვრობს/ მოღვაწეობს და როგორც კი მათ ჩემი იდეა საქველმოქმედო კონცერტის შესახებ გავუზიარე, მონაწილეობაზე მაშინვე ყველა დამთანხმდა – ამბობს ბექა. – გარდა ამისა, გერმანიიდან დამიკავშირდა რუსუდან მაკოვსკი (კომპანიის "მაკოვსკი რუსა" ხელმძღვანელი), რომელმაც საქართველოში სამუსიკო კონკურსის მხარდაჭერის პირობა აღმიქვა. "თამარიანის" პარტნიორ ამ გერმანულ კომპანიასთან ერთად ჩვენ უკვე ვგეგმავთ ბერლინსა და ბრემენში საქველმოქმედო აქციების ჩატარებას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რესურსებით შევძლებთ იმ ადამიანების ყოფის შემსუბუქებას, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ თანადგომა, თუნდაც ისეთ ელემენტარულში, რასაც ყოველდღიური საკვები ჰქვია".

3.03.2016
24საათი.

No comments:

Post a Comment