Saturday, October 8, 2016

აკაკი წერეთლის “სპექტაკლის საზოგადოება”


არ ვიცი რატომ, მაგრამ საქართველოში მიმდინარე პროცესებმა ორი ერთმანეთისგან დროით, ჟანრითა და კონცეფციით განსხვავებული ტექსტი გამახსენა. ერთი - ჩვენებურის, აკაკი წერეთლის “კუდაბზიკეთი” და მეორე უცხოელის – გი ერნესტ დებორის “სპექტაკლის საზოგადოება”. ჰო, კიდევ ერთი შემთხვევაც. როცა გაზეთი “იბერია –სპექტრი” გამოდიოდა, მისი რედაქტორი ირაკლი გოცირიძე და მე, შტატგარეშე კორესპონდნეტი, ე. შევარდნაძის ორშაბათის “ტრადიციული გულახდილობის” რამოდენიმე ბრიფინგს დავესწარით. ჩემდა გასახარად, ეს “იძულებითი სიამოვნება” დიდხანს არ გაგრძელდა და გაზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს, შეწყდა კიდეც.
ერთ მშვენიერ საკანცელარიო ორშაბათს კოლეგებით სავსე დარბაზში ირაკლი გოცირიძემ საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხა, რადიო “თავისუფლებაში” ინფორმაცია თქვენი და გერმანიის კანცლერის საერთო ბიზნეს და კიდევ სხვა ინტერესების შესახებ გავიდაო, ჰოდა, რას იტყვით ამასთან დაკავშირებითო? მაგრამ კითხვის ადრესატს, აბა, ვინ აცალა პასუხის ბოლომდე გაცემა? უცებ, კოლეგა ჟურნალისტები ფრიად სოლიდარულნი გახდნენ, შევარდნაძის თავგამოდებულ ადვოკატებად გადაიქცნენ, აყვირდნენ და “უტაქტო კაცის თავხედურ კითხვას” სიტყვითა და სხეულის ენით ნიჭის შესაბამისი ფრაზებით გმობდნენ. მათ შორის ისინიც, ვინც ახლა არხიდან არხზე “სიმართლისათვის” დევნილობისთვის მოგზაურობს. ყველა ყვიროდა, თავს გადააქან-გადმოაქანებდა, მხრებს იჩეჩდა და ერთმანეთსა და ქვეყნის პირველ პირს თავის დაუოკებელ აღშფოთებას “უდემონსტრირ-უბრიფინგებდა”. ირაკლი გოცირიძემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, მე კი გასვლისას ჩამილაპარაკა - დარჩი, არ გამოხვიდეო. დარბაზში კიდევ დიდხანს იდგა როხროხი და ყიყინი. მახსოვს ის მტკივნეული და ოდნავ ნაცნობი, საიდანღაც წამოსულ-მიძინებული განცდაც, რომელიც, ალბათ, ჩემს ცხოვრებაში მეორედ დამეუფლა. ჩემს უკან, გვერდით თუ წინ მსხდომნი ვერ წყნარდებოდნენ, ოთახიდან გასულს კაცობას და ზრდილობას უძაგებდნენ, რედაქტორის თავხედობას დაუღალავად გმობდნენ და არ იღლებოდნენ. თავხედობის არსი კი კითხვის შინაარსში იყო. გოცირიძე იმ “უვიც მართლმადიდებელს” დაემსგავსა, ზოგიერთი კისერზეჯვარჩამოკიდებული “უადგილო” კითხვის დასმის გამო მკრეხელთა რიგში რომ გაგამწესებს, თანაც ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, სიტყვიერი ლინჩის წესით. . . მერე ისევ შევარდნაძემ დაამშვიდა მეოთხე ხელისუფლება და დიალოგი კვლავ დაუბრუნდა თავის განმანათლებელ - საინფორმაციო ფუნქციას. ბრიფინგის დასასრულ დარბაზიდან ყველა გამოვიდა (ბ-ნი ირაკლი კარებს იქით მელოდებოდა) და ჩვენ 7-8 ჟურნალისტთან ერთად ლიფტით ქვევით დავეშვით. ჰოდა, ყველაზე საინტერესო სწორედ მოძრავ მანქანასა და კანცელარიის გარეთ ხდებოდა. ისინი, ვინც მას ზუსტად 1 წამის წინათ ზრდილობას უწუნებდნენ, ახლა მისი თანდასწრებით სხვა ჟურნალისტების ქცევას გმობდნენ და გერმანიისა და საქართველოს პირველ პირებს შორის “ფარული” კავშირის შესახებ ვარაუდების სახით ცხოველ ინტერესს გამოხატავდნენ. ეს ჩემთვის არც ისეთი შოკისმომგვრელი იყო, როგორც ადრე, 1991 წელს “არამიანცის” მორგში ნანახი სცენები, მაგრამ მაინც. ასეთი Lივე სპექტაკლებით დიდად განებივრებული არ გახლდით. ირაკლი გოცირიძეს კი არაფერი გაკვირვებია. “ეს ხალხი ასე ცხოვრობსო”, მითხრა. . . მაშინ იულია კრისტევას ფემინისტური ტექსტი “საშინელებათა ძალები – ესსე ზიზღზე” წაკითხული რომ მქონდა, ალბათ, აუცილებლად გამახსენდებოდა. განსაკუთრებით კი, მისი პირველი თავი - სახელწოდებით “არც სუბიექტი, არც ობიექტი”. . . .
მე და ჩემს მეგობრებს, 1991 წლის დეკემბერი ცხადზე ცხადად გვახსოვს. მაშინ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახლდით. დეკემბერში სამედიცინო კრიმილოგიას გავდიოდით. მორგში “პრაქტიკები” გვქონდა. ცინიკური და სასტიკი დამთხვევა . . . მაინცდამაინც ჩვენი ლექცია-პრაქტიკუმის დროს, იმ შავ Dდღეს “არამიანცის” საავადმყოფოში რუსთაველიდან გვამების მოტანა, პროზექტუროებსა და კორიდორებში დაყრა დაიწყეს... “ზვიდისტების”, “მხედრიონელების”, “გვარდიელების”, “უბრალო მოქალაქეების”, პრო და ანტიპუტჩისტების უსულო სხეულები ერთმანთზე ეყარა. არ ვიცი სწორედ როგორ უნდა ვთქვა, “ეყარა, “ელაგა”, “იწვა”, “იდო” “ეგდო” თუ მრავლობითი რიცხვი გამოვიყენო . . . მაშინ, იმ პროზექტრულ ბრიფინგზე “ვინ” და “რა ჯგუფი” რთულად გასარკვევი იყო . . . გვამები ხელით, თავის ქალით, შიშველი ტერფით, მთელი სხეულით ისე ეხებოდნენ ერთმანეთს, თითქოს პატიებას სთხოვდნენ ერთურთს, ამჯერად არა სიტყვით, არამედ სხეულის ენით. გასაყოფი უკვე აღარაფერი ჰქონდათ. მახსოვს, სამი სხეული ისე იყო ერთმანეთზე “გადადებული”, თავიდან ვერ მიხვდებოდი, ვისია თავი და სადა ამ თავის კისერი. . . მორგში კი, ჩვენ, სტუდენტები ქვის ფიგურებივით ვიდექით, ლექტორი სადღაც გავარდა, ვიდექით ერთ ჯგუფად, გაქვავებულები, ერთმანეთს მიკრულები, თეთრ “გაკრახმალებულ” ხალათებში, ცხვირ-პირზე დოლბანდაფარებულები, გაშტერებული, შუბლზე ასული თვალებით, გახევებული ენით, გაჩერებული გულებითა და გათიშული ტვინით. სცენა რომელიმე პოსტმოდერნისტული, ფუტურიტულ-სურელისტური თუ კიდევ რაღაც “ისტური” პერიოდის ინსტალაციას უფრო ჰგავდა, ვიდრე მხოლოდ პოსტსაბჭოურისას. მახსოვს, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს წონა დავკარგე და აღარაფრის მეშინოდა. ეს იყო ჯოჯოხეთი, გადმონაცვლებული პლანეტა დედამიწაზე. ვიღაცეები კორიდორში მიდი-მოდიოდნენ, კაცები - რბილად, ქალები - ქუსლების კაკუნით (მორგში უცნაური აკუსტიკა იდგა), მოშვებული ონკანის წყალი შხუოდა Dდა ძველ, ამომტვრეულ კაფელზე სველ კვალს ტოვებდა, კარები ჭრიჭინით იღებოდა და მერე არაადამიანური ხმაურით მიეჯახუნებოდა, ვიღაც გარეთ მანქანას ქოქავდა, იგინებოდა, იწყევლებოდა, ვიღაც “ბიჭო, ბიჭოს!” ყვირიდა, მერე ქალის კივილიც მოგვესმა. ასე დამამახსოვრდა მაშინდელი ქართული ენის გენდერული დიალექტი: კაცების - “შენი დედა . . !”, მოგვიანებით – “ჩემი დედა . . .!” ქალების - “მოგიკვდეს დედა . . !” თბილისი თავისი მორგებითა და რუსთაველის “ახალი დიზაინით” გოიას “კაპრიჩიოს” ემსგავსებოდა. მკვდრები კი . . . მკვდრები მხოლოდ მკვდრებს ჰგვანდნენ - დოკუმენტური სპექტაკლის უსულო სტატისტებს. ქალაქი კი ისევე, როგორც უკათარზისო გონება-გული, მკვდარი იყო, “არც სუბიექტი, არც ობიექტი” . . .

***
“იყო და არა იყო რა. იყო დრო, როცა ადამიანს ყველა გრძნობაზე უფრო შიშის გრძნობა ჰქონდა გამოფხიზლებული და ყოველგვარ საშიშ-საზარელ არსებას, გინდ სულიერი ყოფილიყოს და გინდ უსულო, ყოვლის შემძლედ ისახავდა, აღმერთებდა და თაყვანს სცემდა. მრავალღმერთობის დრო იყო და ყოველ ერს თავისი შესაფერი ღმერთი ჰყავდა: ზოგს ლომი, ზოგს სპილო, ზოგს გველეშაპი, ზოგს დიდი გველი და სხვანი. ერთი სიტყვით, ვისთვისაც რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ. სხვათაშორის, იყო ერთი ქვეყანაც “კუდაბზიკეთი”, ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრები ნაცარქექიობის მეტს ვეღარას ახერხებდნენ: უჯდნენ კერას და ერთმანეთს უჩურჩულებდნენ. მათთვის რაღა საჭირო იყო ლომი, ვეშაპი, რომ მათი მაწუხებელი ჭიაღუაც დიდი რამე ეგონათ. და მოინდომეს მკბენარის თაყვანისცემა, მაგრამ არ იცოდნენ ვისთვის მიეცათ უპირატესობა: ტილისთვის თუ რწყილისთვის? ზოგს ის მოსწონდა, ზოგს ეს! . . არჩევანზე მივიდა საქმე. კუდაბზიკელები ორად გაიყვნენ: ერთმა მხარემ ტილი გამოიყვანა თავის კანდიდატად და მეორემ - რწყილი. ვერ შეთანხმდნენ, მოუვიდათ ჩხუბი და ნაცარმტუტი აადინეს. დაერიენ ერთმანეთს და აღარ ზოგავდნენ. ამ საბრალოებს სულ კერას ძირში ეძინათ, არაფერს დასდევდნენ, არა აინტერესებდათ რა, და მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ, არჩევნების დროს გამოაჭყეტდნენ თვალებს ბეცად, ახორხოზდებოდნენ, აჭიჭყინდებოდნენ, ერთმანეთს ნაცარს აყრიდნენ თვალებში და არჩევნებს რომ მორჩებოდნენ, ისევ ისე ჩვეულებრივად მიეგდებოდნენ კერას ძირას . . ცარიელი გუდა ადვილი გასაბერია! . . . კაციც ასეა: რაც უფრო ცარიელი აქვს თავი და გული, უფრო მელე იბერება და თავის თავიც დიდ რამედ მოაქვს. კუდაბზიკების ქვეყანაშიც ეს სენი საერთოდ იყო მოდებული; ათში ცხრა იბერებოდა და სხვის თვალში რომ ბეწვს ეძებდა, თავისაში დვირესაც ვეღარ ხედავდა. დიდი და პატარა ენად იყო გადაქცეული: ტიტინობდნენ და ლაქლაქობდნენ! ერთი მათგანი რომ იტყოდა, მაგალითად, “შარშან ზამთარში კურდღელი მოთოვაო”. მეორე დაუმოწმებდა: ”მართალიაო! და შიგადაშიგ შველიც გამოურიაო”. ყველა ტრაბახობდა, ყველა თავის თავზე ლაპარაკობდა, გაისმოდა განუწყვეტელი ”მე, მე და მეო!” ასე რომ ბრმას ყური დაეგდო, იფიქრებდა: აქ სწორედ სადღაც თხის ჯოგიაო. მართალია, თითო-ოროლა შეგნებული და ქვეყნისთვის გულშემატკივარი მათშიც ერია, მაგრამ იმ არევ-დარევაში და საერთო ხორხოზში ვინღა რას გაიგონებდა, რომ ყურთასმენა აღარსად იყო. . .” ასე აღწერდა აკაკი მითოლოგიურ კუდაბზიკეთს. ნეტავი, სწორედ ამ ერთი-ოროლაზე ხომ არ თქვა ილიამ “მაგრამ, ამ კარგსაც ქვეყანა ხანდახან ფეხზე ჰკიდიაო”. ვაითუ? . . .
კუდაბზიკეთს თავი რომ დავანებოთ, შევხდეოთ იმას, რაც ერთი შეხედვით - არამითიურია. ერთიან საქართველოს, სამშობლოს, სახელმწიფოს, გეოგრაფიულ და არაგეოგრაფიულ საზღვრებს. რომელია აქედან მითი? საქართველო თავადაა მითების ქვეყანა (ამაში სხვასაც არ ჩამორჩება) და ამ მითების სპექტაკლებში იგი სულ უფრო და უფრო ემსგავსება ერთი დასავლელი ჭკვიანი კაცის ფრაზის არ იყოს იმას, ვისი “წარსულიც ჯერ არ დამდგარა, ხოლო მომავალმა უკვე ჩაიარა” . . . მითი არჩევნების ყოვლისშემძლეობაზე და “კარგი” ელექტორატის სასწაულმოქმედებაზე, მითი პოზიციის თუ ოპოზიციის “სიჭკვიანე-პატიოსნებაზე”, მითი დემოკრატიისა და ისტორიის აბსოლუტურ სამართლიანობაზე, თანასწორობაზე, მითი წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე; დასავლეთსა და აღმოსავლეთზე; მითი მონანიებაზე, იტელიგენციაზე და მეფეზე; მითი რელიგიებსა და ეთნოსებზე; მითი “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძლია”-ზე; მითი ამქვეყნიურზე და იმქვეყნიურზე; ევროპასა და რევოლუციების ტალღებსა და შხეფებზე; ქალის კულტზე, მშველელზე, საბაზრო ეკონომიკასა და ხალხის შეუცდომლობაზე.
ყოველ დროს თავისი ბრენდი აქვს: დღევანდელი კონიუნქტურა ამერიკული მითით აპელირებას მოითხოვს. აი, თუნდაც პატარა “წვრილმანი”. ბევრმა, ვინც ჰოლივუდის არაპოლიტიკურობას ამტკიცებს და საკუთარი “ცნობადი სახეების” პოლიტიკურობა აღაშფოთებს, არ იცის, რომ Bბარბარა სთრეიზენდი, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, რიჩარდ დრეიფუსი, სტივენ სფილბერგი, ჯორჯ კლუნი, დულგასების დინასტია დემოკრატიული პარტიის გულშემატკივრები არიან და არც მალავენ ამას, კაპიტოლიუმსაც სტუმრობენ ხოლმე. ხან მედიის თანდასწრებით, ხანაც - უიმისოდ. სთივ უანდრი სპეცილაურად გაისარჯა ობამასა და მისი ცოლისთვის და შერჩეული ელიტარული ვიწრო წრისთვის იმღერა. ამიტომაც, როცა მსახიობმა დათო ბახტაძემ და გაეროში საქართველოს მაშინდლემა ელჩმა ირაკლი ალასანიამ 2008 წლის აგვისტოში ამერიკელ მსახიობებს მხარდაჭერისთვის მიმართეს ოფიცილაური გამოხმაურება წერილს არ მოჰყოლია. იმის მიზეზი სასაცილომდე ტრივიალური იყო. მაკქეინმა საქართველოს უფრო მკაფიო მხარდაჭერა გამოუხატა, ვიდრე ობამამ. ამიტომ დემოკრატმა მსახიობებმა ჩათვალეს, რომ პატარა შორეული ქვეყნის მიმართ მათი პარტიის ლიდერის გამოათქვამთან შედარებით უფრო აქტიური პოზიცია ობამას პაპაზე ნაკლებ კათოლოკედ წარმოაჩენდა და ამიტომაც თავი შეიკავეს. ამას აქაურ ენაზე პოლიტკორექტულობა ჰქვია, ქართულად სახელწოდების მოძებნა თქვენთვის მიმინდვია.
ანდა მითი ამერიკულ მედიაზე. წინასაარჩევნო პერიოდში ამერიკაში ასეთი რამ მოხდა: “ნიუ-იორკ თაიმსმა” საპრეზიდენტო კანდიდატ ჯონ მაკქეინს სტატია არ დაუბეჭდა. ცნობილია, რომ ტელეარხი CNN პროობამისტურია, ხოლო FOXNews - პრომაკქეინური. ა.წ. თებერვალში გაზეთმა “ნიუ-იორკ პოსტმა” შავი მაიმუნის კარიკატურა პირველ გვერდზე გამოიტანა. ატყდა დიდი ხმაური, საპროტესტო აქციები და ბუყბუყი. აქაოდა ეს რასიზმი არისო. მაიმუნი შავი არ არისო და ეს ქარაგმა რასისტულიაო. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ რემოდენიმე დღით ადრე პოლიციელმა აგრესიული შიმპანზე, რომელმაც ქალი ლამის შეჭამა, მართლაც მოკლა. ამ დროს კი დაემთხვა ობამას მიერ აშშ-ის ეკონომიკაში მორიგი ურიცხვი მილირდის ნაკადის გადასროლა, რომელიც, როგორც ჩანს, ეკონომიკას ვერა და ვერ აცოცხლებს და ამიტომაც უკმაყოფილოთა რიცხვს ზრდის. თუმცა არავის გაუპროტესტებია, როცა ერთ-ერთი პოპულარული გადაცემის დემოკრატმა წამყვანმა უმცროსი ბუშის სახე, უკაცრავად და, დუნდულა კუნთებს შეადარა. . . მითები უამრავია: მაგალითად, მითი ამერიკის ყოვლისშემძლეობაზე; მითი მისი სამედიცინო სისტემის სრულყოფილებაზე. ამერიკაში ლამის 50 მლნ. ადამიანს სამედიცინო დაზღვევა არა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი თავის სიცოცხლეს ბეწვზე ჰკიდებს. ცნობილია ისიც, რომ ამაჟამდ ყოველი ამერიკელი 50-ე ბავშვი უსახლკაროა: ცხოვრობს ან თავშესაფარში, ან კეთილ ახლობლებთან ან სატვირთო მანქანებში. “დიახ, ჩვენ შეგვიძლია!” ეს ლოზუნგი ობამას მიერაა დაპატენტებული, მაგრამ იმ პირობებში, როცა უმუშევრობამ ამერიკაში 8, 5 % მიაღწია, ეკონომოკა ნელ-ნელა სოციალისტურს ემსგავსება, საკადრო პოლიტიკა კრიტიკის ქარცეცხლშია, მამიდამისს – არალეგალი ემიგრანტს დეპორტაცია ემუქრება, ხოლო ბარაკის მოძღვარის ამერიკისმოძულე გამოათქვამებს ასე ადვილად ვერ ივიწყებენ, საგაერო პოლიტიკა მიამიტურია, რუსეთთან უცნაური “გადატვირთვის” მოლოდინის რეფრენით, ზემოხსენებული “შეგვიძლია, შეგვიძლია!” სულ უფორ და უფრო ემსგვსება ვიაგრამიღებულის შეძახილს. ობამას მმართველობის ორი თვის თავზე მისი რეიტინგი 50% -იან ნიშნულამდე დაეცა (ავტორიტეტული ჯონ ზობის გამოკვლევა), გამოჩდნენ მის ევრომოგზაურობაში 500 - კაციანი ამალის სიდიდისა და ხარჯების კრიტიკოსებიც. უკვე აქა იქ უკვე საუბრობენ 2013 წლის რესპუბლიკელთა კანდიდატურებზე. . . ამერიკა არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს და არა ბასტილიის აგებიდან ბასტილიის დამხობამდე.
საქართველო კი სხვა ინტერესების ქვეყანაა. ჩვენთან ომს პროვოკაციას უწოდებენ, პოზიციიდან ოპოზიციაში ახლახანს გადასულებს ჩუმ დისიდენტებს, ყველაზე რეზონსანული მკვლელების თანამონაწილე შსს - ელებს – საპატიებელ-შესაწყალებლებს. ამას წინათ თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებნი დაამშვიდეს და სამშობლოსა და დასაქმების პროგრამაზე ფიქრისკენ მოუწოდეს: იქ სასტუმრო აშენდებაო და “ხომ უკვალოდ არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთებაო” ანუგეშეს ისინი. მე კიდევ ისევ მითების ტყვეობაში ვარ და მეგონა, რომ ის დრო უკანოუხედავად წავიდა, როცა ადამიანის უფლებები კომუნიზმის ნათელ მომავალზე ზრუნვისას და მითუმეტეს ჩვენ რეალობაზე გადმოთარგმნილ – ფეშენებელური სასტუმროს აგებისას არ გახდებოდა , ვაჭრობის საგანი. მითუმეტეს გაერო თავის წევრ საქართველოს “შეახსენებს” ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის XII მუხლს, რომელიც ნებისმიერი ადამიანის საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობას იცავს (თუნდაც ქოხი ხის იყოს, ხოლო სასტუმროს აგურები და ბლოკები ოქრო-ბრილიანტის) და არანაირ დათქმას არ დაუშვებს. თუმცა გაეროც, ეუთოც და მისი თანმდევი მუხლებიც ხომ მითებია.
მითი მოძრაობა “კმარაზე”, ნატოზე და ევროპულ სტანდარტებზე, შპენგლერის “ევროპის დაისის” მცოდნე დასავლელებზე. ევროპაზე, სადაც არამითიური ენერგომატარებლების გამო თხასავით გაგყიდიან, ქართული სტუმართმოყვარეობისთვის, მრავალხმიანი სიმღერებისთვის მადლობას გადაგიხდიან და ფსიქოდარამის თუ სპექტაკლის “გეშტალდთერაპიისთვის” ანუ სისრულისთვის ჩრდილოეთელ მეზობელს, ყოველი შემთხვევისთვის, თითს დაუქნევენ ”მეტჯერ არ ქნათ, როგორ არ გრცხვენიათ, პატარას როგორ აწყენიეთო”. . . .
დასასრულ კიდევ ერთი მითი გამახსენდა. მითი და სპექტაკლი ღობის შესახებ. “ვარდების რევოლუციის” დამაგვირგვინებელი აკორდი შევარდნაძის დროს ინგოროყვას ქუჩაზე კანცელარიის გარშემო შემორაგული რკინის ღობე იყო. ეს ბედკრული ღობე სევდიანი მოთხრობაა იმის შესახებ, თუ როგორ ააშენა იგი შევარდნაძის მთავრობამ, მერე ბერლინის კედლის დანგრევით შთაგონებულმა, 6 წლის წინათ მოსულმა ხელისუფლებამ მოანგრია და როგორ აღიმართა იმავე ალაგს უხილავი, მაგრამ უფრო მაღალი. ას რომ : იყო და არა იყო, რა. იყო Eერთი ღობე . . .
ჰოდა, რახან სპექტაკლი გაგვახსენდა აქ მის დამდგმელ საზოგდოებაზეც უნდა ვთქვათ: აი, რას წერდა დი დებორგი: ”სპექტაკლი ეს არის არა ხატების ერთობლიობა, არამედ ადამიანებს შორის არსებული საზოგადოებრივი ურთიერთმიმართებები, რომელიც ხატებითაა გამოვლენილი. თავისი სისავსით სპექტაკლი ერთდროულად არის შედეგიც და არსებული წარმოების ხერხის შინაარსიც. იგი არ არის რაღაც დანამატი რეალურ სამყაროზე, მისი ზედნაშენი ან დეკორაცია. ეს არის რეალური საზოგადოების არარელურობის ქვაკუთხედი. ყველა თავის გამოვლინებაში სპექტაკლი არის საზოგადოებრივი ცხოვრების გაბატონებული წესის მოდელი, იქნება ეს საინფორმაციო თუ პროპაგანდა, რეკლამა თუ გასართობის უშულოდ მოხმრება. სპექტაკლი – ეს არჩევანის საყოველთაო დამკვირდება, . . . სპექტაკლი ფორმა და შინაარსი არსებული სისტემის პირობებისა და მიზნების სრული გამართლებაა. სპექტაკლი ერის მზეა, რომელიც არასოდეს ჩადის თანამდეროვე პასიურობის იმპერიის თავზე. იგი სამყაროს მთელს ზედაპირს ანათებს და უდარდელად ბანაობს თავის დიდებაში” . . .
სად მთავრდება მითი და იწყება სპექტაკლი, ან პირიქით და თანაც ქართული, ვერ გაიგებ. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ გავიგე. არაა გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში მითი და სპექტაკლი ერთმანეთის სინონიმები გახდნენ. 20 წლის წინათ 9 აპრილი იყო . . . 18 წლის წინათ მეორე 9 აპრილი, ოღონდ დამოუკიდებლობის აღდგენის. ისე ვსაუბრობ, თითქოს ჩვენს წელთაღრიცხვამდე წელთაღვრიცხვის ჟამთაღმწერელი ლაპარაკობდეს. მერე იყო ერთი, მეორე, მესამე ომი, მერე კიდევ სპექტაკლი, მერე ომი და მერე კიდევ 9 აპრილი. ჩემი თაობა დაკარგული თაობაა. თაობა, რომელიც ვერ გამოსულა არათუ მარტო ე.წ. საბჭოური სივრციდან, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემიდან - პოსტრავმატული სტრესული დაავადებიდან. მას კანიბალიზმში დაბრუნების ეშიანია, სადაც მარტო ტილები და რწყილები რომ დაბორიალობდნენ, ეს კიდევ არ იქნებოდა მითოლოგიური გიგანტების საკადრისი უბედურება. ეშინია, რადგანაც ისტორიას, საუბედუროდ, ციკლურობა ახასიათებს. ამიტომაც, მომიტევეთ, თუ არაფერი გამახსნდა იმაზე უფრო “მაჟორული და ოპტიმისტური” ვიდრე სპექტაკლის საზოგადოება - “კუდაბზიკეთი”.

საქართველოს რესპუბლიკა

No comments:

Post a Comment