Sunday, May 28, 2017

“ჟურნალისტები ქალთა უფლებებისთვის” – სახალხო დამცველმა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა






დღეს, 25 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა კონკურსის ჟურნალისტებისთვის – „ჟურნალისტები ქალთა უფლებებისთვის“ გამარჯვებულები დაჯილდოვა.

ჟიურის გადაწყვეტილებით I ადგილზე გავიდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი (სტატია – „ძალადობა, როგორც კულტურის ნაწილი“); II ადგილზე – ნეტგაზეთის ბლოგერი ია მერკვილაძე (ბლოგპოსტი „უფულოები და უოთახოები“) და III ადგილზე – ჟურნალ ლიბერალის ჟურნალისტები, სოფო აფციაური და თათია ხალიანი (სტატია „ქალები ძალადობის უწყვეტ ციკლში“).



„მედიასაშუალებების მთავარ როლს ინფორმაციის გავრცელება და თითოულ მოქალაქემდე თანასწორუფლებიანობის პრინციპების სწორად მიტანა წარმოადგენს; იმის განმარტება, თუ რა არის გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები, სად და რა ფორმით გვხვდება უთანასწორობა საზოგადოებაში და რამხელა ზიანის მომტანია ის თითოეული ჩვენგანისათვის.



იმედს ვიტოვებ, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიმართულებით მედიასაშუალებების ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან, სწორედ ინფორმაციის გავრცელებით იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები. მედიას კი შეუძლია საზოგადოების ყურადღება ზუსტად იმ თემებს მიაპყროს, რომელთა მოგვარებაც ძალიან ბევრი ადამიანის კეთილდღეობას განაპირობებს,” – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ღონისძიების გახსნაზე.



კონკურსის მიზნები იყო ქართულ მედიაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება; გენდერული პრობლემების გასაშუქებლად ჟურნალისტთა წახალისება; გენდერულ საკითხებზე სიუჟეტის მომზადებისას/წერისას ეთიკური სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.



„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ყველა ჟურნალისტს, ვინც მონაწილეობა მიიღო კონკურსში; ვისთვისაც ძვირფასია ადამიანთა თანასწორუფლებიანობის იდეა და ვინც ყოველდღიურ საქმიანობაში ცდილობს ამ იდეის საზოგადოებამდე მიტანას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა და სერთიფიკატები გადასცა კონკურსში მონაწილე 28 ჟურნალისტს.



ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ მხარდაჭერით გაიმართა.

25.12.2014
netgazeti.ge



No comments:

Post a Comment