Wednesday, February 28, 2018

ქართველი მოსწავლეების წარმატება გაეროს მოდელირების თამაშზე ნიუ იორკში




„გაეროს მოდელირება” აკადემიური როლური თამაშია, რომლის დროსაც მოსწავლეები დროებით კონკრეტული ქვეყნის ელჩები ხდებიან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რომელიმე ორგანოს საქმიანობის სიმულაციაში იღებენ მონაწილეობას. ეს გულისხმობს წარსადგენი სახელმწიფოს კვლევას (ზოგადად პოლიტიკა, მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის ფორმა, საგარეო პოლიტიკის მიმართულებები, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და ა.შ.) და მის წარდგენას შესაბამის სხდომაზე; განსახილველი გლობალური საკითხების კვლევას, დებატებში და არაფორმალურ მოლაპარაკებებში მონაწილეობას და საბოლოო რეზოლუციის შემუშავებას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატს შეესაბამება.

თამაშში მონაწილის მიზანია, რაც შეიძლება მეტად შეძლოს წარსადგენი ქვეყნის პოზიციების დაცვა, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ეფექტურ საკომუნიკაციო უნარებს, არგუმენტაციას, გუნდური მუშაობისა და თანამშრომლური ურთიერთობის ტექნიკას, საერთაშორისო დიპლომატიისა და განსახილველი საკითხების საფუძვლიან ცოდნას. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს სხვადასხვა ორგანოს სიმულაცია როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო მასშტაბებით ყოველწლიურად იმართება. ნიუ იორკში ამა წლის თებერვალში მიმდინარე კონფერენცია „გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ ორგანიზებული გაეროს მოდელირება შტაბ-ბინაში“ ერთ – ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბურია, რადგან გაეროს მუშაობის ყველაზე ზუსტ იმიტაციას წარმოადგენს, რითიც მონაწილეები ღირებულ გამოცდილებას იძენენ. ამგვარი ღონისძიება არ არის განკუთვნილი მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის. ორგანიზატორების აზრით, ის პიროვნული უნარების განვითარების შესაძლებლობას და თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი ღირებულებების დამკვიდრებასა და განმტკიცებას უწყობს ხელს.

წელს უკვე მეორედ ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც „თბილისის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა“ წარადგენდა, მოდელირების კონფერენციის ფარგლებში გათამაშებულ კონკურენტულ სიმულაციაში მიიღო მონაწილეობა. წელს ღონისძიებაში ათასი დელეგატი და სამოცდაათ ქვეყანა მონაწილეობდა, შარშან კი – სამოცი ქვეყანა და ათასამდე დელეგატი. ამ სკოლის დელეგაცია გასულ წელსაც დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციად და ორი ინდივიდუალური ჯილდოც მოიპოვა.






საუკეთესოების შეფასებისას კომპლექსური სისტემაა შემუშავებული: ინდივიდუალურის შემთხვევაში: ქვეყნისა და თემის შესახებ მომზადების ხარისხი, საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო, კონსენსუსისა და საერთო ინტერესების მოძებნისა და განხორციელების უნარები, დებატებში არგუმენტაციის ხარისხი. გუნდურის შემთხვევაში კი გამარჯვებულის გამოვლენა შეწონილი ქულებით ხდება, ანუ რომელ დელეგაციასაც ეყოლება კომიტეტების ტოპ-ათეულებში მონაწილეები და ვისაც უფრო მეტი „მაღალადგილოსანი“ ჰყავს, ის იმარჯვებს. წელს ბევრად მაღალი კონკურენციის პირობებში, შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ბაქსვუდის სკოლა საქართველოს სახელით თხუთმეტი ახალგაზრდა დიპლომატისაგან დაკომპლექტებულმა დელეგაციამ წარადგინა და რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, მოლდოვის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ჭიდილში, შვიდი ინდივიდუალური ჯილდო და რეგიონის (აღმოსავლეთ ევროპის) საუკეთესო დელეგაციის ჯილდო მოიპოვა.

არჩილ სუმბაძე ხუთი წელია ბაქსვუდის სკოლის აკადემიური დირექტორია. იგი ამბობს, რომ ამ სკოლას ბავშვის, მოზარდის განვითარების საკუთარი ხედვა და ღირებულებები გააჩნია. ეს კი უპირველესად გულისხმობს არაფორმალური განათლების გაძლიერებულ მიმართულებას, ისეთ აქტივობებსა და პროექტებს, რომელიც მოსწავლეთა მონაწილეობით იგეგმება და მათ ლიდერულ თვისებებს უვითარებს.

– რატომაა მნიშვნელოვანი “მოდელირება” და მონაწილეები რა პრინციპითშეარჩეთ?


სკოლის მიერ მოსწავლეებისთვის შეთავაზებულ პროექტებს შორის გაეროს მოდელირების კლუბს გამორჩეული ადგილი უჭირავს. კლუბს მე თავად ვხელმძღვანელობ, რადგან ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. საქართველოში გაეროს მოდელირების იდეა „საქართველოს გაეროს ასოციაციამ“ შემოიტანა, რომელშიც მეც მქონდა მუშაობის შესაძლებლობა. მონაწილეობა მაქვს მიღებული როგორც დელეგატს, კომიტეტის ხელმძღვანელს და ორგანიზატორს ორმოცზე მეტ სიმულირებულ კონფერენციაში, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონისა და საერთაშორისო მასშტაბით. ასევე აღვნიშნავ, რომ გახლდით პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც 2011 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე საუკეთესო დელეგატის ჯილდო მოიპოვა.– ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნებას და კლასგარეშე აქტივობებს უდიდეს ყურადღებას უთმობს. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე ქართულ საზოგადოებას სწორი სამოქალაქო ღირებულებებისა და ეფექტური პიროვნული უნარების მქონე ახალგაზრდები განსაკუთრებით სჭირდება.

კლუბი საშუალო საფეხურის მოსწავლეებს აერთიანებს და ემსახურება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიო დიპლომატიის გაცნობას, ასევე კონკრეტული სასკოლო მოდელირებების ორგანიზებას და საერთაშორისო კონფერენციებისათვის მოსწავლეთა მომზადებას. კლუბის წესების მიხედვით, ბაქსვუდის სკოლის დელეგაციის შემადგენლობით საერთაშორისო მოდელირებაში მონაწილეობის უფლებას მოსწავლეები შიდა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობით მოიპოვებენ.


– რა ხდებოდა მოდელირებისას?

– კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები გაეროს გენერალური ასამბლეის სხვადახვა კომიტეტში იცავდნენ სხვადასხვა ქვეყნის პოზიციას. დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ გლობალურ საკითხებს, როგორებიცაა: განახლებადი ენერგიების განვითარება, მრავალეროვანი საზოგადოებების მშვიდობიანი განვითარება, საერთაშორისო ინსტიტუტების ეფექტურობის ზრდა, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა, სირიის კონფლიქტი და ა.შ. კონფერენცია ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მოიცავდა ინტენსიურ სესიებს, მოლაპარაკებებს, არაფორმალურ შეხვედრებს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ბაქსვუდის სკოლის მიერ ორგანიზებული ეს მოგზაურობა გარდა კონფერენციისა, კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების პროგრამასაც გულისხმობდა, რომლის ფარგლებშიც ჩვენმა დელეგატებმა ნიუ იორკისა და ვაშინგტონის ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. მოდელირებასთან დაკავშირებით, გაეროს ასოციაციასთან ერთად საქართველოში დიდი გეგმები გვაქვს და იმედი მაქვს, კიდევ ბევრ ახალგაზრდას მივცემთ ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას.

– იყო თუ არა საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის “ქეისი” განხილული დაზოგადად, მაგალითად, უშიშროების საბჭოს შემოდგენლობის გავლენა გაეროსეფექტიანობაზე?

– წლევანდელ მოდელირებაზე საქართველოს და უკრაინის საკითხი არ იდგა. საქართველოს ოკუპაციის თემა არ და ვერ იქნებოდა თემა ჩვენთვის, რადგანაც მოდელირების მთავარი პრინციპი გულისხმობს არა საკუთარი ქვეყნის წარდგენას, არამედ აუცილებლად სხვა ქვეყნის როლის მორგებას, რადგან სიმულაციის მიზანია, რომ მონაწილემ მაქსიმალურად შეძლოს კონკრეტული პრობლემების და გლობალური საკითხების დანახვა სხვადასხვა ფოკუსიდან. მაგალითად, საქართველოს მოქალაქე ვერ იქნება „ქართველი“ და ა.შ.

***

მეთერთმეტეკლასელი კობა წკრიალაშვილი მოდელირებაზე მაროკოს დელეგატი იყო. იგი ამბობს, რომ როცა პირველად ნიუ იორკში ჩავედა, უჭირდა იმის გააზრება, თუ სად იყო და რა ხდება. ეგონა, რომ საღამოს კვლავ სახლში დაბრუნება მოუწევდა:

„რეალურად, ყველაფერი მაშინ გავიაზრე, როდესაც როკფელერის ცათამბჯენზე ავედი და ღამის ნიუ იორკს გადავხედე. რაც შეეხება გაეროს მოდელირებას, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი რესურსი ბავშვების განვითარებისთვის. ეს პროექტი ასწავლის ბავშვებს კომპრომისზე წასვლას, პრობლემების ჰუმანური გზით მოგვარებას და ა.შ. ასევე, იმის გამო, რომ ეს პროექტი საერთაშორისოა, ბავშვებს ეძლევათ საშუალება გაიცნონ თანატოლი მოზარდები სხვადასხვა ქვეყნიდან. პირადად მე ამ პროექტიდან დიდი გამოცდილება მივიღე და ვაპირებ იგი შემდეგი წლის გაეროს მოდელირებაზე გამოვიყენო.“



ანა უსანეთაშვილი ბაქსვუდის სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა და მოდელირებაზე ახალი ზელანდიის დელეგატი იყო. ამბობს, რომ ეს იყო პირველი მოგზაურობა, პირველი საერთაშორისო კონფერენცია სკოლის და, რაც მთავარია, ქვეყნის სახელით:

„ეს ის არის, რაც არასოდეს დამავიწყდება. კონფერენციის პირველივე დღიდან ვიგრძენი მეგობრული სითბო, რომელიც დელეგატებიდან, ყველა მონაწილიდან მოდიოდა. ჩვენი მიზანი კონსენსუსის მიღწევა იყო, რაც ურთიერთობით და თანამშრომლობით გამოგვივიდა, კონფერენციის გარდა სხვა აქტივობებიც გვქონდა, ამ დღეებში გავიცანი ისეთი ადამიანები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება.“

გიორგი კოხრეიძეც ბაქსვუდის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, მოდელირებისას ქუვეითის დელეგატი გახლდათ:

„ამერიკიდან ძალიან კარგ განწყობაზე ვბრუნდებით, თითქმის ყველა მიზანს მივაღწიეთ, რომელიც წასვლამდე დავსახეთ. მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი შედეგი სამჯერ გავაუმჯობესეთ, ვფიქრობ, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო და შემდეგი მოდელირებსიას სწორედ ამას ვაპირებთ.”

მეათეკლასელი საბა ბაღდავაძე მოდელირებაზე მალის დელეგატი იყო. „ზუსტად რვა დღე გავატარეთ ბაქსვუდის დელეგაციამ ნიუ იორკში, ამ დღეებს შორის ოთხი უმძიმესი და მეტად რთული აღმოჩნდა ჩვენთვის, მაგრამ მოვახერხეთ და დავძლიეთ დაღლილობა. ეს კი ჩვენს შედეგებზეც აისახა, გაეროს მოდელირება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, გაიცნო ხალხი უცხო ქვეყნიდან და მოიწვიო სამშობლოში. უნიკალურ გამოცდილებას შეიძენთ, თუ ოდესმე ნიუ იორკში “გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის” (WFUNA) მიერ ორგანიზებულ “გაეროს მოდელირებაზე” მოხვდებით“ – ამბობს ის.

netgazeti.ge
21.02.2018

No comments:

Post a Comment