Thursday, March 26, 2026

მზია, “მოკლულთა სია” და რატომ არაა ჟურნალისტიკა კრიმინალი








ურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” (IFJ. ბელგია) მონაცემებით 1990 – დან  ვიდრე 2026 წლამდე მსოფლიოში 3 175 – მდე ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი მოკლეს. ამგვარი სტატისტიკის წარმოება ანუ “მოკლულთა სიის” ოფიციალურად შედგენა წინა საუკუნეში დაიწყო და მას ყოველწლიურად ახალი “რიცხვები” ემატება. ამ მხრივ არც 2025 წელი იყო გამონაკლისი, თან იგი ერთგვარად  რეკორდულიც აღმოჩნდა.


2023 წელს – 120 მოკლული ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი (ციხეში – 547),

2024 წელს – 124 (ციხეში-361),

2025 წელს – 127 (ციხეში 370, მათ შორის, ბათუმელების/ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი). ასახელებენ 128 მოკლულსაც.


სავარაუდოდ, მსოფლიო ომების პერიოდში მეტი ჟურნალისტი დაიღუპა დაბომბვებით, ტყვიით თუ არასათანადო მკურნალობით… საბჭოური ბავშვობიდან მახსოვს “თემურელების” ავტორის, გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას” სამხედრო კორეპონდენტის არკადი გაიდარისა  და ცნობილი ამერიკელი ფოტოკორესპონდენტის, ჟურნალ Life – ის წარმომადგენლის რობერტ კაპას სიკვდილის ამბები… მაგრამ ისინი ზემოხსენებულ სტატისტიკაში არ ფიგურირებენ განა მათი სიკვდილის ფაქტის ამოშლის გამო, არამედ ამგვარი ზუსტი სტატისტიკისა და ამ ციფრების გენერალიზირების პრობლემის გამო…


XXI საუკუნეში ჟურნალისტთა მიზანმიმართული მკვლელობების სტატისტიკური მონაცემებით კი ყველაზე ტრაგიკული 2025 წელი აღმოჩნდა. იგულისხმება – როცა ადამიანი მის ჩაფხუტზე ან ჯავშანჟილეტზე დიდი ასოებით თუ პატარა პრესბარათზე წარწერილი “Press” -ით, სწორედაც რომ ამ მინიშნების გამო შეიძლება აღმოჩნდეს ცეცხლსასროლი თუ სხვა იარაღის სამიზნე, მათ შორის, სასიკვდილო “კისრის მოგრეხვის” ილეთითაც. არადა, მეომარი მხარეების წერილობითი თუ ზეპირი შეთანხმებით, გნებავთ, კონვენციურად, ეს პროფესია სამუშაო ადგილზე დაცვის უტყუარ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს.  ისევე როგორც, მედიკოსის თეთრი ხალათი, შენობაზე წითელი ჯვარი… მაგრამ ვიცით, რომ ეს ასე არაა. რეალურად არსად იცავენ “ომის წარმოების” ამ წესს. პირიქით. საქართველოს, უკრაინის თუ მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში ომებსა და საპროტესტო აქციებზე პროფესიული მოვალეობის შემსრულებლების მოკვლა, დასახიჩრება, ცემა, წამება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაპატიმრება ზუსტადაც რომ ამ ნიშნით  ანუ პროფესიული ნიშნით ხდება.


ნიუ იორკის The Glasshouse – ში არასამთავრობო ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” (1981, აშშ) 2025 წლის დაჯილდოების 35-ე ღონისძიებაზე ამავე ორგანიზაციის მიერ 2016 წელს ნომინირებულმა (Burton Benjamin Memorial Award ჟურნალისტიკაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაიცემა),  CNN- ის ცნობილმა კორესპონდენტმა და კომენტატორმა, შეკრების მასპინძელმა კრისტიან ამანპურმა განაცხადა:


“დღეს ჩვენ დასაჯილდოებელ ხუთ ჟურნალისტს  პატივს მივაგებთ და ამით ხაზს ვუსვამთ  ათასი სხვა ჟურნალისტის სიმამაცეს, რომლებიც ყოველ დღე სამთავრობო რეპრესიებსა და ცენზურას ებრძვიან… ბოლო დროს მე თავს ისე ვგრძნობ, თითქოს  არმანდო იანუჩის აბსურდის თეატრში მოვხვდი. სადღაც “სტალინის სიკვდილსა” (რომელმაც დაჩოქება ხელოვნების რანგში აიყვანა) და “ვიცე-პრეზიდენტის” ცინიკურ პატივმოყვარეობას შორის. მართალი გითხრათ, აქ კაფკასა და ორუელს დავამატებდი იმისთვის, რომ დღევანდელი მსოფლიო აღვწერო.


ეს დრო ჟურნალისტებისთვის, მათ შორის, აშშ-ში, სახიფათო მომენტია. 2016 წლის ნოემბერში, არჩევნებში მაშინდელი პრეზიდენტის გამარჯვებიდან მალევე გაგაფრთხილეთ პრესის წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიების დაწყების საფრთხის შესახებ. თქვენ იცით, როგორც აკეთებენ ამას ავტოკრატები და არალიბერალური დემოკრატიები საზღვარგარეთ.


ამერიკა თავისუფლების ქვეყანა და მამაცების სახლია, არა? ამას წინათ, გზატკეცილზე მანქანით მგზავრობისას, ფანჯრიდან  დიდი წარწერა „თავისუფლება სუფევს“ დავინახე, რომელიც უზარმაზარი ცარიელი სივრცისკენ მიმართულ ბანერს ეწერა. ამ აბრას რომ შევხედე, გავიფიქრე: ჩემი და შენი თავისუფლება ურთიერთგამომრიცხავი არ არის.


ბოლო დროს უსიამოვნოდ შეგვახსენეს ჩვენი თავისუფლება და უფლება, ვიმუშაოთ უსაფრთხო, პროფესიულ და პატივისცემით სავსე გარემოში, მაშინაც კი, როცა ოვალურ კაბინეტში გვიწვევენ.


შემზარა პრეზიდენტის მიერ ქალი რეპორტიორის დამცირებამ და მისი ცხოველთან შედარებამ (12 ნოემბერს თვითმფრინავის ბორტზე პრეზიდენტმა ტრამპმა ეფსტინის ფაილების შესახებ კითხვის დასმის მცდელობისას  “ბლუმბერიგის” კორესპონდენტს კეთრინ ლიუსის ასე მიმართა: “სიჩუმე. დადუმდი, ნეზვო” – ი.მ.). პრესისადმი ასეთი არასათანადო მოპყრობის მიუხედავად, ნამდვილი ჟურნალისტიკის საჭიროება, რომელიც ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებს, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ყოველთვის, და  უფრო მეტადაც. მე მჯერა, რომ ერთზე ასეთი თავდასხმა ყველას წინააღმდეგ თავდასხმად უნდა ჩაითვალოს. ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში სოლიდარობისთვის კოლექტიური ქმედებებია საჭირო, ისევე, როგორც ეს ყველამ გააკეთა, ვინც პენტაგონის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა (2025 -ის 15 ოქტომბერს პენტაგონში აკრედიტებული ჟურნალისტების მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ აკრედიტაციის ბარათები დატოვა და ამით პენტაგონის ახალ, პროფესიული საქმიანობის შემზღუდავ მედიარეგულაციას პროტესტი გამოუცხადა – ი.მ.)


ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით, როცა სისასტიკე, ზიზღი და ღია მუქარა ჩვენს მოსპობას შეეცდება. მათ ვერ მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი პროფესიის ნეშტზე თავიანთი კულტურული ომები წამოიწყონ.


გახსოვდეთ: მხოლოდ ძლიერი, თავისუფალი და სიცოცხლით სავსე პრესა ქმნის ჯანსაღი დემოკრატიის საფუძველს. ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტი — და ჩვენი ჩაკვლა  არავის აქცევს ისევ დიად ქვეყნად (ერთგვარად ალუზია MAGA -ს სლოგანთან – ი.მ).”


ცხრა წლის წინათ, როცა კრისტიან ამანპური “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის”  ჯილდოს იღებდა, თავის სიტყვაში მან იწინასწარმეტყველა, რომ 2016 წლიდან დაიწყებოდა ე წ. Fake News – ებისა (ყალბი ამბები) და  Post-Truth (პოსტ -სიმართლის) ეპოქა, როცა სოციალური მედიით თუ სხვა ტექნოლოგიებით  დაიწყებოდა დეზინფორმაციის მასობრივი გავრცელება, ჟურნალისტს კი კიდევ უფრო მეტად გაურთულდებოდა პროფესიული მოვალეობის შესრულება და ჭეშმარიტების დადგენა. “ჟურნალისტის უმთავრესი მოვალეობაა თქვას სიმართლე… უნდა ვიყოთ  გამბედავები, რადგანაც სწორედ იქ უნდა წავიდეთ, სადაც სხვები არ მიდიან და დავსვათ ის კითხვები, რომელთა დასმაც სხვებს არ უნდათ”…


ამიტომაც ისაუბრა მან 2025 წელს ღაზაში მოკლულ 60 ჟურნალისტზე, ღაზას სექტორში ისრაელელი და ამერიკელი ჟურნალისტების მუშაობის აკრძალვაზე, ასევე ICE – ის (აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახური) მიერ სალვადორელი ჟურნალისტის მარიო გავარას დაპატიმრებისა და გადეპორტების შესახებ (მიუხედავად იმისა, რომ იგი პოლიტიკური თავშესაფრის მიღების პროცესში იყო), აშშ-ში ბრიტანელი,  თურქი, ავსტრალიელი რეპორტიორების დაკავების შესახებ.


***


ჩინეთი დაპატიმრებული ჟურნალისტების მიხედვით მსოფლიოს ლიდერია. დღეისათვის 50 – მდე ჟურნალისტი თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზეზით ჩინეთის ციხეშია. მათ შორისაა ჩინეთის სახელმწიფო გაზეთის Guangming Daily რედაქტორი და კომენტატორი, ოცდაათწლიანი ჟურნალისტური სტაჟის მქონე, 63 წლის დონგ იუიუ, რომელსაც იაპონიის ელჩთან შეხვედრისას ბორკილები დაადეს და საპატიმროში ჯაშუშობის ბრალდებით შვიდი წლით გაუშვეს. თუმცა მიზეზი, ცხადია, სხვა იყო. დონგ იუიუ თავის სტატიებში ჩინური კანონმდებლობის რეფორმასა და კანონის უზენაესობას ითხოვდა. შესაბამისად გაბედა და მმართველი პარტია გააკრიტიკა. ნიუ იორკში “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” პრიზი მის შვილს გადაეცა.


ოცი წლის წინათ ეკვადორელმა ჟურნალისტებმა, ცოლ-ქმარმა ელვირა დელ პილარ ნოლემ და ხუან კარლოს ტიტომ ქვეყნის ერთ მაღალმთიან პატარა ქალაქში დამოუკიდებელი რადიოსადგური Radio Selva დააფუძნეს. ისინი თავის რეპორტაჟებში ნარკობანდების მოქმედების სქემებსა და დანაშაულებს ამხელდნენ, ასევე საუბრობდნენ პოლიციის კორუმპირებულობაზე და ნარკოტრაფიკერებთან მათ კავშირზე. ჟურნალისტებმა სიკვდილით დასჯის მუქარები მიიღეს როგორც ნარკომაფიისგან, ასევე – პოლიციისგან. ამიტომ ორივე ჟურნალისტი იძულებული იყო სამშობლო დაეტოვებინა და საცხოვრებლად კანადაში გადასულიყო, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვეს.  იქ მათ ისევ განაგრძეს თავიანთი საქმიანობა ანუ მაუწყებლობა – ყოველდღიურად ორი საინფორმაციო პროგრამა მიჰყავთ და კანადიდან ეკვადორში ინფორმაციის გადასამოწმებლად თავიანთ წყაროებთან რეკავენ, რომ მასალა ისეთივე პროფესიული სტანდარტით მოამზადონ, როგორიც – სამშობლოში ყოფნისას. ნიუ იორკში  პრიზის გადაცემას კი  საემიგრაციო საბუთების გამო ვერ დაესწრნენ.


ცნობილ ყირგიზ ჟურნალისტ გამომძიებელს, Factcheck.kg – ის ყოფილ მთავარი რედაქტორს, გავლენიანი ციფრული პლატფორმის Temirov Live დამფუძნებელს ბოლოტ ტემიროვს 2022 – ში ყირგიზეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს და რუსეთში გაადეპორტეს, საიდანაც მოახერხა და დასავლეთში გაიქცა. მიზეზი – ქვეყნის მაღალჩინოსნების, მათ შორის, პრეზიდენტის კრიტიკა, სახელმწიფოს მმართველების კორუფციისა და ნეპოტიზმის მხილება. მაგრამ ამით არ დასრულებულა ტემიროვის დევნა. დააპატიმრეს ტემიროვის მეუღლე, ჟურნალისტი მაჰაბატ რაჟიბეკ კიზი და “მასობრივი არეულობისკენ მოწოდების” საფუძველზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციხეში იგი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ტემიროვის ჟურნალისტური გუნდიდან კი თერთმეტი კოლეგა სხვადასხვა სახის სამართლებრივი განჩინების საფუძველზე დააკავეს.  მშობლების გარეშე დატოვებულ მათ არასრულწლოვან შვილზე მეურვეობა სახელმწიფო ორგანომ გადაიფორმა, რაც იმას ნიშნავს ბავშვი ბებიას  შეიძლება ყოველ წამს წაართვან და ინსტიტუციას გადასცენ. ბოლოტ ტემიროვის პრიზს დროებით “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” შეინახავს.








ტუნისის ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ცნობილი უფლებადამცველი, იურისტი და მედიაკომენტატორი სონია დამანი  მის სამუშაო ადგილზე დააპატიმრეს… ციხეებში კატასტროფული სანიტარული მდგომარეობის შესახებ ღიად საუბრის მოტივით. ანუ ადვოკატი ამგვარად  ციხის ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ეწეოდა და ამის საფუძველზე მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ სახელმწიფოსთვის ეს “ქეისი” საკმარისი არ აღმოჩნდა. დამანის წინააღმდეგ  დაიწყო მეორე სამართლებრივი დავა – ამჯერად მიზეზი გახლდათ მისი გამონათქვამები შავკანიანი ტუნისელებისა და აფრიკელი მიგრანტების დისკრიმინაციის შესახებ. ამ საქმეზე მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ორივე შემთხვევაში მისი დაპატიმრების საფუძველი გახლდათ ე.წ. ბრძანება N 54 – “კანონი კიბერდანაშაულის შესახებ”, რომლის მიზანია მაღალჩინოსნების კრიტიკის კრიმინალიზაცია. ცერემონიაზე ნიუ იორკში “საერთაშორისო პრესის თავისუფლების პრიზი” სონიას დამ აიღო… 2025 – ში სონია დამანს ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის ევროპის ადვოკატთა საზოგადოებების კომიტეტის (CCBE) ჯილდოც გადაეცა. ცხადია, იგი ამ პრიზის აღებას ვერ დაესწრო. ციხეში იჯდა. ათი წლით ადრე კი ზიმბაბველმა იურისტმა, ბეატრის ტიტვუამ “საერთაშორისო პრესის თავისუფლების ჯილდო” ჟურნალისტებისა და მედიის თავისუფლების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. ნიუ იორკში მას პრიზი პირადად გადასცეს, თუმცა სამშობლოში დაბრუნებისას ხან პოლიციელის ცემა დააბრალეს, ხანაც “სამართალდამცავებმა” საპროტესტო აქციაზე დგომისთვის სცემეს.











ერთადერთი ნომინანტი, ვინც დაჯილდოვებას დაესწრო და სიტყვაც თქვა, იყო გაზეთის The New York Times რედაქციის ადვოკატი, გამოცემის უფროსი ვიცე – პრეზიდენტი, პრესის თავისუფლების ცნობილი დამცველი დეივიდ მაკკროუ,  რომელიც თავის თავს “გამჭვირვალობის ადვოკატს” უწოდებს. იგი ცნობილია მედიის ინფორმატორებისა და ინფორმაციის პირველწყაროების დაცვის წარმატებული პრაქტიკით. მისი სახელ-გვარი პირველად მაშინ გავიგე, როცა 2016 წელს The New York Times – მა გამოქვეყნა რეპორტაჟი ორი ქალის შესახებ, რომლებიც დონალდ ტრამპს სექსუალიზირებულ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. ტრამპის იურიდიული გუნდი გაზეთს სასამართლოთი დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ სტატიას უკან არ გაიხმობდა. გაზეთი კომპრომისზე არ წავიდა და დეივიდ მაკკროუმ მომჩივანებს სტატიის/ავტორის დამცველი წერილით უპასუხა.  წერილი მაშინვე გახდა, ასე ვთქვათ, ვირუსული და მედიის იურიდიულად დაცვის სიმბლოდ გადაიქცა.


იმ დღეს მაკკროუს გვენ იფილის სახელობის პრემია გადაეცა. გვენ იფილი გახლდათ პირველი აფრო-ამერიკელი ქალი ჟურნალისტი, რომელიც 1999 წელს აშშ -ის საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე (PBS) საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებს აშუქებდა.


“მე გავიზარდე ილინოისის პატარა ფერმერულ ქალაქში.- თქვა დეივიდ მაკკროუმ. – ჩემი დედ-მამა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები იყვნენ. ეს ღრმად კონსერვატიული ადგილი იყო. თუ თქვენ 1960-70 იანების ილინოისში იზრდებოდით, ბავშვობიდან მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჭეშმარიტება გეცოდინებოდათ: გუბერნატორი ციხეში ხვდება. ასე ხდებოდა ილინოისში: ოტო კერნერი, დენ უოკერი, ბილ სტრატონი. საბოლოოდ ყველა გუბერნატორი ციხეში აღმოჩნდა. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, რომ სტრატონს მხოლოდ ბრალდებები წაუყენეს. მაგრამ როცა ილინოსის სახელმწიფო მდივანი მოკვდა, იმ სასტუმროს ოთახში, სადაც ის ცხოვრობდა, ფეხსაცმლის კოლოფებში დამალული 800 000 დოლარი უპოვეს (საუბარია გავლენიან პოლიტიკურ ფიგურაზე, პოლ პაუელზე, რომელსაც მოკრძალებული ხელფასის მიუხედავად დამლაგებლებმა ფეხსაცმლის კოლოფებში იმ დროისთვის ძალიან დიდი ნაღდი ფული უპოვეს, რაც მასშტაბურ კორუფციაზე მიუთითებდა. ეს ამბავი ისტორიაში “ფეხსაცმლის კოლოფების სკანდალის” სახელწოდებითაა ცნობილი – ი.მ.)


ჩემ მშობლებს, კონსერვატორულად განწყობილ მეგობრებსა და მეზობლებს პრესის თავისუფლების სჯეროდათ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ თუ ჩვენ ისეთი ჟურნალისტები გვეყოლებოდა, რომლებსაც შეეძლებოდათ მათი საქმიანობის სათანადოდ განხორციელება, შესაძლებლია, ისინი ჩინოვნიკებს არ გაექურდათ.


ჩვენთვის, აშშ-ში გაზრდილი ადამიანებისთვის, პერსის თავისუფების რწმენა იყო არა ლიბერალური ან კონსერვატორული ღირებულება, არამედ – ამერიკული ღირებულება.


მე არც ისე დიდი ხნის წინანდელ ისტორიას შეგახსენებთ. 15 წლის წინათ, 2010 წელს კონგრესმა მიიღო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი  ცილისწამების შესახებ: ესაა აშშ – ის კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ. იგი გამომცემლებს ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო დავებისგან იცავს იმ ქვეყნებში, რომლებიც თავისუფალი პრესის შესახებ ჩვენს მიდგომებს არ იზიარებენ. წარმომადგენელთა პალატაში გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს; კენჭისყრა სენატში  იყო ერთსულოვანი. ყველა რესპუბლიკელი. ყველა დემოკრატი. იმისდა მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის პოლიტიკური გემოვნების მიმართ, ამერიკაში არსებობს კონსესუსი იმის თაობაზე, რომ აუცილებელია ჩვენი პრესა დავიცვათ იმისთვის, რომ მან თავისი მოვალეობა შეასრულოს.


დღეს ჩვენ განსხვავებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მთავრობა დამოუკიდებელ პრესას “ფეიქ- ნიუსებს” უწოდებს, ადამიანის მტრად, ნაციონალური უშიშროების საფრთხედ წარმოაჩენს. ესაა მარგინალიზაციის მცედლობა და საზოგადოების თვალში პრესის ლეგიტიმაციის გაუქმება – რადგანც ეს მთავრობას თავისუფელი პრესის შეზღუდვას უადვილებს. ეს არ იქნებოდა პორბლემა, რომ არა ერთი გარემოება. ეს მუშაობს…


ჩემი კარიერის განმავბლობაში მე პროექტებს ვახორციელებდი უსასყიდლოდ, მხარს ვუჭერდი პრესის თავისუფლებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში – იემენიდან და რუსეთიდან  ვიდრე ჩინეთამდე და მონტენეგრომდე. ვერ ვიტყვი, რომ ამ სფეროში რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. მაგრამ ყოველ ეტაპზე მე მესმოდა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ადგილებზე თავისუფალი პრესის დამცველებისთვის იცოდნენ, რომ ისინი მარტონი არ არიან; რომ ისინი, ვინც გაცილებით უკეთეს პორობებში ცხოვრობენ, მათ მხარს უჭერენ და იცავენ. ეს მათ ცვლილებების შესაძლებლობების შანსის რწმენაში დაეხმარათ. ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” მუშაობა და ამიტომაც ამ ორგანიზაციის მახრდაჭერისთვის ყველას მადლობას გიხდით”.


***


ცერემონიალზე აჩვენეს ფილმი 2025 – ში პროფესიული მოვალების დროს დაჭრილი ( მათ შორის, პიდაპირი ეთერის დროს)  და გისოსებს მიღმა აღმოჩენილი ჟურნალისტების ისტორიები, მათ შორის, მზია ამაღლობელიც “საბრალდებლო სკამზე”… დიდ ეკრანზე პატარა ასეობით გამოჩნდა პალესტინა-ისრაელის ომის დროს დაღუპული ჟურნალისტების ვინაობა… მათი სახელგვარებით იყო “სავსე” ანთებული სანთლის გარშემო შემორტყმული ცეცხლგამძლე გამჭვირვალე “ქაღალდი”, რომელიც ცერემონიის დარბაზში ყვავილებთან ერთად ყველა მაგიდის ცენტრში იდო.


***

2025 – ის პრესის თავისუფლების ინდექსით, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, აშშ 57 – ე ადგილზეა უნგერთსა და ჰონგ-კონგს შორის  (2024 – 55-ე; 2023 – 45-ე, 2022 – 42-ე; 2021-44-ე).  2025 -ის ტოპ ხუთეულშია: ნორვეგია, ესტონეთი, ჰოლანდია, შვედეთი, ფინეთი. აქ სიტყვა “ტრადიციულად” არ მოვიხმე, რადგანაც, როგორც წესი, სკანდინავიაა პირველ სამეულში. საქართველოს პრესის თავისუფლების მდგომარეობა კი ამგვარად გამოიყურება 114-ე (2025),  103 -ე (2024), 77-ე (2023), 89-ე (2022), მე – 60 (2021). 2025 – ში ჩვენ მონტენეგროსა და ნიგერიას შორის აღმოვჩნდით, ხოლო 2021 – ში ნიგერიასა და მავრიკის შორის.


***


2017 წელს გაზეთის The Washington Post (1877) ოფიციალური სლოგანი გახდა “დემოკრატია სიბნელეში კვდება”, უფრო ადრე კი ამ სიტყვების პოპულარიზატორი გახლდათ ამავე გაზეთის კორესპონდენტი, “უოთერგეითის სკანდალის” ერთ-ერთი ავტორი ბობ ვუდვორდი. იგი თავის გამოსვლებში აღნიშნავდა, რომ “თავისუფალი პრესა იმ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რომელიც დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ხოლო ფაქტების გადამმოწმებელი ჟურნალისტების გარეშე ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება შეუმჩნეველი დარჩება”. ის აკრიტიკებდა იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პრესის დისკრედიტაციას ცდილობდნენ ან მათ “ფეიკნიუსების” წყაროდ აცხადებენ, რადგანაც ასეთი თავდასხმები დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის.  ვუდვორდი პრესის თავისუფლებას განიხილავდა არა მხოლოდ როგორც იურიდიულ უფლებას, არამედ როგორც დემოკრატიულ მოვალეობას, ვინაიდან ამის გარეშე მთვრობის მაკონტროლებელი ძალა ვერ იარსებებს.


***


The Glasshouse – ში გამართულ საქველმოქმედო სადილზე, ფაქტორბივად, ათ წუთში ანონიმური და არაანონიმური შემომწირველებისგან “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” დაახლოებით სამი მილიონი დოლარი მიიღო. მისაღებ დარბაზში სლოგანებიანი პლაკატები ჰაერშიც ეკიდა და იქვე მაგიდაზე შეგეძლო თავადაც აგერჩია და შენი პოზიცია ამგვარადაც დაგეფიქსირებინა, რომ “ჟურნალისტობა კრიმინალი არაა”,  რომ “სიმართლე ღირებულია”, რომ #FreeThePress, რომ უნდა “დასრულდეს ჟურნალისტების მიმართ ჩადენული დანაშაულებების დაუსჯელობა”, “კომუნიკაციების გათიშვა ახალი ამბების გათიშვაა”… “მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს”, “დაიცავით ჟურნალისტები”…


***


“თავისუფლება ნიშნავს იმის თავისუფლებას, რომ თქვა: ორს მიუმატო ორი უდრის ოთხს”  წერდა თავის ანტიუტოპიაში “1984” (1949) ჯორჯ ორუელი. თუმცა XXI საუკუნეში ეს ჭეშმარიტება არ აღმოჩნდა საყოველთაო არა მარტო, ასე ვთქვათ, ავტოკრატული /ტოტალიტარული მმართველობის თუ მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის, არამედ ბობ ვურდვორდის სამშობლოშიც, სადაც პრეზიდენტი მისთვის არაკომფორტულ მედიას “ხალხის მტრებს” უწოდებს და ეს ხდება ყველგან – სოცმედიაში,  თეთრ სახლში, თვითმფრინავის ბორტზე, მომხრეების წინაშე საჯარო გამოსვლებისას. შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ კი ჟურნალისტი არ და ვერ უთითებს “ხალხის მსახურს” უსაქციელობაზე, გვერდით მყოფი კოლეგები კი ისე განაგრძობენ კითხვების დასმას, თითქოს არც არაფერი განსაკუთრებული გაუგონიათ/მომხდარა, რაზეც შეიძლება  რამენაირი რეაგირება ღირდეს. თუნდაც  ალეგორიული კომენტარით. არადა აშშ – ის უახლოეს ისტორიას გაზეთის The Boston Globe ინიციატივა (2018) ახსოვს, როცა მედიის თავისუფლების მოწოდებას სამასი ამერიკული მედია შეუართდა.


ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფინანსური და სხვა სახის ანგარიშსწორების საფრთხის ფონზე ჟურნალისტებისადმი მტრული დამოკიდებულების ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავება მედიის პროფესიული სტანდარტების დაქვეითებას იწვევს. ეს საგრძნობია განსაკუთრებით აქ და ამჟამად, როცა „ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი თანასწორია სხვებზე უფრო მეტად”; ტოტალური კონფორმიზმი/კორუფცია, დიდი ფულის ძალა და “გარიგების ხელოვნება” კი გადამწყვეტი ხდება არა მარტო ადგილობრივ, არამედ – მსოფლიო მოვლენათა კონტექსტშიც. და ამგვარ რეალობაში ადამიანის უფლებების, მეტადრე კი ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული თავისულებების დელეგიტიმიზაცია ისეთივე მოსალოდნელია, როგორც “სამართალდამცავი” ი. დგებუაძის “დაზარალებული” ლოყის პერიპეტიები. არავის გვეგონა თუ პირდაპირ ეთერში ამგვარი სუპერფარს – გროტესკის მოწმე გავხდებოდით, თუმცა ფაქტია, რომ – გავხდით. აქ არც ეზოპეს ენაა საჭირო და არც  ანა პოლიტკოვსკაიას პროფესიონალიზმი და  სიმამაცე.  აქ უბრალოდ შეიძლება “ბრძოლა დაგვიანებულად ჩათვალო” (მზია ამაღლობელის მოწოდების “იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის” კონტრაპუნქტი) და  უხმო მოწმე აღმოჩნდე იმისა, რომ თეთრ სახლში, რომელსაც აშშ-ში “ხალხის სახლსაც” უწოდებენ, მასპინძელმა The  Washington Post – ის კოლუმნისტის, საუდის არაბეთელი დისიდენტის ჯამალ ჰაშოგის (1958-2018) თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოს ტერიტორიაზე წინასწარგანზრახვით მკვლელობისა და გვამის დანაწევრების მთავარი ფიგურანტი კრონპრინცი დიდი პატივით მიიღოს, მას პირადი დიდი მეგობარი უწოდოს (რადგან იგი აშშ-ში  ინვესტიციას აპირებს), “არასაჭირო” კითხვის დამსმელ ქალ ჟურნალისტს საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენოს, ჰაშოგის მკვლელობაზე თქვას, რომ Things happened (რაღაცეები ხდება) ლამის იმის მსგავსად, როგორადაც  პუტინმა 2000 წელს CNN – ზე ლარი კინგის კითხვას “რა დაემართა წყალქვეშა გემს”, ასე უპასუხა – “ის ჩაიძირა”. ბარენცის ზღვაში “კურსკის” მეზღვაურები იმიტომ დაიღუპნენ, რომ სახელმწიფომ მათი გადარჩენა მყისიერად არ გადაწყვიტა. და როცა მოინდომა, უკვე გვიანი იყო. თუმცა  არსებულ პოლიტიკურ რეალითი შოუში “მთავარია” ნავთობის კრონპრინცმა “პირობა დადო”, რომ ეს ანუ ჟურნალისტის მკვლელობა/დანაწევრება “მეორედ არ განმეორდება”… და თემაც ამოიწურა.

















ია მერკვილაძის ფოტოები

26.03.2026

ნეტგაზეთი

No comments:

Post a Comment