Sunday, April 6, 2014

"დეგენერატიული ხელოვნება" ნიუ იორკში და საბჭოელი "პიდორასები"




13 მარტს ნიუ იორკის Neue Galerie-ში, რომელიც გერმანულ–ავსტრიული ხელოვნების საექსპოზიციო სივრცეა, გაიხსნა გამოფენა, რომლის სახელწოდება ასე ჟღერს - "დეგენერატიული ხელოვნება: იერიში თანამედროვე ხელოვნებაზე ნაცისტურ გერმანიაში, 1937" (კურატორი ოლაფ პეტერსი).

ამ გალერეაში არაერთხელ ვყოფილვარ და, როგორც „დიდი ვაშლის“ სხვა დიდ მუზეუმებში, ჩანთების ჩხრეკის პროცედურას მიჩვეული ვარ, მაგრამ რატომღაც სწორედ ამ გამოფენის დღეებში ვიზიტორები ისე გაგვჩხრიკეს, როგორც ამას თვითმფრინავის ბორტზე ასვლამდე აკეთებენ – ლითონის აღმომჩენი დეტექტორის "კარში" გავლით და გაფრთხილებით – არავითარი სითხიანი კონტეინერი ჩანთაში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ჰიტლერის მიერ ერთხელ "დაწუნებული" ხელოვნებისთვის ვინმეს შეიძლება ისევ მიეყენებინა ზიანი, დაცვა კი სერიოზული ტერაქტის თაობაზე იყო ინფორმირებული.


დარბაზებში ზედამხედველები ისეთი გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს დამთვალიერებლების მოძრაობას, რომ ჯიბიდან ხელის ამოღებაც კი ფოტოაპარატის მომარჯვებად ეჩვენებოდათ. როგორც სხვა, ასევე ამ გამოფენაზეც, ფოტო/ვიდეოგადაღება აკრძალული იყო. არადა, რომ შემძლებოდა, თითოეულ არტეფაქტს ფოტოს გადავუღებდი: გადავუღებდი მთელს კედელზე განთავსებულ იმ ფოტოს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ იწვის წიგნები და როგორ ათვალიერებენ ადამიანები 70 წლის შემდეგ იმ აუტოდაფეს ამსახველ სამუზეუმო კედელთან განთავსებულ საგამოფენო ექსპოზიციას (რომელიც ძირითადად 1930–იან წლებში გამოშვებული "სასარგებლო" და "მავნებელი" არტისტების შესახებ დაწერილი წიგნებისგან შედგება); როგორ არჩევს ჰიტლერი თავის ამალასთან ერთად ნახატების დიდი შეკვრიდან იმ ტილოებს, რომელსაც შემდგომ "დეგენერატიული ხელოვნების" იარლიყს მიაწებებს; წიგნებს, რომელიც "დეგენერატიული ხელოვნების" დამღუპველ ზემოქმედებაზე მოგვითხრობენ და "დეგენერატი" მხატვრების, მოქანდაკეების, მწერლების, მუსიკოსების ნამუშევრების არსებობის თეორიას კრიმილოლოგ ჩეზარე ლომბროზოს ფიზიოგნომიკის საფუძველზე ავითარებენ. ამგდაგვარი კოლექცია პირველად აშშ–ში, 1991 წელს ლოს ანჯელესში Caunty Museum of Art - ში გაიმოიფინა. გარეთ, მუზეუმის შესასვლელთან რიგში არც ისე დიდი ხნით მოგვიწია მოცდა, რაც გამოფენის გახნის პირველსავე დღეებში მისდამი მაღალ ინტერესზე მეტყველებს. ბოლოს ექსპოზიციასთან რიგი სამი წლის წინ, ალექსანდრე მაკქუინის ტანსაცმლის გამოფენასთან დამხვდა. დარწმუნებული ვარ, მაკქუინიც ჰიტლერის მიერ შედგენილ "დეგენერატთა" შავ სიაში აუცილებლად აღმოჩნდებოდა.




გერმანელი ფაშისტების მიერ დევნილი ხელოვანების გარშემო ამგვარი აჟიოტაჟი, ალბათ, იმითაც იყო გამოწვეული, რომ გამოფენის დაანონსებას დაემთხვა ჯორჯ კლუნის ფილმის, "ქანდაკებები მამაკაცები" (The Monuments Men. თამაშობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები) პრემიერა. დოკუმენტური პროზის საფუძველზე შექმნილ კინოსურათში მოთხრობილია მოკავშირეების იმ ჯგუფზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს კლასიკური და "დეგენერატიული ხელოვნების" გადარჩენას არა მარტო ნაცისტებისგან, არამედ სსრკ–ის ჯარიდანაც ცდილობდა. ანდა შეიძლება იმიტომაც, რომ შარშან მიუნჰენში ერთ–ერთ კერძო ბინაში შემთხვევით 1400 –მდე "დეგენერატიული" ფერწერული ტილო შემთხვევით აღმოაჩინეს, მათ შორის პიკასოს, მატისის, შაგალის, რენუარის, ტულუზ–ლოტრეკის, როდენის ნამუშევრები. ისინი დაკარგული ანდა განადგურებული ეგონათ.


1935 წელს ადოლფ ჰიტლერი ნაციონალ–სოციალისტების IV ყრილობაზე ერის კულტურის გაჯანსაღების ახალი პროგრამით წარსდგა. ავანგარდული ხელოვნებისადმი დამოკიდებულება არშემდგარმა მხატვარმა ჯერ კიდევ 1925 წელს გამოქვეყნებულ თავის "მაინ კამფშიც" აღწერა. იმ დროს, როცა ჰიტლერი ჯერ კიდევ არ იყო ხელისუფლებაში, მან იმპრესიონიზმი და ექსპრესიონიზმი, კუბიზმი, დადაიზმი, ფუტურიზმი, ფოვიზმი, სიურრეალიზმი და ზოგადად მოდერნისტული ხელოვნება გერმანიის დემორალიზაციაში, შეურაცხყოფაში და გერმანული ნაციის დეგრადირების მცდელობაში დაადანაშაულა. თუმცაღა იგი საკუთარ თავს და ფაშისტურ იდეოლოგიას სწორედაც რომ ყველაზე პროგრესულ და თანამედროვე ადამიანად/აზრების წყობად თვლიდა. მისთვის "ავანგარდი" არ წარმოადგენდა სალანძღავ სიტყვას, რადგანაც თვლიდა, რომ სწორედ მისი იდეოლოგიაა არა მარტო გერმანიის ავანგარდი, არამედ – მსოფლიოსიც. ასევე თვლიდა მისი კოლეგა – სტალინიც, ოღონდ ბოლშევიზმ – კომუნიზმის თაობაზე. გერმანიიდან იმ პერიოდში გაიქცნენ თომას მანი, ჰაინრიხ მანი, ბერტოლდ ბრეხტი, შტეფან ცვაიგი, რობერტ ვაინი, ოსკარ კოკოშკა, გეორგ გროსი, ვასილი კანდინსკი, მარლენ დიტრიხი...





1937 წელს სახელმწიფო უკვე დაუფარავად დევნიდა მისთვის მიუღებელ მხატვრებს და საგამოფენო დარბაზებში ექსპოზიციების აკრძალვის გარდა, მოდერნის ეპოქის ხელოვანების სიცოცხლეს უკვე აშკარა საფრთხეც დაემუქრა. მესამე რაიხმა ქვეყნის მტრების ნამუშევრების ამოღება დაიწყო. ე.წ. საკონფისკაციო ცენტრები გერმანიის ყველა დიდ ქალაქში განლაგდა – ბერლინში, დრეზდენში, ლაიპციგში, მიუნხენსა და სხვაგან. არადა, 1920-იანებში, ვაიმარის მთავრობის დროს გერმანია ევროპის ავანგარდი იყო – მხატვრობაში ექსპრესიონიზმის სამშობლო; მუსიკაში გაჩნდა ატონალური კომპოზიციები და ჯაზი; გერმანიაში გადაიღეს უხმო ფილმების ისეთი შედევრები, როგორიცაა "ექიმ კალიგარის კაბინეტი" და "ნოსფერატუ". მაგრამ ნაციზმს თავისი "უმაღლესი" ესთეტიკა ჰქონდა, რომელსაც არ სჭირდებოდა პირველი მსოფლიო ომის ვეტერანის, მხატვარ ოტო დიქსის რეპროდუქცია "ომის ინვალიდები". კარგი გერმანელები მხოლოდ ჯანმრთელები, ძლიერები და მუდამ გამარჯვებული უნდა ყოფილიყვნენ. ამათგან განსხვავებულები კი ქვეყნის ბალასტი იყო. ამიტომაც ჰყავდა ჰიტლერს თავისი საყვარელი ხელოვანები, ისინი, რომლებიც მისი "ფაუსტის სულის" კონცეფციას ამყარებდნენ – არნო ბრეკერი, ადოლფ ვისელი, ლენი რიფენშტალი.




1933 წელს, გერმანიაში ნაციონალ–სოციალისტების პარტიის გამარჯვების შემდეგ, იმისთვის, რომ სახელმწიფოს მხატვრისთვის წოდება "მხატვარი" მიენიჭებინა, ადამიანი ნაცისტური პარტიის წევრი უნდა ყოფილიყო (კულტურის არაერთი მუშაკი პარტიის წევრი გახდა კიდეც). ვინც არ ხდებოდა ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრი, მას მხატვართა კავშირებიდან რიცხავდნენ, მათი ნახატების გამოფენა–გაყიდვა კი იკრძალებოდა. თუმცა ხელოვანებს არც პარტიის წევრობა შველოდათ. საჭირო იყო არა მარტო ნაცისტური იდეოლოგიის/ თეორიის მიღება–აღიარება, არამედ ხელოვნებაში პარტიული ხაზის გატარებაც და ამ პარტიულ გენერალურ ხაზში, ბუნებრივია, ანტისემიტიზმიც მოიაზრებოდა. ჰიტლერი ამბობდა: "დავაპატიმროთ ებრაელები და ქვეყანა დამშვიდდება. დემოკრატიაში არაა არაფერი გერმანული სულისგან, სამაგიეროდ ბევრია ებრაულისგან". არადა, ჰიტლერი სწორედ დემოსის არჩევანით მოვიდა ხელისუფლებაში. თუმცაღა არაერთი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ 1933 წლის არჩევნები გაყალბებული იყო.

1937 წელს გებელსის თაოსნობით შეიქმნა ექვსკაციანი კომისია, რომლის ფუნქციაში შედიოდა მთელი გერმანიის მასშტაბით საცავებიდან/ მუზეუმებიდან/კერძო კოლექციებიდან სახელმწიფოს "ძირგამომთხრელი ხალოვნების" ამოძირკვა, მერე ხალხისთვის მათი საჯაროდ ჩვენება, რათა გერმანელებს სცოდნოდათ, ვინ და რაა გერმანიის "ნამდვილი მტერი". მერე კი "არაარიული ხელოვნების" ნიმუშები სამუდამოდ გადაემალათ ან გაენადგურებინათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ფაშისტური რეჟიმი "დეგენერატიული ხელოვნების" დაგმობის ფართომასშტაბიან კამპანიას დაიწყებდა, მანადე საერთოდ აკრძალეს არტკრიტიკა, როგორც კრიტიკის სახეობა. კრიტიკის უფლება მხოლოდ ნაციონალ–სოციალისტების ბელადების ლეგიტიმური უფლება გახდა. ჰოიერის "თავიდან იყო სიტყვა" (ჰიტლერი პარტორგანიზაციის კრებაზე), ვოლბერის "მოიერიშე რაზმების იერიში", კამპფის "1933 წლის 30 იანვრის აღლუმი" – პროფაშისტური ფერწერული ტილოებია, მაგრამ მნახაველს, ამავე დროს, სსრკ –ის დროინდელ სოცრეალიზმს მოაგონებს, ოღონდ - ლენინის, სტალინის და სხვა ბოლშევიკების ფიგურებით. მესამე რაიხის ერთგული ხელოვანების ნაწარმოებები ძალიან ჰგავს საბჭოური პერიოდის ნახატებს, ოღონდ სიმბოლიკაა სხვა. ნამგალისა და უროს მაგივრად, აღლუმებზე სვასტიკიანი ადამიანები მარშირებენ.



რეპრესიებს ვერ გადაურჩა ვერც ემილ ნოლდის (ნაცისტური პარტიის წევრი), ვერც ერიხ ჰეკელის, ერნსტ კირხნერის, მაქს ბეკმანის, კარლ შმიდტ–როტლუფის, კარლ ჰოფერის, პაულა მოდრეზონ–ბეკერის, ფრანც მარკის, ოტო პანკოკის, მარკ ერნსტის, პაულ კლეეს და სხვათა "დეგენერატიული" ნახატები. ნაცისტური პარტიის მოსვლიდან მეოთხე წლისთავისთვის "დეგენერატი" 112 გერმანელი მხატვრის 5 238 ნამუშევარი (სკულპტურა, ნახატი, წიგნი) ანტიგერმანულ ნამოქმედარად შეირაცხა. მაგრამ ნაცისტებს განა მხოლოდ გერმანელი "დეგენერატები" აღიზიანებდათ. ისინი ანადგურებდნენ იმას, რაც, მათი აზრით, მარტო მათ ტერიტორიაზე კი არა, არამედ დედამიწაზე საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მაგალითად, ვან გოგის, მატისის, შაგალის, პიკასოს, დალის ნამუშევრები. არადა, მსოფლიო ომის შემდეგ ნაციზმის მამების სასახლეებში აღმოჩენილმა შედევრებმა ცხადჰყო, რომ პარტიის ზოგიერთ ლიდერს "დეგენერატიული არტის" ღირებულება კარგადაც ესმოდა და ჯეროვნად აფასებდა კიდეც. სწორედ ამიტომაც ითვისებდნენ და საკუთარ საცავებში მალავდნენ – მხოლოდ "ინდივიდუალური ტკბობისთვის".



1937 წლის 19 ივლისს მიუნხენში (მიუნხენის უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ინსტიტუტში გაიმართა "დეგენერატიული ხელოვნების" გამოფენა, რომელზეც 650 ნახატი და სკულპტურა იყო წარდგენილი და რომელზეც გაცილებით უფრო მეტი მნახველი მივიდა (ორი მილიონი ადამიანი), ვიდრე იქვე მიუნხენში ერთი დღით ადრე გახსნილ "კარგი ხელოვნების", კლასიკოსი მხატვრების თუ ჰიტლერის მაამებელი ფერმწერების გამოფენაზე, რომელიც "დიდ გერმანულ მხატვრულ გამოფენადაა" ცნობილი. პირველმა ხუთი თვე გასტანა და შემდგომ ავსტრიასა და გერმანიის სხვა ქალაქებში სამოგზაურო ტურნეში გაემგზავრა. ამ ნახატებს თან ახლდათ ფიურერის მიერ მგზნებარედ წარმოთქმული სიტყვები იმის შესახებ, რომ ამ მხატვრებს სამხატვრო ნიჭი არა აქვთ, არამედ – მხოლოდ ლაქლაქისა და სიცრუის. "ამ ადამიანებს ჩვენი ერის წარმომადგენლები დეგენერატ კრეტინებად გამოჰყავთ, მინდვრები მათთვის ცისფერია, ცა – მწვანე, ღრუბლები – ნაცრისფერ-ყვითელი და ა.შ.... ამიერიდან ჩვენ კულტურული გახრწნის ელემენტების წინააღმდეგ დაუნდობელი, გამასუფთავებელი ომის წარმოებას ვიწყებთ!". გერმანიის 13 ქალაქში მოგზაურობის დროს კოლექცია საგრძნობლად შეთხელდა, რადგანაც ზოგიერთი ტილო დაიკარგა, ზოგსაც კურატორები ძალიან იაფად ჰყიდნენ.


ჰიტლერის პროპაგანდისტულმა მანქანამ მარგინალებად არა მხოლოდ მხატვრები, არამედ კომპოზიტორები და მწერლებიც გადააქცია: არნოლდ შონბერგი, ბელა ბარტოკი, პაულ ჰინდემიტი, ულრიჰ ბეჰერი, გეორგ ჰაიმი. ბედის ორონიით კი თავად ტერმინი "დეგენერატიული ხელოვნება" XIX საუკუნის ბოლოს ებრაელმა ექიმმა და სოციალურმა კრიტიკოსმა მაქს ნორდაუმ დაამკვიდრა. ეს კაცი იმ პერიოდში სიონიზმის ერთ–ერთი გამორჩეული ლიდერი გახლდათ. ფაშისტების აზრით, არაარიული ხელოვნება იყო მახინჯი, ანუ არანორდიული, არაესთეტიკური ნიმუშების ნაკრები, რომელიც არ შეეფერებოდა გერმანელი ერის, მისი ნათელი მომავლის იდეალებსა და ყოვლისმომცველ სიძლიერეს. ვერნისაჟისთვის კი მხატვრები თემატურად იყვნენ დაჯგუფებულნი. ისინი, ვინც "კლასიკური" ადამიანის ფიზიკურ გარეგნობას ამახინჯებდნენ; ვინც რელიგიას დასცინოდნენ; ვინც კომუნისტები ან ანარქისტები იყვნენ; ვინც მეძავებს ხატავდნენ; ვინც ებრაელებს ხატავდნენ და ა.შ. ფაშისტებმა ეს გამოფენა იმისთვის მოაწყვეს, რომ გერმანელებისთვის ეჩვენებინათ, როგორი არ უნდა იყოს გერმანული ხელოვნება და რას ხატავენ გერმანიის მტრები.

გერმანიის კულტურულ სივრცეს შავი დღეები/წლები დაუდგა. მესამე რაიხი განსაზღვრავდა, როგორ უნდა ეხატათ მხატვრებს, ვის უნდა ესწავლებინა უნივერსიტეტებში და ვის – არა; ვის ჰქონდა უფლება ფუნჯი და აკვარელი ეყიდა და ვის –არა; ვის გაეყიდა მისივე ნახატი და ვის – არა; ვინ იყო ქვეყნის მოყვარე და ვინ – არა. კირხნერმა შვეიცარიაში თავი მოიკლა, ელფრიდე ლოზე–ვახტლერი საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა, ემილ ნოლდე კი დარჩა ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ პეიზაჟებსღა ხატავდა და ისიც მხოლოდ აკვარელით, რადგანაც ზეთის საღებავების სუნი უბედურების მომტანი შეიძლება გამხდარიყო.



მიუნხენის გამოფენის შემდეგ ნახატების მცირე ნაწილი მესამე რაიხის მესვეურებმა შვეიცარიაში აუქციონებზე გაიტანეს, თუმცა ევროპაში საომარი მდგომარეობის გამო ამგვარი სავაჭრო ოპერაციისგან ისეთი დიდი მოგება არ ჰქონდათ, როგორსაც ელოდნენ; ნაწილი – თავისთვის დაიტოვეს; ნაწილი სამალავში მიიტანეს, ნაწილი კი დაწვეს. 1939 წლის 20 მარტს ბერლინის მთავარი სახანძროს ეზოში გერამანელებმა გერმანელი მხატვრების ხუთ ასათამდე ნამუშევარი ცეცხლს მისცეს. იგივე ელოდათ ოკუპირებული საფრანგეთის მუზეუმებში გამოფენილ და დაცულ არასასურველ მხატვრებს. 1942 წლის 27 ივლისს პარიზში სხვა "დეგენერატული ხელოვნების" წარმომადგენლების ნამუშევრებიც დაწვეს. იმ დღეს ლეჟე, მირო, ერნსტი, დალი და პიკასო გაანადგურეს.

Neue Galerie – ის ზემოხსენებულ ექსპოზიცია, რომელშიც შევიდა 50 ფერწერული ნამუშევარი, სკულპტურა და 30 გრაფიკა, ფოტო და პლაკატი, სხვადასხვა კოლექციებიდან მისხალ–მისხალ შეგროვდა. კურატორები ამ გამოფენას სამი წლის განმავლობაში ამზადებდნენ. საგამოფენო დარბაზებისკენ მიმავალ კორიდორში მარჯვნივ კედელზე გამოსახეს ის დამთვალიერებლები, რომლებიც 1938 წელს ჰამბურგში გამართული "დეგენერატიული ხელოვნების" გამოფენის შესასვლელთან იდგნენ, და მარცხნივ – დასავლელ უკრაინელი ებრაელები, რომელიც აუშვიც–ბირკენაუს სარკინიგზო სადგურზე მიიყვანეს. ისინი რკინიგზის პლატფორმის გასწვრივ დგანან. მათ სიცოცხლეს სასიკვდილო განაჩენი უკვე გამოუტანეს.

გალერეის კორიდორი სამ დიდ საგამოფენო დარბაზს უკავშირდება. ერთ – ერთში განთავსებულია ჰიტლერისთვის მისაღები მხატვრის, ადოლფ ციგლერის ტრიპტიხი "ოთხი სტიქია" –შიშველი ქერა ქალების "კვარტეტი", რომელიც ფიურერს თავის კაბინეტში ეკიდა და იქვე ფაშისტების მიერ შერისხული მაქს ბეკმანის "გამგზავრება". იმავე დარბაზში გამოიფინა ემილ ნოლდეს "მწველავი ძროხები", სხვა დარბაზებში – ერიხ ჰეკელის "საპარიკმახერო", ერნსტ კირხნერის "ზამთრის პეიზაჟი მთვარის შუქზე", პაულ კლეეს "მეთევზე", ოსკარ კოკოშკას "ავტოპორტრეტი", ერნსტ ბარლახის "ბერსერკერი", ლაზარ სეგალის "მუდმივი მოხეტიალეები" და სხვა. ასევე, ცარიელი ჩარჩოები, როგორც განადგურებული თუ დაკარგული ტილოების სიმბოლო. პირველ სართულზე კი, გალერეის წიგნების მაღაზიაში გამოფენის კატალოგი იყიდება, სადაც თითქმის სრულადაა მოცემული "დეგენერატიული არტის" მოქმედი გმირების ისტორია.



***


"პიდორასებო! მძღნერებო! მთითხვნელებო!" შეჰყვირა ნიკიტა ხრუშჩოვმა, როცა 1962 წლის 1 დეკემბერს მოსკოვში საგამოფენო დარბაზს "მანეჟი" ესტუმრა და სტალინ–ბერიის კვარცხლბეკიდან გადმოგდებით/"ოტეპელის" დადგმით შეგულიანებული მხატვრების ნამუშევრები დაათვალიერა. ეს ავანგარდისტი მხატვრების გამოფენა იყო. კომპარტიის ცეკა სრული შემადგენლობით აღშფოთდა საბჭოთა მხატვრების "დეგენერატიზმით" და მოითხოვა, რომ ისინი კომუნისტური პარტიიდან და სამხატვრო კავშირებიდან გაეგდოთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი იმ სტრუქტურებში არ ირიცხებოდა. ხრუშჩოვმა დაასკვნა, რომ "ანტისაბჭოთა" მხატვრობა საბჭოთა ხალხს არაფერში სჭირდება და აბსტრაქციონიზმთან და ფორმალიზმთან ბრძოლის სეზონი გახსნილად გამოაცხადა. 12 წლის შემდეგ კი მოსკოველი ავანგარდისტი მხატვრების ნამუშევრებს, რომელთა გამოფენაც ღია ცის ქვეშ მოსკოვთან ახლოს გაიმართა, პირდაპირი მნიშვნელობით ბულდოზერით, "სამოსვალებით", სარწყავი მანქანებით გადაუარეს, მხატვრები დააპატიმრეს, ერთი–ერთი, ოსკარ რაბინი კი ბულდოზერმა მთელს მინდორზე ათრია კიდეც; ნახატები დახიეს, მათი ნაწილი წაიღეს და თან გაჰყვიროდნენ: "დასახვრეტები ხართ! ოღონდ ტყვიები გვენანება!". ეს იმ "არაოფიციალური მხატვრების" ნამუშევრები იყო, რომლებიც პარტიის დავალებას სოციალისტური რეალიზმის თაობაზე შესაბამისად ვერ ასრულებდნენ. ამჯერად "დეგენერატიულ ხელოვნებას" არა გერმანული გესტაპო, არამედ საბჭოური კაგებე, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული "აქტივისტები" და "მძიმე ტექნიკა" შეებრძოლა. "ბულდოზერულ გამოფენამდე" არასოცრელიასტ მხატვრებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ თავიანთი ნამუშევრები გამოეფინათ. მაგრამ მილიცია და "უშიშროება" მაშინვე აღკვეთდა ამგვარ "სითავხედეს". და უმალ გამოიჩინეს თავი, ჰიტლერის აპოლოგეტების არ იყოს, საბჭოელმა კულტმუშაკებმა, რომლებმაც პირველი კომუნისტის ქმედება გაამართლეს და მას ხოტბა შეასხეს.

სსრკ-ის დანგრევის შემდეგ ყოფილ სსრკ–ის სივრცეში გაჩნდა ახალი სოციალური და მხატვრული "დეგენერატიული არტი", რომელიც მგზნებარე საბჭოელებმა "ჟიდომასონების" შეთქმულებას მიაწერეს. უფრო სწორად, "ჟიდომოსონებს" რუსებმა მიაწერეს, ქართველებმა – უბრალოდ "მასონებს', იგივე არამართლმადიდებლებს/არაეკლესიურებს ანუ "დასავლელ გარყვნილებს". ამ "კასტას" ზოგადად ლიბერალები, მემარჯვენეები, ლიბერტარიანელები, ფემინისტები, ჰომოფილები, ჩინელები, სომხები და ზოგადად კიდევ არაერთი "სხვა", "ქართველი ერის სულის გასახრწნელად" შემოპარული "ელემენტი" მიაკუთვნეს. საქართველოში დაიწყო არქაული ფორმების რიტუალური განახლება, როცა ადამიანმა ე.წ. ანტისაბჭოთა იდენტობის მშენებლობას მიჰყეს ხელი, მაგალითად, მარხვის ფეტიშიზაციით და საკრალური საფლავისადმი, გვამისადმი, სამარხის გახსნისადმი ზღვრულად არაჯანსაღი ინტერესით, კათალიკოს–პატრიარქის გაკერპებით და ორუელის ორაზროვნებით. ეკლესია გახდა ცენზორი, რომელსაც სპექტაკლის/წიგნის/კინოფილმის აკრძალვის უფლებაც კი მიეცა და გამოხატვის თავისუფლების – სიძულვილთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (ეს განსაკუთრებით 2013 –ის 17 მაისს გახდა ცხადი) იმის განმსაზღვრისაც, ვის აქვს სიტყვის/შეკრების/გამოხატვის უფლება და ვის – არა. 1990–იან წლებში, განსაკუთრებით კი 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ პერიოდში ადამიანები მასობრივად გამოდიოდნენ კომუნისტური პარტიიდან, კომკავშირიდან, დემონსტრატიულად წვავდნენ პარტბილეთებს, აგდებდნენ კომკავშირულ სიმბოლიკას და ... ჯვრებს იკიდებდნენ. სინამდვილეში კი ეს იყო ერთი ლეგიტიმაციური "ზნაჩოკის" მეორეთი ჩანაცვლების პროცედურა და მეტი არაფერი. ერთგვარი პოსტკოლონიალური სიურრეალიზმი, როცა ბოლშევიკური/მონათლული კომუნისტის იმიჯი "პრავასლავნიკ–პატრიოტ"/მოდერნისტ საბჭოელზე შეიცვალა.

იყო თუ არა ეს ყბადღებული "ცხრა წელიწადი" საქართველოს ისტორიის მოდერნული პერიოდი? ეს თემა დიდია, მნიშვნელოვანი და სადისკუსიო სივრცეს ითხოვს. ჩემი აზრით, არა. შეუძლებელია XXI საუკუნეში ნებისმიერი სახის რეფორმა, გნებავთ ტრანზიციის ხანის, გნებავთ კორუფციის/ორგანიზებული დანაშაულის მასშტაბური აღმოფხვრით თუ ეკონომიკის მკვდარი წერტილიდან დაძვრით მიმდინარე, მოიაზრებოდეს ადამიანის უფლებების პრიმატის გარეშე და მცოცავი თეოკრატიის წახალისებით. მითუმეეტს, როცა სახელმწიფო თავად უწყობს ხელს (უპირველესად, ფინანსურად) არასეკულარული ნიადაგის/ ანტიმოდერნისტული რეალობის შექმნას. წარმოუდგენელია მოდერნი (გნებავთ მისი კლასიკური, გნებავთ ულტრათანამედროვე გაგებით) იქ, სადაც ყოფილი დისიდენტი და ცნობადი ინტელექტუალი "ქუჩის აკადემიაში" ვაჟას უნივერსალობაზე საუბრობს, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნიდან – "ქურდული მენტალიტეტის" მარადიულობაზე/ მასთან ბრძოლის უაზრობაზე და ბუსუსებიანი კონდომის მავნებლობაზეც. შეუძლებელია საფლავის გათხრა იმ მიზნითაც, რომ მრევლი ვიზუალურად დარწმუნდეს გვამის გახრწნა/არგახრწნის ფაქტში, ეს ღონისძიება ლამის სახელმწიფო/სამხედრო დღესასწაულად შეირაცხყოს, მინისტრი ოფიციალური საშვით ხელში თხრილისკენ ამაყად მიემართებოდეს და ეს მინისტრი დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული ქვეყნის განათლების მინისტრი იყოს; შეუძლებელია ქვეყანა შფოთავდეს ქალის უწყინარ გამონათქვამზე ორალური სექსის შესახებ და ამ დროს ისინი, ვინც დაუოკებლად შფოთავს, საკუთარ შვილებს, მცირეწლოვან ბიჭებს საცვლების ჩახდას უბრძანებდნენ, რათა ყველამ დაინახოს, სადაა დაბუდებული ოჯახის მთავარი სიმდიდრე. შეუძლებელია მედია არ აშუქებდეს სვანეთში სოფლების რეალური დატბორვის საწინააღმდეგო მრავალდღიან აქციას და, ამავე დროს, სვანეთში ერთ–ერთი ხალხმრავალი აქციის იმავე დღეს "შემთხვევითი ჩართვით" ახალ ამბებში დიდ დროს უთმობდეს ექსპრემიერის ვაჟის კონცერტის ტრანსლირებას იმის გამო, რომ ამ დროს ქალაქის ერთ–ერთი მაგისტრალური გზა გადაიკეტა და ეს მომღერალი პოლიტიკური გავლენის მქონე მილიარდერის შვილია. და არ ინტერესდებოდეს ქაუცაში მოძროობის ამგვარად შეჩერების ფაქტის კანონთან შესაბამისობით. შეუძლებელია ყოფილი დეპუტატის ზღვრულად სექსისტური/ დამამცირებელი გამონათქვამის გამო მასთან საქმიანი, გნებავთ, სამსახიობო კონტრაქტები არ გაწყვიტონ, ხოლო არსებულმა ოფიციალურმა "გენდერულმა საბჭომ" შესაბამისი "სთეითმენთით" (სახელწმიფო პოზიციის ხისტი დაფიქსირება) მას არ მიმართოს ანდა ქალ დეპუტატს მომავალმა შსს–ის მინისტრმა და პრემიერ–მინისტრმა, ტერმილოგიურ ევფემიზმს თუ მოვუხმობთ, "ფალოსი" (მოგვიანებით "ასავალ–დასავალის" ფურცლებიდან ერთი დეპუტატი მწერალს იგივე "ეპითეტით" ამკობდა) უწოდოს და ამაზე გინების პროდასავლელ ადრესატს არ ჰქონდეს რეაქცია; მოქმედი პრემიერი კი "ძმაბიჭს" კოპროლალიას უქებდეს. შეუძლებელია კაზრეთის მუშების, ტყიბულელი მეშახტეების უკიდურესად სავალალო/ სასოწარკვეთილი მდგომარეობა გადაიფაროს მინისტრის სადილისა და ტუალეტის ქაღალდის საფასურის გამო ატეხილ ხუმრობათა ტალღით. შეუძლებელია სახელმწიფოს ინტერესებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პოსტებზე პროფესიული განათლებისა და უნარ/ჩვევების გვერდის ავლით ინიშნებოდნენ პარტიული "სასტავის" წევრები, როგორი შესანიშნავი ადამიანები, უცხო ენის სპეციალისტები და კარგი წიგნების/სიმღერების/ფილმების/ნახატების ავტორებიც არ უნდა იყვნენ. შეუძლებელია ხალხის რჩეული და ხალხის გადასახადებით არსებული პოზიცია–ოპოზიცია უწყვეტ რეჟიმში ერთმანეთის ბულინგით იყოს დაკავებული, ამ ბულინგის მთავარი ნარატივი და კონვერტირებადი არგუმენტი კი მოკლული ადამიანების სახელ–გვარებით ნიშნის მოგება იყოს. შეუძლებელია პარლამენტის პროდასავლელის იმიჯის მქონე თავჯდომარე ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაში ამბობდეს, რომ "აბა, ჩვენ რა შეგვიძლია რუსეთთან გავხდეთ, ომს ხომ არ გამოვუცხადებთ; აი, ევროპას კი ნამდვილად უნდა ეშინოდეს პუტინის ამბიციებისო" და წინააღმდეგობის გაწევის იმ მინიმუმისკენაც კი არ მოუწოდებს ქართველ სპორტსმენებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადონ. შეუძლებელია მწერალი იყოს იმ მილიარდერი პოლიტიკოსის (რომლის შვილის კონცერტს ტრანსლირებენ) მრჩეველი და დაახლოებული პირი, ვინც, ფაქტობრივად, ფაშისტურ "ასავალ–დასავალს" საუკეთესო გაზეთად მიიჩნევს/აქებს და მერე ეს მწერალი შფოთავდეს, როცა ამ გამოცემის ფურცლებიდან მისსავე ტექსტს "დეგენერატულს" უწოდებენ. რადგანაც ხელოვანებთან მიმართებაში პასტორ მარტინ ნიმიოლერის "გადარჩენის ფორმულა" ისეთივეა, როგორიც ნაცისტების დროს – ებრაელების მიმართ. შეუძლებელია მოდერნი ისეთ ქვეყანაში, სადაც სოციალური ტემპერამენტი/ სოციალური სოლიდარობა (ბუნებრივია, აქ ფიზიკური ძალა არ იგულისხმება) ძალიან დაბალია. შეუძლებელია მოდერნი განხორცილდეს იქ, სადაც ნებისმიერი პრობლემის დეპრობლემიზაცია პრობლემის "ასავალ–დასავალიზაციით" ხდება.

***
მსოფლიოს ახსოვს ლიტერატურა, რომელსაც პოლიტიკური მოტივების გამო დევნიდნენ: ორუელის "1984" და "ცხოველთა ფერმა", სოლჟენიცინის "არქიპელაგი გულაგი", პეინის "ადამიანის უფლებები", სტეინბეკის "მრისხანების მტევნები"; სოციალური მოტივების გამო: ჩოსერის "კენტერბერიული მოთხრობები", ბეროუზის "ტიტველი სადილი", კიზის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", სელბის "უკანასკნელი მოსახვევი ბრუკლინზე"; სექსულაური მოტივებით: ფლობერის "მადამ ბოვარი", დრაიზერის "ამერიკული ტრაგედია", ჯოისის "ულისე", ლოურენსის "ლედი ჩატერლეის საყვარელი"; რელიგიური მოტივებით: სტენდალის "წითელი და შავი", დარვინის "სახეობათა წარმოშობის შესახებ", რუშდის "სატანისტური ლექსები", გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი". ასევე დიდია აკრძალული ფილმების ნუსხაც დაწყებული 1915 წელს გადაღებული გრიფიტის "ნაციის დაბადებიდან", შტერნბერგის "ცისფერი ანგელოზიდან"(1930), მიქაბერიძის "ჩემი ბებიიდან" (1929) ფელინის "ტკბილი ცხოვრებით" (1959), კონჩალოსვკის "ასია კლიაჩინათი" (1966) და სპილბერგის "შინდლერის სიით" (1993) დამთავრებული. ეს უკანსკნელი მალაიზიაში "ებრაულურ პროპაგანდისტულ ფილმად" მონათლეს, ეგვიპტეში – ამორალურად, ხოლო ტაილანდში, სადაც პატარა ბავშვების მონაწილეობით პორნოკასეტები პირდაპირ ქუჩაში ღიად იყიდება, "ზნეობის პოლიციამ" მოითხოვა, რომ სექსუალური სცენები ფილმიდან ამოიღონ. ის კი არა, აშშ–ში ერთ–ერთმა მორმონულმა უნივერსიტეტმა (იუტას შტატი) ფილმის ალტერნატიული ვერსიის ჩვენება და ფილმის "დაჭრა" მოითხოვა, მათ შორის გაზის კამერებში სასიკვდილოდ განწირული შიშველი ადამიანების ჩვენების სცენების ამოჭრა, რადგანაც ეს არაეთიკურად მიიჩნია.



პირველი თაობის ბოლშევიკების და მათი მემკვიდრეების (ვისოცკისა და მადონას ამკრძალავნი) მიერ დაწყებულ წითელ ტერორს არაერთი ხელოვანი შეეწირა და თითოეულ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას თუ აღმოსავლეთ ავროპულ ქვეყანას, რომელიც სსრკ–ის პროტექტორატის ქვეშ მოექცა, რეპრესირებულ ხელოვანთა თავისი გრძელი სია აქვს. ასევე, ალბათ, არსებობს იმ ხელოვანთა სიაც, რომლებსაც თანამედროვე, გაეროს წევრი დესპოტიები ატერორებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შესახებ მსოფლიო ჯეროვნად არაა ინფორმირებული. საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მსხვერპლთა "აქტივშია" ათასობით ხელოვანი: ოსიპ მანდელშტამიდან და ტიციან ტაბიძით დაწყებული, კირილ ზდანევიჩითა და ემა ლალაევა–ედიბერიძეთი დამთვრებული. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ ცელავს რეპრესიის ბულდოზერი პარტიულსაც და არაპარტიულსაც, "მოყვასსაც და მტერსაც", არის ლიდია რუსლანოვას დაპატიმრება და მისი გაციმბირება. რუსი მომღერალი და მისი მეუღლე ვლადიმერ კრიუკოვი (მოსკოვის თავდაცვისა და ბერლინის აღების გმირი გენერალი) კომუნისტური პარტიის ფავორიტები იყვნენ. 1945 წლის მაისში ლიდია რუსლანოვა ბერლინში, დანგრეული რაიხსტაგის წინ საბჭოთა ჯარისკაცებისთვის მღეროდა და ცეკვავდა. სამი წლის შემდეგ კი სტალინს მისდამი განწყობა შეეცვალა და იგი გულაგში აღმოჩნდა.

მსოფლიოში აღიარებული ჩინელი კონცეპტუალისტი მხატვარი აი ვეი ვეიმ იმავე კომუნისტური პარტიის მიერ დაკვეთილი ოლიმპიური სტადიონი შექმნა, რომელიც მას ჯაჭვზე მიბმული ცხოველის მსგავსად "ათვინიერებს" და ამიტომაც მხატვარს "უხარია", რომ მას სახელმწიფო ორგანოები "ჩაის დასალევად" (ჩინურ კაგებესთან გასაუბრების აღმნიშვნელი სიტყვათშეთანხმება) ჯერ არ ეძახიან. რუსეთში არაერთი მხატვარია, რომელიც არა ზოგადად ფუტურიზმის ანდა ექსპრესიონიზმის, არამედ "ვიწროდ" პოლიტიკური/ საეკლესიო შარჟის გამო იდევნებიან: კონსტანტინ ალტუნინი, ალექსანდრე სავკო, გამოფენის "ფრთხილად, რელიგიაა" მონაწილე მხატვრები, პანკ – ჯგუფი "ფუსი რაიოტი", რომლის უკანასკნელი აქციაზე ეკლესიისა და სახელწმიფოს მხრიდან 1937 წლის ტრადიციებში გაცემულმა პასუხმა ლამის მთელი მსოფლიო აღაშფოთა. 



ქართულ კულტურას ახსოვს წითელი რეპრესიებიც და პეტრე ოცხელის მიერ ნახატზე ხან სტალინის და ხანაც ბერიას მიხატვაც. შექმენილი პოლიტიკური სიტუაციისდა მიხედვით. უახლოესი ისტორიიდან ახსოვს ინტელიგენცია, რომელსაც კაგებეს გენერალმა თბილისის დანგრევისთვის ჯერ მადლობა გადაუხადა, მერე კი ამ "მორწმუნე" ბოლშევიკს დაუჩოქა კიდეც. ასევე ახსოვს დოდონა კიზირიას, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ერეკლე დეისაძის, პაატა შამუგიას პუბლიცისტური თუ მხატვრული ტექსტებით აღშფოთებული მასები (რომლებიც "ერისა და ქრისტეს ღირსების" სადარაჯოზე დგანან) და გიორგი ხასაიას კიბერთეატრის წერტილოვანი აქციონიზმი. ასევე, დღევანდელი პრეზიდნეტის სასახლეში ქართველი მილიარდერისა და "პირველი მოქალაქის" ხათრით არჩეული პრეზიდნეტის იდეით გამართული 50 –მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა უცნაური სახელწოდებით "ხელოვნება მართავს". საინტერესოა, რომ იმავე პოლიტიკოსის მიერ "გარყვნილების ბუდედ" მოხსნიებულ სივრცეში ჯერ ხელოვანები შეუშვეს და მერე პრეზიდენტი შევიდა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება – მოვალეობის განსახორცილებლად, ოღონდ ოთხი თვის შემდეგ.



1962 წელს "მანეჟში" ერნსტ ნეიზვესტნის ნამუშევრებს ნიკიტა ხრუშჩოვმა "დეგენერატული ხელოვნება" უწოდა და საბჭოთა ადამიანების სახეების დამახინჯებაში დასდო ბრალი. მერე ხრუშჩოვის ოჯახმა სწორედ ამ მხატვარს შეუკვეთა საბჭოთა ლიდერის საფლავის მემორიალური ბიუსტის შექმნა. ნეიზვესტნიმ სახელმწიფოს თხოვნა–დავალება პირნათლად შეასრულა. მოგვიანებით იგი სსრკ–დან ევროპაში გადასახლდა. ერთ მშვენიერ დღეს არტისტი, რომლის ხელოვნების ლაიტმოტივი ჯვარცმაა, რუსეთში ჩადის, რეპრესირებული ადამიანების მემორიალურ კომპლექსს, "მწუხარების ნიღაბს" ქმნის და "ავანსად" ვ. პუტინისგან კრემლის ჯილდოს იღებს (2008 ში მაშინდელი პრეზიდნეტი მედვედები წითელი ყვავილებით ამკობს ამ ძეგლს). ისევე, როგორც ალექსანდრე სოლჟენიცინი და მიხეილ ჟვანეცკი. პირველი მთელი ცხოვრება დოკუმენტური სკრუპულოზურობით გულაგის სასტიკ სადამსჯელო მანქანის ბრუტალურობას აღწერდა, მეორე – ხან ეზოპეს ენით, ხანაც ყოველგვარი ქარაგმების გარეშე საბჭოთა სისტემას დასცინოდა. გვახსოვს ჰოლივუდის ვარკვლავიც, რომელიც ჯერ თბილისში 2008 წლის ომზე გადაღებული ფილმის პრემიერისთვის ჩამოვიდა, მერე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში იცინოდა, მერე პატრიარქთან ტიროდა, მოგვიანებით კი პუტინის მიერ წვეულებაზე ნამღერ ამერიკულ სიმღერას ტაში დაუკრა. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, გაგახსენდეს ჰიტლერის აპოლოგეტების არ იყოს, ერთი საბჭოელი "კულტმუშაკი", მაგალითად, სერგეი განდლევსკი, რომელმაც კომპარტიის თავჯდომარეს "პიდორასების" გამომჟღავნება/დაგმობაში მხარი აუბა და ერთგულების ნიშნად ამგვარი ლექსიც მიუძღვნა:


"Пидорасы",- сказал Хрущёв.

Был я смолоду не готов

Осознать правоту Хрущёва,

Но, дожив до своих годов,

Убедился, честное слово."


2014.04.03
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment