Saturday, November 7, 2015

ქართული ღვინო, როგორც მუსიკა




ამას წინათ ნიუ იორკში მდებარე "ასტორ ცენტრში", რომელიც წვეულებების, ღვინის სადეგუსტაციო პრეზენტაციებისა და ამავე დროს ალკოჰოლური სასმელის ყიდვა–გაყიდვა – შენახვის იდეალურ ადგილადაა მიჩნეული (არა მარტო იმიტომ, რომ აქ, როგორც ამბობენ, ძალიან ნორმალური ფასებია, არამედ იმითაც, რომ ტემპერატურის/ტენიანობის საჭირო დონე მუდმივადაა შენარჩუნებული და ღვინის ცნობარების მდიდარი ბიბლიოთეკაა), ქართული ღვინის დაგემოვნების საღამო გაიმართა. ღვინის ექსპერტი ლიზა გრანიკი, რომლის სავიზიტო ბარათზე მითითებულია რომ იგი არის Master of Wine (MW), მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტია. ლიზა ქართული ღვინის ერთ–ერთი თავგამოდებული პრომოუტერი, მოყვარული და ამავე დროს ოფიციალურად აშშ–ისა და სხვა ქვეყნის ბაზრებზე ქართული ღვინის მარკეტინგსა და ექსპორტზე პასუხისმგებელი პირია. სწორედ გრანიკის ინიციატივით ოქტომბერი ამერიკაში ქართული ღვინის თვედ გამოცხადდა. რატომ? ლიზა ამბობს, რომ ოქტომბრის თვე საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) რთველის თვეა და ზოგადადაც აშშ–ში ოქტომბერ–ნოემბერ–დეკემბერი ეს ის დროა, როცა ამერიკელები დიდი დღესასწაულებისთვის ემზადებიან და შესაბამისად სწორედ წელიწადის ამ დროისთვის ყიდულობენ ყველაზე მეტ ღვინოს. ნიუ იორკიდან ქართული ღვინის ტესტირებამ სან–ფრანცისკოში, მერე კი ვაშინგტონში გადაინაცვლა, სადაც იმპორტიორებისთვის და მედიისთვის სემინარი და დეგუსტაციის "რიტუალიც" ჩატარდა.



Georgian Wine Tasting, რომლის სულისჩამდგმელი ლიზა გრანიკია, "ქართული ღვინის ასოციაციისა" და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი "საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს" მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც "ქართული სახლიც" (ხელმძღვანელი მამუკა წერეთელი. აშშ) მონაწილეობდა. ქართული ღვინის პრეზენტაციაზე ყოველთვის ვხვდები ჩვენებური ღვინის გამო უკვე გვარიანად დამეგობრებულ ამერიკელებს ნოელ ბროკეტს, პროფესიით ფილოსოფოსსა და ჰობით ქართული ღვინის ორიგინალურად წარმდგენს (რომელიც შესანიშნავად საუბრობს ქართულად) და ქართული ღვინის ერთგულ იმპორტიორს, კრისტოფერ ტერელს, რომელიც ქართული "ოჯახის ღვინის" მწარმოებელთა გვარებს სხაპასხუპით ჩამოგითვლით, იმასაც დაამატებს, რომ ყველა ღვინო მას პირდაპირ საქართველოდან, უშუალოდ მწარმოებლებისგან 2008 წლიდან ჩამოაქვს, რომ ყველა ჩვენებური ღვინო მოსწონს და ქართული ღვინო ისევე უყვარს, როგორც მუსიკა. ამგვარ პრეზენტაციებზე ასევე ხშირად შეხვდებით სტენფორდში ბაზირებული ღვინის იმპორტიორი კომპანიის Corus Imports წარმომადგენელებს, რომლებმაც იმ დღეს "ასტორ ცენტრში" მყიდველებს ოცზე მეტი დასახელების ქართული ვაზის ნაწარმი წარუდგინეს.



Georgian Wine Tasting – ბუკლეტში დაწვრილებით მოთხრობილია ქართული ღვინის კულტურის ისტორიაზე და იმაზეც, რომ თიხის ქვევრი "იუნოესკოს" მიერ შედგენილი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. იმაზეც, რომ ღვინის ყურძნის ოთხმოცდაათი პროცენტი ოჯახის ვენახებშია მოყვანილი. 2013 წელს ღვინო ქართული ექსპორტის ხუთ პროცენტს წარმოადგენდა და ეს რიცხვი იზრდება. ბუკლეტი ასევე თითოეული მწარმოებლის ღვინოს დეტალურად ახასიათებს: ვენახის მდებარეობას, ღვინის ფერს, სიბლანტეს, არომატს, გემოს, ჩამოსხმის წესს, ფასს, იმპორტიორ/დისტრიბიუტორის ვინაობა – მისამართს. ზოგიერთი ბრენდის დახასიათებისას კი ეპითეტი "ხალისიანი", "მაცოცხლებელია" გამოყენებული. ჰოდა, ამგვარად ინგლისურენოვანი ფურცლებიდან გავიცანი ჩემთვის უცნობი შორებელი ახლობლები: ამირან ვეფხვაძე (ღვინო "ოცხანური საფერე"), ნოკოლოზ ანთაძე ("მწვანე"), არჩილ გუნიავა ("კრახუნა"), ბექა გოცაძე ("ჩინური"), იაგო ბიტარიშვილი ("იაგოს ჩინური ღვინო"), ზურაბ თოფურიძე ("იბერიელი ჩხავერი ვარდის"), ეკო ღლონტი („ცოლიკოური", "კრახუნა", "რქაწითელი", "საფერავი"), რამაზ ნიკოლაძე ("ცოლიკოური"), თემურ დაქიშვილი ("რქაწითელი", "საფერავი"), სოლიკო ცაიშვილი ("რქაწითელი") ... ასევე ღვინის სადეგუსტაციო მაგიდებზე წარდგენილი იყო ისეთი ქართული კომპანიები, როგორიცაა "შატო მუხრანი", "სარაჯიშვილი", "თელავის ღვინის მარანი", "ქინძმარაული მარანი", "ხოხბის ცრემელები", "შალაური", "შალვინო",

"შავნაბადა", "შუმი", "თელიანის ველი", "ვინორეტა", "ვაინმენი", "ბაგრატიონი" და ასევე Schuchmann - Wines Georgia, რომელიც გარმანიაში დაბადებულმა ბერნჰარდ შუხმანმა 2008 წელს დაარსა. მან ქართული ღვინო მისი მოგზაურობის დროს აღმოაჩინა და სამუდამოდ შეიყვარა. მისი ვენახი კისისხევში მდებარეობს, ღვინოს აყენებს სამი ადგილიდან: (ნაფარეული, წინანდალი და ქინძმარაული) და იყენებს შემდეგ ყურძნის ჯიშებს: რქაწითელს, მწვანეს, ქისსა და საფერავს. გარდა იმისა, რომ ბერნჰარდ შუხმანი ღვინის სპეციალისტია და ღვინის კომპანიის მესაკუთრეა, იგი ამავე დროს საქართველოს ერთ–ერთი რეგიონის ფინანსური მხარდამჭერიცაა. შუხმანი თავის ბიზნესში ადგილობრივებს ასაქმებს და ამავე დროს განათლებაზეც ზრუნავს – სტუდენტებს ღვინის კულტურის შესახებ ცოდნის მიღებაში ეხმარება.



იმ დღეს "ასტორ ცენტრში" საკუთარი კომპანიის "ჯაყელი" (2009) ღვინო მისმა თანამფლობელმა მალხაზ ჯაყელმაც წრადგინა. მისი და მისი ძმის ზაზა ჯაყელის კომპანიის მიერ წარმოებული საფერავი (2012 წლის გაუფილტრავი, მშრალი, წითელი) გაზეთის The Washington Post ღვინის ცნობილმა კოლუმნისტმა, დეივ მაკლნტაირმა თავის სტატიაში "ხუთი საუკეთესო ქართულ ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო" პირველ ადგილზე დააყენა.

ბუკლეტი გვამცნობს, რომ მალხაზ ჯაყელი საქართველოში ორგანული ღვინის პიონერია, რომ ჯაყელების ოჯახმა 2001 წელს 5,5 ჰექტარზე საფერავის გაშენება დაიწყო, ვაზისთვის მწვანე სასუქს იყენებს, ხოლო სპილენძსა და გოგირდს – მცენარის დაცვისთვის. ბალახი ერთი სეზონის განამვლობაში რამდენჯერმე იცელება და მულჩირებისთვის გამოიყენება. ღვინო იწურება ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე, სულფატები კი ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყენება და ისიც მხოლოდ მალოლაქტიკური ფერმენტაციის შემდეგ.

– ვენახი 2001 წელს სოფელ ხაშმში გავაშენეთ, ღვინო 2005 წელს დავაყენეთ და 2009 – ში გაყიდვები დავიწყეთ – მიყვება მალხაზ ჯაყელი. – ჩვენი ღვინო "ჯაყელი" კი ამერიკაში 2014 –ში შემოვიდა. ჯერ "საფერავს" ვყიდით. ასევე გურიაში დავიწყეთ ვენახის მოვლა, მაგრამ იგი ჯერ სამი წლისაა და წელს ნიშანს ველოდებით.



***

მთელს მსოფლიოში ქართული ღვინის კარგი პრომოუტერები არიან ღვინის ექსპრეტები: იზაბელ ლეჟერონი, ელის ფეირინგი, სარა მეი გრუნვალდი და ლიზა გრანიკი. ლიზა გრანიკი მანამ, სანამ ღვინო მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა, პროფესიით იურისტი იყო. მერე კი ცხრა წელი "ღვინის საგანი" ლონდონში ბაზირებული "ღვინის საერთაშორისო ცენტრის" ამერიკულ ფილიალში –WSET -ში (Wine & Spirit Education Trust) შეისწავლა.

– მე 1990 –იანების დასაწყისში საქართველოში ვცხოვრობდი და მას მერე დიდი ხანია ვგრძნობ, რომ ქართველი ვარ. თქვენი სამშობლო ჩემთვის მხოლოდ ღვინის ქვეყანა არაა. – მიყვება ლიზა. – საქართველოს ჩემს გულში თავისი ძალიან ემოციური ნიშა სამუდამოდ აქვს დასაკუთრებული და მე მასთან განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობ. ის კი არა, აქ, ამერიკაში, როცა ფორტეპიანოს კერძო მასწავლებელს ვეძებდი, ვინ არ დავიქირავე, მაგრამ ვერავის შევეწყვე. მოგვიანებით სულ შემთხვევით აღმოვაჩინე ქართველი პიანისტი გვანცა ზანგალაძე, რომელიც ჩემთვის იდეალური პედაგოგი აღმოჩნდა და ყველაზე კარგად სწორედ მის მიერ ნასწავლი მოცარტი გამომდის.

– თქვენი და ქართული ღვინის სიყვარულის ამბავი ცნობილია...

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ღვინომ მსოფლიოში თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდროს. სხვათა შორის, 2011 წელს USAID –ის დაფინანსებით საქართველოში იმ დანიშნულებით ჩავედი, რომ აშშ–ში ქართული ღვინო წარმედგინა და ქართული ღვინის პრეზენტაციის სტრატეგია დამესახა. ჩემი მიზანი იყო ადამიანები აღფრთოვანებულიყვნენ იმით, რაც მე პირადად ძალიან მიყვარს. ქართულ ღვინოს ამერიკელის მაგიდაზე, ასე ვთქვათ, ფუნდამენტალური ადგილი უნდა ეკავოს.

–"ასტორ ცენტრი" საპრეზენტაციოდ რატომ აირჩიეთ?

– რადგანაც იგი შედარებით იაფია, კარგი ადგილმდებაროება აქვს, ადამიანებმა იციან მისი არსებობის შესახებ და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია. როცა ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გავავრცელე, ორასზე მეტი ადამიანი შემეხმიანა, ანუ ორასზე მეტი პოტენციური მყიდველი, რაც ძალიან კარგია. ის რაც ღვინოს გარშემო ხდება, ხდება თაობების განავლობაში და არა ერთ დღეში. შარშან ჩვენ ამ სადეგუსტაციო პრეზენტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაო ჩავატარეთ, წელს ქართულმა ღვინომ მაღალი ინტერესი გამოიწვია. შედეგად მდიდარი და დახვეწილი მყიდველების ყურადღება მივიქციეთ.

– "ბრაიტონ ბიჩზე" ქართული ღვინო ძალიან იაფი ღირს და ცხადია, რომ მას არაფერი აქვს საერთო ქართულ ღვინოსთან და ისიც ვიცით, რომ სადღაც ბრუკლინში ასხმან... ამგვარ დისტრიბუციას ბიზნესისთვის როგორი ვნების მოტანა შეუძლია?

– რასაკვირველია, ეს ბიზნესს ძალიან აზიანებს. ღვინის ხარისხისადმი ჩამოყალიბებულ აზრს რომ თავი დავანებოთ, ფსიქოლოგიური მომენტიც გასათვალისწინებელია. ერთხელ, როცა შენ ღვინოს იაფად გაყიდი, მერე მას ძვირად ვეღარ გაყიდი. არიან ქვეყნები, რომლებიც ღვინოს ძალიან იაფად ჰყიდიან და როცა საკითხი მიდგება იმაზე, რომ უკვე ძვირიანი ღვინის გაყიდვაზე უნდა გადავიდნენ, მყიდველი ფიქრობს და ამბობს: რატომ უნდა შევწუხდე და გადავიხადო ძვირი, როცა შემიძლია უფრო იაფადაც ვიყიდოო. ფრანგული ღვინის ზოგიერთ კომპანიას სწორედ ასე დაემართა.



– თქვენი საყვარელი ქართული ღვინო.

– მოდით, ამაზე ხუმრობით გიპასუხებთ. ჩემი საყვარელი ღვინო არის ... ხინკალი, რომელიც პირველ ადგილზე დგას. მეორე ადგილზე ხაჭაპური არაა, არამედ ისევ ხინკალია. არ ვიცი ხინკალზე გემრიელი რამ თუ არსებობს... ნებისმიერი ხინკალი, ნებისმიერი ნაოჭების რაოდენობით. სერიოზულად კი – მიყვარს ღვინის მრავალფეროვნება: მაგალითად, ცოლიკოური, კრახუნა და საფერავი. მაგრამ არ გეტყვით რომელი ბრენდები მიყვარს. არ შეიძლება. მე კარგად მახსოვს ქართული ღვინო პირველად როდის გავსინჯე. ის დღე არ იყო კარგი დღე. ეს იყო 1990 იანების დასაწყისი, საბჭოთა ეპოქა და, რბილად რომ ვთქვა, ეს არ იყო კარგი "წინანდალი". ნამდვილი ქართული ღვინო მოგვიანებით გაჩნდა.

– ე.წ. "ოჯახურ ღვინოს" დღეს თაყვანისმცემელი უმრავლდება...

– იმიტომ რომ იგი კარგი ხარისხით გამოირჩევა. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისს გარეთ ძალიან ღარიბი სოფლებია და თუ ოჯახი კარგ ღვინოს აყენებს და თან აღფრთოვანდები: ვაჰ, რა შესანიშნავი ღვინო გაქვთო, ამავე დროს უნდა შეგეძლოს მათი ღვინის შესყიდვა და ამგვარად საქართველოს მხარდაჭერა. ქვევრის ღვინო კომერციული ღვინის მხოლოდ ერთი პროცენტს შეადგენს. მიხარია, რომ ღვინო "ჯაყელის" მფლობელი მალხაზ ჯაყელი ამერიკაში "ქვევრის ღვინის" პრომოუშენს თავად აკეთებს და, მგონი, წარმატებითაც.

29.10.2015
24 საათი

No comments:

Post a Comment