Monday, December 28, 2015

ლევან მინდიაშვილის “კიოსკი” და “სტრუქტურა”






ახლახან არტგამოცემამ Brooklyn Magazine მხატვრების ლევან მინდიაშვილისა და ლინდა კუნინგემის ერთობლივი ექსპოზიცია “კიოსკი”, რომელიც Odetta Gallery-ში გაიმართა, 2015 წლის საუკეთესო გამოფენათა სიაში შეიტანა. ეს გალერეა (მფლობელი ელენ ფაგანი) სპეციალიზირდება იმ მხატვრების ნამუშევრების წარდგენაზე, რომლებსაც უკვე აქვთ წარმატებული სახელოვნებო კარიერა. გალერეის დირექტორის ინტერესის სფერო, როგორც თავად ამბობს, თანამედროვე ხელოვნება, გლიფი, მინიმალიზმი და ბუდისტური აზროვნებაა. “კიოსკი” ერთგვარი რემინისცენციაა, ბუნების, ბეტონისა და ხის ქერქის, შენობებისა და ფასადების, ძველი და ახალი ეპოქების კონტურების ბუნდოვანი მოგონება.

– მე ვიცოდი, რომ მხატვარი ლინდა კუნინგემი კოლაჟებს არატრადიციული მასალისგან ქმნიდა – ამბობს ელენ ფაგანი, – ასევე ვნახე ლევანის სტუდიაში მისი მინიმალისტური ნამუშევრები და ვიფიქრე, რომ ისინი ერთმანეთისთვის იდეალური პარტნიორები იქნებოდნენ. ორივეს საინტერესო დამოკიდებულება აქვს არქიტექტურასთან. ორივე ინფორმაციას ქმნის. კიოსკი, როგორც ცნება, ჩემთვის ინფორმაციის ლოკაციაა, რომელიც დროის მიღმა არსებობს, მას ადამიანები სტუმრობენ და იგი მათთვის ერთგვარი საინფორმაციო რესურსია. ორივეს ნამუშევრებში ინდუსტრიული კოლაჟებია. ლინდამ გამოიყენა ქარიშხალ “სენდის” დროს ამოგლეჯილი ხეების ნაწილები, ლევანი ქმნის ფასადების იმიჯებს, რომლებსაც გაუცხოების ელემენტი შემოაქვს და რომელიც ადრეულ მოდერნიზმს უკავშირდება. ზოგადად მე არ ვაკეთებ დიდ ჯგუფურ გამოფენებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო ზუსტად ის, როგორადაც მე “კიოსკის” ექსპოზიცია წარმომედგინა. ორი მხატვრის დიალოგი ერთგვარ წრიულ ენერგიას ქმნის და რაც მთავარია, მართლაც საოცარი ნამუშევრებია.






– აქ გამოფენილი ნამუშევრები ახალი სერიის ნაწილია რომელსაც ”უნებური არქეოლოგიური სიუტები” ეწოდება და სხვადასხვა მედიებში გაკეთებულ ნამუშევრებს მოიცავს – ფერწერებს, ქანდაკებებს, ნახატ/ობიექტებს, – მიყვება ლევან მინდიაშვილი, – ფერწერები ორი ნაწილისგან შედგება: ერთი ასახავს “დაძველებულ”, “დაპიქსელებულ” იმიჯებს (ძირითადად თბილისის), ხოლო მეორე სრულად აბსტრაქტული, შავისა და ვერცხლის სხვადასხვა გრადაციებია. “შავ” ნაწილს იმ ფაილის სახელი აწერია, რომელიც ნამუშევრისთვის გამოვიყენე და რომელიც, ფაქტობრივად, ნამუშევრის სათაურიცაა. მაგალითად, ერთ ნახატს ჰქვია IMG_4555.jpg (”რასაც ყველანი ვაღმერთებთ”) და მასზე დიდუბეში მდგარი სტალინური ეპოქის შენობაა გამოსახული.

– წარმოდგენილ ნამუშევრებს იმიჯების ბუნდოვანება აერთიანებს …

– ეს კადრებია, რომელიც ასოცირდება ადგილთან, არქიტექტურასთან, საჯარო სივრცესთან. ძირითადად იმ საკუთარ ფოტოებს ვიყენებ, რომლებსაც თბილისში ყოველი ჩასვლის დროს ვიღებ, თუმცა იშვიათ შემთხვევაში – საარქივო მასალასაც. ისინი ერთგვარი აბსტრაქტული კადრებია, რომლებიც კონკრეტულ ადგილთან ასოცირდება
.

ორი რამ მაინტერესებს ამ სერიაში: პირველი – ჩვენი დამოკიდებულება წარსულისადმი, ჩვენს მიერ წარსულის იდეალიზირება, რომანტიზირება, მისგან განზრახ დისტანცირება და ერთგვარი მითოლოგიების შექმნა. შავ – თეთრი ფოტოს ეფექტიცა და სხვადასხვა “ვინთიჯ ფილტრების” მიმსგავსება სწორედ ამ პროცესზე ერთგვარი ირონიული კომენტარია. ამგვარი იმიჯები მელანქოლიასა და ნოსტალგიას იწვევს და ამავე დროს იგი რეალობასგან დაშორებულია. მეორე პრობლემა, რამაც ამ სერიაზე მუშაობისას იჩინა თავი, ესაა ვიზუალის დაუსრულებელი ნაკადის ხანაში თავად იმიჯის/გამოსახულების არსებობის პრობლემა. ყოველ დღე გასაოცარი რაოდენობის იმიჯი იქმნება და ჩვენ ოცდაოთხი საათის განმავლობაში უსასრულო სტრიმინგის პროცესში ვიმყოფებით. ამ პროცესში თითქოს თავად იმიჯი ქრება და მის ადეკვატურ აღქმას ვეღარ ვახერხებთ.

– იმიჯის ფუნქციას რა ემართება?

– უკვე ძნელია მისი ერთი რომელიმე ფუნქციის ხაზგასმა თუ გამოყოფა, რადგანაც პროცესი იმდენად სწრაფია და ჩანაცვლებადი, რომ თავად მისი არსის აღქმა ძნელდება. ჩემ ნამუშევრებში ამ გარდამტეხ მომენტზე ვფიქრობ და ვცდილობ ამდენი მოზღვავებული “კონკრეტული” იმიჯი უფრო აბსტრაქტული ინტერპრეტაციისა და ფიქრისთვის ღია სივრცით დავაბალანსო. როცა თავად გამოსახულება თითქოს იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა, გაქრობადია… რაც არსობრივად რჩება, ეს არის იმიჯის სახელი IMG_——_.jpg…, რომელიც ნამუშევრების “შავ” პატერნზეა დატანილი.



***

ამას წინათ The Manny Cantor Center – ში გახსნილ ჯგუფურ ექსპოზიციაზე სახელწოდებით “სტრუქტურები” (კურატორი ქით შვეიცერი) ლევან მინდიაშვილის ნამუშევრებიც გამოიფინა. გამოფენის კონცეფცია მდგომარეობს მანჰეტენის ქვედა ისტ–საიდის არქიტექტურული გარემოს სახელოვნებო კვლევა და იმის ჩვენება, თუ როგორ აყალიბებს მაყურებლის თვალი ე.წ. სამეზობლო რაიონის იმიჯს, რა დარჩა და რა დაინგრა ქალაქის უბნების პეიზაჟებში. აქაა ნახევრად დანგრეული წითელი აგურისგან ნაშენი სახლი, რომლის ფასადზე ყვავილებია მიხატურლი (არტისტი: ორი კარინო და ბენჟამინ არმას); საშლელების კოლოფი, რომელიც გამოფენის სტუმარს აყენებს იმის არჩევანის წინაშე, შეინარჩუნოს თუ თავად წაშალოს ქალაქის ხატები (არტისტი: ესპერანცა მაიობრე); ამწე კრანი იმ “მსხლით”, რომელიც შენობებს ანგრევს, რომელიც შავი ფერისაა და რომლისგანაც წყლის წვეთები წვეთავს (არტისტი კურტ შტეგერი). ეს წვეთები The Manny Cantor Center – ის ფარგლებს გარეთ გაყინული წყლისგან შეგროვდა, იგი ქაღალდზე წვეთავს ისე, რომ შეერევა ახლო–მახლო მდებარე შენობების ნანგრევების ნაწილებსა და “პიგმენტებს”; ურიკა, რომელზე ის საქონელი ეწყო, რომლითაც ადრეულ პერიოდში გამყიდვლები დიდ ბაზრობებზე ვაჭრობდნენ.






–ამ გამოფენაზეც ჩემი პროექტის “უნებური არქეოლოგიის” ნაწილია წარმოდგენილი – ამბობს ლევან მინდიაშვილი, – სამი სკულპტურა და ექვსი ნახატი/ობიექტი. ფერწერებისგან განსხვავებით რომელიც ძირითადად კონკრეტულ ფოტომასალას ეყრდნობა, სკულპტურები არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტულ შენობას თუ ადგილს, ისინი ერთგვარი სინთეზია ყველა იმ ადგილისა, სადაც მიცხოვრია და საიდანაც მეხსიერებაში დეტალები დამრჩა. აქ უფრო თავისუფალი ვარ ინტერპრეტაციებში და მეტაფორაზე ვკონცენტრირდები. The Manny Cantor Center -ში გამოფენილ ნახატებს რაც შეეხება: მე იმიჯის შესახებ გალერეა “ოდეტა”-ს “კიოსკში” დაწყებული დისკურსი უფრო განვავრცე და ვეცადე იმიჯის ორგანზომილება გადამელახა და მისთვის ობიექტის სტატუსი მიმენიჭებინა: ლითონის ჩარჩო-ყუთში პიგმენტირებული თაბაშირის ფილებია, რომლებზეც ნახშირით ჯენტრიფიცირებული უბნებია დახატული, ან სრულიად აბსტრაქტული ნივთებია. ზღვარი ჩარჩოსა და ნახატს შორის წაშლილია და ნამუშევარი უკვე მთლიანი ობიექტი ხდება.

***
ქით შვეიცერი ამბობს, რომ ეს გამოფენა იმაზეა, თუ როგორ ვგრძნობს ადამიანი თემსა და შენობებს და როგორ შეიცვალა ნიუ იორკის ერთ–ერთი უბანი..

– ამ ექსპოზიციით ჩვენ შევეცადეთ შეგვეკრიბა იმ შენობების ხმა, რომლებიც აღარ არსებობს. ზოგადად ძველის ადგილზე ახალი შენობების გაჩენა და ჯენტრიფიკაცია ერთგვარი ძალადობაა.








– ეს ამწე კრანიც შავ ცრემლებს ღვრის და ზოგადად ასე მგონია, რომ ეს გამოფენა ქალაქის მარტოობის გრძნობაზეა.






– კი, ასეა. არსებობენ შენობები და ქალაქები, რომლებიც უნდა დაინგრეს და თითოეული შენობა მარტოობის განცდის მატარებელია.



– “აისისი” ქალაქებს ანგრევს… ეს ტერორია, როცა წარსულს ერთ წამში აქრობენ. საქართველოშიც მოხდა ამგვარი ფაქტი – კულტურული არტეფაქტის განადგურება…







– ორივეგან მეხსიერების შენარჩუნების მწვავე პრობლემა იკვეთება. სტრუქტურა იკარგება ტერორიზმში. თუმცა რაც შეეხება აშშ–ს: იგი ახალგაზრდა ქვეყანაა და ძველის ახლით შეცვლის ვნება აქვს. ნიუ იორკიც თრგუნავს ძველს ახალი შენობებით. სტრუქტურა ისეთი რამაა, რასაც ადამიანი თავისთვის ქმნის და როცა შენობა ქრება, ქრება ეს შედარებით მყარი სტრუქტურაც

26.12.2015
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment