აშშ–ის უმაღლეს სასწავლებლებში თუ სამართლის სკოლებში არაერთი უკვე გამოცდილების მქონე ან დამწყები ქართველი იურისტი სწავლობს. მათ შორისაა მარი მესხი, იურისტი, სამართლის დოქტორი, რომელიც ლექციებს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე კითხულობს. ამას წინათ მან მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ჩიკაგო -კენტის სამართლის სკოლაში მიიღო.
– ჩემი სადოქტორო ნაშრომის თემა გახლდათ “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სამართლებრივი ასპექტები, მასთან ბრძოლის მეთოდები და პერსპექტივათა ხედვა”.–ამბობს მარი მესხი. – დიპლომი დაცული მაქვს სისხლის სამართალში, თუმცა სადოქტორო თემაზე მუშაობის დროს კომბინირებულად მაქვს განხილული როგორც სისხლის სამართლებრივი ასპექტი, ისე დანაშაულის ტრანსნაციონალური ხასიათი, საერთაშორისო ინსტრუმენტები და ტრეფიკინგის დანაშაული ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით.
– რა განსხვავებას ხედავთ სწავლების მეთოდებს შორის აშშ-სა და საქართველოში? რამდენად შესაძლებელია ამ ცოდნის საქართველოში გამოყენება?
- შეერთებული შტატები ანგლო-ამერიკული (Common Law) სამართლის ქვეყანაა და კონტინენტური სამართლის (Civil Law) ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც სამართლის სისტემა კოდიფიცირებულ სამართლის წყაროებს ეფუძნება (კოდექსები, კანონები და ა.შ.), აქ სწავლების მეთოდი თეორიულ ნაწილში ძირითადად პრეცენდენტულ პრაქტიკას მოიცავს. ვფიქრობ, ორივე სისტემას – კოდიფიცირებულსაც და პრეცენდენტულსაც – სწავლების თავისი მეთოდი აქვს, რაც გამომდინარეობს სწორედ იმ პრინციპებიდან, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში, ისევე როგორც კონტინენტური სამართლის სხვა ქვეყნებში, კოდექსები, კანონები, ნორმატიული აქტები ისწავლება. შტატებში კი კოდექსების ან ცალკეული კანონების გარდა ძირითადი აქცენტები გადატანილია კონკრეტული ქეისების შესწავლაზე. თუმცა, რაც მე გამორჩეულად აღსანიშნავად მიმაჩნია არის ის, რომ, აშშ–ში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა აკადემიური წერის კულტურის განვითარებას. აკადემიური წერა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს პროფესიაში და ამ კურსის გავლის დროს მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე. ეს არის ის სფერო, რომელიც აუცილებლად სწრაფად უნდა განვითარდეს საქართველოში, შეიქმნას აკადემიური წერის ერთიანი სტანდარტი (როგორც ეს აშშ–შია). შტატებში სწავლისას ერთი სემესტრის განმავლობაში მხოლოდ ამ საგანში შვიდი შუალედური გამოცდა ჩავაბარე. მომიწია როგორც ზეპირი პრეზენტაციის წარდგენა, ასევე სარჩელის, კონტრაქტის, ე.წ. Case-brief - ებისა და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების მომზადება.
შემიძლია ვთქვა, რომ თსუ – შიც და ილიაუნშიც ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და იმედი მაქვს შედეგსაც მალე მივიღებთ. რაც შეეხება ზოგადად, ამერიკული სტანდარტების ადაპტირებას, ამას ხელს შეუწყობს ის გარემოება, რომ საკმაოდ ბევრი ქართველი სწავლობს შტატებში. მხოლოდ ჩემს უნივერსიტეტში ერთ სემესტრში ათი ქართველი ვიყავით. ვფიქრობ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეს აუცილებლად აისახება როგორც თეორიული ნაწილის სწავლების დახვეწის კუთხით, ისევე პრაქტიკულ სფეროშიც, სადაც ჩემი კოლეგები საქმიანობას გააგრძელებენ.
– როგორ ხდება მოსამართლეთა შერჩევა აშშ–ში, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ულაქო რეპუტაცია, მათ შორის არაპოლიტიზირებულობა?
– შეერთებულ შტატებში სასამართლო ხელისუფლების მოწყობის მოდელი ქვეყნის კონსტიტუციაშივეა ჩამოყალიბებული. უნდა ითქვას, რომ აშშ–ის კონსტიტუციის მესამე თავი, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას ეხება, დიდი განსჯისა და დისკუსიების თემა იყო თავად “ფრამერებში” (ასე უწოდებენ კონსტიტუციის შემქმნელებს). სასამართლო ხელისუფლებას შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოსთან ერთად ახორციელებენ ფედერალური სასამართლოები, რომელთა შექმნას განსკუთრებით ჯეიმს მედისონი (აშშ მეოთხე პრეზიდენტი, 1809-1817 წლებში) უჭერდა მხარს. თუმცა "ფრამერები" შეთანხმდენ, რომ ფედერალური სასამართლოების მოწესრიგება კონსტიტუციით არ იყო აუცილებელი და ეს უფლებამოსილება კონსტიტუციით კონგრესს მიაკუთვნეს.
მოსამართლეთა შერჩევა ბევრი კრიტერიუმით ხდება. მოსამართლის უმწიკვლო რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია ხელისუფლების დანაწილების “Check and Balance” პრინციპის განხორციელებისთვის. გარდა ამისა, Marbury V. Madison ქეისის (მერბერი მედისონის წინააღმდეგ ქეისის) მიხედვით, მოსამართლე ჯონ მარშალმა (1755-1835), რომელიც ამავე დროს გახლდათ აშშ- ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, შესანიშნავად ჩამოაყალიბა, რომ სასამართლო ხელისუფლება არის კანონმდებლობის წყაროც, რომ სასამართლო ხელისუფლებას შეუძლია დაადგინოს What the Law Is (რა არის კანონი). შესაბამისად, ორივე ზემოაღნიშული პრინციპის განხორციელებისთვის ზედმიწევნით მნიშვნელოვანია მოსამართლის კვალიფიკაციაც, უმწიკვლო რეპუტაციაც და სასამართლოს თავისუფლებაც პოლიტიკური კონიუნქტურისაგან, მით უმეტეს პოლიტიზირებისაგან.
რაც შეეხება მოსამართლის დამოუკიდებლობას: შტატებში სწავლის პერიოდში დაახლოებით ორასამდე ქეისი მაქვს ნასწავლი და, ალბათ, ორი ამდენი - წაკითხული. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქეისების თითქმის 70-80 პროცენტში მოსამართლეთა განსხვავებული აზრია დაფიქსირებული. სულ ახლახანს გარდაიცვალა მოსამართლე ანტონინ სკალია, რომელიც მიუხედავად თავისი კონსერვატული შეხედულებებისა (ჩემი აზრით და არამარტო), სამართლის განვითარების ისტორიაში შევა როგორც განსხვავებული აზრის წერის დიდოსტატი.
– ის, რომ მთელმა ამერიკამ გამოიგლოვა სკალია და მისი დასაფლავების ცერემონიალი ლამის ყველა წამყვანი არხით ტრანსლირდებოდა, ქვეყნის ცხოვრებაში არა მარტო პრეზიდენტ–პრემიერის, არამედ მოსამართლის უმნიშვნელოვანეს როლზეც მიუთითებს..
– უდაოდ. გარდა მისი სამოსამართლო პრაქტიკისა, შეუფასებელია განსხვავებული აზრის წერის ის სამოსამართლო კულტურა, რაც მოსამართლე სკალიამ შექმნა. ზოგ შემთხვევაში, მისი ერთობ კონსერვატორული, განსხვავებული აზრები სწავლის პროცესში მარტო მე არ მიშლიდა ნერვებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდი პატივი არ ვცე მას, როგორც პროფესიონალს, როგორც უკვე ვთქვი, გარკვეულწილად, ეპოქის შემქმნელს და იმის მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მოსამართლე. პატივი რითაც ის გააცილეს და რაც მან ნამდვილად დაიმსახურა თავისი ცხოვრების წესით და პროფესიონალიზმით, არის ძალიან დიდი აღიარება თუ რა როლს თამაშობს მოსამართლე ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში.
– როგორ შეაფასებდით საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე პროცესებს?
– საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე საუბრისაგან ეთიკური მოსაზრებების გამო თავს შევიკავებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესები შემაშფოთებლად არ მიმაჩნია.
– როგორია თქვენი დამოკიდებულბა “ნაფიც მსაჯულთა” ინსტიტუტის მიმართ და სარისკოა თუ არა, როცა სრულიად უდანაშაულო ადამიანის ბედს კანონისა და სამართლიანობის განცდის უნარ-ჩვევის არმქონე პიროვნება თუ ჯგუფი წყვეტს?
– ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ბევრი მომხრე ჰყავს, ისევე როგორც ბევრი მოწინააღმდეგე. ჩემი აზრით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც სასამართლო პროცესის მაქსიმალური შეჯიბრებითობის გარანტი და მხარეების თანასწორობის უზრუნველყოფის საშუალება. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ეს ინსტიტუტი არის უფრო დემოკრატიული. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შეუძლია ჭეშმარიტად სამართლიანი მართლსაჯულების განხორციელება თუ იმ კუთხით შევხედავთ რომ: პირველი – მსაჯულები უფრო ნაკლებად ექცევიან ბრალდების გავლენის ქვეშ და მეორეც – მსაჯულები ვერდიქტის გამოტანისას მოქმედებენ პრინციპით – In Dubio Pro Reo - გადაწყვიტონ ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს სისხლის სამართლის დაუწერელი პრინციპია: არ შეიძლება ბრალდებულის დასჯა თუ სასამართლო დარწმუნებული არ არის ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში.
ამ ინსტიტუტის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ მსაჯულთა არაპროფესიონალიზმი შეიძლება ძვირად დაუჯდეს სახელმწიფოს. პრინციპში, ამ არგუმენტშიც არის სიმართლე. ისტორიას ახსოვს ნაფიც მსაჯულთა საბჭოს მიერ სოკრატესთვის გამოტანილი სასიკვდილო ვერდიქტი, სოკრატეს მიერ გაქცევის უარყოფა და შხამიანი ფიალით სოკრატეს სასიკვდილო განაჩენის აღსრულება. უსამართლობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი აბსოლუტურად უნაკლოა და დაცულია შეცდომებისაგან, თუნდაც დღეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გაუქმებული იქნა 1924 წელს, სწორედ იმ მოტივით, რომ მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი არ ითვლებოდა დასაბუთებულად, ხოლო მსაჯულების საქმიანობაში ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.
საქართველოში ჯერ კიდევ 1919 წელს იყო მიღებული კანონი ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შექმნის შესახებ და ამ კანონშიც იყო განსაზღვრული იმ პირთა წრე, რომელიც არ უნდა ყოფილიყო არჩეული ნაფიც მსაჯულად (გასაბჭოებული საქართველოს მსჯულთა ინსტიტუტის განხილვა ნამდვილად არ ღირს). მიმაჩნია, რომ მიუხედავად მოწინააღმდეგეთა საკმაოდ საფუძვლიანი არგუმენტებისა, ვფიქრობ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. თანამედროვე მსოფლიოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი სხვადასხვაგვარად მოქმედებს. შეერთებულ შტატებში, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს დასაბუთება არ ჭირდება. კანადაში ბრალდებულ პირს შეუძლია მოითხოვოს მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი გასამართლება და ბევრი სხვა მაგალითის მოტანა შეიძლება.
მე ყველაზე დახვეწილად მაინც ბრიტანული მოდელი მიმაჩნია, სადაც ვერდიქტის გამოტანის ოთხი სახე არსებობს: 1) ე.წ. გენერალური ვერდიქტი - მსაჯულები ერთპიროვნულად წყევეტენ უდანაშულობის თუ ბრალეულობის საკითხს; 2) ე.წ. დიფერენცირებული ვერდიქტი - ბრალდების ერთ ნაწილში გამამართლებელია, ხოლო სხვა ნაწილში კი გამამტყუნებელი; 3) განსასჯელის დამნაშავედ ცნობა არა წაყენებულ ბრალდებაში, არამედ – უფრო მსუბუქ დანაშაულში და 4) როცა მსაჯულები ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ, თუმცა განსასჯელის ბრალეულობის საკითხს ღიად ტოვებენ. ჩემი აზრით, სწორედ ეს დიფერენცირებული კატეგორიები ამცირებს შეცდომის ალბათობას და თითქმის გამორიცხავს ბრალეული პირის დაუსჯელობის საკითხს.
როგორც ცნობილია, 2010 წლიდან საქართველოშიც ამოქმედდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, თუმცა არა ყველა კატეგორიის საქმეზე და კანონით პირდაპირ განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ის დანაშაულები, სადაც გამოიყენება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თანაც აუცილებელი პირობაა ბრალდებულის მოთხოვნა. ზემოაღნიშნული შეცდომებისგან დაცულობის ერთ–ერთ გარანტად, მაგალითად, შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი და დანიშნოს ახალი მსაჯულები, თუ გამოტანილი ვერდიქტი წინააღმდეგობაშია მტკიცებულებებთან, უსაფუძვლოა და მისი გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ერთადერთი საშუალებაა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩემი არგუმენტებიც გასაგებად ჩამოვაყალიბე, თუ რატომ მიმაჩნია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უფრო დემოკრატიულ ინსტიტუტად.
– აშშ–ში, მაგალითად, ნაფიც მსაჯულად შეიძლება იყოს სტომატოლოგი, მაგრამ არა ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. რატომ, როგორ ფიქრობთ?
– ნაფიცი მსაჯული ასევე არ შეიძლება იყოს იურისტიც. თუმცა შეერთებულ შტატებში ეს შეზღუდვები დიდი ხანია გაუქმდა, განსხვავებით ბევრი ქვეყნისაგან, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მოქმედებს, არსებობს კანონით განსაზღვრული პროფესიის პირთა ჩამონათვალი, რომელიც არ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული, გამომდინარე იქედან, რომ ამ პირის პროფესიულმა ცოდნამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა ნაფიცებზე. ამდენად, კანონით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სხვა პროფესიის მქონე პირთა მსაჯულად მონაწილეობა არის იმ პრინციპების გამოხატულება, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი “საზოგადოებას უნდა წარმოადგენდეს”. ეს პრინციპი ამერიკულ სამართალში განმარტებულია როგორც “საზოგადოებრივი ფენების “ გადაკვეთის პრინციპი.
– აუცილებელია თუ არა, რომ სკოლის ასაკიდან ისწავლებოდეს არა მხოლოდ ადამიანის უფლებები, არამედ ზოგიერთი კანონის არსი, თუნდაც ელემენტარულის დონეზე და რა იქნება ამის სარგებელი?
– მიმაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა სწავლება სკოლებში აუცილებლად უნდა დაინერგოს. განსაკუთრებით სასკოლო ბულინგის ფონზე. ზოგადად ბულინგი თანამედროვეობის პრობლემაა და ცხადია, მხოლოდ საქართველოს არ ვგულისხმობ. ადამიანის უფლებების სწავლება სკოლის ასაკიდანვე ხელს შეუწყობს მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას და ამაღლებას. თუ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება გვსურს, სახელმწიფოებრივ აზროვნებას უნდა მივეჩვიოთ და სკოლის ასაკიდანვე ამ მიმართულებით განათლების დანერგვა ძალიან შეუწყობს ხელს მივიღოთ, ერთი მხრივ, სრულფასოვანი მოქალაქე და, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების აღსრულებას. გარდა ამისა, მიმაჩნია რომ სწავლება უნდა მოხდეს ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად. აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს საქართველოს კონსტიტუცია , განსაკუთრებით ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თავი, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა ფუნდამენტურ უფლებას. უნდა ისწავლებოდეს სახელმწიფოს მოწყობის მოდელი, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ზოგადად რა თქმა უნდა. როგორც აღვნიშნე, ასაკის შესაბამისად უნდა ისწავლებოდეს ისეთი კანონები ან კანონმდებლობის ნაწილი, რომელიც ეხება დისკრიმინაციისგან, ასევე ძალადობისაგან დაცულობას, სიტყვის თავისუფლებას და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია უფლებებთან ერთად მოვალეობები და ვალდებულებებიც სასკოლო ასაკიდან ვასწავლოთ ბავშვებს. საზოგადოებრივ მართლწესრიგს თავისი კანონები აქვს და ამ წესრიგის დაცვის ვალდებულება აუცილებელია მოზრდმა სასკოლო ასაკიდანვე გააცნობიეროს.
– როგორ აფასებთ გენდერული კვოტირების საკითხს, რომელმაც საქართველოში საინტერესო დისკუსია გამოიწვი
– გენდერულ თანასწორობასა და მისი მიღწევის მექანიზმზე, როგორიცაა კვოტირება, ძალზე ბევრი მაქვს ნაფიქრი. თითქმის ოცი წელია ქალთა მოძრაობაში ვარ ჩართული და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ამ წლების მანძილზე კვოტირებაზე საუბარი გაეროს ქალთა კომიტეტის თუ სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების რეკომენდაციებში მიმდინარეობდა. მახსოვს ერთ–ერთმა კოლეგამ ფეისბუკზე ქალთა მოძრაობის მონაწილეებს "ქუსლებზე შესკუპებული წითელპომადიანი ფემინისტები" გვიწოდა. ამგვარი მიდგომა არამარტო არაკორექტულია, არამედ ძალიან აზიანებს გენდერული თანასწორობის იდეას, რაზეც ვფიქრობ, რომ განვითარებული მსოფლიო დიდი ხანია შეთანხმდა. პასუხად ფეისბუკზე ძალიან გაბრაზებული პოსტი დავწერე (და აზრის დღესაც არ შემიცვლია), სადაც ვამბობდი, რომ პარლამენტში კაცები არც შესრულებული როლების და არც მოგებული ბრძოლების, ასევე არც ლამბერსექსუალის, კომბლეს თუ "ფანფან ტიტას" იმიჯის გამო არ უნდა მოხვდნენ. პარლამენტი არც გაურკვეველი დამსახურებით მოპოვებული მანდატებიანი ქალების ადგილი არაა. პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი კრიტერიუმები არის განათლება, გამოცდილება და ქვეყნის სიყვარული.
საკმაოდ ხშირად, ქალებისათვის განსაკუთრებულად რთულია საარჩევნო სიებში მოხვედრა ამ კრიტერიუმებით. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ, რომ პარლამენტში და პოლიტიკაში ღირსეული ქალები არ გვყავს (მნიშვნელობა არა აქვს რომელი პოლიტიკური ძალითაა წარმოდგენილი), მაგრამ ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, კვოტირების მექანიზმი სწორედ ასეთი ქალების რაოდენობის გასაზრდელადაა არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ყველა სფეროში, სადაც გადაწყვეტილება მიიღება. ჩემს ზემოაღნიშნულ პოსტში (სადაც მიუხედავად ჩემი შეხედულებისა, რომ კვოტირება გულზე სულაც არ მეხატება), ჩვენი მენტალობით მოწყობილი ტვინების გათვალისწინებით ვცდილობდი მეჩვენებინა, თუ რატომაა ეს მექანიზმი აუცილებელი. პოსტში ვწერდი: “ჩემმა კოლეგებმა იციან, რომ კვოტირება არ მიმაჩნია საუკეთესო გამოსავლად და, როგორც უკვე ვთქვი, შერჩევა ბიოგრაფიით უნდა მოხდეს და არა სქესის ნიშნით. თუმცა მასკულინური კულტურის, ჩაქაფულზე მოლაპარაკე ფიზიონომიის, "დამსახურებული მურთაზიკოს" საპატიო წოდების კავალერიის ქვეყანაში კვოტირების მექანიზმის გამოყენება გარდაუვლად მიმაჩნია. ეს დროებითი ზომაა, ბევრი ქვეყნის ნაცადი და მეც კი, ჩემი ზემონახსენები მსოფლმხედველობის მიუხედავად, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე უკეთესი არჩევანი არც ჩვენს ქვეყანას აქვს. “
1.3.2016
24 საათი
No comments:
Post a Comment