Wednesday, April 6, 2016

პირდაპირი ჩართვა ნიუ–იორკიდან




24 მარტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში 'რეალური სივრცე' ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ გაეროს სათაო ოფისიდან პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ორგანიზაციამ ჩაატარა ნიუ–იორკში მიმდინარე გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზრვრელი კომისიის რიგით მე–60 სესიის ფარგლებში.




გამოფენა „დამფუძნებელი კრების წევრი ქალები 1919-1921“ რომელიც პირველი ქალი პარლამენტარების ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველ ფოტო–დოკუმენტურ მასალას აერთიანებს, შარშან თბილისში გაიხსნა და ნიუ–იორკამდე საქართველოს რამდენიმე რეგიონშიც გამოიფინა; გამოფენას მოყვა დისკუსია თემაზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია #1325–ისა და მისი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ. ასევე საინტერესო მსჯელობა მოყვა საკითხს გენდერული პოლიტიკისა და ინსტიტუციური მექანიზმის განვითარების შესახებ საქართველოში მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტმა 74 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერაა შემუშავებული. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ წარადგინა.




ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრას, აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში და გაცვალეს ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ გენდერულ ჭრილში.

03.25.2016

ქალთა საინფორმაციო ცენტრი


No comments:

Post a Comment