მურმან კუჭავა. ია მერკვილაძის ფოტო
ნიუ უორკის არტუბანში, ჩელსიში, არსებულ თითოეულ დიდ, საშუალო თუ პატარა ზომის შენობის სართულებზე, როგორც წესი, რამდენიმე გალერეა მდებარეობს. მათ შორისაა “დრეიფის სტუდიებიც”, სადაც ყოველ ჯერზე იმდენ საინტერესო და უცნობ ხელოვანს თუ არტკონცეფციას აღმოაჩენთ, რომ გული დაგწყდებათ ერთი მიზეზის გამო: “მეტროპოლიტენის”, “მომასა” და “გუგენჰაიმის” დარბაზებს ვერმოწყვეტილი აუდიტორია, ალბათ, ამ ავტორებს ვერასოდეს გაიცნობს
ამგვარი არტგამოფენა–ბაზრობები ეკლექტური კონცეფციით ანდა სულაც უკონცეფციობით ხასიათდება. აი, მაგალითად, ამას წინათ Clio Art Fair-ის ფარგლებში გამართული ექსპოზიციაში ერთმანეთთან ძალიან ახლოს გამოიფინა მხატვარ ჯეიმი მარტინეზის ჟურნალ Time –ის ყდაზე დატანილი “ტრამპის” ზეთში შესრულებული პორტრეტი; უარსან შაირის ნაპირზე გამორიყული სირიელი ლტოლვილი ბავშვისადმი მიძღვნილი ლექსი “სახლი” (“არავინ ტოვებს სახლს თუ სახლი ზვიგენის პირი არაა…“) და მხატვარ სუნილ გარგის ინსტალაცია, რომელიც, თავის მხრივ, ამ ცნობილ ლექსის ავტორს მიეძღვნა. სხვადასხვა ზომის თეთრი, პრიალა პლასტიკატის ზვიგენები ჰაერში დაცურავდნენ, გვერდით კი ერთ მუჭა ქვებთან იმ პატარა სირიელი ბავშვის გვამის მულაჟი პირქვე ეგდო, რომლის ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა, ადამიანები აღაშფოთა, თუმცა დიდად მაინც ვერაფერი შეცვალა. იქვე კი ქუთაისელი მხატვრის მურმან კუჭავას აბსტრაქცია “შემოდგომაც” იყო, რომლის ფერები იმდენად სექტემბრული იყო, ოდნავ სევდიანი მზის სხივებით, უფრო სწორედ, ყვითლით, რომ იქვე იგრძნობდი ზაფხულის ბოლოს მოახლოვებას. მოშორებით კი, ნახატზე – “კუჭავას გოგონები” – ფიგურული სრიალით იყვნენ გართულნი. “გოგონების სერია” მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებულია: სიფრიფანა, გამჭვირვალე, მელანქოლიური, ალუზიური გოგონები, რომლებიც წიგნს კითხულობენ, წითელ ყაყაჩოებიან მდელოში ბილიკს მიყვებიან, ცეკვავენ, თეთრ ლეკვს შორიახლო დაჰყურებენ ანდა ასეთივე სითეთრის გემს გაჰყურებენ.
თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული (სპეციალობა თეატრის მხატვარი) მურმან კუჭავას არაერთი გამოფენა ჰქონდა საქართველოში, რუსეთში, აშშ–სა და საფრანგეთში. მის მეგობრებს მხატვრის მიერ ფერის პალიტრის გადმოცემის იშვიათი უნარის გამო ამ ფერებისთვის სახელიც შესაბამისი დაურქმევიათ – “მურმანის ფერები”. გარდა ამისა, ქუთაისელი მხატავრი ნიუ იორკის სახელოვნებო წრეში ცნობილია, როგორც ასლების უბადლო მხატვარი.
„ჩემი ემიგრაციის მთავარი მიზეზი საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაცია იყო, სხვადასხვა გამოფენებსა და არტ-შოუებში თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების გაცნობის სურვილისა და საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის მიზნით ვმონაწილეობ. როგორც წესი, ნიუ იორკის გალერეები ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას ცდილობენ, უცნობი მხატვრის წარმოსაჩენად კი ენთუზიაზმს იშვიათად იჩენენ. მათი სიფთხილე კი, ალბათ, იმითაა განპირობებული, რომ კოლოსალური ქირას იხდიან. უცნობი მხატვრის პოპულარიზაციისათვის კი დიდი თანხა და ძლიერი რეკლამაა საჭირო. ამიტომაც გალერისტების უმრავლესობა ლეგენდარული მხატვრების პრინტებით კმაყოფილდება“ – ამბობს მურმან კუჭავა.
თქვენ შეძელით და თავს მხოლოდ ხატვით ირჩენთ…
მსოფლიოს დედაქალაქში ჩამოსული მხატვარი რთულ სიტუაციაში ვარდება. მხოლოდ საკუთარი საქმისადმი უსაზღვრო სიყვარული და ხელოვნების ერთგულება აძლევს იმის იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აქ ბედის საძიებლად უამრავი მხატვარი ჩამოდის. მათ ვურჩევდი, რომ საკუთარი შესაძლებლობები რეალისტურად შეაფასონ. რა თქმა უნდა, ოცნებას ვერავის დაუშლი, რადგან როგორც მხატვარს მე თვითონ მჯერა, რომ მას, ვისაც არ სჯერა საოცრების, ის რეალისტი არაა
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment