Tuesday, July 25, 2017

“ჰევი” მუსიკის ფოტოგრაფი – ინტერვიუ დალილა კრიხელთან







დალილა კრიხელი აშშ–ში მცხოვრები ქართველი მხატვრის ცისანა ჯანაშვილის მეშვეობით გავიცანი. დალილა, მისი შვილია. ორივე ხელოვანია – ერთი ფერმწერი, მეორე – ფოტოგრაფი. ოღონდ დალილას ფოტოგრაფიას, ასე ვთქვათ, ვიწრო კვალიფიკაციაც აქვს. იგი “ჰარდ როკისა” და “მძიმე მეტალის” ვარსკვლავებს იღებს. მის კოლექციაში დალილას ხელით “დაფიქსირებულ” ისეთ საკულტო ფიგურებს ნახავთ, როგორებიც არიან ელის კუპერი, KISS -ისა და Anvil –ის წევრები.

მისი პროფესიული სტატუსია ასეთია: საკონცერტო ფოტოგრაფი, ტურის მენეჯერი, მუსიკოსის/ბენდის პროდუქციის გამყიდველი და სოციალურ მედიაზე პასუხისმგებელი პირი. ცხადია, მისი პროფესია და ჰობი ერთმანეთს ემთხვევა: ფოტოგარფია (კონცერტების გარდა მიტოვებული შენობები, ადამიანის სახეები, აეროპორტში თვითმფრინავები), მოგზაურობა და ავიაცია.

“ბევრ დროს მუსიკის მოსმენაში, თვითმფრინავის მოდელების შეგროვებაში ვატარებ, – მიყვება დალილა – “კოლეჯის მუსიკის ბიზნესის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით დავამთავრე. კამერა ხელში ყოველთვის მეჭირა და ფოტოებს ყოველთვის ვიღებდი, განსაკუთრებით, როცა როკ კონცერტებს ვესწრებოდი.



– დედა მხატვარია, პორტრეტისტი და, ცხადია, თქვენს საერთო ინტერესებზეც გკითხავთ.

– რა კავშირი მაქვს დედაჩემის ხელოვნებასთან? რთულია ამაზე პასუხის გაცემა. კი, დედამ გარკვეულწილად ჩემზე გავლენა იქონია და ის, რომ მე საგნებს განსხვავებულად ვხედავ, ცისანას დამსახურებაცაა. განსხვავებულობის ეს განცდა დღემდე ჩემთანაა. დედის მიერ ჩემს გარშემო შექმნილმა ნათელმა ხატებმა ჩემი ცხოვრება გაამდიდრა და მასწავლა თუ როგორ შეიძლება გრძნობები ისე გამოხატო, რომ მათზე არ ისაუბრო. ამგვარმა ატმოსფერომ შემაძლებინა, რომ შემოქმედებითი მუხტი ჩემი ფოტოებით გადმომეცაა და თან ისე, რომ ამ ყველაფერს სხვებზე გავლენა მოეხდინა.



– და რატომ “მძიმე” მუსიკა?

– მე მიყვარს “ჰარდ როკი” და “ჰევი მეტალი”. მიყვარს საზღვრებს მიღმა არსებული მუსიკა, ყოველთვის არა მძიმე, მაგრამ ისეთი, რომელიც “ჰარდ როკისკენ” იხრება. ეს გავლენა ჩემი მშობლებისგანაა – ისინი იყვენენ Led Zeppelin-ის, Black Sabbath–ის, Deep Purpl–ის, Queen–ის, ასევე ელტონ ჯონისა და სხვათა თაყვანისმცემელები. მე ამ მუსიკის ფონზე ვიზრდებოდი და როცა აღმოვაჩინე ჩემი ვნება “მძიმე” მუსიკისადმი, უკვე თურმე მიყვარდა Motley Crue, Guns N’ Roses, Skid Row და იმ ეპოქის სხვა ჯგუფები. როცა კოლეჯში ჩავაბარე ვუსმენდი Led Zeppelin–ს, Black Sabbath –ს, სწორედ იმას, რასაც ჩემი მშობლები უსმენდნენ. ეს ჯგუფები დღემდე მიყვარს. ახლაც მახსოვს თუ როგორ დამაინტერესა ელის კუპერმა, თუმცა ეს მთლად ჩემი მშობლების გავლენის ბრალიც არ იყო. ამ არტისტის ორიგინალურობა ძალიან მომწონდა. ელის კუპერი სალვადორ დალისთან მეგობრობდა. ჩემმა მშობლებმა მე დალილა იმიტომ დამარქვეს, რომ დალი უყვარდათ. მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავია. ცხადია, ის როგორიც ახლა ვარ, იმ გარემოს დამსახურებაა, რომელშიც ვიზრდებოდი. ბავშვობისდრონდელი ატმოსფერო და სიყვარული ხომ ერთმანეთანაა გადაჯაჭვული.

– პირველად ვისი ფოტო გადაიღეთ?

– ზუსტად ახლახანს აღმოვაჩინე ჩემ მიერ სულ პირველად კონცერტზე ასე ვთქვათ, ოფიციალურად გადაღებული ფოტო. ეს იყო 1993 წელს ნიუ იორკში ლენი კრავიცის კონცერტი. მე გამიმართლა, რომ ფოტოგადაღების უფლება მომცეს და ეს სწორედ ის მომენტი იყო, როცა პირველად ჩემი რეალური საქმის კეთება შემომთავაზეს. ფოტოებს საკონცერტო დარბაზის ყველა წერტილიდან ყოველთვის ვიღებდი, თუმცა სწორედ ლენი კრავიცის კონცერტზე მომეცა საშუალება ჩემი პროფესიული უნარი გამომემჟღავნებინა. ეს განსაკუთრებული გამოცდილება იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ის საქმე იყო, რისი კეთებაც მომავალში მინდოდა.



– თქვენი ფოტოკოლექცია როკკონცერტების ბანერს ჰგავს..

– დიახ, ასეა. ლეგენდარული არტისტების ფოტოკოლექცია მაქვს. ელის კუპერი, ლენი კრავიცი, Anvil , Twisted Sister, KISS, Accept, Motorhead, Thin Lizzy, Saxon, Whitesnake, Michael Schenker Group, Saxon, Judas Priest. და ეს სია გრძელდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გასაოცარი ისაა, რომ როცა მათ ასე ახლოს ვუყურებ, ვგრძნობ, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობ. ყველა ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოსთან ემოციური ბმა მაქვს და როგორც მშობლებს საყვარელ შვილს ვერ აარჩევინებ, ჩემთვისაც ძნელია საყვარელი ნამუშევარი დაგისახელოთ.



– პირველი საგასტროლო ტური რით დაგამახსოვრდათ?

– პირველი საგასტროლო ტურში 2011 წლის მაისში Anvil –თან ერთად ვიყავი. მათ ოცამდე შოუ –ტურში გავყევი, მათ შორის, პირველი იყო კანადური, სახელწოდებით “ნაპირიდან ნაპირამდე”. ერთ სიმღერაში დრამერი რობ რაინერი დასარტყამ ჯოხებს ჰაერში აჯვარედინებდა და სწორედ ამ მომენტის ასე ვთქვა, სწორი რაკურსით გადაღება მინდოდა. მოკლედ, ყოველ ღამე ვეძებდი ასეთ რაკურსს, ვიღებდი, მაგრამ შედეგით უმაყოფილო ვიყავი. ვერ ვიჭერდი სწორედ ისეთ წამებს, როგორიც მინდოდა. ბოლოს ასეთი ფოტო როგორც იქნა, გადავიღე. და ესაა ყველაზე ჩემი საყვარელი გამოცდილება. როცა ფოტოგრაფიაზე საუბრობენ, ცხადია, კარგად მესმის რამდენი ძალისხმევაა საჭირო, რათა საჭირო კადრი დაიჭირო. თუმცა დღემდეც ვაგრძელებ ჩემს პრაქტიკას, რათა “ჯოხების ტრიალის” მაგვარ იდეალურ ფოტოს მივაგნო, მაგრამ ჯერ მაინც – ვერ. როგორც გენებოთ ისე იფიქრეთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ნამდვილი ფოტოგრაფია სწორედ “ჯოხების ტრიალის” დაჭერის ნიჭია.


დალილა კრიხელი ელის კუპერთან ერთად

– ელის კუპერი როგორ დაიმეგობრეთ?

– ელის კუპერის უძველესი ფანი ვარ და, ცხადია, დიდი ხანია მინდოდა მის შოუზე გადაღების უფლების მოპოვება. ამ უფლების მიღება კი ბრძოლას ჰგავდა, (რადგანაც მე დამოუკიდებელი ფოტოგრაფი ვარ და არც ერთი გამოცემისთვის/ გაზეთისთვის ვმუშაობ), ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. 2011– ში ამავე ტურში, რომელშიც “ენვილი” გამოდიოდა, ელის კუპერს იმავდროულად ოთხი შოუ ჰქონდა. მე ვიკითხე თუ შემეძლო მისი გადაღება და თანხმობით მიპასუხეს. ბოლო შოუს შემდეგ კუპერს (ეს იყო მეოთხე შემთხვევა, როცა მე იგი ვნახე) უნდა შევხვედროდი. არტისტი მცნობს, რადგანაც მე სხეულზე მისი სვირინგი მაქვს. სხვათა შორის, ერთხელ მან ჩემს ხელზე ავტოგრაფი დატოვა და საერთოდ, მე მისი გამოსახულებით რამდენიმე ტატუირება მაქვს.



კუპერს ვუთხარი, რომ ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, მისი გადაღება ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ელისმა კი მიპასუხა, რომ შემამჩნია; რომ ზედიზედ სამი საღამო ფოტოგრაფების “ორმოში” მხედავდა და ბოლოს მკითხა, ამ საღამოს რაიმე განსხვავებული თუ შენიშნეთო?… ვუპასუხე, რომ – არა. მან კი მითხრა, რომ თუ ჩემს ფოტოებს დავაკვირდებოდი, დავინახავდი, რომ როცა იგი ცეკვავდა, ყველა რაკურსიდან სწორედ ჩემს კამერაში იყურებოდა. მერე დასძინა, რომ ნახა ჩემი ნამუშევარები (წინა შოუების ფოტოები, რომელიც მე მის გიტარისტს გავუგზავნე) და ძალიან მოეწონა. ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი ამბავი იყო. 2016 წლის ჩათვლით კუპერმა ჩემი ნამუშევრები თურმე არაერთხელ ნახა, თურმე იგი იცნობს მათ და აღიარებს ჩემს ფოტოებს, ისინი გამორჩეულად მოსწონს და ჩემი მეგობრები ამ ფოტოებზე არტისტს ავტოგრაფს აწერინებენ.

– ცხადია, ეს არტისტები თქვენი, ასე ვთქვთ, კულტურტრიგერები არიან…

– ლენი კრავიცმა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია. სწორედ მისმა კეთილმა ხასიათმა მომანდომებინა, რომ ყოველთვის ამ არტისტების გვერდით ვმდგარიყავი, მათთვის მემუშავა.

ჩემს ფოტოკარიერას ასევე უნდა ვუმადლოდე “მძიმე მეტალის” არტისტების გაერთიანების Coallier Entertainment წარმომადგენელს დენი სტანტონს, რომელმაც პროფესიულად ჩემი რეალიზირების – როკმომღერლების გადაღების საშუალება მომცა და იმის ასრულების საშუალებაც, რაც ჩემი ფანტაზიის მიღმა არსებობს. დენის ჩემი ჯერ კიდევ დასაწყისიდანვე სჯეროდა. გმადლობთ, მისტერ სტატონ.



– ყველაზე ხშირად რომელ ჯგუფთან ერთად მოგზაურობთ?

– Anvil– თან ერთად. ბენდის წევრები საოცარი ადამიანები არიან, და შეიძლება ითქვას, რომ თავისი თავი მხოლოდ მუსიკას მიუძღვნეს და მუსიკისადმი ამ სიყვარულს თავისი ფანების წინაშე ყოველი კონცერტის დროს დემონსტრირებენ. არაფერია იმაზე დიდი, როცა შენი მეგობრების თუ სიყვარელი ფანების წინაშე შენს ხელოვნებას გასცემ. “ენვილი” ორმოცი წელია ტურებით მოგზაურობს, მან თექვსმეტი სასტუდიო ალბომი გამოუშვა და ახლა მეჩვიდმეტე ალბომზე მუშაობს. როგორც მითხრეს, ამ წელს ახალი ალბომი ჩაიწერება და 2018 –ში მზად იქნება. მუსიკისადმი მათი სიყვარული და ხელოვნებისადმი ვნება მიზნის მქონე ადამიანებისთვის ძალიან შთამაგონებელია. რაღაც განსაკუთრებულისადმი მიძღვნის რეალური საზრისი ასეთია – არასოდეს დაჰყარო ფარ–ხმალი. ეს არის გზავნილი სამყაროში. ამ არტისტების მუსიკამ ათწლეულებს გაუძლო და ადამიანები, მუსიკოსები შთააგონა. ოცნებები ნამდვილად რეალიზდება. ისინი ამის დასტური არიან და თქვენც შეგიძლიათ ეს.



– როგორ მიაგენით ამ ჯგუფს, რომელზეც ასე აღფრთოვანებით საუბრობთ?

– Anvil -ის წევრები 2007 წელს გავიცანი. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ალენტაუნში (ფილადელფია) მათი კონცერტის დროს წარმადგინა. მერე რამდენიმე წლის შემდეგ, როცა “ენვილს” დავუახლოვდი, ვუთხარი, რომ მათი მუსიკა ძალიან მიყვარს, რომ შემიძლია კომპიუტერთან მუშაობა და მათ შესახებ სოციალური მედიით ინფორმაციის გავრცელება. მე ამას ისედაც ვაკეთებდი მათ ფან – კლუბში, რომელიც ჯერ კიდევ 1980 –იან წლებში არსებობდა და რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ამ კლუბს მაშინ Anvil Metal Pounders Union ერქვა. იგი ჩვენი ოჯახი იყო. 2011 ში მათთან ერთად ტურში გავემგვზავრე და ნამდვილად იგრძნეს კიდეც, რომ მე მათი ხელოვნებისთვის საჭირო ადამიანი ვარ. მე ამ არტს ჩემი თავი მივუძღვენი… სწორედ მაგ დროს Anvil-ს სჭირდებოდათ ისეთი ვინმე, ვინც გასტორლებზე მათ პროდუქციას გაყიდდა. ვთხოვე, რომ ამის საშუალება ჩემთვის მოეცათ და ისინი ასეც მოიქცნენ. დღესაც ამას ვაკეთებ. ბენდისთვის ტურმენეჯერის ყოლა ძალიან მოსახერხებელი რამაა. სასტუმროების დაჯავშვნა და მარშრუტების დაგეგმვა ჩემს თავზე ავიღე და დროთა განმავლობაში ეს ჩემი საქმიანობის ნაწილიც გახდა. ამ ექსტრაორდინალური მამაკაცების გარემოცვაში ყოფნა ძალიან საინტერესო სამუშაოა. მოგზაურობა მშვენიერი რამაა. მათთან ერთად ევროპაში და მთელს კანადასა და აშშ–ში რამდენჯერმე ვიყავი. ეს ნამდვილი სასწაულია – როცა პატარა ვიყავი, ყოველთვის მინდოდა გამეგო, რას გრძნობ, როცა ბენდთან ერთად მოგზაურობ. მე ჩემს ოცნებაში ვცხოვრობ, ისევე როგორც ისინი – თავისაში.




– “ენვილზე” თქვენ ლამის ყველაფერი იცით. არ გინდათ მასზე ფილმი გადაიღოთ?

– მე რეჟოსორი არა ვარ. უკვე არსებობს ფილმი, რომელსაც ჯგუფის სახელი ჰქვია და ამჯერად მას Netflix –ზე აჩვენებენ. ნახეთ ეს ფილმი, რადგანაც იგი აუცილებლად იმოქმედებს თქვენზე, ისევე როგორც იმოქმედა მილიონებზე, რომლებმაც იგი უკვე ნახეს.

ჩემი ცხოვრებისეული დევიზია – იცხოვრე ვნებით. მინდა ადამიანებს მოვუწოდო, რომ მხატვრებს, ფოტოგრაფებს, ხელოვნების ნებისმიერი ჟანრის წარმომადგენლებს მხარი დაუჭირონ. უბრალოდ, გაიგეთ, რომ ნებისმიერ დამუშავებულ დეტალში ჩვენ ჩვენი სულის ნაწილს ვდებთ. სამყარო ძალიან კრიტიკული და მკაცრი ადგილია. ხელოვანები კი ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევენ, რომ ეს დაუნდობლობა დავძლიოთ. ისინი გვჩუქნიან მუსიკას, რომელსაც ჩვენ ვეხებით. ისინი გვთავაზობენ ხელოვნებას, რომელიც შთაგვაგონებს. ჩვენ ჩვენ თავს გავცემთ იმით, რასაც ვქმნით. მხარი დაუჭირეთ ხელოვანებს. იყიდეთ ფოტო, იყიდეთ CD, იყიდეთ ფერწერული ტილო.





















10.07.2017
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment