Wednesday, February 28, 2018

„სამი ტენორი“ კარნეგი ჰოლში




დამოდ მიეკუთნა, მგონი, ოფიციალურ მუსიკალურ ნიუსებში მას მერე არ მსმენია, რაც ისინი ერთად უკანასკნელად 2003 წელს ოჰაიოს კოლუმბუსის არენაზე გამოვიდნენ. წინა საუკუნეში ყველა დროის კლასიკური მუსიკის ბესტსელერი ალბომის შემქმნელები მაშინ კარერასის “ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდისთვის” თანხის შესაგროვებლად შეიკრიბნენ. პლასიდო დომინგო კი ბოლოს ვნახე “კარნეგი ჰოლში”, სადაც იგი ორკესტრს დირიჟორობდა. გამოხდა ხანი და ამჯერად კარაკალას ნაცვლად ნიუ იორკის “კარნეგი ჰოლში” უკვე სხვა “სამი ტენორი” და მათი მეგობრები შეიკრიბნენ და გაიმეორეს წინა საუკუნის სახელგანთქმული ტრიოს რეპერტუარი და არა მარტო.





ფონდის – “მსოფლიოს ტალანტები” (რომლის დამფუძნებელი ქართველი ბარიტონი დავით ღვინიანიძეა) მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, კერძოდ კი ვოკალური ხელოვნების ტრადიციების დაცვა და განვითარებაა. 2002–ში მოსკოვში დაფუძნებული ორგანიზაცია საგანმანათლებლო, საფესტივალო, საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული და ამ მისიის ფარგლებში არაერთი სასწავლო თუ საკონკურსო პროგრამა განახორციელა; ასევე დაეხმარა სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მათ შორის ვეტერანებს, შშმ პირებს, ბავშვებს. წარმატებული პროექტების რიცხვშია კონცერტები “ტენორების თანავარსკვლავედი”, “ტენორებისა და ბარიტონების დუელი”, “მეცო სოპრანოების თანავარსკვლავედი” და სხვა. სხვადასხვა სამუსიკო კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული დავით ღვინიანიძე გაეროს სპეციალური მედლის – “კულტურის განვითარების წვლილისთვის” (2007) მფლობელია, ხოლო მისი ბიოგრაფია შეტანილია ენციკლოპედიაში “ათასწლეულის ადამიანები” (2007). 2016 წელს საცხოვრებლად ნიუ იორკში გადმოსვლის შემდეგ დავით ღვინიანიძემ კვლავ გააგრძელა მის მიერ დაფუძნებული ფონდის საქმიანობა და წლინახევრის განმავლობაში კონცერტები აშშ–სა და კანადის ოცდაათ ქალაქში გამართა.

2008 წლიდან ფონდის “მსოფლიო ტალანტები” პროექტების ხშირი მასპინძელი “კარნეგი ჰოლია”. ამჯერად დავით ღვინიანიძის ორგანიზებით ლეგენდარულ სცენაზე კონცერტი “სამი ტენორი მსოფლიოდან და მეგობრები” გაიმართა. მეგობრების რიცხვში კი ქართველებიც იყვნენ: პიანისტი მერაბ ებრალიძე, რომელმაც ლისტის სირთულით გამორჩეული “მეფისტო ვალსი” დაუკრა და ათი წლის ნანუკა გორგოძე, რომელმაც კოპლანდის “კატა და თაგვი” შეასრულა. ნანუკას დებიუტი “კარნეგის” სცენაზე წარმატებული აღმოჩნდა. გადაჭედილმა დარბაზმა პატარა არტისტი ბისზე რამდენჯერმე გამოიძახა.







იმ საღამოს “სამი ტენორის” “როლს” ასრულებდნენ: რაულ მელო, ადამ კლეინი და ბენჯამინ სლომანი. ჰავანაში დაბადებულმა ტენორმა რაულ მელომ 1992 წელს “საუკეთესო ლირიული ტენორის” წოდება ალფრედო კრაუსის კონკურსში მიიღო. იგი დიდი ხანია მეტროპოლიტენ ოპერისა და მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე მღერის. ადამ კლეინი არტისტების დინასტიიდანაა (მამა ცნობილი ამერიკელი პიანისტი და მუსიკალური კრიტიკოსი ჰოვარდ კლეინია), ოპერებსაც წერს და გარდა კლასიკური რეპერტუარისა, ბობ დილანის სიმღერებსაც ასრულებს. ავსტრალიელი ბენჯამინ სლომანი მისი თაობის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი საოპერო მომღერალი და პირველი ავსტრალიელი ტენორია, რომელსაც ნიუ იორკის საოპერო სცენებზე წამყვან როლებში იწვევენ.


დავით ღვინიანიძე. კონცერტმეისტერი: ვიქტორია ულანოვსკაია

იტალიური რომანსებისა და არიების გარდა სცენაზე შესრულდა ოფენბახის, ბერნსტაინის მელოდიები, ამერიკული ფოლკლორი, სპირიტუალური სიმღერები, მათ შორის, ფრანკის “ანგელოზების პური” და “ბროდვეის ნაკრები” – ბროდვეის კლასიკად ქცეული შოუების კოლექცია; თავად ორგანიზატორმა დავით ღვინიანიძემ კი იმღერა ემილის სიმღერა “სამხრეთ წყნარი ოკეანიდან” (მომღერალ ვიქტორია ულანოვსკაიასთან ერთად) და ფომინის “გრძელი გზა”.

“ჩემი ორგანიზაციისთვის 2017 წელი ძალიან პროდუქტიული იყო,” – მიყვება დავით ღვინიანიძე, „– შარშან ნოემბერში ბოსტონში ჩავატარეთ ყოველწლიური საერთაშორისო კონკური ვოკალისტებისთვის, რომლის ფინალისტებიც „კარნეგი ჰოლში” გამოვიდნენ. წარმატებული ტურების შემდეგ ერთ მშვნიერ დღეს დამებადა იდეა, რომ სწორედ “კარმეგის ჰოლის” სცენაზე შემეკრიბა არა მარტო ჩემი ფავორიტი ტენორები, არამედ უბრალოდ ჩემი მეგობრებიც. პროექტი „სამი ტენორი” მსოფლიოს სამ ქვეყანას წარადგენს: რაულ მელო – კუბას, ადამ კლაინი – აშშ–სა და ბენჯამინ სლომანი – ავსტრალიას. ასევე კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ „მსოფლიო ტალანტების“ საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული მომღერლები: სამხრეთ კორეელი ბარიტონი ჯუნჰან ჩოი (პირველი პრემია) და იტალიელი ტენორი ჯოვანი ფორმისანო (მეორე პრემია). თქმაც არ უნდა, რომ განსაკუთრებულად ბედნიერი ვიყავი, როცა “კარნეგის” სცენაზე უკრავდა პიანისტი ჩემი მშობლიური ქუთაისიდან, გერშვინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი, ათი წლის ნანუკა გორგოძე”.






***

„კონცერტისთვის – “სამი ტენორი” – დავით ღვინიანიძის ფონდის ბოსტონის ღონისძიებების პროდიუსერი ოლგა ლისოვსკაია დამიკავშირდა,“ – მიყვება რაულ მელო, „– მან მე იუთუბზე მიპოვა და “მეტროპოლიტენ ოპერაში” ჩემს კოლეგას ადამ კლეინს ჩემზე ჰკითხა. მე და ოლგამ ტელეფონით ვისაუბრეთ, შემოთავაზება მივიღე და დავითს უკვე პირველ რეპეტიციაზე შევხვდი. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო დავითთან და ქართველ, ამერიკელ და რუს არტისტებთან მუშაობა. ესაა მუსიკის გამაერთიანებელი ძალა, რომელიც გვაძლევს ერთმანეთის გაგების საშუალებას იმისდა მიუხედავად, თუ რომელი ქვეყნიდანა ვართ.

– საკონცერტო პროგრამა როგორ შეარჩია?



– ორი მიმართულებით. “სამი ტენორისთვის” დავითმა შეარჩია მუსიკა და გადაანაწილა თუ ვის რა უნდა ემღერა. სოლო შესრულებისთვის ხანდახან ის ითვალისწინებდა ჩვენს რჩევებს, ხანდახან – ვკამათობდით. დავითმა და მე “კარნეგი ჰოლისთვის” ჩვენი პრეფერენციები გავყავით. მე ვიმღერე კუბური სიმღერა, რომელიც მე მინდოდა, რომ მემღერა და ვიმღერე ის არია, რომელიც მას უნდოდა, რომ მე მემღერა. ჩვენ ყოველთვის ვუგებდით ერთმანეთს და მხარს ვუჭერდით.

– “სამი ტენორი” იმ დიდ სამეულთან ასოცირებული სახელწოდებაა…

– ის სამი გენიალური მომღერალი, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, მუსიკალური ისტორიის უნიკალური მოვლენაა. ჩემი აზრით, ჩვენ არ ვიყავით მათი ასლი, არამედ უბრალოდ მათ მიმართ ჩვენი პატივისცემა გამოვხატეთ.

netgazeti.ge
30.01.2018

No comments:

Post a Comment