Sunday, May 6, 2018

"კაცი სკამზე”, „წითელი კუ“ და ეროტიკა ფრანგული ანიმაციის ფესტივალზე




არსებობს ფილმები, რომლის შესახებ საერთოდ არაფერი იცი, მაგრამ პირველივე წამებიდან გიყვარდება. გურჯიევის სიყვარულისა თუ ღმერთის დამართების არ იყოს, იმ საღამოს მე ერთი კარგი ფილმი დამემართა. ჰო, ამგვარი მოულოდნელი რამ მოხდა ნიუ იორკის სუსხსა და ჯერვერმოსული გაზაფხულის მელანქოლიისთვის იდეალურ პირობებში დაწყებული ფრანგული ანიმაციური ფილმების ფესტივალის გახსნის საღამოს, პირველივე კადრების ჩვენებისას.

ულტრახასხასა სიმწვანეში ჩაფლულ, სერპანტინის გზაზე პატარა, “კვაწკვაწა” წითელი ავტომობილი სადღაც ზევითკენ მიიჩქაროდა. ეკრანიდან ზაფხულის 3D სურნელი უცებ უხვად გადმოიღვარა, ყურებში აბეზარი მწერები აჭრიჭინდნენ, ჩემ ზევით კი ფუტკრებმა, ბზიკებმა და ჭიამაიებმა უწესრიგო ფარფატი დაიწყეს. ფრანგული გარეუბნის ტყეში (რომელიც რეალურად პარიზის ნაციონალური პარკებია) არაანიმაციული წყვილი პიკნიკზე მიიჩქაროდა, მე კი ლამის ცრემლებამდე მომინდა იქ ყოფნა, რომელიმე ხის ძირში, არც ისე გლუვ მიწაზე ყვავილებიანი სუფრის დაფენა და დაწნული, ბურთივით მრგვალი კალათებიდან სანოვაგის ამოლაგება – დალაგება. არა, ეს არც სეზონური დეპრესიისა და არც მელატონინის ნაკლებობის ბრალი იყო, არამედ ფრანგი ანიმატორების თომას ზაბოსა და ჰელენ გუარდის ოთხმოცდარვაწუთიანი 3D ფილმი – საოცრების სახელად “პაწაწინა: დაკარგული ჭიანჭველების ველი” (2013).





ჯერ მეგონა, რომ ეს პოეზია იყო; მერე აღმოჩნდა, რომ თრილერია; მერე – მწერებზე შემეცნებითი ჟურნალი; მერე – ბლოგბასტერი; მერე კი ჰეფი–ენდური საგა მეგობრობაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე და კიდევ ბევრ სხვა რაღაცაზე. ჰო, კიდევ მწერების ვოკალზე, შაქრის სიმძიმეზე და არსებობისთვის ბრძოლაზე. კრიტიკოსებმა “პაწაწინა” თავიდანვე ფილმს “ვარსკვლავური ომები” შეადარეს, მერე კი – “დაკარგული კიდობანის ძიებასაც”. ყველაფერი კი ფიზიოლოგიით იწყება. მოპიკნიკე ქალს მშობიარობა ეწყება. სიჩქარეში წყვილი საკვების ნარჩენებსა და ნატეხი შაქრის ლითონის წითელ–თეთრ კუბოკრულ კოლოფს ტყეში ტოვებს და “ჩემი” წითელი მინიატურული ავტომობილისკენ გარბის. სწორედ ამ მომენტიდან მშვიდი სიუჟეტი უცაბედად მძაფრი ხდება, ჩნდებიან შავი და წითელი ჭიანჭველები, რომლებიც ამ ტკბილი “გრაალის”, იგივე შაქრის ზოდების დასაკუთრებისთვის ჰოლივუდური გაქანების საბრძოლო მოქმედებებში ერთვებიან და რომლის უნებლიე მოწმეც პატარა, ერთი შეხედვით, უმწეო ჭიამაია ხდება. ციფრული ეფექტებით აკინძული, მწერთა რეალური სამყაროს იგავ–არაკი ყველა ასაკის ადამიანისთვის ერთნაირად საინტერესო საყურებელია. 2015 – ში ფილმმა ‘სეზარიც” დაიმსახურა. ჩემი თავი კი იმაზე დავიჭირე, რომ “პაწაწინას” ბოლო კადრებს ზუსტად ისეთივე “3Dთვალებდაჭყეტილი” ვუყურებდი, როგორადაც – პირველებს.

საფრანგეთში პირველი ანიმაციური ფილმი (რომელიც რამდენიმე ასეული ნახატისგან შედგებოდა) ახლადშექმნილი ტექნიკური სისტემის “ოპტიკური თეატრი” მეშვეობით 1892–ის 28 ოქტომბერს აჩვენეს, როცა გამომგონებელმა ჩარლზ – ემილ რეინაუდმა ძმებ ლუმიერებზე ადრე თავისი ფილმი “განათებული პანტომიმები” წარადგინა. კინოს სამშობლოში ხშირად კინოს დაბადებად არა 1895 წლის 28 დეკემბერს, არამედ პარიზში ანიმაციური ფილმის საჯარო ჩვენებას მიიჩნევენ. რეინაუდმა XX საუკუნის დასაწყისამდე მხატვრული ანიმაციური ფილმის ათი ათასზე მეტი ჩვენება გამართა. სამი ათეული წლის შემდეგ მხატვრული ანიმაცია “ზღაპარი მელიაზე” რეჟიროსმა ვლადისლავ სტარევიჩმა საფრანგეთში 1930 წელს გადაიღო, შვიდი წლის შემდეგ კი მას მუსიკაც დაემატა. მას მერე პარიზი “მსოფლიოს ანიმაციის დედაქალაქად” აღიარეს, საფრანგეთი ანიმაციის ინდუსტრიაში რიგით მესამე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა, ხოლო სიყვარულისა და სინათლის დედაქალაქი ახლა “მულტფილმების” მეგაპოლისადაც მოიაზრება. საფრანგეთშია განლაგებული სახელოვანი ანიმაციური სკოლები და სტუდიები, რომელთა ბაზაზე თუ საერთაშორისო პროექტების საშუალებით ანიმაციური შედევრები იქმნება.

ნიუ იორკში მოქმედი “ფრანგული ინსტიტუტის ალიანსი Française”–ის (FIAF) მიერ ორგანიზებულმა ფესტივალმა “პირველად ანიმაცია” კინომოყვარულებს ფრანგული მულტიპლიკაციის მდიდარი ისტორიის ერთი მცირედი ეპიზოდის გაცნობის საშუალება მისცა. დიდი ვაშლის ქალაქი, ალბათ, მსოფლიოში ანიმაციის ჩემპიონი – ქალაქია, თუნდაც იმ ფესტივალ–ღონისძიებებით თუ ე.წ. უფასო ჩვენებების სიმრავლით, რომელიც ქალაქის კლუბებში, არტინსტიტუტებში, გალერეა–მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში თუ საელჩოებში იმართება და თუნდაც იმით, რომ ანიმაციის პერსონაჟები დაწყებული მიკი მაიუსიდან ვიდრე პორკი ფიგამდე არა მხოლოდ პოპკულტურის, არამედ ქალაქის ლამის არქიტექტურული ანტურაჟის ნაწილიცა და ამერიკელის ყოვლდღიურობისაც. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ანიმაციის ოქროს ხანა ქვეყნის ისტორიის ნაწილია, არამედ იმიტომაც, რომ სატელვიზიო ანიმაცია (განსაკუთრებით ანიმაციური სატირა) და ამ ფილმებიდან ციტატები თუ ქუბები/გიფები სოციალური და სხვა სფეროების ორგანული მედიუმი გახდა.


ნიუ იორკში ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი უოლ – სთრითის მიდამოა, საპორტო სამხრეთ სანაპირო თავისი გემებითურთ, წყალთან ახლოს მდგომი ერთ–ერთი ცათამბჯენის (მას “ვერტიკალურ კამპუსს” უწოდებენ) პირველ სართულზე, ხელოვნურ მწვანე მდელოზე საშური რეგულარულობით სამი საათის განმავლობაში მსოფლიოს კლასიკური, ტრადიციულ–არატრადიციული თუ სუპერალტერნატიული ანიმაციური ფილმების კოლექციას შეიძლება გაეცნო. რა ჟანრისა და გაქანების ანიმაცია არ მინახავს, მაგრამ ეროტიკული – არასოდეს. ჰოდა, ზემოხსენებულ ფესტივალზე “პაწაწინას” შემდეგ ფრანგული ღვინოს დაგემოვნებას მოჰყვა, ხოლო Cabernet Sauvignon-ს კი – ფესტივალის “ეროტიკული ანიმაციის” სექციის პროგრამაც, რომელშიც ამ ჟანრის ცხრა ფილმი იყო წარდგენილი” და რომელთა უმეტესობის ამერიკული პრემიერა სწორედ იმ დღეს შედგა. იშვიათად მინახავს ვულგარულობისა და ეთიკურობის, პორნო–ანტიპორნოს, სექსიზმის–ანტისექსიზმის ზღვარზე ორ და მეტაზროვანი ქარაგმებით ასე ოსტატურად გამავალი თხრობა, ირონიული მინიატურები სავსე მგრძნობელობით, მხატვრული ანცობით; რისკიანი, უცნაური, ირეალური, ოდნავ უხერხული; ვნებასა და ჟინზე ზეკომიკურად, არაშბლონურად, ლირიულად, დამცინავად მოსაუბრე.

რეჟისორების: ლაურენს არკადიასისა და ჯულიეტ მარჩანდის “ქარიშხალი საწოლ ოთახში” (2011) ვნებადაკრგულ ცოლ–ქმარზეა, რომლის მოსამსახურე ქალბატონის არყოფნის დროს მის ტანსაცმელში იპრანჭება და საყვარელს, მილების შემკთებელ ხელოსანს გაიჩენს; სახლის პატრონი ქალი კი, რომელიც მეუღლესათან ერთად წვიამიან ამინდში მზიან აგარაკეზე მიემგზავრება, გზაში, ბენზინგასამართ სადგურზე მისი ქმრის სულ “სხვა მიმართულების” ლიბიდოს აღმოაჩნეს…



ჰიუგო ფრასეტოს “ნეკერჩხალი” (2012) განსაკუთრებულად მისი გამომხატველობითი ფორმის გამო მომეწონა. ყოფიერების სიმსუბუქეზე ალკოჰოლნარევი ალუზიებით, ხმაურიანი წვეულების ოდნავ სევდიანი ინტონაციით გაჟღენთილი; მიზიდულობაზე მკრთალი, ნახშირით დახატული ხაზებითა და ზმანებებით მოსაუბრე იმ სივრცეზე, სადაც, როგორც წესი, ერთი ღამის ან უფრო მეტი ხნის “სიყვარულები” ხდება ხოლმე.

მიქაელა პავლატოვას “ტრამვაი” (2012) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ქალის ეროტიკული სიზმრების ნაკრებია, რომელიც ფროიდს ნამდვილად გაუხარდებოდა.

აუგუსტინ კლერმონტისა და ჯულეს კორტელას ანიმაციურ ფილმში – “ვინ შევიყვარო”(2015) ქალს, რომელსაც, ქმარი ჰყავს, სხვა უყვარს, თოლია მისი ცხოვრების ისტორიის თანმდევი ხდება, ფილმი კი ქალის წერილებია, დიალოგი არაა, ანიმაციას უყურებ და თან მიმოწერასაც კითხულობ, რომელიც ლექსები გგონია. ფილმი რომანტიული და სევდიანი ატმოსფეროს შექმნის ოსტატობის მაგალითია.







მიშელ ფუზელირეისა და ბაბაკ ფაიამის ანიმაცია – “უშიშარი ბიჭი იქბალის ზღაპარი”(2016) ბავშვთა უფლებების “ქეის სტადია”. ფილმი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა წარადგინა. სცენარი რეალურ ისტორიას ეყრდნობა – ერთ ღარიბ სოფელში მხიარული ბიჭუნა დედასთან, ძმასთან და თხასთან ერთად ცხოვრობს. ერთ დღეს იქბალის ძმა ავად გახდება და ექიმი მას ძვირადღირებულ წამალას გამოუწერს. იქბალი ქალაქში მიდის, რომ თხა გაყიდოს და იმ თანხით ძმას დაეხმაროს.

მწერლისა და ილუსტრატორის გრეგორი სოლოტარეფის ბესტსელერი წიგნის მიხედვით გადაღებული ანიმაცია “ლულუ და სხვა მგლები” (2003) მოგვითხრობს ერთ არასტერეოტიპულ მგელზე, რომლიც მისი ხასითის გამო ამ ცხოველს სულაც არ ჰგავს და რომელიც, “ენჯიოშნიკური ენით” რომ ვთქვათ, თავის სოციალურ გარემოში ცდილობს მგლის იდენტობის პოვნას და ამავე დროს გვასწავლის მოლაპარაკებების ტექნიკებსა და ტოლერანტობის მნიშვნელობას.






ფესტივალის ძალიან საინტერესო ნაწილი გახლდათ კითხვებისა და პასუხების განყოფილება, რომელის დროსაც ფრანგული ანიმაციური სტუდიის EMCA -ის დირექტორისა და რეჟისორის სერჟ ელისალდეს ლექცია მოვისმინეთ ანიმაციის თანამედროვე ტენდენციებზე, არტისტულ არჩევანებზე და იმ სინემატოგრაფიულ შემთხვევებზე, როცა ანიმაციის გამოყენება ყველაზე მისაღები ხერხია. მან წარადგინა ფრანგი სტუდენტების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები და საკუთარი ნამუშევარიც სახელწოდებით – “5 ევრო” (2017). ფილმის გმირმა ჟან–კლოდმა 33 წლის განმავლობაში 33 სამუშაო სტაჟირება გაიარა და მაინც უმუშევარია. იგი ხუთი ევროსამარა ქუჩაში აღმოჩნდება, სადაც თითოეული ევრო მას გროტესკულ მდგომარეობაში აგდებს.






ჩვენი დროის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილმა ჰოლანდიელმა ანიმატორმა მაიკლ დუდოკ დე ვიტმა (იგი ფესტივალის ერთ–ერთი მონაწილეც იყო), რომლის ფილმმა “მამა და მისი ქალიშვილი” ერაერთი პრიზის გარდა 2000–ში “ოსკარიც” დაიმსახურა, წარადგინა ასევე ამერიკული კინოაკადემიის პრიზის პრეტენდენტად დასახელებული, კანის ფესტივალის გამარჯვებული “მუნჯი” ფენტეზი–დრამა “წითელი კუ”. გემის ჩაძირვის შემდეგ მგზავრი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდება, სადაც წითელ ჯავშნიან ქვეწარმავლში დაბუდებულ ქალს შეიყვარებს და მათ ბიჭი შეეძინებათ. ისინი ერთად მშვიდად ცხოვრობენ, ძალიან უყვართ ერთმანეთი, ხოლო როცა კაცი გარდაიცვლება, ქალი თავის წიაღში – წითელ რქოვანა ფირფიტებში ბრუნდება. ეს დიგიტალური ტექნიკისა და ხელით ნახატის ნაზავი ანიმაცია მეტაფორული, ამაღელვებელი ფილმია დედამიწის სილამაზესა და ადამიანურ სიყვარულზე, რომელიც ეკომისტიციზმის საუკეთესო ტრადიციებითაა შექმნილი.






სინე–კონცერტი ფესტივალის ყველაზე სტილური ნაწილი იყო, როცა ფრანგული ანიმაციის უხმო შედევრებს ფონად მხოლოდ პიანინოზე ცოცხალად შესრულებული მუსიკა გასდევდა. მათ შორის, წინა საუკუნის ოციან წლებში გადაღებულ ფილმებს და უფრო ძველებსაც. ვნახე 1908 წელს შექმნილი სეგუნდო დე შომონის “თანამედროვე სკულპტურები” და ემილ კოჰის “გულების საქმე” (1909). პირველში თეატრალურ სცენაზე ქვის ფიგურები ცოცხლდება, მეორე კი დახატული გულების აბსტრაქტული ფარფატია. ეს ორი ძველი ფილმი სასიამოვნოდ გაკვირვებულს გტოვებთ არა მხოლოდ ასაკის გამო, არამედ დროის განცდითა და ოპტიკური ილუზიის შექმნის ოსტატობითაც.

ფესტივალს თავისი პოეტური განყოფილებაც ჰქონდა და ვისაც არასოდეს გაეგო სიურეალისტი პოეტისა და ფრანგული წინააღმდეგობის წევრის, რობერ დესნოსის შესახებ, რომელიც ფაშისტურ გეტოში დაიღუპა, უნიკალური შანსი ჰქონდა არა მარტო მის შემოქმედებას გასცნობოდა, არამედ – “დადას ჯგუფის” ამ წევრის ლექსების ვიზუალურ ალუზიებსაც, რომელიც სხვადასხვა ავტორის მიერ 2015 -ში გადაღებული ცამეტი ანიმაციით იყო წარმოდგენილი.

მე ჩემი ფავორიტიც გამიჩნდა – “კუპლეტი ბანიოლეს ქუჩაზე” (რეჟისორი კვენტინ გუიჩუ):

“მზე ბანიოლეს ქუჩაზე ისეთი არაა, როგორც სხვები.

სხვასავით იგი მდინარეში ბანაობს და თავზე ვედრო ახურავს.

მაგრამ როცა ჩემს მხრებს ეფერება, იგი სწორედ ისაა და არა სხვა.

მზე ბანიოლის ქუჩაზე, რომელიც კაბრიოლეტს მართავს

სხვაგან, არა სასახლეებთან.

არც ლამაზია და არც მახინჯი.

მზე სასაცილოა და ბედნიერი,

ზამთრისა და გაზაფხულის მზე,

მზე ბანიოლის ქუჩაზე

ისეთი არაა, როგორც სხვები”.* (ია მერკვილაძის თარგმანი)






ანიმაციური მზე გრძელფეხება, გრძელხელება და გრძელცხვირა, ყვითელი, ანცი კაცია, რომელიც ხან ძილისგუდებს აღვიძებს, ხან მტირალა პატარას აჩუმებს, ხან წვიმიან ამინდში სევდიან კაცს ხელს გადახვევს, ხან წყლის ნაკადში გაიშოტება, ხან ფანჯრის რაფაზე კაცის საცვლებს აშრობს–აუთოვებს და ხანაც ბარში ჯმუხ მთვარესთან (რომელიც მზეს წასვლის დროს ახსენებს) ერთად ყვითელ სასმელს სვამს და ცეკვავს. ბოლოს კი ღამეში ჩაფლულ ქალაქში ერთი ნათელი, ხალისიანი ყვითელი ზოლია, სადაც ლაღი ადამიანები და მათთან ერთად ორი ციური სხეული ჯაზ მუსიკაზე ცეკვავენ.

რეჟისორ ქრისტიან ვოლკსმენის შავ–თეთრი ფილმი “რენესანსი” იგივე “პარიზი 2054: რენესანსი” (2006) ნუარის ჟანრის სამეცნიერო–ფანტასტიკური ანიმაციაა, დისტოპიური ხანის კრიმინალური დრამა, რომელშიც პოლიციელი უკვდავებაზე მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერი ქალის გაუჩინარებას იძიებს. კომპიუტერული გრაფიკის, ფერადოვანი მანიპულაციისა და ე.წ. Mo-Cap–ის (მოძრაობის დაჭერა) ტექნოლოგიით გადაღებული სამი ქვეყნის ერთობლივი პროდუქტი მოგვითხრობს ეგზისტენციალურ პრობლემებზე და დალაბირინთებულ, იატაკქვეშა პარიზზე (ჩემში “1984”–სა და “მეხუთე ელემენტის” ასოციაცია გამოიწვია), სადაც ვიდეომონიტორინგის გარეშე ვერაფერი მოძრაობს და სადაც კომპანია “ავალონი” ფუტურისტულ ცხოვრებაში თავისი ვნებებით – ახალგაზრდობისა და სილამაზის ექსპორტით იჭრება.






საინტერესო იყო სხვადასხვა კონკურსებზე გამარჯვებული “შორტ” ანიმაციების პროგრამაც, რომლის ფარგლებში ბოლო რვა წლის განმავლობაში გადაღებული შედევრებს გავეცანით და აქაც ფავორიტი გამიჩნდა – რეჟისორ დაჰი იონგის ფილმი “კაცი სკამზე” (2014), რომელიც მინიმალისტური ხერხებით ერთი ადამინის ყოველდღიურ ეჭვებზე გვიყვება. ეჭვი კი, ჰამლეტის არ იყოს, ძალიან “მარტივია” – მთავარი გმირი არსებობს თუ არ არსებობს. ამ ფილმის პრიზების თვლისას დავიღალე და როცა ოცს გადააჭარბა, თავი დავანებე. ისევ უნდა განვმეორდე – იშვიათად მინახავს პროფესიული ტალანტისა და ფილიგრანული დელიკატურობის ამგვარი ნაერთი, რომელიც ამავე დროს მულტიპლიკაციის შექმნის თანამონაწილედაც გხდის.

ფესტივალმა ასევე წარადგინა რეჟისორ ჯერემი პერინის ფრანგული სატელევიზიო ანიმაციური სერიალი “უკანასკნელი კაცი” (2016), რომელიც ცნობილ ამერიკულ მუშტი–კრივულ მოტივებზე შექმნილი ეპიზოდების კოლექციაა ძალადობით, ნარკომაფიით, მკვლელობითა და ძლიერისა და სუსტის ბრძოლის ამბებით. ერთი სიტყვით, “სპაგეტი ვესტრენი”, რომელსაც, ჩემი აზრით, მაინც თავისი სპეციფიური მაყურებელი ჰყავს. და არა მხოლოდ მოზარდებში.

სექციაში “ვიდეო თამაშები” ესპანური ვიდეოთამაშების სტუდიის Tequila Works–ის ულტრათანამედროვე ჟანრის ნამუშავარი “უხილავი საათები” (2017) გვაჩვენეს. “ფილმი” გახლდათ ერთგვარი სინემატოგრაფიული ექსპერიმენტი – ერთი მკვლელობა და შვიდი ეჭვმიტანილი, შესაბამისად შვიდი ამბავი, მდიდარი დეტალებით, რეალური დროის ვირტუალური გამოცდილებით, როცა დიდ სასახლეში, სადაც პარალელურად შვიდი მთავარი მოქმედი პირია, თავად მაყურებელი ირჩევს რომელ პერსონაჟს მიადევნოს თვალი, რა მოისმინოს; სად, რა დაზვეროს – გამოიძიოს რათა ეს მრავალუცნობიანი, მისტერიული მკვლელობა გახსნას. ეს მთლად ფილმი არაა, არამედ იმერსიული თეატრი გადახლართული ამბებით. თუმცა ანიმაცია, მგონი, ამ ჟანრზე ზედგამოჭრილია.

ანიმაციის სამოთხეში დიდი ხნით ყოფნა “დასჯადია” და სრულდება რეალობაში დანარცხებით. “ნახატი ფილმების” აღიარებული მეტრების ტერი გილიამისა და ტიმ ოლივის სატირა “1884, გუშინდელის მომავალი” (2012) თეთრ–ყავისფერი, მოსალოდნელი მსოფლიო ომის წინათგრძნობის ატმოსფეროში გძირავს – “მოღუშული” თეთრისა და ყავისფერის, გაცრეცილი სეპიას ფაქტურით, ე.წ. “ბუნდოვანი/ნისლოვანი ეკრანით” (Smoke Screen), სადაც კომპიუტერულ ვიზუალურ გამოსახულებებს, დოკუმენტურ კადრებს კლასიკური თოჯინური პერსონაჟების არსებობა ემატება და ის გარემო, რომელიც იქმნება, გახსენებს არა მხოლოდ დისნეის დროინდელი ანიმაციის თორმეტ საბაზისო პრინციპს, არამედ დარბაზის კედლებს გარეთ არსებულ პოლიტიკურ რეალობასაც.






ფილმი, რომელიც თითქოს 1848 წელსაა გადაღებული, პირველი მსოფლიო ომის დაწყების არა მარტო წინათგრძნობაზდეა, არამედ ვიქტორიანულ მომავალზეც, რომელიც რეალურად არ იყო, მაგრამ ანიმაციის კონოტაცია იმდენად დამაჯერებელია, რომ გგონია – შენს წინაშე უბრალოდ “ნონ–ფიქშენი” კი არა, არამედ სერიოზული ანტიუტოპიაა. ორუელის ყველაზე ცნობილი რომანის არ იყოს, რომლის მიმართ ინტერესი ყოველ წელს რაღაც ექსტრაორდინალური პოლიტიკური თემის შემოგდებასთან ერთად იზრდება, სტიმპანკის სტილის ანტურაჟი თავისი ორთქლის მანქანებითა და ანაქრონიზმის არტეფაქტებით, საოცარი ანიმაციური ნატურალიზმითა გაკეთებული. ისტორიულ საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო ფანტასტიკის მულტიპლიკაცია XIX საუკუნეში გვაბრუნებს და თან იმ დროში, როცა ფოტოფირი/ფოტოგრაფია უნდა დაიბადოს; მერე რეტრო–ფუტურისტულად დასავლეთ ევროპის ალტერნატიულ დასავლეთ ევროპაში გადაგვაადგილებს, სადაც ბრიტანეთი და სხვა იმპერიებიც ომისთვის ემზადება თავისი თანმდევი ატრიბუტიკით – ტანკებით, თვითმფრინავებით, პლანეტთაშორისი ხომალდებითა და რასკვირველია, საიდუმლო აგენტებით.

ამერიკული წარმოშობის სცენარისტი, კომედიანტი (ბრიტანული სიურეალისტური კომედი – ჯგუფის “მონტი ფითონი”/Monty Python წევრი), მსახიობი, პროდიუსერი და ანიმატორი ტერი გილიამი თანამედროვე კინემატოგრაფიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც საბაზისო ცოდნა პოლიტილოგიაში აქვს. “მე მინდა ფანტაზიის წახალისება. საუბარია თვალსაწიერის გაფართოვებაზე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თავში უბრალოდ გვიჭედავენ, გვიჭედავენ იმ აზრს, რომ ესაა სამყარო. ტელევიზიაც ამას გვეუბნება “ესაა სამყაროო”. მაგრამ ეს არაა სამყარო. სამყარო ესაა მილიონი სხვა შესაძლებლობა” ან “ფილმებს ფაბრიკები ქმნიან, ანიმაციას კი – ილუზიონისტები” – ეს მისი სიტყვებია.

“აჰა, აბა, ჰავაიელებს ვკითხოთ რაა სამყარო.” – აზრობრივად შევეკამათე გილიამს. – “წელს საქართველო რომ ძველით ახალ წელს ზეიმობდა, ჰავაიზე ატომური ცრუ განგაში ატყდა. ხალხს 38 წუთის განმავლობაში ეგონა, რომ სამყაროს დასასრულის მოწმე იყო. ჰოდა, არც მთლად ასე ოპტიმისტურადაა საქმე მილიონ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.” გავიფიქრე თუ არა, FIAF – დან ისევ გაყინულ ქალაქში გამოსულმა მაშინვე ტელეფონში “იუთუბზე” საყვარელი “დაკარგული ჭიანჭველების ველის” ძიება დავიწყე, რომ სანამ სიგნალების ჩამხშობ, თაგვისებრთა ოჯახის საყვარელ ნიუ იორკის მეტროში ჩავყვინთავდი, კიდევ ერთხელ მენახა ჭიანჭველების “ძალა ერთობაშია”, შაქრის განძი და ის პატარა, წითელი, ფრანგული “პეჟო”, “რენო” თუ “სიტროენი”, რომელიც სიმწვანეში თვითონ ჰგავდა ზევით–ზევით მოსეირნე ჭიამაიას.


26.03.2018
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment