“კარნეგი ჰოლის” პროექტი სახელწოდებით – “ამერიკელი პროტეჟე” (2007) სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისთვის და მოცეკვავეებისთვის შემუშავებული პროგრამაა, რომლის მიზანია ყველა ასაკის არტისტებისთვის კარიერული ბიძგის მიცემა, სასტარტო პირობების შექმნა, სასცენო უნარ–ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და ტალანტისა და სიბეჯითის შესაბამისად – ოცნებების ასრულებაც.
ამ კონკურსში მონაწილეობის ერთ–ერთი მთავარი პირობაა ის, რომ არტისტს არც ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში ალბომი არ უნდა ჰქონდეს შექმნილი. გამარჯვებულ მომღერლებს, ინსტრუმენტალისტებს თუ ანსამბლებს ხელსაყრელი შანსი ეძლევათ “კარნეგი ჰოლის” 2 800-ადგილიან, ლეგენდარულ ისააკ სტერნის აუდიტორიაში (რომელიც თავისი უნიკალური აკუსტიკითაა ცნობილი და სადაც მაყურებლის წინაშე ვლადიმერ ჰოროვიცი და გროუჩო მარქსი იდგენენ) გამართულ გალა–კონცერტზე თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ.
2018–2019 –ის სეზონის “ამერიკელი პროტეჟეს” კონკურსში 55 ქვეყნის მოქალაქე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის: ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ინდოეთიდან, მონღოლეთიდან, იაპონიიდან, უზბეკეთიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან, ლიუტუვადან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.
დაჯილდოვების ცერემონია
2018 წლის “ამერიკელი პროტეჟეს” გამარჯვებული 17 წლის ქუთაისელი ანა ჯგერენაიაა (პროფესორი გიორგი ლომთაძის კლასი), რომელმაც ბროდსკის “იყავი ჩემთან” (კონცერტმაისტერი ნინო ტყეშელაშვილი) შეასრულა. 2017 -ში “კარნეგი ჰოლში” ამავე კონკურსის ფარგლებში, ოღონდ ინსტრუმენტალისტებს შორის, მეორე პრემიის მფლობელი გახლდათ ასევე ქუთაისელი, 12 წლის ანა ანაკიძე (დარეჯან ფურცხვანიძის კლასი), რომელმაც კაბალევსკის სავიოლინო კონცერტი შეასრულა და რომლის კონცერტმაისტერიც ნინო ტყეშელაშვილი გახლდათ.
ანა ჯგერენაიამ მ. ბალანჩივაძის სამუსიკო სასწავლებელი ვოკალის განხრით (კონცერტმაისტერი, პროფესორი ირინა კუხიანიძე) დაამთავრა. ანა საქართველოში გამართული არაერთი სამუსიკო კონკურსის ლაურეატია და ბულგარეთის ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსის დიპლომანტიც. იგი ამბობს, რომ მუსიკა მისი არა მარტო სიყვარულია, არამედ – დროის განზომილებაც, რადგანაც მას ყოველ საათს, წუთსა და წამს უთმობს.
“კარნეგი ჰოლის” სცენაზე გამოსვლა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზნების ნუსხაში იყო და ეს ოცნებაც ამისრულდა,” – ამბობს ანა, -“ამ წარმატებამ ჩემ ძალებში კიდევ უფრო დამარწმუნა და განსაკუთრებული გამოცდილება შემძინა. ცხადია, ბევრი რამ უნდა ვისწავლო, რაშიც ჩემი პედაგოგი გიორგი ლომთაძე დამეხმარება და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ არაერთ კონკურსსა და კონცერტში მივიღებ მონაწილეობას”.
ანა ჯგერენაიას კონცერტმაისტერი ნინო ტყეშელაშვილი ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სასწავლებლისა და თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. 1985 წლიდან იგი სოლო საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა და თბილისის ნიჭიერთა ათწლედშიც ასწავლიდა. როცა საქართველოში 2016 წელს ჯ. გერშვინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის შესარჩევი ტური ჩატარდა, ნინო რჩეულთა შორის აღმოჩნდა და კონკურსის გამარჯვებულს, მეორე პრემიის ლაურეატს, 12 წლის ქუთაისელ კატერინა გეგელიას (ხათუნა ჯიმშელეიშვილის კლასი) ნიუ იორკის პრესტიჟულ სამუსიკო სცენებზე აკომპანიატორობას უწევდა. ნინო “კარნეგი ჰოლის” სცენაზე მოხვედრისთვის მშობლიური ქუთაისის სასწავლებლის მიმართ მადლიერებას გამოხატავს და ამბობს, რომ იქ საბაზისო ცოდნაც მიიღო და საკუთარი თავიც ჯეროვნად შეიცნო.
“ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელი დიდი და გამობრძმედილი ტრადიციების სასწავლებელია, სადაც პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტია დამკვიდრებული და რომელიც რთულ რეპერტუარსა და არტისტის შეფასების მკაცრ კრიტერიუმებს მოიაზრებს. ნიუ იორკში ჩემ სამომავლო გეგმებს ვუკავშირებ ორ დიდ პროექტს, რომლებსაც ამჯერად საიდუმლოდ დავიტოვებ,” – ამბობს ნინო ტყეშელაშვილი
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment