Thursday, March 21, 2019

ელეგია, კლარნეტი და „უპასპორტოდ… ცეცხლით პირში… მათქმევინეთ რამდენიმე სიტყვა”




ნიუ იორკის ფილარმონიის დეივიდ გეფენის სახელობის დარბაზში გამართული კონცერტი სახელად „ნიუ იორკის ისტორიები: ჩვენი ქალაქის ძაფები“ მსოფლიოს დედაქალაქის მუსიკალურ ისტორიაში ერთ–ერთი ძლიერ შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი მოვლენა გახდა. ქალთა მარშის, ანტიემიგრანტული განწყობებისა და მთავრობის მუშაობის რეკორდული ვადით შეჩერების ფონზე, როცა “ლინკოლნ ცენტრი” ფედერალურ თანამშრომლებს კონცერტებზე უფასოდ დასწრებას სთავაზობდა, სამი ამერიკელი კომპოზიტორის: სტივენ სტაკის (1949–2016), აარონ კოპლანდისა (1900–1990) და ჯულია ვოლფის (1958) ერთი შეხედვით არალოგიკური გაერთიანება, პერფორმანსის დასასრულს, “აზრზე მოსვლის” შემდეგ არც ისე ეკლექტურად მომეჩვენა. თუმცა ქალი კომპოზიტორის ნაწარმოებმა – „ცეცხლი ჩემ პირში”, რომელმაც ფინალში გაიჟღერა, იმდენად სრულად შთანთქა წინამორბედები, რომ შეიძლება ითქვას – ნაწარმოებების ამგვარი არათანაბარი ნაკრები ორგანიზატორების და, მათ შორის, სახელგანთქმული დირიჟორისა და “ფილარმონიკის” სამუსიკო ხელმძღვანელის ჯაფ ვან ზვედენის „მენეჯმენტურ უსამართლობას” უნდა დაბრალდეს.

პულიტცერის პრემიის მფლობელის სტივენ სტაკის „ელეგია, აგვისტო 4, 1964″, რომელიც აშშ–ის 36–ე პრეზიდენტის ლინდონ ჯონსონის დაბადებიდან ასი წლისთავისთვის დაიწერა, ამერიკის ისტორიის ორ ტრაგიკულ თარიღს ეხმაურება. იგი ეძღვნება ტონკინის ყურეში მომხდარ ორ ინცინდენტს, რომელშიც აშშ–ისა და ჩრდილოეთ ვიეტნამის სამხედრო–საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ. ამის შედეგი კი გახლდათ აშშ–ის კონგრესის მიერ ე.წ. “ტონკინის რეზოლუციის” მიღება, რომელმაც პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს ვიეტნამში სამხედრო ძალის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი მისცა. 1964 წლის 4 აგვისტოს მისისიპიში, ერთ–ერთი დამბის ქვეშ, იპოვეს ადამიანის უფლებების სამი აქტივისტი მამაკაცის სხეული. თავად კომპოზიტორი ასე იხსენებდა ნაწარმოების შექმნის მოტივაციას:


“მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა 1963 წელს, დალასში, კენედი მოკლეს. ერთი წლით გვიან კი მისისიპისა და ვიეტნამის ამბები მოხდა. მე ძალიან განვიცადე ეს მოვლენები და ამ თემაზე ვკამათობდი. როცა ჯინ შირმა (ცნობილი ამერიკელი ლიბრეტისტი) გამანდო თავისი იდეა ისეთი თემის აღმოჩენის თაობაზე, რომლის არსი 1964 წლის 4 აგვისტოს თარიღთან დაკავშირებით დაღუპულთა დედების განცდები იქნებოდა, მე მივხვდი, რომ განა უბრალოდ შევძლებდი ამაზე მუსიკის დაწერას. არა, მე ეს მუსიკა უნდა დამეწერა”.

კომპოზიციის პრემიერა 2008 ში, დალასში შედგა. “ელეგია” შფოთვით სავსე მუსიკაა, რომელსაც შესავალშივე ტრაგედიაში “შევყავართ” და რომლის ბოლო ნაწილი მინორული, ჰარმონიული და მონოტონური ხდება და შემდგომ კი უფრო იავნანას ემსგავსება, ვიდრე იმ განცდებს, რომელიც უდანაშაულოთა დაღუპვის ფაქტმა უნდა გამოიწვიოს





ფოტო: კრის ლი

„ყველაზე ამერიკელ კომპოზიტორად” წოდებული აარონ კოპლანდის „კონცერტი კლარნეტისთვის და სიმებიანი ორკესტრისთვის არფითა და ფორტეპიანოთი“ (1948) ეპოქების შეჯამების მუსიკაა. იგი სწორედ იმ ისტორიული მომენტის ასახვაა, როცა არა მარტო აშშ–ში, არამედ მთელ მსოფლიოში კლასიკურისა და არაკლასიკურის (მაგალითად, ჯაზის) მიმართ დამოკიდებულება იცვლება; როცა მუსიკალურ საზღვარს ორივე მხრიდან “უტევდნენ”. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ჯორჯ გერშვინის “ცისფერი რაფსოდია” (1924), სტრავინსკის “შავი ხის კონცერტო” (1945) და, რაც მთავარია, ჯაზ კლარენისტის ბენი გუდმანის (1909–1986) ინსტუმენტის ჟღერადობა. “სვინგის მეფემ” და “კლარნეტის პატრიარქმა” 1938 წელს “კარნეგი ჰოლში” თავისი ისტორიული პერფორმანსი გამართა, რითაც ჯაზი, ასე ვთქვათ, რესპექტაბელური მუსიკის რაგნში გადაიყვანა. ეს ის პერიოდია, როცა დაიბადა ბარტოკის “კონტრასტები” (1938) და ჰინდემიტის “კლარნეტის კონცერტი” (1947). 2019 – ში კი ნიუ იორკის ფილარმონიის სცენაზე, ჩემი აზრით, გენიალური თანამედროვე კლარნესტისტი ენტონი მაკგილის (1991) ინსტრუმენტი ძალიან ლაღად დასეირნობდა სხვადასხვა რეგისტრებს შორის და ისეთი სიმსუბუქის განცდას ტოვებდა, რომ უმალ გავიწყებდა, თუ როგორი ტექნიკური სრულყოფილებისა და ძალისხმევის შედეგია ეს სილაღე.

***

„უპასპორტოდ და აუარაფროდ“ – ასე იწყებს ქალთა ქორო თავის გოდებას და სცენის კედელზე მუსიკის ვიზუალიზაციისთვის ჩამოშლილ, არც მთლად თეთრ ეკრანზე ჩნდება ტანსაცმლის თარგი. ამ თარგითაა “შემოკავებული” ემიგრაციის გადაწყვეტილებაც, უკეთესი მომავლის ცხრა მთას იქეთ ძიებაც, ოკეანის გადამლახავი გემიც, წყლის ტალღებიც, რომელიც დრო და დრო ბრჭყვიალა ოქროსფერში ისე გადადის, რომ ცეცხლის ალს ემსგავსება და იმ პური არსობის, იგივე საკერავი მანქანის ნემსის მონოტონური მოძრაობაც, რომელიც ბამბისა თუ სხვა ქსოვილებს აგვირისტებს; ფაბრიკაში მუშაობაც, სოციალური პროტესტიც და ხანძრისგან თუ ქვაფენილზე დანარცხებით სიკვდილიც. ვიდეოხატებით ისეთი განცდა გებადება, რომ თითქოს ცეცხლი ნემსისა და ნაჭრის შეხებით წარმოქმნილი ნაპერწკლისგან ჩნდება; აქაა თავისუფლების ქანდაკება და მისი ცოცხალი და მკვდარი “ორეულებიც”: ქალები, ემიგრანტები, XX საუკუნის დასაწყისისთვის პოპულარული სტილის ტანსაცმელში, რომელიც სუფრაჟისტებს ეცვათ; თეთრ ფართესახელოიან და მაღალყელიან, მაქმანებიან ზედებში, რომელსაც Shirtwaist –ს (ინგლისური ბლუზა) უწოდებდნენ და რომელიც მამაკაცის პერანგის გაფემინურების შედეგი იყო; თავზე დიდი და არც ისე დიდი ვარცხნილობებით, შავ გრძელ, “კუდიან” ქვედაკაბებში; სევდიანი მზერით, თითქოს იციან, რა ელით, მაგრამ ჯერ ეს “შირტუისტებია” შესაკერი… ცოცხლები, მოძრაობაში, სევდიანი ღიმილით, ფოტოგრაფის წინაშე პოზირებით. ამ ქალების კოლექტიურმა ფოტოებმა რატომღაც მომაგონა ასი წლის წინ, თბილისში ვორონცოვის სასახლის კიბეებზე ჩვენი დამფუძნებელი კრების წევრების შავ – თეთრი ფოტოები, რომელიც ისტორიული ხვედრისა და მარცხის მატარებელია… ეს კი ფოტოებია იმ ქალების, რომლებიც სამშობლოში დევნას, უსამართლობას და სიღარიბეს გამოექცნენ და “ამერიკული ოცნებისთვის” ჩამოვიდნენ, მაგრამ სასიკვდილოდ განწირულნი, ცეცხლში დამწვარნი და ბოლისგან გაგუდულნი აღმოჩნდნენ… ფოტოხატები ინახავს ეპიზოდებს ნიუ იორკის “ტრიანგელის” სამი ბოლო სართულის გაშავებული ფანჯრებიდან გამოვარდნილი ცეცხლის ენებისკენ მიმართული სახანძროების შლანგების სიგრძეს, თავისი უსუსური წყლის ჭავლებითა და მუზარადებიანი მამაკაცი მეხანძრეების შავი სტატიური ფიგურებით.

კომპოზიციისთვის “ანტრაციტის ველი” (2015) პულიტცერის პრემიის მფლობელის ჯულია უოლფის კლასიკური ჟანრის ნაწარმოები “ცეცხლი ჩემ პირში” (2018) ჩემნაირი ემიგრანტისთვის ორმაგი დატვირთვის ტექსტია – თავისი ტრაგიკული კრეშჩენდოებითა და პროტესტის “სოციალური მუხტის” მუსიკით. ისეთი განცდა გებადება, რომ ავტორი ხანძარს რამდენჯერმე აჩენს და მუსიკალურად ისევ და ისევ იმ საბედისწერო სცენებს “გადაითამაშებს”. რომ არა ეკრანული იმიჯები და გუნდის მომღერალი ქალების მოძრაობები, შეიძლება გეგონოს, რომ მუსიკა არა ადამიანების დაწვის ისტორიის ოთხი თავია (ემიგრაცია, ფაბრიკა, პროტესტი და ხანძარი), არამედ მხოლოდ ცეცხლმოდებულობის მუსიკალური რეფრენი, რადგანაც ოთხივეს მინორულ–მაჟორული აპოკალიფსური ინტონაცია ახლავს… როგორც “ოთხი ხანძარი” ანუ ოთხჯერ უფრო მეტი მსხვერპლი




ფოტო: კრის ლი

ძალიან ემოციური მუსიკალური სიუჟეტი, რომელიც არა მარტო ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში ადამიანისა და მანქანის კონფლიქტის და ამერიკული Triangle Shirtwaist Factory Fire (სამკუთხედის ინგლისური ბლუზას ფაბრიკის ხანძარი) ტრაგედიის მუსიკალური რემინისცენციაა, არამედ თავად კომპოზიტორის მორალური ორიენტირის სავიზიტო ბარათიც, სისტემის დაუნდობლობის მტკიცებულება და პროტესტის, გნებავთ, ამერიკელი ქალების წინააღმდეგობის ქრონოლოგიის და, უპირველესად, ნიუ იორკის სისხლიანი ისტორიის ორგანული ნაწილიც. რამდენჯერაც ჩავუარე ამ შენობას, რომლის ბოლო სართულებისკენ ახედვა მიჭირს, იმდენჯერ, თითქოს მაღალი სართულების დახუთულ ოთახებში გრძელ მაგიდასთან მსხდომთა საკერავი მანქანების არარიტმული ხმა, ადამიანების მისალმება–დამშვიდობება მესმის… ისევე, როგორც “მსოფლიო სავაჭრო ცენტრის” მიდამოებში თითქმის ოცი წლის წინანდელი ტრაგედიის ალაგს ზევით აიხედავ და თითქოს ხედავ ტრაგედიამდე ერთი წამით ადრე, როგორ იღებს “ოფისის თანამშრომელი” ქსეროქსის მანქანიდან გადაბეჭდილ ასლებს სიკვდილამდე ერთი წამით ადრე და მერე კი ეს ფურცლები ჩამოშლილი შენობის გვერდით ჰაერში ფანტელებივით ცვივა.

მშრომელი ადამიანის ისტორიის მკვლევარი მუსიკოსის, ჯულია უოლფის ასი წლის წინანდელი ტრაგედიის მულტიმედიურმა, შოკისმომგვრელმა, იმერსიულმა, ერთსაათიანმა ორატორიამ, რომელიც ნიუ იორკის ფილარმონიამ არამელოდრამატულად, არამედ – ექსტრემალურ როკ–ოპერულ (რეჟისორი ანა კაუფმანი, დიზაინერი ჯეფ საგი) სტილში შეასრულა, თითქოს პერფეორმანსის ბოლოს თვალი ჩაგვიკრა.

სცენაზე იდგა ქალი კომპოზიტორი, ნახევარსაათიანი ცეცხლისგან 146 დაღუპულის ალუზია – 146 წინსაფრიანი ქალი და გოგონა მომღერალი: 36 ქალისგან შემდგარი ქორო – გრემის ჯილდოს მფლობელი ფილადელფიური გუნდი სახელად “გადაკვეთა” და 110 გოგონა “ნიუ იორკის ახალგაზრდული გუნდიდან”, რომელიც ორკესტს კომპოზიციის ფინალური თავის (სახელად “ხანძარი”) პერფორმანსს აუდიტორიის გასასვლელებიდან შემოუერთდა… ორკესტრის 80 მუსიკოსთაგან ჩემი ზედაპირული დათვლით, ნახევარს ქალები წარმოადგენდნენ; დირიჟორის მარცხენა ფლანგზე ინსტრუმენტელისტები შავებში ჩაცმული აზიური წარმოშობის მევიოლინე ქალები ისხდნენ, ალბათ, ასე 25-ნი. ამ დარბაზს გარეთ, ფოიეში კი “ტრიანგელის ხანძარს” მიძღვნილი გამოფენის გვერდით ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრის პირველი ქალის, არფისტის, ავსტრიელი ემიგრანტის, სტეფანი გოლდნერის ფოტოა. ამგვარი ცნობები სახელწოდებით – “პირველი ქალი”, უამრავია ნიუ იორკისა თუ სხვა ამერიკული ქალაქებისა თუ დაბების ორგანიზაციებში, დაწყებული საავადმყოფოებიდან ვიდრე ჯაზ კლუბებამდე.




კომპოზიტორი და დირიჟორი. ფოტო: კრის ლი

და კიდევ, რაც ჩემ თვალს ვერ გამორჩა: საუკუნის წინ 146 დაღუპულთა (ძირითადად აღმოსავლელი ევროპელი ებრაელები და სამხრეთელი იტალიელები) შორის, 23 მამაკაცი იყო, (მათ შორის, ყველაზე უმცროსი, 17 წლის), თუმცა საეკრანო ხატებში მხოლოდ ქალები ჩანდნენ. შესაძლებელია, იმიტომ, რომ მათი ფოტოები ისტორიამ ვერ შემოინახა?… აქ და ამჟამად კი ნიუ იორკის ფილარმონიის სცენაზე იმ 23 –ის “სულსაც” ქალები და გოგონები წარმოადგენდნენ. ჯულია უოლფი ამბობს, რომ მას არ უნდოდა დაღუპულები მსხვერპლად გამოეყვანა, არამედ – მებრძოლებად და მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანების კოლექტიური ხმა, შესმენილი იყოს, რომ მისთვის ისტორიული კვლევითი პროცესი, ფაქტობრივად, საკუთარი ევოლუციის პროცესია…

დოკუმენტალისტი კომპოზიტორის ინსპირაცია კი უკრაინელი ემიგრანტის, ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის მებრძოლის, პროფკავშირების აქტივისტის, კლარა ლემლიჩის (1886-1982) ზღვრულად სიმბოლური სიტყვები გახდა. ლემლიჩი (რომლის მშობლები “პოგრომებს” აშშ–ში გამოექცნენ, დაქირავებულმა ბანდიტებმა სასტიკად სცემეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს) უხეშ ძალას არ შეუშინდა, მალევე ჩადგა თავის ჩვეულ ფორმაში. ადამიანის სამუშაო უფლებების გარდა ლემლიჩი სხვა კამპანიურ აქტივობებსაც აწყობდა და სიცოცხლის ბოლომდე, როგორც ახლა ამბობენ, თავის სამოქალაქო პოზიციას აფიქსირებდა. მაგალითად, გაეროს მიერ “გენოციდის კონვენციის” რატიფიცირების საზოგადოებრივი ლობირებითა ანდა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ აქციების დაგეგმვით… მოგვიანებით კლარამ ასე დაახასიათა თავისი განვლილი ცხოვრება: “ეჰ, მაშინ მე პირში ცეცხლი მქონდა!”




კლარა ლემლიჩი

1909 წლის ნოემბრის დასაწყისში ნიუ იორკში კლარას თაოსნობით გაიმართა ცამეტკვირიანი გაფიცვა, რომელიც “20 000 ადამიანის აჯანყებადაა” ცნობილი და რომელშიც ათასობით ებრაელმა ქალმა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა. ისინი აპროტესტებდნენ ქალაქის ასობით საწარმოში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობას – სამუშაოს ხანგრძლივობას, შეუსაბამო პირობებს, დაბალ ხელფასს. ეს ქალები ცვლილებებს მოითხოვდნენ. იმ დროისათვის “ტრიანგალის ფაბრიკა” იყო ერთ–ერთი უმსხვილესი ნიუ იორკული საწარმო, რომელიც დღეში ქალის ორ ათასზე მეტ ზედატანს კერავდა. სულ ნიუ იორკში ამდაგვარი 450 დაწესებულება არსებობდა. მაგრამ ამ მასობრივ პროტესტს, პრინციპში, დიდი საკანონმდებლო ძვრები არ გამოუწვევია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფაბრიკას, რომელმაც პროფკავშირებთან შრომის პირობების უსაფრთხოების ვალდებულება აიღო. მათ რიცხვში არ იყო “ტრიანგელის” საწარმო. სამაგიეროდ 146 გვამის (დაღუპული ქალების ასაკი 14 – დან 43 მდე მერყეობდა) შემდეგ ნიუ იორკის შტატმა 33 ახალი კანონი მიიღო, რომელიც შრომითი პირობების გაუმჯობესებას ეხებოდა. მფლობელები არაგანზრახ სიცოცხლის მოსპობის პუნქტში გაამართლეს. მათ რამდენიმე ათეული სამოქალაქო სარჩელი დააკმაყოფილეს თითოულ წართმეულ სიცოცხლზეც 75 დილარის გადახდით. ამ ტრაგედიის უშუალო მოწმე, ფრენსის პერკინსი კი მოგვიანებით პრეზიდენტ რუზველტის მთავრობაში შრომის მინისტრი გახდა. მკერავმა ფანი ლანსნერმა კი რამდენიმე სიცოცხლე გადაარჩინა მანამ, სანამ თვითონ მეცხრე სართულიდან გადახტებოდა…

ჯულია უოლფის არარელიგიური ქორალების ტექსტები ემიგრანტთა ზეპირი ისტორიების, საგაზეთო ამონარიდებისა და ღმერთს მინდობის გზავნილებია, თავისი რეფრენებითა და საკერავი მანქანების ხმაურს მიმსგავსებული “პასაჟებით”. ამის გამოხატვაში კი კომპოზიტორს ეხმარება როგორც სვე–ბედის უსამართლობაზე ნამღერი იტალიური და იუდაისტური ხალხური მუსიკა, ასევე კონკრეტული მუსიკის ვოკალური ტონების კოლაჟი – მონოტონური კითხვა, ბზუილი, ზუზუნი, ბუტბუტი, კაკუნი, ჟღარუნი, ერთგვაროვანი პერკუსია და ამ ხმების არატურბულენტური ათქვეფა.

ვიოლინოსა და ვოკალის აბერაციები, რომელიც საკერავი მანქანის “მელოდიას” ჰგავს და ქოროს ქალების დიდი, “პალტოს მაკრატლების” ტკაცუნი, (ალუზია “საპროტესტო ქვაბებზე” პერკუსიის), მხოლოდ პროტესტის საიდენტიფიკაციო საშუალება კი არაა, არამედ თავად ნაწარმოების შემსრულებელი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც, როგორც ჯულია უოლფი ამბობს, მას ინტუიციამ უკარნახა. ორკესტრს მიღმა მიმდინარე მუსიკალური “აქცია” კი ისეთი გადამდები მუხტის შემქმნელი იყო, რომ ლამის მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და ქალთა არტპროტესტს სოლიდარობა გამოუცხადა. პირადად მე ისევე დავიტვირთე, როგორც ბავშვობაში პირველად შოსტაკოვიჩის მეშვიდე სიმფონიის მოსმენისას, ოღონდ სიმფონია ბლოკადურ ქალაქში “ლენინგრადული” გაჩახჩახებული ჭაღების ფონზე სრულდებოდა, ჯულია უოლფის “სიმფონია” კი “ცეცლმოკიდებულ სცენაზე” და ჩაბნელებულ აუდიტორიაში; ოღონდ 1942 წელს დარბაზში შიმშილისგან გათანგული მელომანები და სამხედროები ისხნდნენ; აქ კი პრემიერაზე უთოვლო ზამთრის ნიუ იორკის აიფონიანი ძველი და ახალი ემიგრანტები, ასი წლის წინათ დაღუპულთა ნათესავები, მუსიკოსების ახლობლები, ჩემ უკან სცენას აკონტროლებდა რატომღაც დარბაზის ცენტრში განლაგებული განათების თუ ხმის კომპიუტერული ცენტრი, პრემიერის შემდეგ კი “მწვანე ოთახში” კომპოზიტორის კერძო მიღება უნდა გამართულიყო სპეციალურად დასაშვებთა სიითა და შამპანურით.

ნიუ იორკის ფილარმონიის ჰოლში, ფაშიზმს გამოქცეული გერმანელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ბრუნო უალტერის სახელობის გალერეაში ცნობილი მუსიკოსების ფოტოებისა და დოკუმენტაციის გვერდით მინაში ჩასმულ ექსპოზიციის ცენტრი გახლდათ მანეკენს მორგებული ქალის თეთრი ზედა, სწორედ ის საბედისწერო ინგლისური ბლუზა. მარჯვნივ და მარცნივ კი 2011 წლის 25 მარტს, 16:30 ზე ნიუ იორკის ცენტრში, მანჰეტენზე გრინვიჩ ვილიჯში ქვეყნის ერთ–ერთი სამრეწველო, სოციალური, პოლიტიკური, გნებავთ კულტურული ტრაგედიის ამსახველი საარქივო/საგაზეთო ამონარიდები. იქვე გამოფენილი იყო კოალიციის – “გახსოვდეს სამკუთხედის ხანძარი” წევრის, რობინ ბერსონის მიერ შემქნილი “ხანძრის საბანი”– დაღუპულთა პორტრეტებით, სახელ–გვარითა და ასაკის მითითებით.





















XX საუკუნის დასაწყისში, ნიუ იორკში, “ვაშინგტონ ფლეისზე” აგებული ნეორენესანსული შენობა ცნობილი იყო თავისი ცეცხლგამძლე ფანჯრებით. ამ შენობის პატრონი გახლდათ მაგნატი ჯორჯ აში; ხოლო ფაბრიკა, რომელიც ზედა სამ სართულზე იყო განლაგებული და სადაც არც ელემენტარული უსაფრთხოების და არც სანიტარული, მათ შორის, ვენტილაციის, წესები არ იყო დაცული, რუსი ემიგრანტების, მაქს ბლანკისა და ისააკ ჰარისის საკუთრება გახლდათ. სამივე სართული ადვილად აალებადი ნივთებით, ნაჭრებით, ქაღალდებით იყო გადავსებული, რამაც ცეცხლის ელვის სისწრაფით გავრცელებას შეუწყო ხელი. შენობაში მხოლოდ ერთი სახანძრო კიბე იყო. შიდა კიბეები დაბლოკილი იყო, ლიფტმა რაღაც პერიოდი მერვე სართულიდან ჩაიყვანა ხალხი, მერე კი მაღალი ტემპერატურის გამო ვერ იმუშავა… ყველაზე ცუდ დღეში მეცხრე სართულზე მყოფნი აღმოჩნდნენ. ადამიანები ან იგუდებოდნენ, ან ფანჯრიდან ხტებოდნენ. სტატისტიკაც კი არსებობს – ფანჯრიდან 62 გადახტა, აქედან 50 ქალი. ათსართულიან შენობაში ცეცლსაქრობი არ არსებობდა. ის კი არა, სახანძრო მანქანებიც არ იყო აღჭურვილი ისეთი კიბეებით, რომელიც ექვს სართულზე მეტი სიმაღლის იქნებოდა. ის ერთადერთი სახანძრო კიბეც ისეთი მოკლე იყო, რომ მისგან ქვაფენილზე ჩამოხტომისას, ადამიანები დაშავდნენ, დაიღუპნენ. მკერავები ყოველ დღე 14 საათი ჩაკეტილ კარს მიღმა მუშაობდნენ, რადგან მეპატრონეები ასე “ამონიტორინგებდნენ” დაქირავებულების სამუშაოში სრულ ჩართულობას. და ამ ჩარაზულ კარს თუ ფანჯარას მიმწყდარმა ხალხმა ერთმანეთი გადაჯეგა… ამბობენ, რომ ხანძარი ნაგვის ყუთიდან გაჩნდაო, ჩაგდებული სიგარეტისგან… 141 მაშინვე დაიღუპა, ხუთი – მოგვიანებით და, ალბათ, მაშინაც ამ ყველაფერს სიტყვები “დანაშაულებრივ გულგრილობა” დაიტევდა.































1929 –ში უძრავი ქონების მაგნმატმა ფრედეკირ ბრაუნმა “ტრიანგელი” შეისყიდა და საჩუქრად ნიუ იორკის უნივერსიტეტს გადასცა, 2003 – იდან კი იგი ქალაქის ისტორიულ ღირშესანიშნაობათა სიაშია. შენობის სამხრეთ–აღმოსავლეთით სამი მემორიალური დაფაა, რომელიც საუკუნის წინ დატრიალებულ ტრაგედიას შეგვახსენებს. მე კი, ტრიანგელთან რომ ჩავივლი, ქობულეთისა და ბათუმის სასტუმროებში გაგუდული ადამიანები მახსენდება.




ჯულია უოლფის მუსიკის საპროტესტო–მაჟორული პათოსი თითქოს “ომის გარეშე არ ჩაგბარდებით” ინტონაციისა, მაგრამ… თენდება და ამ ადამიანების ნაკადი იმ ფაბრიკაში მიდის იმისთვის, რომ სახლამდე მისასვლელი/ სახლიდან გამოსასვლელი ფული მაინც გამოიმუშავონ და ასე – ყოველ დღე ვიდრე ბუნებრივ ანდა არაბუნებრივ სიკვდილამდე. ამ ტრაგედიის “ოპტიმისტური” ფინალი კი ის გახლავთ, რომ ვისაც ევალებოდა, იმან სამუშაო პირობებისა და უსაფრთხოების ნორმები შეცვალა, ხოლო ჭირისუფლებმა ე.წ. კომპენსაციები მიიღეს. კომპოზიციის ბოლოს ქალების გუნდი დაღუპულთა სახელ–გვარებს ასახელებს და ეკრანზეც 146 – იანი სია ისე ჩნდება, როგორც ფილმის დასასრულს – წვრილად დაწერილი ტიტრები, რომელსაც არავიც და ვერავინ კითხულობს…

ეს იყო ცეცხლი, რომელმაც შეცვალა ამერიკა, ჯულია უოლფის “ხანძარმა” კი მოგვითხრო იმაზე, თუ რამ შეცვალა ამერიკა.

I. ემიგრაცია

“უპასპორტოდ და უარაფროდ

ჩვენ გემზე დავჯექით…

ხუთი გოგონა, სიღარიბისგენ გატეხილები

და ღმერთმა უწყის რა მომავალი გველოდება”.

II. ფაბრიკა

“ნემსით და უნემსოდ

მე ვკერავ დიდი ღირსების გრძნობით.

რადგანაც ჩემი სამუშაო

შაქარივით ტკბილია…”



III. პროტესტი

მე მინდა ვილაპარაკო, როგორც ამერიკელმა

მე მინდა გავიღიმო, როგორც ამერიკელმა

მე მინდა ვილოცო, როგორც ამერიკელმა

მე მინდა ვიოცნებო, როგორც ამერიკელმა

მე მინდა ვიყვირო, როგორც ამერიკელმა

მე მინდა ვიგრძნო, როგორც ამერიკელმა

დავიწვა, როგორც,

დავიწვა როგორც,

დავიწვა, როგორც…



კლარა ლემლიჩის სიტყვიდან : “ეჰ, მაშინ მე პირში ცეცხლი მქონდა”



გოგონების გუნდი: “ცეცხლი, ცეცხლი, ცეცხლი, ცეცხლი, ცეცხლი, ცეცხლი, ცეცხლი, ცეცხლი, ცეცხლი…”

“მათქმევინეთ რამდენიმე სიტყვა. მე ვარ მუშა გოგო. ერთ–ერთი ვინც იფიცება აუტანელი პირობების გამო”

IV. ხანძარი

“და როცა დავინახე იგი მუხლებზე დაჩოქილი, მას თმები გაეშალა

და მისი კაბის კუდი ცოტა შორს იყო მისგან.

და მერე უცებ დიდი სუნი მოვარდა

და მერე აღვნიშნე, რომ მისი კაბის კუდი და მისი თმები

დაიწვა როგორც

დაიწვა როგორც,

დაიწვა როგორც,

დაიწვა, როგორც,

დაიწვა, როგორც

დაიწვა

(ამონარიდი Milwaukee Journal – ის რეპორტიორის თვითმხილველისგან აღებული ინტერვიუდან)

V. დაღუპულთა სია

ლიზი ადლერი, ანა ალტმანი, ანინა არდიტო, როუზ ბასინო, ვინჩენცა ბენანტი, იეტა ბერგერი, მორის ბერნსტინი, ჯეიკობ ბერსნიტინი, ესი ბერნსტინი, ჯუსი ბიერმანი, ვინჩენცა ბილოტა, აბრაჰამ ბინოვიცი, როზი ბრენმენი, სარა ბრენმენი, იდა ბროდსკი, სარა ბროდსკი, ადა ბრუკსი, ლაურა ბრუნეტი, ჯოზეფინ კამარატა, ფრანცესკა კაპუტო, ჯოზეფინა კარლიჩი, ალბინა კარუზო, ანი ჩიმინელო, როსიანა ჩირიტო, ანა კოჰენი, სარა კუპერი, მიჩელინა კორდიანო, ბესი დაშევსკი, კლარა დოკმენი, კალმან დონიკი, სელია ეიზენბერგი, დორა ევანსი, რებეკა ფიბიჩი, სონია ვისოცკი, მარია მანარია, ემილია პრატო, სანტინა სალემი, ტერეზა შმიდტი, ბერთა უენდორფი, პაულინა პევინი, იზაბელა ტორტორელი, ფრიდა ველაკოვსკი, ჯეიკობ სელცერი, ფანი როუზენი, ლუის როუზენი, ისრაელ როუზენი, ჯულია როუზენი














08.02.2019
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment