ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში (2006–2010), კიევის ოთხი უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოსა და ლატვიის ეროვნული აკადემიების წევრი რაულ ჩილაჩავა 1967 წლიდან კიევში ცხოვრობს. 2022-ის 24 თებერვალს იგი იძულებული გახდა უკრაინის დედაქალაქი დაეტოვებინა და ოჯახთან ერთად უსაფრთხო ადგილისკენ გამგზავრებულიყო.
„ეს ომი აუცილებლად იქნება დიდი ლიტერატურის თემა, სადაც ყველა ჟანრისთვის მოიძებნება ადგილი“- ამბობს რაულ ჩილაჩავა, „– ყველაზე ადრე მის ემოციურ ასახვას, ალბათ, მაინც პოეზია და დოკუმენტური პროზა ანუ ნონ-ფიქშენი მოახერხებენ.
ათი-თხუთმეტი წლის წინ რუსეთ-უკრაინის ომზე ფიქრიც კი აბსურდად მიმაჩნდა. პირველი ეჭვი მაშინ გამიჩნდა, როცა წავიკითხე ერთი რუსი ავტორის წიგნი „ბრძოლის ველია უკრაინა“, სადაც აღწერილია, თუ როგორ ახდენს რუსეთი ყირიმის ანექსიას და სამხედრო ძალის გამოყენებით ცვლის მისთვის მიუღებელ ხელისუფლებას კიევში. როცა 2014 წელს მაიდანზე მომიტინგეები დახვრიტეს, დონბასის დიდი ნაწილი მიიტაცეს და ყირიმი მართლაც ვერაგულად მიიერთეს, ვირწმუნე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არა მარტო შესაძლებელია, გარდაუვალიც. ამ რწმენას სულ უფრო მიმტკიცებდა პუტინის უკიდურესად აგრესიული ანტიუკრაინული რიტორიკა, მილიტარისტული განცხადებები და პრაქტიკული ნაბიჯები.
რა იყო თქვენთვის ამ ომის დაწყების ყველაზე უტყუარი ნიშანი?
არა მარტო ჩემთვის, მთელი მსოფლიოსთვისაც ომის დაწყების უტყუარი ნიშანი იყო პუტინის ვითომ პირდაპირ ეთერში ჩატარებული უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც მან კიევი დაადანაშაულა მითიური „დონბასელი ხალხის“ გენოციდში, ფაშისტურ რეჟიმში და განაცხადა, უკრაინასთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზა ამოწურულიაო. მე, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ რუსეთი უკვე რვა წელიწადი ებრძოდა უკრაინას, მაგრამ საჯაროდ მას უარყოფდა და იფიცებოდა, დონბასში ადგილობრივი ტრაქტორისტები იბრძვიანო. 22 თებერვალს ოკუპანტმა ნიღაბი ჩამოიხსნა და მოხდა ის, რისი წარმოდგენა თითქმის წარმოუდგენელი იყო.
რამდენად ძლიერი იყო უკრაინაში რუსული პროპაგანდა?
ბოლო დროს რუსული პროპაგანდა უკრაინაში უკიდურესად შეზღუდული იყო. აკრძალეს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული არხების მაუწყებლობა, ოფიციალურად დახურეს რამდენიმე ანტიუკრაინული არხი და პორტალი, რამაც შესამჩნევად შეასუსტა მოსკოვის მედიაგავლენა კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ომის პირობებში რუსული პროპაგანდა უკვე კრიმინალური დანაშაულია და ამ დღეებში იგი არც მსმენია.
როგორი სულისკვეთებაა ახლა უკრაინაში?
სულისკვეთება ცალსახაა – ზიზღი პუტინისა და მისი კლეპტოკრატი ბანდის მიმართ, რომლებიც უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ საერთაშორისო სამართლის სრული სიმკაცრით.
ქვეყნის შეიარაღებული ძალები შემოსეულ ურდოს ებრძვიან შესაძლებლობების ზღვარზე, ყალიბდება მოხალისეთა ლაშქარი, მიდის რეზერვისტების სრული მობილიზაცია. პუტინმა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ გააერთიანა იდეურად დაქსაქსული უკრაინა, ერთ მუშტად შეკრა ყველა, ვისაც არ სურს რუსეთის ანტიხალხურ, დესპოტურ სახელმწიფოში დაბრუნება. ამის მკაფიო მაგალითებია რუსულენოვანი ხარკოვის, მარიუპოლისა და ხერსონის შეუპოვარი წინააღმდეგობა, რომელსაც ისინი უწევენ მათი ინტერესების არამკითხე დამცველებს.
დასავლეთის მხარდაჭერაც უმნიშვნელოვანესია. გულახდილად ვიტყვი: სულ ბოლო დრომდე დასავლეთის რეაქცია არ მიმაჩნდა საკმარისად, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთს მტკივნეული სანქციები დაუწესეს, მისთვის “სვიფტის” გამორთვაზე შეთანხმდნენ და უკრაინა მნიშვნელოვნად შეაიარაღეს, სხვანაირად ვფიქრობ: ეს უკვე დიდი საქმეა. ახლა თითქმის დარწმუნებული ვარ, რაც უფრო გააძლიერებს რუსეთი აგრესიას, მით უფრო მწვავე და დამანგრეველი იქნება დასავლეთის სანქციები.
რაულ ჩილაჩავა ლატვიის პრეზიდენტ ვაირა ვიკე-ფრეიბერგასთან ერთად.
თქვენ როდის დატოვეთ კიევი და სად გაემართეთ?
24 თებერვლის დილის ოთხ საათზე გამაღვიძა უფროსი ვაჟის ზარმა, კიევს ბომბავენო. მალე აფეთქებების თუ საზენიტო ზალპების ხმაც მომესმა. ისროდნენ ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის მიდამოებში. ჩავრთე რადიო და ტელევიზორი, სადაც უკვე აცხადებდნენ, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს რამეს ველოდი, ეს მაინც ფანტასმაგორიულად ჟღერდა და დაჯერება მიჭირდა.
ჩემი სახლის გვერდით დიდი სუპერმარკეტია, სადაც ბანკომატის რამდენიმე აპარატი დგას. უმცროსი ვაჟი, რომელიც ჩემთან ცხოვრობს, მაშინვე გავიდა ფულის მოსახსნელად, მაგრამ ხელმოცარული დაბრუნდა – იქ უკვე უშველებელი რიგი მდგარიყო. დღის განმავლობაში სიტუაცია დაიძაბა, ქალაქში გამოჩნდნენ რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული რაზმები, დაიწყო სროლები. მივხვდით, რომ ადგილზე დარჩენა სახიფათოა და გადავწყვიტეთ სასწრაფოდ დაგვეტოვებინა კიევი.
გზად რისი მოწმე იყავით?
გადაწყვეტილების მიღებისთანავე ჩავალაგეთ ე.წ. “საგანგაშო ჩემოდნები” და ორი მანქანით დავადექით დასავლეთი უკრაინის გზას ჩემს ორ ვაჟთან, რძალთან, ორი წლის შვილიშვილ ევასთან და საყვარელ ფინია ძაღლთან, ჩაპასთან ერთად. უკრაინის ზეცა უკვე დაკეტილი იყო და სადმე გაფრენა შეუძლებელი იყო. ლატვიაში ვერ წავიდოდი, რადგან ბელორუსიის ანუ იგივე რუსეთის ტერიტორია უნდა გაგვევლო. გვრჩებოდა მარტო დასავლეთი უკრაინა – ჩემი რძლის სამშობლო.
ავირჩიეთ შემოვლითი გზა, რადგან ცენტრალურ მაგისტრალზე შეიძლებოდა მტრის დესანტს გადავყროდით ან სულაც ავიაციას დავებომბეთ. ჩვენისთანა “ჭკვიანი”, რომლებსაც იგივე მარშრუტი შეერჩიათ, მრავლად გამოდგა და სულ მალე მანქანების უზარმაზარ კოლონაში აღმოვჩნდით.
რაულ ჩილაჩავა
რა პრობლემები იყო გზაში, ახლა სად ხართ და რას მოელით?
გზაში, რომელსაც პირველხარისხოვანი არ ეთქმოდა, ერთადერთი პრობლემა საცობები იყო, რასაც ჩვენვე, დევნილები ვქმნიდით. პირველ ეტაპზე ბლოკპოსტები არ შეგვხვედრია, ისინი ცოტა მოგვიანებით გამოჩნდნენ. არსად გავუჩერებივართ, მაგრამ წინ ნელა მივიწევდით. 600 კილომეტრის გავლას ზუსტად 24 საათი მოვანდომეთ.
დავბინავდით ლვოვის ოლქის ერთ კოპწია ქალაქში, რომელსაც ბროდი ჰქვია. მატიანეებში იგი 1080 წლიდან იხსენიება და ცნობილია იმით, რომ აქ ებრაელთა ერთ-ერთი უძლიერესი თემი ცხოვრობდა. ისააკ ბაბელის ძირი აქედანაა, ისევე, როგორც იოსიფ ბროდსკისა. საერთოდაც გვარი ბროდსკი ამ ქალაქიდან წარმოდგება.
ოჯახში გვეპატიჟებოდნენ, მაგრამ მე და უმცროსმა ვაჟმა თემურმა სასტუმრო ვარჩიეთ, თუმცა ბალიშზე თავის მიდება ვერ მოვასწარით, რომ სირენები ჩაირთო – გამოცხადდა საჰაერო განგაში და პირდაპირ სასტუმროს ქვეშ არსებულ თავშესაფარში აღმოვჩნდით. ერთი დღის მანძილზე ხუთჯერ მოგვიხდა იქ ჩასვლა, მტრის უპილოტო თვითმფრინავები ზედიზედ არღვევდნენ ოლქის საჰაერო საჰაერო სივრცეს. მერე მივხვდი: ლვოვში ევაკუირებულია კიევში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობა და მტერი ამგვარად ცდილობს მათ დაფრთხობას.
მომდევნო დღე მშვიდი გამოდგა და, მადლობა ღმერთს, არავის შევუწუხებივართ. ჩვენ მაინც თავი დავიზღვიეთ და რძალი შვილიშვილთან ერთად კარპატებში გავხიზნეთ, ვაჟები კი ადგილობრივ მოხალისეებში ჩაეწერნენ.
28.02.2022
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment