Tuesday, September 30, 2025

გენდერული და სექსუალური ძალადობა, როგორც ომის იარაღი ქალების წინააღმდეგ უკრაინაში




 ინტერვიუ უკრაინაში სოფლად მცხოვრებ ქალთა ბიზნეს-ქსელის პროგრამის დირექტორთან, ECA Beijing+30-ის რეგიონული სამეთვალყურეო კომიტეტის წევრ ოლექსანდრა ხარმაშთან.


უკრაინელი ქალები, ფემინისტები და ომი. როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა?

გაეროში და სხვა ფორუმებზეც უკრაინის წარმომადგენლები ყურადღებას ვამახვილებთ უკრაინელ ქალებზე რუსეთის აგრესიის დამანგრეველ გავლენაზე, მთლიანად ქვეყნის მდგომარეობაზე. ძირითადი საკითხებია გენდერული ძალადობა, ეკონომიკური სირთულეები და გარემოს განადგურება. უკრაინელი ფემინისტები და ქალთა ორგანიზაციები წინა ხაზზე დგანან, სამართლიანობისთვის იბრძვიან, დანაშაულების დოკუმენტებს ქმნიან და გლობალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.


დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია გენდერული და სექსუალური ძალადობა, რომელიც ომის იარაღად გამოიყენება. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ სექსუალური ძალადობის სტატისტიკის ფართო და მკვეთრი მომატება გამოიწვია, განსაკუთრებით, ოკუპირებულ და ყოფილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


უკრაინული ორგანიზაციები იმის უზრუნველსაყოფად მუშაობენ, რომ ეს დანაშაულები აღიარებული იყოს, დამნაშავეები გასამართლდნენ, დაზარალებულებმა კი საჭირო მხარდაჭერა მიიღონ. უკრაინელი ფემინისტები დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მოვითხოვთ! რუსი სამხედროები, რომლებიც სექსუალური დანაშაულებს სჩადიან, უნდა გასამართლდნენ, მათ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოთ.


ომმა სოფლად მცხოვრები ქალები გააღარიბა, ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ომამდეც მათ რესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე წვდომა ისედაც შეზღუდული ჰქონდათ, ახლა კი მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.


ჩვენ ვამბობთ, რომ ომით გამოწვეული სიღარიბე ეკონომიკური ძალადობის ფორმაა, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა არსებობს და იგი აუცილებელია, სამართლიანობა მოითხოვს, რომ რუსეთმა რეპარაციები გადაიხადოს, პასუხი აგოს იმაზე, რაც უკრაინას დამართა.




სახცოვრებელი სახლი ხარკოვში რუსეთის დაბომვის შემდეგ


ომის კიდევ ერთი საშინელება – განადგურებული ეკოლოგია…

უკრაინისთვის ჰუმანიტარული კრიზისის გარდა, გარემოზე ომის ზემოქმედება ჩვენთვის კიდევ ერთი კრიტიკული საზრუნავია. დაბომბვები, ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, მიწისა და წყლის რესურსების განადგურება ისედაც რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.


უკრაინელი ფემინისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ომით გამოწვეული გარემოს დაბინძურება /განადგურება არა მხოლოდ ეროვნული საკითხია, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს.


ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, უკრაინული ქალთა ორგანიზაციები მსოფლიოს გლობალურ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ქალთა უფლებები სისხლხორცეულადაა დაკავშირებული ეროვნულ სუვერენიტეტთან და ხანგრძლივ მშვიდობასთან. ამავდროულად, ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობასა და ანგარიშვალდებულებას – დიახ, რუსეთმა უნდა დააკმაყოფილოს სამართლებრივი და ფინანსური სარჩელები და ომის შედეგებზე პასუხი აგოს. აგრესორის დაუსჯელობა შემდგომი ომისა და არასტაბილურობის საწინდარია.


უკრაინელი ფემინისტები მშვიდობის მშენებლობის განხილვისას საუბრის შინაარსს ცვლიან. ტრადიციულად, მშვიდობის დამყარების მცდელობები ფოკუსირებული იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მონაწილეობის გაზრდაზე, თუმცა ახლა ისინი ამტკიცებენ, რომ ნამდვილი მშვიდობა სამართლიანობის გარეშე ვერ იარსებებს. მსოფლიომ უნდა აღიაროს, რომ მდგრადი მშვიდობის საფუძველი აგრესორების გასამართლება და მომავალი სისასტიკის თავიდან აცილებაა.


გაეროს წლევანდელ „ქალთა სესიაზე“ (CSW69) უკრაინის გზავნილი ცხადზე ცხადი იყო. სანამ აგრესორი დაუსჯელია, მსოფლიო ქალებისა და ფემინისტებისგან ქვეყნის აღდგენას არ შეიძლება ელოდოს… მდგრადი მშვიდობა პასუხისმგებლობას, რეპარაციებსა და ძლიერ საერთაშორისო მხარდაჭერას მოითხოვს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია უკრაინასა და მსოფლიოს სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის დამყარება.


უკრაინელ ქალს ყოველდღიურად რა პრობლემების გადაწყვეტა უწევს სახლში თუ დევნილობაში?

ჩემი პირადი ტრავმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ჩემი ქალაქი ერთ დღეში ოკუპაციის ქვეშ მოექცა. საკვები გაქრა. სამუშაო ადგილები გაქრა. კომუნიკაცია გაითიშა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტერს წინააღმდეგობა მაინც გავუწიეთ. ათასობით ჩვენგანი ქუჩებში მანამ იდგა და ყვიროდა „რუსეთო, გაეთრიე!“, სანამ რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი არ გაგვიხსნეს. როდესაც აქტივისტებმა ღამით გაუჩინარება დაიწყეს, მივხვდით, რომ უნდა გავქცეულიყავით.


ოთხი ზრდასრული, ერთი ბავშვი, ორი ძაღლი – ერთი მანქანა. თორმეტი საათი უსასრულო კილომეტრები რუსულ საკონტროლო პუნქტების გავლით. არ ვიცოდით, გადავრჩებოდით თუ არა.


2022 წლის აპრილიდან ფრონტიდან შორს ვცხოვრობ, მაგრამ ომისგან შორს – არასდროს. 2024 წლის ნოემბრისთვის უკრაინამ 50 000-ზე მეტი საჰაერო განგაში გადაიტანა. ყოველი სირენა სიკვდილის „რულეტკას“ ჰგავს. არასდროს იცი შემდეგ ჯერზე ვის სახელს დაარტყამს. ეს დამღლელია, მე ჯანმრთელი არ ვარ… მაგრამ უმოქმედობა კიდევ უფრო რთული ასატანია.


ასე რომ, ჩვენ ვიბრძვით, ვმუშაობთ, სანამ ბედისწერა ამის დროს გვაძლევს. ცხოვრების ნულიდან დაწყების თუ ცხოვრების აღდგენის ჩემი პირადი გამოცდილება იმის ბიძგს მაძლევს, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებს იმავეს გაკეთების უნარი და საშუალება ვასწავლო.


2025 წელს უკრაინელი ქალები კვლავაც ატარებენ ომის ტვირთს, იქნება ეს სამშობლოში თუ დევნილობაში. რუსეთის აგრესიამ მათი ცხოვრების სცენარი გადაწერა. ომმა ქალები ოჯახის გადამრჩენებად, ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებად, ექიმებად, აქტივისტებად, ქვრივებად, ლტოლვილებად გადააქაცია.




22 წლის ოქსანა რუბანიაკი, უკრაინული ჯარის ოცმეთაური. ფოტო: CNN


განადგურებული ეკონომიკის ფონზე გადარჩენას როგორ ახერხებთ?

უკრაინაში მცხოვრები ადამიანებისთვის ეკონომიკური გადარჩენა ყოველდღიურ ბრძოლად გადაიქცა. ომმა გაანადგურა ბიზნესები, დაანგრია ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა და ათასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა.


სოფლად მცხოვრები ქალები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, მოწყვეტილნი არიან რესურსებსა და ბაზრებს; იბრძვიან მიწის დასამუშავებლად, რომელიც შეიძლება დაბომბვით იყოს მოწამლული ან ნაღმებით იყოს გადავსებული.


ბევრს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ არასტაბილურ, დაბალანაზღაურებად სამუშაოზე წავიდეს და ამავდროულად, ბავშვებზე და ხანდაზმულ ნათესავებზე იზრუნოს.


უსაფრთხოება არასდროს არის გარანტირებული. ფრონტის ხაზზე და ახლახან გათავისუფლებულ რეგიონებში სახლები ნანგრევებადაა გადაქცეული და ყოველი ნაბიჯი გარეთ ნაღმის აფეთქების რისკს შეიცავს. ამ რაიონებში მცხოვრები ქალები არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას აღადგენენ, არამედ – თემებსაც.


ასევე არსებობს ენით აღუწერელი საშინელება – სექსუალური ძალადობა, როგორც ომის იარაღი. ბევრი გადარჩენილისთვის სამართლიანობა შორეული ოცნებაა, რომელიც სტიგმის, დუმილისა და არაადეკვატური სოციალური სისტემების ქვეშაა დამარხული.


მათთვის, ვინც საზღვარგარეთ გაიქცა, გადასახლების ადგილი თავისებურ ბრძოლის ველად გადაიქცა. ბევრი უკრაინელი ქალი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია, თუმცა უცხო ქვეყნებში ისინი იატაკს რეცხავენ ან საწყობებში მუშაობენ, მათი დიპლომები კი უაზრო ქაღალდად გადაიქცა. ენობრივი ბარიერები, რთული ბიუროკრატია და სამუშაოზე დისკრიმინაცია მათ გადარჩენის რეჟიმში აყენებს. ამასობაში კი ისინი ფულს სახლში აგზავნიან, ეხმარებიან იძულებით გადაადგილებულ ნათესავებს და მუდმივად ატარებენ დანაშაულის გრძნობას, რომ ომით განადგურებული სამშობლოდან შორს არიან.


ომის გამო უკრაინული ჯანდაცვა, ძირითადად, დაჭრილ-დასახიჩრებულების გადარჩენაზეა ორიენტირებული…

უკრაინული ჯანდაცვა, განსაკუთრებით რეპროდუქციული და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები, კვლავ სერიოზულ კრიზისს განიცდის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალები ძირითადი სამედიცინო მომსახურების გარეშე რჩებიან, ხოლო იძულებით გადაადგილებული ქალებისთვის თანმიმდევრულ და ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომა პრობლემატურია. ომის ტრავმა ღრმა და დაუნდობელია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები კი პრივილეგიად რჩება და არა – გარანტიად.


და მაინც, უკრაინელი ქალები ამ ყველაფერს უძლებენ. ისინი აორგანიზებენ, აღადგენენ, იბრძვიან ყველა შესაძლო გზითა და მეთოდით. ზოგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დახმარების მისაღებად ფარულ ქსელებს ქმნის; ზოგი მსოფლიო ლიდერების წინაშე დგას და სამართლიანობას ითხოვს; ზოგი ბიზნესს ძველი ცხოვრების ნანგრევებიდან იწყებს. ისინი უკრაინის წინააღმდეგობისა და აღდგენის ხერხემალი არიან. მაგრამ მხოლოდ გამძლეობა საკმარისი არ არის.


ცხადია, უკრაინელებისადმი გამოხატული სოლიდარობა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის გზაა. რა მეთოდებს იყენებთ მის გასაძლიერებლად?

უკრაინელები ბევრ ჭირნახული და გამძლე ხალხი ვართ, მაგრამ მხოლოდ გამძლეობა საკმარისი არაა. ჩვენ გვჭირდება გლობალური სოლიდარობა, რესურსები და სამართლიანობა.


სოლიდარობა მხოლოდ სიტყვა არ არის – ეს არის გადარჩენის მექანიზმი, ძალა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ვიმოქმედოთ, როდესაც ყველაფერი დანარჩენი ინგრევა. მე ვმუშაობ მონაცემებთან, ვაანალიზებ მაკროეკონომიკურ ტენდენციებს და მხარს ვუჭერ კვლევებს, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ გადაწყვეტილებები ეფუძნება ფაქტებს და არა – ვარაუდებს. ციფრები მოგვითხრობენ ისტორიას და მე ვცდილობ, რომ ეს ისტორია იმ ადამიანებამდე მივიდეს, ვისაც მასზე ზემოქმედება შეუძლია.


ტექნოლოგია სოლიდარობის კიდევ ერთი საყრდენია. მე ვიყენებ ახალ ინსტრუმენტებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, რათა დავამსხვრიო ბარიერები, რომლებიც ქალებს იზოლაციაში ამყოფებს.


შორეულ რაიონებში ბევრს ენობრივი ხარვეზი, ინტერნეტის ან თუნდაც ელექტროენერგიის ნაკლებობა აწუხებს. ხელოვნური ინტელექტი ეხმარება მათ ხმის ჩაწერაში, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ არც ერთი ომთან წინააღმდეგობის გამოცდილება უყურადღებოდ მხოლოდ იმის გამო არ დარჩეს, რომ ადამიანი მისაწვდომ ადგილზე არ ცხოვრობს.


მაგრამ ყველაზე მეტად მე ქალთა სოლიდარობის მჯერა. სწორედ ამიტომ აქტიურად ვაშენებ და ვაძლიერებ ჩემს ქსელს უკრაინისა და მსოფლიოს ქალ ლიდერებს შორის.

26.05.2025
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment