Sunday, June 29, 2014

ლევან მინდიაშვილი: მე ვეძებ პარალელებს...




ნიუ იორკში, The Lodge Gallery- ში აშშ–ში მოღვაწე მხატვარ ლევან მინდიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით "საზღვრები" (Borderlines) გაიხსნა. ამ ექსპოზიიციის ჩანაფიქრი მას ჯერ კიდევ 2010 წელს ბუენოს აირესში ყოფნის დროს დაებადა, როცა ამ ქალაქის არქიტექტურასა და მეტროპოლიებში პირადსა და საჯარო სივრცეებს შორის საზღვრების გარდამავლობას აკვირდებოდა.

– ჩემი ინტერესი სცდება თითოეული ქალაქის თავისებურების ჩვენებას. მე არ მაინტერესებს ის, რაც ამ ქალაქებისთვის უშუალოდაა დამახასიათებელი, არამედ მაინტერესებს ის, რა აქცენტებს მკარნახობს ესა თუ ის ქალაქი – ამბობს ლევანი. – პირველი პროექტის ჩანაფიქრი უშუალოდ ბუენოს აირესის არქიტექტურით მოვიდა, შემდეგ უკვე – ნიუ იორკით. ვფიქრობ, ამ თემაზე კიდევ რამდენიმე წელს ვიმუშავებ.

– თქვენს ნამუშევრებში რამდენადაა შესაძლებელი მნახველმა ამ ორ ქალაქს შორის არსებული განსხვავება დაინახოს?

–ვიზუალურად ბევრი ელემენტია, რომლებიც ამას გაჩვენებენ. შარშან კიოლნში გამოფენა მქონდა, რომელსაც "ურბანული ინტიმურობები" ერქვა. ეს იყო ერთგვარი პირადი ისტორია იმ ქალაქებისა, სადაც ვცხოვრობდი. ბუენოს აირესი და ნიუ იორკი ისე იყო დახატული, რომ რთული იყო მათი ერთმანეთისგან განსხვავება. იდეა კი იყო იმის სინთეზი, თუ რამდენად სუბიექტურია ჩვენი აღქმა; იმის, რაც გვიყვარს ან რასაც ვეძებთ. ადამიანი ხედავს იმას, რაც უნდა რომ დაინახოს და ეძებეს რეფერენსებს, რათა მან რაღაცეების დანახვა და აღქმა გაუადვილოს. როცა უცხოს ვხედავთ, ვცდილობთ მის ჩვენთვის ნაცნობ სტრუქტურაში მოქცევას, რათა მისი აღქმა და იდენტიფიციტრება უფრო ადვილად მოვახერხოთ. ეტყობა, ნიუ იორკში მეც ვეძებდი იმ ვიზუალურ რეფერენსებს, რაც ბუენოს აირესს გამახსენებდება. როცა ნიუ იორკიდან ბუენოს აირესში დავრუნდი, თითქოს თვალით ვეძებდი, თვალი ითხოვდა იმ წყლის ბაკებს, რომელიც ნიუ იორკში ყოველ ფეხის ბაჯიზე გხვდება. მინდოდა ის დამენახა, რაც ნაცნობთან იდენტფიცირებას მოახდენდა.

– ქალაქის არქიტექტურით შთაგონობა თქვენი დიდი ხნის თემაა. შესაძლებელია ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთის ურბანული ინსპირაცია დასრულდეს? აღმოსავლურ შთაბეჭდილებებს არ მოსინჯავდით?



– არ ვიცი დასრულდება თუ არა. ეს ისეთი ამოუწურავი მასალაა. სპეციფიურ თემას არ ვეძებ. უბრალოდ, სადაც ვხვდები, იქ ქალაქი ავტომატურად ხდება ჩემი თვალის არეში, მერე იმ ელემენტებს ვეძებ, რაც ამ ქალაქს უკავშირდება. მაგალითად, ჩემთვის ძალიან შთმბეჭდავი ქალაქია სტამბული, ეს ის ქალაქია, სადაც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. სხვათა შორის, ჩემს პროექტებში ცოტაოდენი თბილისიცაა.

– ხშირად მეგაპოლისებში ფასადები აბსოლუტურად განსხვავებულია შენობების შიდა დიზაინისგან და ერთი შეხედვით, ძალიან შეუსაბამოა...

– ხშირად ასეა: გარედან შენობის ფასადი ნეოკლასიკური, ევროპული სტილითაა და როცა შიგნით შედიხარ – იქ სულ სხვა რამ გხვდება. მაგალითად, ოფისი, თუმცა დასავლეთში არსებობს არქიტექტურული სტანდარტი. ესაა, როცა ოფისებს სახე გარეგნულად შენარჩუნებული აქვს, შიგნით კი უფლება აქვთ შეცვალონ, ოღონდ მხოლოდ მკაცრად განსაზვრული წესის თანახმად. თბილისში შეიძლება კლასიკური სტილის ფასადის შენობას მიებას ე.წ. იტალიური ეზოს მსგავსი რამ. ეს კი ვიზუალურად ძალიან განსხავებულია იმისგან, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული. საინტერესო ფენომენია – ე.წ. ევროპულ ფასადსა და შიდა სტრუქტურას შორის განსხვავებულობა. ეს ის თემაა, რომელიც მაინტერესებს და რომელზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი.

– როგორც ჩანს, უბრანისტი ხართ, გიყვართ ბეტონი...

–მე ყოველთვის დიდ ქალაქებში ვცხოვრობდი და ვიცი, მხოლოდ დიდ ქალაქებში შემიძლია ცხოვრება. იქ, სადაც ყველაფერი მჩქეფარეა და ვიცი, რომ ასე ვიქნები. თუმცა მე არ მაინტერსებს ჩემი აღფრთოვანება ქალაქებით, არამედ მაინტერესებს ქალაქი, როგორც სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული ფენომენი, რადგანაც ეს ყველაფერი ყველაზე კარგად ჩანს ამ ძალიან მჩქეფარე, დიდ და ბეტონირებულ ქალაქში. ჩემი ნება რომ იყოს, დიდი სამოვნებით ვიცხოვრებდი ბუენოს აირესში. უბრალოდ იქ არსებული პოლიტიკურ/ეკონომიკური სიტუაცია ამის საშუალებას არ მაძლევს. ნიუ იორკში კი შემოთავაზებების გამო დავრჩი და ახლა ვგრძნობ, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, რომ მე სწორედ აქ უნდა ვიყო. ყველას ცხოვრებაშია ე.წ. პატარა მინიშნებები და სწორედ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ვცდილიბ ვიყო ყურადღებიანი ამგვარი მინიშნებების მიმართ. ადამიანს შეიძლება სულ სხვა გეგმები ჰქონდეს, მაგრამ ამ მინიშნებებმა აზრი შეუცვალონ.

– როგორ დაახასიათებდით “საზღვრების” კონცეფციას?

– ნიუ იორკში ჩამოსვლისას ორ კურატორთან – ქის შვაიცერთან და ჯეისონ ვოგელთან დავიწყე თანამშრომლობა. ამ ადამიანებმა Lodge Gallery ერთი წლის წინ დააფუძნეს და თავიანთ გალერეაში ექსპოზიციის გამართვაც შემომთავაზეს. იმთავითვე გვინდოდა, რომ თემა ყოფილიყო არქიტექტურა, როგორც მეტაფორა იმ ცვლილებებისა, რომელიც დღეს დღეობით მთელს მსოფლიოში ხდება. გლობალიზაციას თავისი შედეგები მოაქვს, იგი მოქმედებს ჩვენს ცნობიერებაზე და ქალაქების ურბანულ განვითარებაზე. ამავე დროს ხდება თავად იმიჯების გლობალიზირებაც. ძალიან ბევრი მხატვარი ირჩევს ერთსა და იგივე იმიჯს, რადგან თავად იმიჯი გახდა სამეტყველო ენა. იგი ისეთივე ნიშვნელოვანია, როგორც სიტყვა. ის არაა დამოუკიდებელი სუბსტანცია. მწერალი ხომ თავისი ნაწარმოებებისთვის ახალ სიტყვას არ იგონებს, არამედ სიტყვათა წყობას; წერს, ნამუშევრებს ქმნის. ხელოვნებაშიც ასეა. ინფორმაციის გლობალიზაცია და მისაწვდომლობა, თავად გამოსახულებაც მედიუმი გახდა, სადაც იმიჯი არის სიტყვა. ის კი არაა მნიშვნელოვანი თუ მხატვრები რა სახის ახალ იმიჯებს ქმნიან (თუმცაღა, რასაკვირველია, არსებობენ გამონკლისები), არამედ ის, რომ უკვე არსებული იმიჯებისგან ქმნიან ტილოებს. რომ ყველა დიდი ცვლილება, საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ ისტორიული ყველაზე თვალსაჩინოდ მაინც არქიტექტურაზე აისახება.



ურბანული არქიტექტურა კიდევ უფრო დინამიური და საინტერესო იმიტომაა, რომ გარე ცვლილებები მასზე თავისებურად აისახება. იგი კი საინტერესო მასალაა ამ ცვლილებების დასანახად და შესამჩნევად. ბევრი არტისტი და უბრანისტი უკვე იმაზე საუბრობს, რომ არაერთი ქალაქის ისტორიულ იდენტობას საფრთხე ემუქრება. არადა არა იმდენად საფრთხე ემუქრება, რამდენადაც სერიოზულ ცვილებებს განიცდის, რადგანაც ჯენტრიფიკაცია (ახალი ტერიტორიების ურბანული ათვისება) გარდაუვალი პროცესია და ეს თანამედროვე არქიტექტურაზე აისახება. მაგალითად, ბრუკლინის უბანი ვილიამსბურგი იყო ღარიბი უბანი. მერე იქ არტისტები დასახლდნენ, მერე კორპორაციები შევიდნენ და ახლა გახდა ერთ-ერთი მოდური ძვირი უბანი.

– ამ საზღვრის ხაზებში, ალბათ, ბევრი მეტაფორაა.

– ბევრი დიდი ქალაქი ძველისა და ახლის მიჯნაზე დგას: ძველ ისტორიულ წარსულსა და თანამედროვეობას შორის. ჩემთვის მთავარია ქალაქის მეტამორფოზის დანახვა. ჩემს ნახატებში თეთრი წრეები, ხაზები ამ მიჯნის მეტაფორა, ვირტუალური ბარიერია. ძველი არქიტექტურა ახალი შენობების მინებში ირეკლება და შეგიძლია იმაზე დაკვირვებაც, თუ როგორც ჩაენაცვლება ძველს ახალი. მიჯნის მეტაფორაა ახალ შენობებზე ძველი არქიტექტურის ანარეკლი, ასიმეტრიული, დეფორმირებული დეტალები, რომლებიც გარკვეულწილად წარმავალობასა და წარსულზე მიუთითებს.

– ცოტა უცნაურია ჩემთვის, როცა ოფისები, სავარჯიშო კლუბები განსაკუთრებით პირველ სართულებზე ხალხმრავალ ქუჩებშია განლაგებული და შენ შეგიძლია თვალი მოჰკრა ადამიანებს, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს არ იციან, რომ მათ ხედავენ.

– მაგდაგვარი ქცევა სოციალურ ქსელებშიც შეიძლება შევნიშნოთ, როცა ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი თავის ჩვენებას. სწორედ ესაა ჩემი ინტერესის სფერო: როცა პირადი ყველასთვის საზოგადო, მისაწვდომი ხდება. მე მაინტერესებს სად გადის ზღვარი პირადსა და საზოგადოს შორის, სადაა ეს ბეწვის ხიდი და მყიფე გამყოფი ხაზი. არქიტექტურა თავისი მეტაფორებით რეაგირებს ახალი ტრანსპარენტულობის შემოტანაზე. ამავე დროს მე არ ვიძიებ შენობის ისტორიულ არსს, არამედ მის პოლიტიკურ მხარეს. მე ამავე დროს არა ვარ რაიმეს კრიტიკოსი, არამედ – მხოლოდ კომენტატორი და ინტერპრეტაციებისთვის სივრცეს სხვებს ვუტოვებ. მე ვეძებ პარალელებს.

– ნიუ იორკში არაერთი ასეთი ადგილია. თუნდაც ჩელსის ზოგიერთი უბანი, რომელიც ჯენტრიფიცირდა, მაგალითად, ტრაიბეკას კინოფესტივალის ჩატარების შემდეგ.

– როგორც წესი, ჯენტრიფიკაციას იდენტობის ცლილება მოჰყვება. ჩელსი იყო კრიმინალური, ნახევრად ბოჰემური უბანი და ახლა კი პრესტიჟულ უბნად გადაიქცა. ბუშვიკიც და დამბოც ასეთია. თბილისს, სამწუხაროდ, ეს პროცესი დიდი ხანი კიდევ ვერ შეეხება. თბილისში ყველაფერი ცენტრში და ცენტრიდან ორ ბლოკში ხდება. სცადეთ, აბა, გალერეა დიდუბეში გახსნათ. გამოფენაზე შეიძლება არავინ მოვიდეს, მეგობრების გარდა.

– რამდენად უკავშირდება ჯენტრიფიკაცია დეცენტრალიზაციას? თუნდაც წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულს. მაგალითად, პარლამენტის ქუთაისში გადატანას?

– ამის საკუთესო მაგალითია გერმანია. ბონი, როდესაც ის დედაქალაქი იყო, უბრალოდ ქვეყნის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. კულტრულად უფრო მნიშვნელოვან ცენტრს დუსელდორფი წარმოადგენდა. იქ კულტურა ვიზუალურ ხელოვნებაზე. იყო კონცენტრირებული. კიოლნი კი უფრო ფოტოგრაფიით, ვიდეოარტით იყო ცნობილი. ბერლინში კი ელექტრონული მუსიკის სუბკულტურა გაჩნდა. მაგალითად, კარლსრუე პატარა სტუდენტური ქალაქია და ვისაც ახალი მედიების განვითარება აინტერესებს, იგი სასწავლებლად კარლსრუეში უნდა ჩავიდეს. გერმანული სამანქანო ბიზნესიც კი ქალაქებს შორისაა გადანაწილებული. სწორედ კომუნისტური პერიოდის გადმონაშთია მკაცრი ცენტრალიზაცია, რათა მართვა უფრო ადვილი იყოს. მაგლითად, სსრკ–ის დროს რუსეთში მხოლოდ მოსკოვი და ლენინგრადი იყო აქტიური ქალაქები. თუმცა დღევანდელი სანკტ პეტერბურგიც უკვე არსად ფიგურირებს. მოსკოვის გარდა არსად არაფერი არსებობს. ამგვარი პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია, რადგანაც უპირველესად ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა არათანაბრად ვითარდება.



– როგორ შეიძლება ეს პრობლემა საქართველოში გადაწყდეს?

–საქართველოში არაერთი რესურსი არსებობს, რომლის საშუალებითაც რეგიონებში ცხოვრების გააქტიურებაა შესაძლებელი. ამისთვის სხვადასხვა რეგიონებზე გარკვეული სახის კაპიტალი უნდა გადანაწილდეს. თბილისის შემდეგ აქტუალური ბათუმი გახდა, ზღვა, ჯაზ და კინო ფესტივალები და ეს გასაგებია. ქუთაისი ჯერ კარგად ვერ წარსდგა, იგი მხოლოდ პარლამენტის მუშაობის გამო ჩნდება მხედველობის არეში. არადა ოდესღაც ქუთაისი მოდერნისტული ხელოვნების ცენტრი იყო თავისი სიმბოლისტებითა და არტისტული აურით. რასაკვირველია, საქართველოს ჯენტრიფიკაციისთვის აუცილებელია, რომ პირველ ეტაპზე ინფასტრუქტურის განვითარებაზე სახელმწიფო ზრუნავდეს, რათა ადამიანს საკუთარი თავის რეალიზება შეეძლოს. ამ პოლიტიკის განვითარებისთვის კი აუცილებელია არსებობდეს ინტერესი.

– კვლავ დავუბრუნდეთ ნიუ იორკს. როგორ აისახება ჯენტრიფიკაციისას ე.წ. იდენტობის დაკარგვა? პატარა ერებს, ჩვენნაირებს, ხშირად აწუხებთ ნაციონალური იდენტობის დაკარგვის შიში.

– რემ ქულჰაასი, ვენეციის ბიენალეს არქიტექტურის კურატორი ამბობდა, რომ ასი წლის წინ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვეძლო გვესაუბრა იაპონურ ან შვედურ არქიტექტურაზე, მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარადაა. ზოგადად ამ პროცესებმა რომელიც ბოლო ასი წლის განმავლობაში მოხდა დაახლოვა ქვეყნები ისეთი სიჩქარით, რომ არქიტექტურა ძალიან სწრაფად ექცევა ერთმანეთის გავლენების ქვეშ. დღეისათვის იგი ნაკლებად მიჰყვება ეროვნული განვითარების ნიშნებს, მას ე.წ.გლობალური სტილი ჩაენაცვლა, მაგალითად, ნიუ იორკში ახალი შენობა ნაკლებად ითვალისწინებს ნიუ იორკის ისტორიულ სახეს. ძალიან გაძნელდება თანამედროვე შენობაზე, მაგალითად, 2010 – ში აშენებულზე (როგორი კარგიც არ უნდა იყოს იგი), იმსჯელო იმისდა მიხედვით, თუ გეოგრაფიულად რომელ კონტინენტს მიეკუთვნება იგი. ის თითქმის ისეთივეა ნიუ იორკში, როგორადაც აშენდებოდა ტოკიოში ანდა მადრიდში.

– ბევრს აწუხებს ის, რომ მოხდა თბილისის სინგაპურიზაცია/ დუბაიზაცია. როგორც ამბობენ, ქალაქმა თავისი მეობა დაკარგაო.

– ეს მართლაც ძალიან დიდი პრობლემაა. სამწუხაროდ, ადამიანებს სათანადოდ არ ესმით არც კულტურული მემკვიდრეობის იდეა, არც ტრადიცია, და არც თანამედროვე ხელოვნება. რატომღაც ჰგონიათ, რომ თანამედროვე არქიტექტურა უნდა იყოს თბილისის შუშა – რკინაში ჩასმა ანდა მსოფლიოს რომელიმე ქალაქის მოდელის გამეორება. ამის კარგი მაგალითია ის პროექტი, რომელიც "მაგთის" მიერ რუსთაველზე შენდება. ეს არის ე.წ. ეროვნული არქიტექტურის არასწორი გაგება. სსრკ–ის დროს ეროვნული მოტივების ხაზგასასმელად შენდებოდა შენობები, რომელზეც ასლები ქართული საეკლესიო ორნამენტებიდან, ოღონდ გადიდებული, ფაქტობრივად, პირდაპირ გამოჰქონდათ. მას ეროვნული იდენტობის განვითარების იდეა ებმებოდა. ახლაც იგივე ხდება, უბრალოდ ახლა საშენი მასალაა შეცვილილი.

– ეს "რებრენდინგის" მცდელობაა?

– კი, ესაა ეროვნულობის არასწორად გაგება: ნაძალადევი, ფორსირებული, ყურით მოთრეული, რომელიც ემორჩილება კანონს: იგი უპირობოდ ეროვნული უნდა იყოს... "მაგთის" შენობა რუსთაველის თეატრის ფასადის ატრიბუტიკის დეტალებს იმეორებს და ამით მას ამსგავსებენ.

– და თუ ამ დეტალებს არ გამოიყნებენ, მაშინ საპირისპირო რიტორიკა იწყება იმის თაობაზე, რომ ეს არაქართულია. თუმცაღა თბილისის "დუბაიზაციაც" ღიმილისმომგვრელია. დუბაიში ყველაზე დაბალსართულიანად სამოცსართულიანი შენობა ითვლება...

– რასაკვირველია, იქნება შეცდომები, რადგანაც პროფესიონალებს არ ეკითხებიან. როცა დამკვეთი უკვე ეროვნულის შეკვეთის იდეით მოდის, აქ უკვე პრობლემა იქმნება, რადგანაც ბევრს ჰგონია, რომ ეროვნული მაინც და მაინც წარსულის დეტალების გამეორებას ნიშნავს.

– თქვენ რას გააკეთებდით?

– ვფიქრობ, რომ როცა ძველის ზედაპირული იმიტირება დასრულდება და დაიწყება მსჯელობა სწორ განვითარებაზე, სწორედ მაშინ გადაწყდება ეს პრობლემა. როცა ადამიანები ხელოვნურად იმეორებენ წარსულს, უნდა ესმოდეთ, რომ დღეისათვის ეს აქტუალური ვერ იქნება. დღეისათვის სულ სხვა ფორმებია მნიშვნელოვანი და სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი პატივისცემა იმ ძველი ტრადიციის მიმართ, რომ მას მისი იდენტობა შეუნარჩუნო და ის აქტუალობაც, რომელიც მას იმ დროსა და იმ ეპოქაში ჰქონდა. და არავითარ შემთხვევაში მისი იმიტირება და ასლის გადაღება არ დაიწყო. ეს იგივეა ვიჯდეთ ახლა და გაუთავებლად ჩვენს ნახატებში ვიმეოროთ ძველი ქართული ფრსეკების დეტალები. ეს რას მოგვცემს? სხვაა როცა შეიძლება გამოიყენო მასალა, ანდა ესთეტიკური ორნამენტი ან მცირე ელემენტი. მაგრამ ფიზიკურად ხატო ისე, როგორც მოხატულია ათენის სიონი, ეს როგორც მინიმუმ, რეალურ მხატვრობას ვერ შექმნის.

2014 წლის 17 ივნისი

"საქართველოს რესპუბლიკა"

No comments:

Post a Comment