Sunday, June 29, 2014

დავით ალადაშვილის "ოპუსი 13"


ჩემს მეხსიერებაში ვერ ვიხსენებ ხელოვანს, რომელსაც ისე უყვარდეს რიცხვი "13" (არა მხოლოდ იმიტომ, რომ 13 –ში და თან პარასკევსაა დაბადებული), როგორადაც ჯულიარდის კურსდამთავრებულ პიანისტს დავით (დათუნა) ალადაშვილს, რომლის ბოლოდროინდელი საკონცერტო კარიერა 13 –სადმი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების ერთგვარი მტკიცებულებაა. როგორც თავად ამბობს, "ცამეტი" მისი "აკვიატებული ბედნიერი რიცხვია", ამიტომაც CD ალბომსაც, რომელშიც შუმანის (სიმფონიური ეტიუდები, ოპუსი 13), ბეთჰოვენის (N8 სონატა, ოპუსი 13), შოპენის (ფანტაზია, ოპუსი 13), სკრიაბინის (6 პრელუდია, ოპუსი13), ლისტის (რაფსოდია, ოპუსი13), სხვა კლაისკოსების "N13" და ახალგაზრდა კომპიოზიტირების 13 მინიატურა შევიდა, მან "ოპუსი 13" უწოდა. დავითმა თავის ნაცნობ 13 ახალგაზრდა კომპოზიტორს სთხოვა და მათ სპეციალურად შემკვეთისთვის 13 მცირედი კომპოზიცია მართლაც დაწერეს. ალბომი არასტუდიური, არამედ საკონცერტო ჩანაწერია, რომელიც სამხრეთ ფლორიდის უნისვერსიტეტის საკონცერტო დარბაზში შედგა. ეს დარბაზი თავად ხმის ჩამწერმა კომპანიამ შეარჩია. პიანისტი ლამის შესვენების გარეშე უკრავდა, ხოლო მასალამ "სიდი" –ზე, ფაქტობრივად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე გადაინაცვლა.


2014 წლის 13 ივნისს, პარასკევს დავით ალადაშვილმა თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თავისი "ოპუსი 13" დაუკრა. ეს მისი პირველი კონცერტია საქართველოში, მას მერე რაც მან წელს ჯულიარდში სწავლა დაასრულა. მანამდე კი ჩვენთვის უკვე ნაცნობ ნიუ იორკულ მუსიკალურ კლუბში "წითელი თევზი" ((le) Poisson Rouge) 13 აპრილს, საკუთარ დაბადების დღეზე 24 წლის პიანისტმა შოპენის, სკრიაბინის, შუმანის, ლაღიძის და ახალგაზრდა კომპოზიტორების - ჯულის მატონის, იური ბაკერისა, იური ბაგუინიას კომპოზიციები დაუკრა. პროგრამის მიხედვით მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა ალადაშვილის აკომპონირებით თაქთაქიშვილის "მზეო თიბათვისა", რახმანინოვის "ნე პოი კრასავიცა, ნე პოი" იმღერა... სიურპრიზად კი პიანისტის მიერ ბიზეს ჰანგების უეცარი აჟღერების გამო მომღერალი ასე ვთქვათ, იუბილარის ხათრით, იძულებული იყო "კარმენის" პარტიაც შეესრულებინა, მათ შორის, ბისზეც.

2014 წლის 27 ივნისი

"საქართველოს რესპუბლიკა"

No comments:

Post a Comment