Thursday, July 10, 2014

დავით ტყეშელაშვილის "ბრძოლა წესების გარეშე"




ჩემისთანა ადამიანისთვის, რომელიც სასპორტო წესებსა და, მითუმეტეს "ბრძოლა წესების გარეშესა" და "ჯიუ ჯიცუ"–ზე უკიდურესად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, ტერმინი "შერეული ორთაბრძოლები" კიდევ უფრო გაუგებარს ხდის იმ სპორტის ესთეტიკას (ჩემთვის – კლასიკურად ძალადობრივს), რომელსაც ეს სახელწოდება თავის თავში აერთიანებს. გარკვეულ ინფორმაციას ისევ პროფესიონალი სპორტსმენი თუ მომაწოდებს, თუმცა ეს სიცხადე "წესების გარეშე" ბრძოლისადმი ჩემს დამოკიდებულებას მაინც არ ცვლის. შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონისთვის, ექვსი "მსოფლიო ქამრის" მფლობელისთვის, ოცდაათი წლის ქუთაისელი დავით ტყეშელაშვილისთვის კი მთავარია აზარტი და ადრენალინი, რომელიც ტკივილსაც ავიწყებს და უფრო მეტ მოტივაციას სძენს, ვიდრე ეს წინა თამაშში ჰქონდა. დავითს ტენისი უყვარს. სამუსიკო განათლება არა აქვს, თუმცა ხუთ ინსტრუმენტზე უკრავს, კარგი სმენა აქვს... მაგრამ ოჯახურმა ტრადიციამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გადააწყვეტინა პროფესიული არჩევანი. მან ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა და ამჟამად აშშ–ში მოღვაწეობს. მამა რომეო ტყეშელაშვილი რაგბისტია, დავითი და მისი ძმა ემზარი ჭიდაობას გაჰყვნენ. ამბობს, რომ მისი არც ერთი ბრძოლა დედას და მეუღლეს არ უნახავთ, რადგანაც იციან, რომ ძალიან ინერვიულებენ. თავად კი ის იცის, რომ შეჯიბრება სერიოზული ფიზიკური ზიანის მიყენებით შეიძლება დასრულდეს. ყველაფრის მიუხედავად იგი "წესების გარეშე" სპორტული ცხოვრების წესს მაინც არ ნანობს.

– შარშან ნომბერში ერთ–ერთი ჩემპიონატის დროს ბრძოლისას, რომელსაც ჩვენ შინაურად "ჩხუბსაც" ვუწოდებთ, ნეკნი ჩამიმტვრიეს. – ამბობს დავითი. – მაგრამ იმ წამს ვერ ვიგრძენი, რადგანაც მოზღვავებულმა ადრენალინმა ტკივილის შეგრძნება გადაფარა. მერე მოვიშუშე და ახლა ისევ კარგ სპორტულ ფორმაში ვარ.

– მოდით, სპორტული ანაბანიდან დავიწყოთ. რა შედის "შერეულ ორთაბრძოლებში" და რატომ არსებობს ტერმინი "ბრძოლა წესების გარეშე"?

–შერეულ ორთაბრძოლებში შედის სპორტული სახეობები – ჭიდაობა, კრივი და სხვა. ყველა ასე ვთქვათ, ძალისმიერი სპორტი ამ საბრძოლო ხელოვნებაშია გაერთიანებული.

– ჰო, მაგრამ კრივსაც და ჭიდაობასაც თავისი წესები აქვს.

– "ბრძოლას წესების გარეშესაც" აქვს თავისი წესები, ოღონდ იმდაგვარი, რაც სხვა სპორტში წარმოუდგენელია. აკრძალულია თვალის დაზიანება, ხერხემლის არესა და მუცლის ქვედა მხარეს ზიანის მიყენება. ბრძოლა ადამიანის გონების დაკარგვამდე შეიძლება გაგრძელდეს. სახელწოდებაც იმიტომ აქვს ასეთი – ყველაფერი დაშვებულია. მაგალითად, კრივის დროს მხოლოდ ხელის დარტყმაა ნებადართული და არ შეიძლება ჭიდაობა; ჭიდაობა არ ჰგავს კრივს. ამ სპორტში კი მოწინაღმდეგეს შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობაით სცემო კიდეც, ეს მისთვის ძალიან მტკივნეულიც იყოს და მანამდე ატკინო, სანამ მეტოქე არ დაგნებდება.



– ამგავრად შესაძლებელია ადამიანს ძალიან სერიოზული ფიზიკური ზიანი მიადგეს და მოკვდეს კიდეც.

– რასაკვირველია, არსებობს ამის საშიშროებაც და მეტსაც გეტყვით – არაერთხელ დაფიქსირებულა სიკვდილიანობაც. თუმცა ტრავმატიზმით ფეხბურთიც გამოირჩევა. მაგრამ ფეხბურთში ტრამვას არ ელიან, არ იციან, როგორ დაეცნენ მინდორზე. წესების გარეშე ბრძოლაში კი წინასწარ იცი, რომ რაღაც დაგიზიანდება. შინაგანად მზად ხარ ამისთვის.

– ჰო, მაგრამ ფეხბურთში ფიზიკური ზიანის მიყენება პაექრობის მიზანმიმართული ამოცანა არაა.

– დიახ ასეა. მაგრამ რა გაეწყობა, ეს ასეთი სპორტია. უკრაინისა და სხვა ქვეყნების ჩემპიონატებზე ქალი მებრძოლებიც მინახავს და დარბაზში ქალი მაყურებლებიც არანაკლებ აზარტულები არიან. ამ ბრძოლაში კი, ბუნებრივია, არსებობს წესებიც – სანამ ადამიანი ხელს იატაკს არ დაარტყამს და არ გაგრძნობინებს, რომ ცუდათაა, მანამ ბრძოლის გაგრძელება შესაძლებლია. თავად მსაჯიც ყურადღებითაა და ორთაბრძოლას მებრძოლის გონების დაკარგვამდე აჩერებს, რა თქმა უნდა, თუ დროულად ჩარევა მოასწრო. თუ ადამიანმა დანებების ნიშანი მოგცა, მაშინვე უნდა გაუშვა ხელი. მე პირადად მქონია შემთხვევა უკრაინაში ერთ–ერთი ორთაბრძოლის დროს, როცა მეტოქემ ვერ მაჩვენა, რომ მნებდებოდა, მაგრამ მე თვითონ მივხვდი მაშინვე, რომ გონება დაკარგა. ამიტომ მე თავად მივანიშნე მსაჯს, რომ მოსულიყო და მიეხედა ადამიანისთვის. ბუნებრივია, მერე სამედიცინო ჩარევაც გახდა საჭირო.

– რატომ არ აირჩიეთ, ასე ვთქვათ, სპორტის უფრო ცივილიზირებული სახეობა?

– არადა მე "წესების გარეშე" სპორტისთვის არ დავბადებულვარ. სპორტსმენები, როგორც წესი, პირდაპირ თავის კარიერას "ბრძოლით წესების გარეშე"–თი არ იწყებენ და თუ დავაკვირდებით იმას, თუ ვინ როგორ მოხვდა ამა თუ იმ სპორტში, აღმოვაჩენთ, რომ ზოგი წარმატებული მოჭიდავე ან წარმატებული მოკრივე იყო; ან ნებისმიერი საბრძოლო ორთაბრძოლების წარმომადგენელი, თან ისიც გასათვალისწინებელია რომ, ეს ძალიან აზარტული სპორტის სახეობაა და ამიტომ შემოთავაზებებიც ბევრია. თუმცა ასეც ხდება: როდესაც სპორტსმენს საკუთარ საბაზისო სპორტში არც თუ ისე კარგი მაჩვენებლები აქვს, სწორედ ამ მიზეზით "შერეული ორთაბრძოლების ხელოვნებაზე" გადაერთვება ხოლმე, რომელსაც ჩვვენ "ბრძოლას წესების გარეშეს" ვუწოდებთ. უფრო სწორად, მართებული ტერმინი ასე ჟღერს –"შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება".

– სპორტის ამ სახეობაში როგორ აღმოჩნდით ?

– მე ვარ ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავე. ბავშვობისას ჭიდაობაზე დავდიოდი და უკვე 18 წლიდან საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი და პრიზიორი ვიყავი. საერთაშორისო კლასის მოჭიდავე სწორედ კლასიკურ ჭიდაობაში გავხდი. 22 წლის ვიყავი, როცა მეგობრებმაც და სპორტის მესვურებმა წესების გარეშე ბრძოლებში მონაწილეობა მირჩიეს. საქართველოში ჩატარებულ შეჯიბრში მონაწილეობა მივიღე, ბრძოლა მოვიგე კიდეც და ამის შემდეგ იმის სურვილი გამიჩნდა, რომ მეტი დრო დამეთამო სპორტის ამ სახეობისთვის და საერთაშორისო ასპარეზეც გავსულიყავი. ამ ეტაპზე შემოთავაზებები ჯიუ ჯიცუს მსოფლიო ფედერაციიდან მაქვს და პარალელურად შეჯიბრებები აშშ–ის სხვადასხვა შტატებიდან სისტემატიურად მაქვს. პროფესიული "გრაფლინგის" (ჯიუ ჯიცუს შეჯიბრების სახელწოდება) ლიგაში მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ რვა შეჯიბრზე ვიყავი მიწვეული, სადაც რვაჯერვე ჩემპიონის ტუტულს დავეუფლე. სხვადასხვა წონით კატეგორიაში ექვსი ქამრის მფლობელი გავხდი, ასევე ზემძიმე წონასა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიც.

–როგორ წარმოიშვა სპორტის ეს სახოება?

– ჯიუ ჯიცუს წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ჯიუ ჯიცუს (ყველა საბრძოლო პრაქტიკის, იგივე "მარტიან არტის" უძველესი ფორმა) ინდოეთში მივყავართ, სადაც ის ბუდისტმა ბერებმა გამოიგონეს და მას საბრძოლო ხელოვნების დედას უწოდებენ. ბერებმა განავითარეს მოძრაობები, რომელიც წონასწორობასა და გამძლეობას ეფუძნებოდა, ოღონდ იმ ხეხით, რომელიც ძალასა და იარაღს გამორიცხავდა. მოგვიანებით ჯიუ ჯიცუ ჩინეთში განვითარდა, შემდეგ იაპონიაში, სადაც მან უფრო მეტი პოპულარობა მოიპივა, ვიდრე წარმოშობის ქვეყანაში. იგი სამურაებმა თავდაცვის გამორჩეულ ფორმად აითვისეს და გადაიქცა არა მარტო ბრძოლის, არამედ ხელოვნების ფორმად, ცხოვრების წესად, რომელიც ხაზს უსვამდა მებროლის ქცევის წესს და ეს წესი "ბუშადოს" სახელითაა ცნობილი. გააერთიანეს რა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ლოიალობა, სამართლიანობა, სიწმინდე, ტექნიკა, ზომიერება, ღირსება, თავდაჯერებულობა და პატივისცემა, იაპონელებმა ბრძოლის ამ მეთოდს "ჯიუ ჯიცუ" დაარქვეს, რაც იაპონურად "მშვიდ გზას" ნიშნავს.

ფეოდალური სისტემის დასასრულს იაპონიაში ჯიუ ჯიცუ თავის დასასრულს მიუახლოვდა. ამასთანავე მისგან განშტოებებად საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა ფორმები ჩამოყალიბდა. მაგალითად: აიკიდო, კარატე და ძიუდი. მაგრამ ამ ფორმებმა დაკარგა ის მთავარი ღერძი, რაც მათ, როგორც საბრძოლო ხელოვნებას აერთიანებდათ. 1915 წელს ჯიუ ჯიცუს იაპონელი ოსტატი ესაი მეადა კომა, რომელიც "ცონდე კომას" უწოდებდნენ, ბრაზილიაში გადასახლდა, სადაც იაპონური დიასპორის დაამარსებელი გახდა. ის დასახლდა ბელემ დო პარაში, სადაც შეხვდა გასტაო გრაციეს – ბრაზილიელ პოლიტიკოსს და რვა შვილის მამას, რომელიც ჯიუ ჯიცუს ენთუზიასტი გახდა. თავისი 19 წლის უფროსი ბიჭი მან კარლოს მიუყვანა, რათა მას ბიჭისთვის "მარტიალ არტის" საიდუმლოებები ესწავლებინა. კარლოს გარსია რიო დე ჟენეიროში გადასახლდა, დაიწყო მწვრთნელობა და ბრძოლა იმისთვის, რომ ამ სპორტის ეფექტიანობა დაემტკიცებინა. 1925 წელს მან რიოში პირველი Academia Gracie de Jiu-Jitsu გაიხსნა. 1940–2004 წლებში გრაციების ოჯახმა უამრავი შეჯიბრება მოიგო და ჯიუ ჯიცუ თავისი განვითარების პიკზე აიყვანა. ამ ოჯახმა ჯიუ ჯიცუს ტექნიკა ისე შეცვალა, რომ საერთაშორისო ჯიუ ჯიცუს პრინციპებიც ტრანსფორმირდა. ეს ტექნიკები კი ისეთი უნიკალური იყო, რომ სპორტის ეს სახეობა მისი განვითარების ხელშემწყობის ეროვნებასთანაა გაიგივებული და ეწოდება "ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ", რომლის ილეთებსაც უკვე მთელს მსოფლიოში იყენებენ.



– საქართველოში, როგორც ჩანს, ჯიუ ჯიცუსადმი ინტერესი არ არსებობს.

– არსებობს, სპორტსმენები ვარჯიშობენ კიდეც, მაგრამ საქართველოში არ ტარდება შეჯიბრებები ჯიუ ჯიცუში. ეს ცუდია. თუნდაც იმიტომ, ეომ 2007 წელს მე და ჩემი კოლეგა გურამ გუგუნიშვილი შერეულ ორთაბრძოლებში (ე.წ. "ბრძოლა წესების გარეშე") უკრაინის სახელით გამოვდიოდით. ჩვენ კი გვინდოდა შეჯიბრზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვსულიყავით. მაგრამ გამოსვლა უკრაინის სახელით გვიწევდა და თან საქართველოს ჯიუ ჯიცუს ლიცენზია არ ჰქონდა. მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველოს დროშა ყოველთვის თან გვქონდა და გვაცხადებდნენ, როგორც "უკრაინა–საქართველოს" წარმომადგენლებს ანუ როგორც ლეგიონერებს. დღეს კი ჯიუ ჯიცუს შეჯიბრებებზე ამერიკის ყველაზე წარმატებული კლუბის სახელით გამოვდივარ და ამავე დროს უფლება მაქვს ქართული სიმბოლიკის მაისური მეცვას და ხელში ქართული დროშა მეჭიროს.

– ამგვარი სპორტის სახეობა, როგორც აღვნიშნეთ, დიდი ტრავმატიზმით გამოირჩევა. მუჰამედ ალიც კი, რომელიც დაავადდა, კრივის წესების შემსუბუქებას ითხოვს. ასაკის მომატებასთან ერთად, რა პერესპექტივა აქვს სპორტსმენს? როგორ ფორმაში იქნება იგი საპენსიო ასაკში?

– საპენსიო ასაკში სპორტსმენის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უვლის იგი საკუთარ თავს, როგორი სირთულეების გადალახვა მოუწია და რა სახის ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა. მაგალითად, ლეგენდარული დენ სევერინი, რომელიც 50 წლისაა დაა 120 პრფესიონალურ ბრძოლაში მონაწილეობდა, რომელსაც მე ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს და ვგულშემატკივრობდი, ჩემთვის მისაბაძი სპორტსმენია. დღეს კი ერთ შეჯიბრებაში მივიღეთ მონაწილეობა და ერთად გავხდით პროფესიონალ "გრაფლინგ" ლიგის ქამრის მფლობელები.სპორტის ამ სახეობაში კვების წესი, დისციპლინა წარმატების პირდაპირპროპორციულია. ამ სპორტში არიან 45 წლის ასაკის ადამიანებიც და საკმაოდ კარგი შედეგიანობიდაც გამოირჩევიან. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მალევე მიატოვა ეს სახეობა. მე ჯერ არსად არ ვაპირებ წავლას და მაღალი რისკების მიუხედავად ამ საბრძოლო ხელოვნებაში დიდი ხნით დავრჩენას ვგეგმავ.

"საქართველოს რესპუბლიკა"
2.07.2014

No comments:

Post a Comment