გასული წლის დეკემბრის თვეში, როცა ჩვენი პრემიერ–მინისტრის მიერ სიტყვა „გენდერის“ სწავლასთან დაკავშირებული ბეჯითი ძალისხმევის შესახებ გვაუწყეს, პარლამენტმა სექსის დროს სიამოვნებას ტაბუ და ლამის ბორკილები სრული ერთსულოვნებით დაადო, ხოლო უმრავლესობის წარმომადგენელი პოლიტიკოსი მამაკაცი საპარლამენტო უმცირესობის მიერ „დატყვევებული“ გოგონების „გათავისუფლებას“ ცდილობდა, ფაქტობრივად, პარალელურ რეჟიმში გადაცემა „ვანოს შოუში“ საკუთარი ანცი ფალოსის თავგადასავლებზე და ქართველ მამაკაცზე „სექსს ველურად მოწყურებული“ რუსი „ნაშების“ მიტანილ იერიშებზე ჯერ კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ (მან თავის უკბილო თხრობას ქალის ქვედაწელის შემოხსნის ვიზუალური ილუსტრირებაც კი დაურთო) გვაუწყა; მერე კი, რასაკვირველია, ეკრანი გივი სიხარულიძის (ამ ჯერზეც მან „უნებლიე“ ალფონსობაც საამაყო გახადა) ტრადიციულმა, ძალიან რბილად რომ ვთქვა, ავადმყოფურმა და რუტინულმა ფანტაზიამ დაიკავა, რომელიც ამ ჯერზე უფრო „შორს“ წავიდა: იგი რუსი „ნაშების დონეს“ გასცდა და ბალტიისპირელ ლაიმა ვაიკულეს მისწვდა, რაიმონდ პაულსთან ანდა სსრკ –ის მასშტაბის ვინმე სხვა “სელებრითისთან“ამ „შეხვედრის“ ნაცნობობით ჩაწყობის გარეშე. საქმეს, მგონი, ისეთი პირი უჩანს: ეს ბატონი ნელ –ნელა იმისთვის გვამზადებს, რომ ფინალში ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის (შეიძლება სულაც სტრატეგიული პარტნიორის) მოქალაქე ქალის ზურგ–მხარ–კისერ–თავზე შემოჯდომითა და არაბული ტაიჭისდარად მათი ტარების ფაქტსაც გვაუწყებს და ამით მოსკოვში, აღმოსავლეთ ევროპასა და ბრიუსელში ქართული მისიის წარმატებით შესრულებას გვახარებს. თუმცა წლები მაინც თავისას შვრება – ჩრდილოეთით ორიენტირებული ლიბიდოს თემა ამ ჩვენს „კოლორიტულად სასიქადულო“ დონ ჟუანს, მგონი, თავისი ბრენდი არც გაახსენდებოდა, რომ არა წამყვანის შეხსენება- „აბა, ქალებზე გვიამბეთო“... ამავე პერიოდში საახალწლო ტელეეთერში გაჩნდა „ელიტელეტრონიქსის“ ერთმნიშვნელოვნად დესტრუქციული, ყოვლად ვულგარული რეკლამა. თუმცა ეს კომპანია პოზიტიური გზავნილებით დიდად არც ადრე გამოირჩეოდა. კლიენტებს სახლში „უვარდებოდა“, ძველ ქონებას უროს ურახუნებდა ან ფანჯრიდან უგდებდა, როცა შესაძლებელი იყო ძველის თუნდაც იმათთვის დარიგება, ვისაც იგი არა აქვს. ამგვარი სახლის წინ მოწყობილი „გარაჟ – სეილებისა“ თუ საქველმოქმედო აქციების პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში არსებობს. თავი რომ დავანებოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამი „ობიექტის“ (პარლამენტი – ტელევიზია – ბიზნესის რეკლამა) ფორმისა და შინაარსობრივ სექსიზმს, უხამსობასა და უბადრუკობას, მივადგებით ქართველი „სუპერმენის“ ინდენტობის საკითხს მთელი თავისი თვისობრივ – ორგანული და ფუნქციური ნარცისიზმით, ინფანტილიზმითა და პრივილეგიების წართმევის ფობიით. პრივილეგიით, რომელიც მას მხოლოდ იმიტომ უნდა მიეცეს, რომ მამაკაცია. ყველაფერი ზემოთქმულის ერთგვარი შემაჯამებელი აკორდი კი გახლდათ ახალი წლის პირველ წუთებში დაბადებული ახალშობილი ვაჟის დედის სიტყვები, რომელიც ასე ჟღერდა: მიხარია, რომ შვილი შემეძინა, მაგრამ უფრო მეტად იმიტომაც მიხარია, რომ... ბიჭიაო. და საქმე სულაც არაა იმაში, რომ „არ ვიცით“, საიდან მოსული იდეების ამტაცებელმა ჩვენმა თავად-აზნაურობამ, „მემარჯვენე“ პარტიამ და საპატრიარქომ რომელ ზმანებაში დალანდა სამომავლოად ქვეყნის მუდმივ საკეთილდღეოდ დამაშვრალი, სამეფო სისხლის ჩვილი–კერპი, რომლის მთავარი „ქარიზმა“ იქვე დაკონკრეტდა: აუცილებლად ვაჟი უნდა იყოსო. საქმე არც იმდენად იმაშია, პირველ იანვარს დაბადებული არადიდგვაროვანი პატარა ამგვარად მოაზროვნე მშობლების ხელში გივი სიხარულიძის მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე ვერსიად რომ გაიზრდება. საქმე გაცილებით რთულად და მძიმედაა.
ზოგადად ფემინისტური მოძრაობა და ფემინისტური ლიტერატურა, ბუნებრივია, მიმართული იყო და არის ქალთა უფლებების დასაცავად და მრავალსაუკუნოვანი პატრიარქატის დისკრიმინაციული პრაქტიკების აღმოსაფხვრელად. ფემინიზმი და ბრძოლა თანასწორუფლებიანობისთვის არასოდეს ყოფილა ანტიმამაკაცური მოძრაობა, არამედ პირიქით, იგი ალბათ ყველაზე და ერთადერთი პრომამაკაცური თეორია და პრაქტიკაა, რადგანაც მისი ადრესატი გახლავთ მამაკაცი (თუ შეიძლება ითქვას, პატრიარქატის შესწავლის ლაბორატორია), ანუ დომინანტი ფალოცენტრული იდეოლოგიის როგორც ავტორი, მთავარი აქტიორიც და მსხვერპლიც. და სწორედ აქ უნდა აღინიშნოს „უცხო ქალის მიერ ქრისტიანობის შემომტან“, „ღვთისმშობლის წილხვედრ“ ქვეყანაში ლამის მინიმალური გენდერული მგრძნობელობის, უფრო სწორად, გენდერული უგრძნობლობის სტაბილური არსებობა და დაუინტერესებულობა ფემინისტური მოძრაობითა და თუნდაც ამ მოძრაობის მიერ მოტანილი სიკეთეებით, რომლის ინკორპორირება დასავლურ საზოგადოებებში დემოკრატიული, ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების პარალელურად მოხდა. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, რომელიც ყველას, ვიმეორებ, ყველას უფლებების დაცვას გულისხმობს. მით უმეტეს, თუ არსებობს პრეტენზია, ვცხოვრობდეთ დასავლური ტიპის საზოგადოებაში, რომელიც არ ჰგავს თანამედროვე „არაბული ტიპის“ წყობილებას. ისტორიულად განპირიბებული მიზეზების გამო მძლავრ სოციალურ მოძრაობებს საქართველოში ადგილი არ ჰქონია და, როგორც ჩანს, არც ამ ჯერზე უნდა ველოდოთ ცვლილებებს, ანდა პროგრესულ იდეურ, გნებვათ, საგანმანათლებლო „ინტერვენციას“. რეალურად ღერძული პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ საზოგადოებაში „ელიტგივისიხარულიძისეული“ აზროვნება პრობლემად არაა აღიარებული. არადა მხოლოდ მაშინ, როცა საზოგადოება დაინახავს კონკრეტული პრობლემის არსებობას, მაგალითად, მაჩოიზმს(გნებავთ, ქართულად მუტრუკიზმს), მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას ამ თემაზე მუშაობა, ღია დისკუსია, კორეგირებისთვის სტრატეგიის შემუშავება, ტრანსფორმირება. თუმცა ცხადია, რომ იმის დანახვაც კი, რაც მზისით, დღისით ზედაპირზე დევს ისეთ ტრავმირებულ, ამორფულ, უპრინციპო სოციალურ სივრცეში, როგორიცაა ქართული საზოგადოება, დიდ, ხანგრძლივ და დაჟინებულ ძალისხმევას მოითხოვს.
***
სკოლიდან დაწყებული დღემდე ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ომში გზის დამლოცველი დედის შვილი – ქართველი მამაკაცი არის თავგანწირული ძლიერი მეომარი, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველდღე ხმალს 24- საათიან რეჟიმში იქნევდა. სსრკ–ის დანგრევის შემდეგ უეცრად „აღმოჩნდა“, რომ ამ თავდაცვაში და მტრის მოკვდინებაში მას საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებლობა ეხმარებოდა და სწორედ ღვთის რწმენამ გადაარჩინა. ალბათ იგივე განცდის რეინკარნაციაა ახლა, როცა ხმლის ქნევა სულაც არაა საჭირო, არამედ – თითეულ სამეზობლო უბანში ეკლესიის მშენებლობა და საეკლესიო რიტუალების ავადმყოფური პედანტურობით დაცვა. მათთვის, ვინც სკოლაში სსრკ–ის არსებობის დროს სწავლობდა, კომუნისტური სკოლის სახელმძღვანელოს მიხედვით სტალინ–ბერია–ორჯონიკიძის საბჭოური ეპოქის „გმირები“ ბულგაკოვის „ძაღლის გულის“ პერსონაჟებს კი არა, გულანთებული, ჰიპერაქტიული, ტესტოსტერონიანი, მიზანმიმართული, ძლიერი, შინელიანი მამაკაცები იყვნენ, რომელთათვის არ არსებობდა ბარიერი/თვითკრიტიკა. ისინი თავად ქმნიდნენ სიმართლესაც და სამართალსაც. არსებობდა მხოლოდ ცივი სისხლი, მზადყოფნა, სხვისი ცივი/თბილი/ცხელი სისხლი დიადი მიზნისთვის დაუღლელად და უწყევტად დაეღვარათ, პარტიის წესდება, მითითება და სურვილი სხვა ადამიანზე მიმართული ტერორი „პატიოსნად“ აღესრულებინათ. შესაბამისად, ღირებულებითი სისტემაც მასკულინურ–პარტიული ორიენტაციის იყო. მაგალითისთვის ისიც გამოდგება, რომ მათსავე უახლოეს წრეში რეპრესიული მექანიზმის ამუშავება ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ასევე ორდინარული ამბავი იყო ყოველგვარი სასამართლოს გარეშე თანაპარტიელის ცოლის გადასახლება, უგზოუკვლოდ გაქრობა, დახვრეტა, ანდა საზიარო „ცოლის ყოლა“, ასევე პედოფილია.... ქალი, მაღალი პარტიული ჩინოვნიკის ცოლიც კი, არანაირ ღირებულებას წარმოადგენდა. ძალაუფლების მატარებელნი ერთგვარი გივი სიხარულიძეები იყვნენ, ოღონდ შარვალში რუბლები, ვალუტა და უბუსუსო/ბუსუსებიანი კონდომები კი არა, პარტბილეთთან ერთად ნამდვილი ცხრაგრამიანტყვიებიანი დამბაჩები ედოთ...
მსოფლიოს ახალ ისტორიაში, ალბათ, თუ მუსოლინის არ ჩავთვლით, შეუძლებელია სტალინისა და ჰიტლერის მასკულინურ ჰაბიტუსებზე უფრო მეტად მასკულინური ფიზიკურ–ფსიქოლოგიური ნაკვთები აღმოაჩინო. XX საუკუნეში, პირველი მსოფლიო ომიდან დაწყებული დღემდე, სამყაროს „განახლების“ პათოსის უკან იმალებოდა და იმალება უსაზღვრო აგრესია, რეპრესიის შეუჩერებელი მანქანა, პერვერსიული „სექსუალური პოლიტიკა“ და „დიდი ძმის“ ტოტალურად მაკონტროლებელი თვალი, რომელსაც არსებობიდან 30–40 წლის შემდეგ უკვე აღარ სჭირდებოდა ექსტრემალურად ახალი იდეები თუ საწვავი, რადგანაც იგი ინერციით მუშაობის, მათ შორის, თვითგანადგურების რეჟიმზე იყო გადართული. „საამაყო ქართველის“ – სტალინის რეჟიმმა 20 მილიონი ადამიანის, მათ შორის ქართველების სიცოცხლე იმსხვერპლა. არავინ იცის უგზო–უკვლოდ დაკარეგულების, ფსიქიკადამახინჯებულებისა და მათი ოჯახის წევრების რიცხვი. მაგრამ ჩვენ სულაც არ ვიქექებით არქივებში, არ ვეძებთ ინფორმაციას ახლობლების მკვლელების შესახებ, არ გვინდა თუნდაც საკუთარი ოჯახის წინაპრების ტრაგედიის საფუძველზე გავიგოთ ის, თუ რა ასულდგმულებდა ასე დიდხანს ამ თიხისფეხება იმპერიას. არქივთან მუშაობა კითხვასთან და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. ჩვენ არ გვჭირდება „ლუსტრაცია“, რადგანაც პატარა, მაგრამ დიდი და გასაბრწყინებელი ერი ვართ და, აბა, საპატრიარქოს მიერ ნაკვები მესიანური განწყობების მატარებელნი როგორ ვიკადრებთ ამგვარი არასაამაყო წარსულით დაინტერესებას?
გერმანიაში, მაგალითად, ყოველ წელიწადს მატულობს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც „შტაზის“ არქივებში ჩაღრმავების სურვილს გამოთქვამს, რათა გაიგონ, იყო თუ არა მათზე რაიმე საქმე შეთითხნილი და რამდენ ხანს აკვირდებოდა „დიდი ძმა“. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, როცა ცივი ომი ნომინალურად დასრულდა, „გედეერში“ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს არქივები გაიხსნა და სამ მილოონზე მეტმა გერმანელმა წერილობით განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, გაეგო სიმართლე. სიმართლე არა მხოლოდ მასზე მოთვალთვალეებზე, არამედ იმ ქვეყანაზე, რომლის მოქალაქეც თავად იყო. ამ პერიოდში ცნობილი ისიც გახდა, რომ „შტაზის“ ბალანსზე აღმოსავლეთ გერმანიის 270 000 მოქალაქე ირიცხებოდა. რაც შეეხებოდა სსრკ–ის არსებობის მოგვიანებით ეტაპს, ხელისუფლების პარტიულ პროპაგანდას უკვე აღარ სჭირდებოდა ღიად ძალადობის კულტივირება. იგი ისედაც კულტად, ფეტიშად იყო ქცეული და „გმირობათა/გმირთა პანთეონში“ ცენტრალური ადგილი ეკავა ...
რაც შეეხება ქართულ ტელესივრცეში იუმორ – ირონიის კანონებისა და ლოგიკის წესების დაცვას. ურიგო არ იქნებოდა, „ვანოს შოუს“ დაეწყო ინეტში არსებული ზოგიერთი მამაოს ქსენოფობური, სექსისტური, ჰომოფობური თუ მიზანტროპული გამონათქვამების ციტირება–გაშარჟება, მაგრამ, როგორც ჩანს, „ღვთის მოშიშობის“ გამო ეს თემა მკაცრად ტაბუირებულია. ანაფორიანი და ჯვრიანი კაცი – საკრალურია, ხელშეუხებელი, სპეტაკი, პოლიტიკურად და ზეციურად „ჭეშმარიტი“. მით უმეტეს, როცა გვაქვს უფრო პროგნოზირებადი გივი სიხარულიძის ფალოსის, როგორც მისი ალტერეგოს მოგონებები. უდავოდ სრულიად უტოპიურ სფეროს განეკუთვნება სტუდიაში გივი სიხარულიძის (და ძმანი მისნის) და მამა შიო გაბრიჭიძის (და ძმანი მისნის) ერთად მოწვევა და მათი „დიალოგისთვის“ სეირის ყურება. რაც შეეხება აუდიოტორიას: იგი მზადაა ყურს იქით გაატაროს პარლამენტარის დაქადნება იმასთან დაკავშირებით, რომ ხაზინიდან დაფინანსებულ საკანონმდებლო ორგანოში „პოლიტიკური სუტენიორობის“ წარმოთქმის დღეს ატეხილ მშვიდი აურზაურის ნაცვლად თავ–ყბა დანგრევის სცენას მოაწყობდა, მაგრამ იგი (აუდიტორია) მზადაა გაიცინოს, როცა სცენიდან „კომედი შოუს“ ბიჭები გაუპატიურებულ მოცეკვავე ქალსა და მისი გამაუპატიურებელ კაცებს ახსენებენ. ამ ორსიტყვიან „სკეჩში“ სიცილის მომგვრელი სწორედ სიტყვა „გაუპატიურება“ გახლდათ და დარბაზმაც არ დააყოვნა: გვარიანად გადაიხარხარა.... „სასაცილო ფრაზა“ კი სუპერმოკლე იყო. „ქალი გააუპატიურეს“.
***
1991 წელს, რეფერენდუმის საფუძველზე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართველებს ერთი შეხედვით პარადოქსულად უადგილო თვითაგრესიის ირაციონალური მექანიზმი აუმუშავდათ, რომელიც წმინდა წყლის ნეობოლშევიზმი იყო. კრიმინალ – პროფესორ – მაჩო ჯაბა იოსელიანის, კაგებეშნიკისა და საბჭოთა კომპარტიის მაღალჩინოსნის, თუმცა ბერლინის კედლის დამანგრევლის იმიჯის მქონე ედუარდ შევარდნაძისა და „ერის მამის“ და ამავე დროს წარმატებული ბიზნესმენის, პატრიარქის ილია მეორის ერთად დგომა და ამ სამეულში (სიგუა და კიტოვანი ჯაბა–ედუარდის ქოლგის ქვეშ შეიძლება მოვაქციოთ) საერთო ენისა და ინტერესების გამოძებნამ, ფაქტობრივად, დიდი ხნით განსაზღვრა ქვეყნის ეგზისტენციის, უფრო სწორად, ეგზისტენციალური არჩევანის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფეოდალურ – ფალოსური კლიშეები. ჯაბა, როგორც მოუთოკავი ენერგიის, მხიარული, რისკიანი, ჰარიჰარალო აბრაგი და ისტორიული „მტრისთისთვის“ თუ არა, მეგრელებისთვის „მაინც“ მუსრის გამვლები; ე. შევარდნაძე, როგორც „იღბლიანი და ჭკვიანი პოლიტიკოსი“, რაციო, გაიძვერა, რომელიც წყლიდან ყოველთვის მშრალი ამოდის და კარგად ერგება უძღები შვილი – გოდოს როლს, რომელსაც ასე ელოდნენ ზეციდან თუ არა, ჩრდილოეთიდან მაინც და პატრიარქი: საბჭოურ – მასკულინური „მართლმადიდებლობის“ კერპი – სიმბოლო და ახალი თეოკრატიული პარტიის (გნებავთ, ცრუარასამთავრობო ორგანიზაციის) ლიდერი მთელი თავისი დომინანტურ–იერარქიული–ფულადნიშნებიანი კაპიტალით, მონოპოლიით ჭეშმარიტებაზე, ჰუმანიზმზე და სულთამპყრობელობაზე, რომლის „ქრისტიანი“ ქვეშევრდომი მზად არის, სანთლების გამყიდველი, ავადმყოფი შვილის დედას დახმარება კი არ გაუწიოს, არამედ – უფრო მეტად დაამციროს, რადგანაც იმ ფუტკარს, რომელისგანაც სანთელი გაკეთდა, საპატრიარქოს „ლეგიტიმური“ ID ბარათი და ნაკურთხი სალარო აპარატი არ აუღია.
***
ქართული მასკულინობის სტერეოტიპები ალბათ დიდად არ განსხვავედება ზოგადად არსებულისგან და, ბუნებრივია, მანაც განიცადა სოციო – კულტურული თუ როლური ცვლილებები. ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ოჯახისა და „რუსი ნაშების“ შემნახველისგან ქართველი მაჩო გადაიქცა თურქეთსა და ამერიკაში საშოვარზე გაშვებული ცოლისა და დედის ხელებში შემყურე, დამოკიდებულ, მაგრამ მაინც „პარამილიტარისტული“ გენდერული კოდის მატარებლად, რომლის ლექსიკაში ძმაკაცებთან საუბრებში ტრადიციულად ნახსენებ სსრკ–ის უკიდეგანო სივრცეში გაჟიმულ ქალებთან ერთად შემოვიდა სხვა დისკურსი, რომლისგან ორი თემის გამოყოფაა შესაძლებელი: 1. როგორ, რა გზებით იჩალიჩოს, რათა ოჯახის წევრი ქალი საზღვარგარეთ გაუშვას. 2. უკვე გაშვებული, ბარაქიანად „შემომტანი“, ნატოს წევრ ქვეყნებში დაბალკვალიფიციურ სამსახურში მომუშავე ცოლის, დის, დედის, სიდედრის, საყვარლის თემა. ამ ქალებს მისთვის არა მარტო ავტომანქანის შეძენა შეუძლიათ, არამედ მისი სექსუალური ცხოვრების დაფინანსებაც, რადგანაც არსებობს სუპერძლიერი არგუმენტი: ის მამაკაცად დაიბადა და თავის ფალოსს (არა სექსუალობას) ხომ ვერ ჩაიხშობს. ამავე დროს იგი წარმოგვიდგება, როგორც ბიზნესმენი, ხოლო მისი ცოლი – ბიზნესმენის ქალი/ცოლი/საყვარელი/მეგობარი. მე პირადად არაერთგზის მსმენია ქართველ მამაკაცებზე, რომლებიც ოჯახური ცხოვრებისთვის სწორედ საზღვარგარეთ მყოფ ქალებს ეძებენ და ერთბაშად „ელაპარაკებიან“ როგორც ევროპაში, ასევე – ოკეანის გადაღმა მყოფებს შემდეგი პრინციპით: მეტს იცნობ, მეტი შანსი გაქვს.... ბიზნესი აწარმოო. თუმცა არაფერი გამიგია ქალებზე, რომლებიც საზღვარგარეთ წასულებზე „ნადირობენ“. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყევლაფერი, შესაძლოა, სოციო–ეკონომიკური ფონითაც იყოს განპირობებული. უცხოეთში ქალის „მზრუნველობის ინსტიტუტზე“ უფრო მეტი მოთხოვნაა ( შესაბამისად, ქალი უფროა დასაქმებული), ვიდრე – ტრადიციულად მამაკაცურ პროფესიებზე (მშენებლობა, რემონტი, ავეჯის გადაზიდვა, მძღოლობა და ა.შ.), მით უმეტეს, ეკონომიკური რეცესიის პირობებში.
მაგრამ ყევლაფრის მიუხედავად, ფაქტობრივად, ამ ხნის განმვლობაში მასკულინური მონოლითი კი არ დაიბზარა, არამედ კიდევ უფრო გამონოლითდა, ოღონდ მას უფრო რისკიანი და მოქნილი დამფინანსებელი გამოუჩნდა, უცხოეთში გადახვეწილი ქალი, რომელიც არსებული მარგინალური ეკონომიკური სიტუაციის გამო „ოჯახის შემნახავის“ გენდერულ კოდს ამყარებს და ქალის გადარჩენის სტრატეგიებს იყენებს: იქნება ეს ემიგრაციაში გაურკვეველი დროით წასვლა (ტრეფიკინგის მსხვერპლად აღმოჩენის საშიშროების გათვალისწინებთ) და არსებულ სტრესულ მდგომარეობასთან შეგუება; უფრო მდიდარი უცხოელი პარტნიორის (თუნდაც იმ მოხუცი მამაკაცის, ვისაც იგი უვლის) ძებნა თუ პროსტიტუცია, რომელსაც ახალი მთავრობა ასეთი ენთუზიაზმით შეებრძოლა. თუმცა, ფაქტობრივად, პატრიარქალური „პერპენტუმ მობილე“, საბოლოო ჯამში, დისფუნქციური აღმოჩნდა, რადგანაც ხანგრძლივი უმუშევრობის პირობებში და ცოლის მიერ გამოგზავნილი კაპიტალის ფონზე იგი საზოგადოებრივი/პროფესიული ცხოვრების სტაგნაციასა და უკუსვლის „შეჩერებას“ „ნაშებზე“ მოგონებებსა და სტალინის ძეგლის აღდგენით ცდილობს, როგორც დაკარგული პოტენციის რეინკარნაციას. შედეგად იგი თავადვე აღმოჩნდა თავისი ჰიპერმაჩო მრუდე იმიჯის სამუდამო ტყვე. მაგრამ კვლავ და კვლავ მაჩოს პატივმოყვრეობას კვებავს ის, რომ პატარა ქართული ქალაქის მკვიდრმა, გორელმა ი. ჯუღაშვილმა, რომელმაც გადამთიელ გერმანელ ჰიტლერს მოუგო, ქართველი სტალინისტები „მამაკაცების ელიტარულ კლუბში“ შეიყვანა, სადაც უკვე ცნობილია, „კაი ტიპები“ ვინ არიან, სავარძლები გადანაწილებულია და ეს ადამიანები მზად არიან თავისსავე ოჯახის გამაუბედურებელ მოძალადეს „წაუყრუონ“ სტოკჰოლმის სინდრომის ყევლაზე ექსტრემალური ფორმით, მისი ხატად გამოსახვითა და ეკლესიაში მასზე ლოცვით. მკაცრად პატრიარქალურ საზოგადოებაში სწორედ ძალადობის სხვადასხვა სახეებია „კაცური“, „კაი ყმური“ თუ „ძველბიჭური“ ინიციაციის მთავარი შემადგენელი. ამიტომაცაა, რომ მხედრიონს სრული ლეგიტიმაცია მიენიჭა, ინტელიგენცია დუმდა, ან საღათას ძილს იყო მიცემული, ანდა ფლუგერივით ქარის დაბერვას ელოდებოდა, ხოლო კრიმინალს უფრო მეტი სოლიდარობა და ყურადღება შეიძლება მიეპყრო, ვიდრე გოგონას, რომელიც გააუპატიურეს და რომელსაც „ქალიშვილობის დაკარგვის გამო“ ლამის მთელი სოფელს მაჩოები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ; ანდა მეძავს (ერთ–ერთი ჩემი რესპონდენტი, 2000 წელი), რომელიც სოფელში ინცესტის (ბიძის) მსხვეპრლი აღმოჩნდა, მაგრამ ოჯახმაც და სოფელმა სწორედ ის განდევნა სოფლიდან და დედაქალაქში ვიღაც შორეულ ნათესავს გაუგზავნა, სადაც ხიზანს არანაირი საარსებო საშუალება ჰქონდა. ამიტომაც პროსტიტუციაში ჩაერთო, როგორც ერთადერთ „ლეგიტიმურ“ პროფესიაში, სადაც ხელფასები არ იყინება, ანუ ანაზღაურება მყისიერია.
ქართულ რეალობაში ვარდების რევოლუციის შემდეგ ორი მასკულინობა: კრიმინალი (გახშირებული მძიმე დანაშაული ადამიანების წამებით– მოკვლით და ა.შ.) და ნულოვანი ტოლერანტობა (ციხეში საკვებისა და საყოფაცხოვრებო საგნების ქურდობისთვის არასწრულწლოვნებიც ხვდებოდნენ; ხვდებოდნენ ისინიც, ვისაც შანტაჟის დანაშაულებრივ გეგმაში მონაწილეობა არ უნდოდა) ერთმანეთს დაუპირისპირდა. „კრეატიული კლასი“ კი თითქოს „ოქროს შუალედის“ ძიებით დაკავდა... გალახული მწერალი ზაზა ბურჭულაძე პოლიციაში არ ჩივის, რადგანაც ქართული გაგებით ამით ინიციაციის წესი შეიძლება დაირღვეს... „ჩაშვება“ არაკაცურია, სიმხდალისა და სისუსტის მაჩვენებლია, „დედაკაცურია“, არამართლმადიდებლურია. 1990 – იანებში კანონიერი ქურდები (კანონიერ ქურდს, წესით, უნდა სძაგდეს სახელმწიფო სტრუქტურები, თუმცა ქუთაისში და არა მარტო იქ, ეს მთლად ასე არ იყო), რომლებიც სიმდიდრესთან, გლამურთან, „პაეზდკებთან“ და ეკონომიკურ სიძლიერესთან ასოცირდებოდნენ, ძალზედ პოპულარულები იყვნენ „ალფა მამრების“ მოყვარულ გოგონებში. ამავე დროს არანაკლებ რეიტინგული სასიძოები იყვნენ პოლიციელებიც. რადგანაც ყველამ იცოდა, რომ იგი ხელფასზე არ ცხოვრობდა და ხელფასის გარდა გვარიანი „დანამატი“, ანუ რაღაც „ბიზნესი“ ჰქონდა. ყველამ იცოდა, რა იყო ეს ე.წ. ბიზნესი: ძალადობა, გამოძალვა, შანტაჟი, რეკეტი, ადამიანების მოტაცება, კორუფცია. მათ შორის კანონიერ ქურდთან ერთად წარმოებულიც... წლების განმავლობაში, გამონაკლისების გარდა, ჩვენი ინტელექტუალებიც შიშნარევად დუმდნენ, „ვერ ხედავდნენ“ სამოქალქო ომის „ეპიზოდებს“, რადგანაც იმედი ჰქონდათ – სარგებელი აუცილებლად მოვიდოდა. თუ პირდაპირი გზით – ბორჯომში სანატორიუმის საგზურით არა, ირიბად მაინც, მაგალითად, რაიმე „კულტურული პროექტის“ დაფინანსებით, ანდა საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვებით. ე. შევარდნაძე ხომ ფილმის „მონანიება“ „ლობისტი“ იყო... არავინ საუბრობდა სამოქალაქო ომის დასაწყისის სასაკლაოზე, 2 თებერვლის სისხლიან დარბევაზე, სამეგრელოს აწიოკებაზე, ოპოზიციურ გაზეთ „იბერია–სპექტრის“ არაერთგზის დახურვაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის რეალურ მიზეზებსა და ესენგეში შესვლაზე. რადგანაც ამაზე საუაბრი ბონ ტონი არ იყო. როცა სტატისტი – მაჩო გოდო – მაჩოს სთხოვს, იყოს მისი მამა და დამხმარე, მან „რჩეულს“ უნდა დაუჩოქოს და ინიციაციის ეს რიტუალი „ღირსეულად“ გაიაროს. უკეთესია – საჯაროდ. თითქმის ასეა დამიანო დამიანოს კრიმინალურ დრამაში „დაჩოქილი კაცი“, რომელშიც „ანჟელიკას“ მაჩო საყვარელს, ჯულიანო ჯემას (იტალიელი მსახიობი) გმირს, რომელმაც ფილმის სცენარით თავი კრიმინალურ წარსულს დააღწია, ახალი ცხოვრების დაწყება უნდა, მაგრამ არაერთი გაუგებრობების გამო მისი გზა კვლავ დანაშაულებრივ სამყაროსთან იკვეთება და იმისთვის, რომ საკუთარი თავი და ოჯახი გადაარჩინოს, იძულებულია დაიჩოქოს... ამგვარი დაჩოქება, ფაქტობრივად, პოლიტიკური და ისტორიული აქტიცაა, რომელიც წლების წინ ედუარდ შევარდნაძის წინაშე ახლანდელი ზურაბწერეთლისეულ წმინდა გიორგი „დაუჩოქველის“ ძეგლიდან არც ისე შორს პერფორმირდა. ფეტიში კვლავ მასკულინური კანონებით აგრძელებს სიცოცხლეს, ეს მას ძალას მატებს, მაგრამ სინამდვილეაში ეს ძალა არავიტალურია... წინააღმდეგ იმ არდაჩოქებისა, როცა 2008 წლის აგვისტოში ქართველი ჯარისკაცს გიორგი ანწუხელიძეს მოძალადეები კამერის წინ სასტიკად აწამებენ, დაჩოქებასა და მიწის კოცნას სთხოვენ. საშინლად გატანჯული, სისხლში ამოთხვრილი ადამიანი ამას არ აკეთებს. ომის დასასრულიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ მოხდა მისი გვამის გადასვენება და იდენტიფიცირება – მხოლოდ დნმ–ის ანალიზით. მეორე შემთხვევაში, ანუ არდაჩოქების დროს, სიკვდილი (სავარაუდოდ დაჩოქების შემთხვევაშიც) და თან წამებით – გარდუვალი იყო. პირველ შემთხვევაში – არა. მაგრამ საქართველომ, უფრო სწორად მან, ვინც ქვეყნის სახელით გამოდიოდა, გააკეთა თავისი არჩევანი, რომელსაც რატომღაც „გადარჩენას“ უწოდებდნენ. თუმცა არც ჩვენს საზოგადოებას და არც სტუდენტებს არასოდეს მოუთხოვიათ გიორგი ანწუხელიძის მკვლელების დასჯა (ომის დროს ტყვის წამება ჟენევის კონვენციითაა აკრძალული, რადგან ომსაც თავისი აკრძალვები აქვს), არასოდეს ასულან სასაფლაოზე, რათა ამ ადამიანისთვის სიმბილურად მაინც ეცათ პატივი, არც სტალინის ძეგლის აღდგენა გაუპროტესტებიათ და არც სოჭის ოპიმპიადაზე მონაწილეობის გაცხადება... თუმცა მასობრივად სამართლიანად აღშფოთდნენ, როცა პუტინზე სუსტი მასკულინობის მიშას დროს ციხეში გამოვლენილ ძალადობის კადრებს „წაწყდნენ“ და „სისტემას ნგრევა“ დაიწყეს. მაგრამ ეს სისტემა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის კოშკიდან დანახული საგანთა წყობა აღმოჩნდა და არა, მაგალითად, ძალადობრივი სისტემა მთელი თავისი პერფორმანსებითა და დახურულობით, რომელიც თავისი ყველა პარამეტრით „კონსერვატიულად“ ფალოცენტრულია. სულაც არაა შემთხვევითი, როცა პუტინი სააკაშვილის „იმ ადგილით“ ჩამოკიდებით დაემუქრა. ფალოსი, ერთი მხრივ, „მუსკულატურის“ ყველაზე სუსტი და, მეორე მხრივ, ყველაზე ძლიერი „ქარიზმატული“ ორგანოა, ხოლო ამგვარი რიტორიკა სრულიად ჰარმონიულად ჯდება პატრიარქალური კოდების სამეტყველო რეპერტუარში, რადგანაც იგი არა მარტო ქართული ბირჟის, არამედ საპარლამენტო ლექსიკაცაა, რომლის სერიოზული ლინგვისტური ანალიზით არავინ დაკავებულა. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც საზოგადოების, მედიის, თემის კონტროლი არანაკლებ წონადია, ვიდრე, მაგალითად, აშშ–ში სახელმწიფო სააგენტო IRC –ის (შიდა საშემოსავლო სერვისი) გადაწყვეტილებები, კულტურის მინისტრად მხედრიონელის დანიშვნა; ვარსკვლავურ კონცერტებზე საბიუჯეტო თანხების გახარჯვა; შინაგან საქმეთა მინისტრად იმ ადამიანის დატოვება, რომლის მეუღლის სახელი საქვეყნოდ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს და რომლის თანამშრომლებმა ლამის რიტუალური მკვლელობა ჩაატარეს; პრემიერ–მინისტრი მოსახლოებას კრიმინალური სიტუაციის გაუარესებისადმი „გაგებით მოკიდებას“ მოუწოდებს; იუსტიციის მინისტრი არასეკულარული ენით მეტყველებს; პარლამენტში კი იჯდეს ადამიანი, რომელსაც ცოტა ადრე, დეპუტატობის დროს თავისი დანგრეული და გრუნტის წყლების გამო გამოფიტული უბნისთვის არაფერი გაუკეთებია, მისი დირექტორობის დროს ბიბლიოთეკაში სკამები არ იყო, ხოლო თანამშრომლები წამდაუწუმ იფიცებოდნენ, უბრალოდ – წარმოუდგენელია. რადგანაც უპირველესად მედია, მათ შორის პარტიულიც კი, პოლიტიკოსების წარსულსა და ჯიბეში იქექება. განა რაიმე პერვერსიული ინტერესის გამო. არა, ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა. ეს მისი ფუნქციაა.
საქართველოში არ უყვართ დამარცხებულები. მხოლოდ იმ შემთხვევაში „ესიმპათიურებათ“, თუ იგი ახლობელი პარტიიდანაა და ისიც, ცოტა ხნით. თუმცა თავად ენთუზიაზმით დაუჩოქებენ აფხაზეთის ომიდან გამოქცეულსა და წამგებს, თუ ის მისიანია, მისი „მრგვალი მაგიდის“ რაინდი მეფე არტურის (ან არც მთლად არტურის) კარიდან. ისევე, როგორც „ელიტელექტრონიქსის“ რეკლამის მამაკაცი, რომელიც „ჩვენიანად“, „ძმად“, „ბრატად“ აღიქმება. მისი ავტომანქანა კი, რომელიც, სავარაუდოდ, გატენილია ოჯახის სარჩენად საზღავრგარეთ საშოვარზე გაშვებული ოჯახის წევრი ქალის მიერ გამოგზავნილი ფულით ნაყიდი საჩუქრებით, შესაძლოა თავად ამ ქალის ნაშოვნი ფულითაა ნაყიდი, მაგრამ სალონში ქალისთვის (სიმბოლურად –ფემინობისთვის) თავისუფალი ადგილი და სასუნთქი სივრცეც არაა. ქალი მისრესილია მინაზე მაშინაც კი, როცა სადღესასწაულო ფორმა აცვია, თუმცა საღამოს, არავისთვისაა საიდუმლო, ქართული ტრადიცია თავისას იზამს, გაშლილ სუფრასთან მის სადღეგრძელოს რამდენჯერმე შესვამენ და ადამიანები ერთმანეთს, ახალი წლის გარდა, ქრისტეშობას მიულოცავენ და შეზარხოშებულები ცოლს ღვთისმშობელ მარიამსაც შეადარებენ. ქალი ამ რეკლამაში გაიგივებულია მანქანაში ჩატენილ საგანთან, რომელიც წააგავს არაერთ ქართელ გოგონას, ქალს, რომელსაც მოტაცების დროს ერთი კი არა, სავარაუდოდ, სასიძოს 4–5 მამრი მეგობარი მანქანაში „ჩაჯდომას სთავაზობდა“. ქალს კი ამ დროს რეალური ფიზიკური ზიანი ადგებოდა. ჩემს ნაცნობებში მოტაცების რიტუალს უკვალოდ არ ჩაუვლია (აქ ფსიქოლოგიური სტრესის აღწერას არ შევუდგები, რომელიც ცალკე განსახილველი დიდი თემაა). როგორც წესი, მოტაცების დროს „შეყვარებულს“ ან ხელს ტეხდნენ, ან -ნეკნებს; გოგონები საავადმყოფოში ან ტვინის შერყევით, ანდა თირკმლების დაზიანებით ხვდებოდნენ, რადგანაც ოჯახის შექმნის პროცესი წიხლის ჩაზელვით იწყებოდა: ეს იმ შემთხვევაში, თუ ურჩი ქალი მოძალადეს არ ემორჩილებოდა. გარდა ამისა, მოტაცების მსხვერპლი გოგონას თანმხლები პირიც შეიძლება აღმოჩენილიყო, თუ ის მოსატაცებელს ხელს არ გაუშვებდა. ვიცი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც „საცოლის“ დედა სასიძოს მეგობრებმა სცემეს და იქვე დააგდეს, რადგანაც დედა შვილს „მკვდარი ტაცებით“ ჩააფრინდა, არ ანებებდა. ამიტომ ან დედაც უნდა მოეტაცებინათ, ანდა მამაკაცების მიერ შემუშავებული გეგმა/პროექტი მიზანს ვერ მიაღწევდა. ეს უკანსაკნელი კი დიდი სირცხვილისა და მარცხის ტოლფასი იყო. ამიტომ რჩებოდა ერთადერთი გამოსავლი. ძალადობა, ცემა, შეურაცხყოფა, ჩაწიხლვა, დაწიხლვა, ჩათხლეშვა, დასახიჩრება, სადიზმი... დედის ტოლა ქალის, მეგობრის „სასიდედროს“. სამართლადამცველები ამას დანაშაულად არ თვლიდნენ. არაფერი იყო ექსტრაორდინარული იმ ადამიანის ცემაში, ვინც „უყვართ“ მომავალი გაბედნიერების მოტივით; ძალადობაში იმ ადამიანზე, ვინც სამომავლოდ ამერიკიდან ჟურნალ „პლეიბოისა“ და სიგარეტის საყიდ ფულზე უფრო მეტს გაუგზავნით. ქართულ ნეორეალიზმს დედამთილების მიერ მოტაცებული სარძლოებიც ახსოვს. როცა ვაჟი შვილიან ქვრივთან „დადიოდა“, ხოლო მზრუნველი დედა, რათა მის შვილს ფალოსი მოეოხებინა, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს!, ვიღაცის „ნახმარი“, „წარსულიანი“ ქალი „სპეტაკ“ ოჯახში არ შემოეყანა, იგი აუცილებლად ქალიშვილ გოგონას (მის წესიერებაზე ცნობების შეგროვება წინასწარ ხდებოდა) ვაჟს სიურპრიზად სახლში ახვედრებდა. როგორც წესი, ეს გოგონა 15–16 წლის იყო. ან ამ ასაკზე უმცროსიც. მე 13 წლის ასაკში მოტაცებულსაც ვიცნობ. თან – პირადად.
***
70 წლის წინათ ორმა დესპოტიამ, ბრუტალურმა იმპერიალისტურმა მასკულინობამ, სტალინისა და ჰიტლერის გლადიატორული ბრძოლა გააჩაღეს, რამაც ისევ და ისევ, უკვე მერამდენედ, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ გაუკეთა ლეგიტიმაცია იმ კონცეპტს, რომ ნამდვილი მამაკაცი აუცილებლად მეომარი უნდა იყოს. ყველაზე ნამდვილი კი (ქვეყნის ლიდერი) სუპერმეომარიც და სხვისი უპირობოდ დამმარცხებელი, ანუ ყველაზე და ყველაფერზე გამმარჯვებელი. სააკაშვილმა 2008 – ის აგვისტოში ვერ დაამარცხა პუტინი, ხოლო რუსების ბომბდამშენის გამოჩენის დროს დაცვამ თავისი ფუნქცია შეასრულა და გადაეფარა. მაგრამ „აუდიტორიისგან“ არ მიიღება არანაირი „სენტიმენტი“. შენ ან გამაუპატიურებელი ხარ, ან გაუპატიურებული. ეს უკანასკნელი კი დაცინვის ღირსია. ლიდერი დემითოლოგიზირდა, იგი მარჯვენათი ვერ შეწვდა რუსის თვითმფრინავს, ხოლო მარცხენას ნეკა თითით ტანკი ვერ ასწია. ხოლო ის ქვეყანა, რომელსაც ჰოლივუდური ფილმებიდან იცნობენ და რომელიც ბლოკბასტერული კლიშეს თანახმად მსოფლიოს მხსნელად უნდა მოვლინებოდა, ბოროტ მტერს ჩვენ გამო არ შეებრძოლა, არ აჩვენა „კუზკინა მაწ“, დაკარგული ორი ტერიტორია არ დაგვიბრუნა. საშობაო ზღაპარი არ ახდა. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი (მ. სააკაშვილი, ისევე, როგორც მისი წინამორბედები) დევგმირი არაა და ამიტომ უნდა ჩაენაცვლოს სხვა კერპით. და თუ ეს ახალი მაინცდამიანც ალექსანდრე მაკედონელი არ იქნება, იყოს... სუბმაკედონელი. სრულიად მისაღებია „გონივრული კომპრომისი“, სწორედ წინა კერპის დამმარცხებლის „ველ–მინდვრებიდან“ მოსული, რომელმაც ჩვენზე ძლიერ ქვეყანა – რუსეთი „მოატყუა“, დიდი ფული და ბიზნესი გააკეთა (აბა, ბიზნესი მოტყუების გარეშე როგორ შეიძლება აწარმოო?), მაგრამ ეს ყველაფერი ხომ იმისთვის იღვაწა, რომ სამშობლოს გამოდგომოდა. ხოლო იმის გამო, რომ მას „იქ“, „იმასთან“ ანუ ჩვენს დამმარცხებელთან სახიფათო, მაგრამ რელევანტური „კავშირები“ აქვს(ასეთი ე. შევარნაძესაც ჰქონდა, პლუს გენშერი და ბეიკერი), მას შეუძლია ჩააწყოს, ოდნავ იკორუფციოს და საქმე სასიკეთოდ წარმართოს. ბოლოს და ბოლოს, მიზანი ხომ დიადია. სამშობლოს კეთილდღეობა, რათა იბერია გაბრწყინდეს.
ორი ათეული წლის წინათ ქვეყნის დამოუკიდებლობის საწყისების ჩასახვისთანავე დამოუკიდებლობის მოსპობა და ესენგეში (პირადად ჩემთვის ეს სტალინის წიაღში დაბრუნების ტოლფასი იყო) შესვლა, ფაქტობრივად, იმავე სოციო–კულტურულ თუ ფიზიკური, მენტალური სივრცის ნოსტალგირება იყო, რომლიდან თავის დაღწევასაც ქართველების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სულ რაღაც 1–2 წლით ადრე თავად ნებაყოფლობით მისცა ხმა. როგორც ჩანს, სნობურად. მართლმადიდებელმა ეკლესიამაც, რომელშიც მსახურების უფლება ამასობაში სამართლებრივად არასაიმედო რეპუტაციის ადამიანებსაც მიეცათ, მხარი დაუჭირა გამეფებულ ჰეგემონურ მასკულინობას, უმცირესობების, განსხავებულთა უფლებების უგულვებელყოფას და ინტელიგენციის აპათიის თუ კონფორმიზმის ნიადაგზე ეკლესიასთან შეკრებილ უპოვართა თვალწინ ძვირადღირებულ მანქანებში მოკალათდა. უკვე აღარ იყო საჭირო დოსტოევსკისეულ სულიერ ვნებებში წიაღსვლები, ანდა ქართული სულის, გნებავთ, ჰუმანიზმის ანაბეჭდების ძიება. აი, იმდაგვარის, სკოლაში თავისუფალ თემებში მეცნიერისა და ექიმის იოსებ ჟორდანიას თავგანწირვის შესახებ რომ ვწერდით, რომელმაც რიო დე ჟანეიროში თვითმფინავის კატასტროფის დროს თავისი მაშველი რგოლი უბილეთო ამერიკელ გოგონას რომ დაუთმო; თავად წყალში დაიხრჩო, ბავშვი კი გადარჩა. გადარჩა ის ამერიკელი, რომლის ქვეყნის ტექნოლოგიას მავანი ქართველი მშვენივრად იყენებს, თუმცა ახლაც მაღალი ტრიბუნიდან დიდგორის ომს უცხადებს, ოღონდ „მორალურ–ზნეობრივ ამბავში“. წინასაარჩევნოდ კახეთში 10 თვის ბარბარე რაფალიანის წყალში ჩაგდება და ჩვილის მკვლელობით პოლიტიკური სპეკულირება ამ საყოველთაო თავზარდამცემობის აპოთეოზი იყო, მედიის კოშმარულმა არაეთიკურობამ კი ყველა არსებულ და არარსებულ ზღვარს თამამად გადააბიჯა. მოგვიანებით ამ ამბის „მახარობელმა“ პოლიტიკოსებმა სამინისტროები ჩაიბარეს, ხოლო პოლიციის მისვლამდე იქ მივარდნილმა „გულშემატკივრებმა“ დანაშაულის ყველანაირი კვალი წაშალეს, რითაც გამოძიებას აპრიორი ხელი შეუშალეს, ისევე, როგორც გიორგი სანაიას მკვლელობის ალაგს.
სტალინის სიკვდილს ძალადობისთვის წერტილი არ დაუსვამს. ხელისუფლების ზედა ეშელონებში ამასთან დაკავშირებით სრული კონსენსუსი მეფობდა, რაც ძალადობას, ფაქტობრივად, კონვენციურ ხასიათს აძლევდა. 1998 წელს, როცა ქართველები 1–2 საათით საოცნებო შუქის მოსვლას ელოდნენ და კოტე ყუბანეიშვილის სტროფები უხაროდათ, ჰოლანდიელმა მეცნიერმა გირტ ჰოფსტედემ თავისი ნაშრომი „მასკულინობა და ფემინურობა“ გამოაქვეყნა. ჩემი აზრით, სახელმწოფოებისა თუ საზოგადოებების მოწყობის მასკულინობა/ფემინურობის ანტროპოლოგიური კატეგოროებით დახასიათება დიდი პირობითობაა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი დიხოტომიზაცია ამ ორ დისკურსზე მსჯელობას გარკვეულწილად მოსახერხებელს ხდის. მისი ნაშრომის კონცეპტი კი გახლავთ ის, რომ იგი ფემინურსა და მასკულინურს უწოდებს გარკვეული სოციალური ტენდენციების მქონე საზოგადოებებს. მაგალითად, ფემინურია ის საზოგადოება, სადაც ადამიანები სხვებზე ზრუნავენ, უნდათ სტაბულურობა, სუსტისადმი თანაგრძნობა დომინანტურია, მედია არაა ძალადობის, სექსიზმის მატირაჟირებელი, გოგონებსაც და ბიჭებსაც ტირილი ნებადართული აქვთ, ჩხუბი და ფიზიკური ზიანით მიმდინარე გარჩევები დაუშვებელია, კონფლიქტების გადაწყვეტა კომპრომისებისა და მოლაპარაკებების გზით ხდება, მოთხოვნილებაა ტოლერანტულ საზოგადოებაზე, სადაც ჰომოფობია დაუშვებელია, შეიარაღებაზე მინიმალური სახსრები იხარჯება, გენდერული თანსაწორობაა (გენდერული ბიუჯეტი), რომელსაც ეკლესიაც აღიარებს, სიყვარულსა და სექსს შორის განსხვავება არაა. მასკულინობა კი ზემოჩამოთვლილის ფაქტობრივი ანტიპოდია. მისი ერთ–ერთი მთავარი სიმპტომია ძლიერის მიმართ სიმპათია, როცა ყველაფერი წარმატებულს ერგება, კონფლიქტების გადაწყვეტა „საუკეთესოს“ გამარჯვებით ხდება, ბიჭებს უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის ჩხუბით დაცვა, როცა მათ თავს ესხმიან, გოგონებს – არა. ავტორი მასკულინურ ქვეყნებს მიაკუთვნებს აშშ–ს, კანადას, იაპონიას, იტალიას, გერმანიას, ბრიტანეთს, ვენესუელას, მექსიკას. ფემინურია – საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები, პორტუგალია, ჰოლანდია, ტაილანდი. რაც შეეხება აშშ –ს, ეს, არა მგონია, სწორი განსზღვრება იყოს, რადგანაც აშშ თავისი სოციალური მოწყობის ტიპით სულაც არაა მასკულინური. რაც შეეხება საქართველოს, იგი უდავოდ ფემინურთა რიგს ვერაფრით შეეწყობა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენი მაჩოებიც კომპლექსიანი სუბინფანტილური სნობები აღმოჩდნენ და ისინი მასკულინობის ნორმატიულ ეტალონსაც არ შეესაბამებიან. ოთხი წლის წინათ, დიდი ხანია, რაც სრულწლოვანების ასაკს გადაცილებული ერთი ქართველი რეჟისორი კინოხელოვანთა ოჯახიდან აღშფოთებული საუბრობდა ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადამიანები თავიანთი უფლებების დასაცავად სწორედ მას მიმართავენ და თან ამის მიზეზიც ახნა: რადგანაც მე, როგორც ნატო ვაჩნაძის შვილს, მენდობიანო. ...
2013.01.11
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment