ინტერვიუ თეოლოგ კახა კურტანიძესთან
სახელმწიფოსთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უერთიერთობის ფორმის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ქვეყნის ხაზინიდან
სახელმწიფოსთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უერთიერთობის ფორმის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ქვეყნის ხაზინიდან
„აღების” გამო გახდა. როგორ ფიქრობთ, რატომ „ამოიღეს” მეხსიერებიდან ის პერიოდი, როცა ეკლესიას თავისი ბიზნესის წარმოების უფლება მიეცა? მათ შორის, საქართველოდან განუბაჟებელი საქონლის შემოტანის?
-თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ჩვენში ბოლო ოცი წლის ურთიერთობის ტიპი ეკლესიასა და მთავრობას შორის ძნელი განსასაზღვრია. იგი არანაირ ჩემთვის ცნობილ ფორმაში არ თავსდება და მიმაჩნია, რომ საქმე გვაქვს უფორმო მოვლენასთან.
წარმოვიდგინოთ ადამიანის აბსოლუტურად მიმსგავსებული რეზინის ფიტული, რომელიც შიგნიდან სავსეა სითხით. წარმოვიდგინოთ, რომ გარედან, ერთი შეხედვით, შეუძლებელია ორიგინალსა და ასლს შორის განსხვავების შემჩნევა. შედიხარ ურთიერთობაში ამ ფიტულთან, გგონია, რომ იგი ადამიანია და უცებ ის ჰიდრავლიკის კანონებისა და რეზინის ელასტიკურობის მიხედვით იწყებს მოძრაობას. ადამიანურ რეაქციას მოელი და უცებ ჰიდრავლიკურს იღებ. ფიტული უცნაურად იგრიხება, იმანჭება, გაუგებარ “ცეკვას” იწყებს...
ამგვარად ვხედავ დღეს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში. მას თითქოს ორგანიზმის, ცოცხალი სხეულის სახე-ფორმა აქვს, მაგრამ რაღაც უცნაური კანონებით მოქმედებს. ლოგიკა, პარადიგმები მასთან მიმართებაში გამოუსადეგარია. რამე რომ გავიგოთ, კანს თუ ტყავს იქით უნდა ჩავხედოთ, ზედაპირული ფორმა ლამის უნდა დავივიწყოთ. ამას არ ვამბობ მხოლოდ უარყოფითი, გამტყუნების, დამუნათების გამო. უბრალოდ, ასე ვხედავ ამ ორგანიზაციის მიმოქცევას და კანსა და ტყავს იქით დადებითიც შეიძლება აღმოჩნდეს -- ნუ, ნეტარ ვართ მორწმუნენი!
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, ზვიად გამსახურდიას ზეობისას, პატრიარქის ავტორიტეტი საკმაოდ მერყევი იყო -- თუ არსებობდა საერთოდ. თავად პრეზიდენტი „ახალი რუის-ურბნისის” კრების ორგანიზებას ლამობდა. არაა ცნობილი, თუ რა მიმართულებით უპირებდა ეკლესიას განვითარებას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ თავად მასაც არ ჰქონდა მკაფიო წარმოდგენა ეკლესიის კანონიკურ-დოგმატურ-ლიტურგიული შინაარსისა და ფუნქციონირების შესახებ. უბრალოდ, გავიხსენოთ მისი თეორიები „თეთრი გიორგის” და „ლაზარეს ენის” შესახებ. ისინი, მგონია, უფრო ეზოთერულ-გნოსტიკური სწავლების ელფერის მატარებელნი იყვნენ, ვიდრე მართმადიდებლურის...
ასეა თუ ისე, მაშინ ილია მეორე არათუ პოპულარული და გავლენიანი იყო, არამედ მას საკმაოდ შერყეული ჰქონდა საყდრის („საყდარი“ ძველქართულად „ტახტს“ ნიშნავს) საყრდენები. მაგალითად, მან ხელი მოაწერა ედპ-ს ლიდერის გია ჭანტურიას და მის თანამოზარეთა „შეგონებას“ პრეზიდენტისადმი, რაც მავანთა მიერ აღქმული იქნა და არის როგორც „ზვიადიზმის“ წინააღმდეგ გალაშქრება. ჩემი აზრით, ეს იყო უბრალოდ თავდაცვა. პრეზიდენტს იგი მაშინ რომ ჩამოეგდო, ალბათ, მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის ხვედრსაც გაიზიარებდა. ანუ გაასამართლებდნენ/ჩასვამდნენ და ეს იქნებოდა ძალიან, ძალიან ცუდი და უაზრო უსამართლობა -- ანუ კიდევ ერთი ჩვენი სიტუტუცეთაგანი, რომლებიც ისედაც არ დავიკელით ამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
– რა მოხდა ე. შევარდნაძის არც მთლად „თეთრ გიორგად”, მაგრამ მაინც გიორგად მონათვლის შემდეგ?
– ჰო, თითქოს მართლა ეგრე გამოდის, რომ ილია მეორემ შევარდნაძე ლამის საკრალური მისიის შემსრულებლად მონათლა. ეს მისი მხრიდან პოლიტიკური გამჭრიახობა იყო, თუ გულწრფელი ეთნო-ნაციონალური ბადაგით შეზავებული გაურკვეველი სახის მისტიკა, დიდად არაფერს ცვლის. პატრიარქმა ამ „მისტიკის” სანაცვლოდ დივიდენდები -- გავლენა და ფული მიიღო. თუმცა უნდა ითქვას, რომ იმ ბურუსით მოცულ დროს მარტო საპატრიარქოს ბიზნესი არ იყო ბუნდოვანი. უბრალოდ, დრო იყო ასეთი. ამასთან, საპატრიარქო არ იყო არც სტრუქტურულად და არც პრაქტიკულად მზად, უცბად მოზღვავებული ქონება და მისთვის უხვად გაცემული შეღავათები ეფექტიანად განეგო. ერთი კია, ილია მეორემ მისთვის მიშვებული უკონტროლობა საპატრიარქოს ავტორიტეტისა და ძალაუფლებასათვის მოსაპოვებლად საუკეთესოდ გამოიყენა: დაიწყო ეპარქიების, მონასტრების, ეკლესიების გახსნა. კადრების შერჩევისას მხოლოდ ისეთ ვინმეს ირჩევდნენ, ვინც მის (საპატრიარქოს პოლიტიკის) მიმართ ლოიალური იყო -- სხვა კრიტერიუმი არ არსებობდა. პატრიარქის ეს პოზიცია მოსაწონი თუ არა, სავსებით გასაგები მაინცაა, რადგან გამსახურდიას ზეობისას მას არათუ როგორც პატრიარქს, არამედ როგორც ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანსაც ემუქრებოდა საფრთხე. ჯერ იყო და არასტაბილურობა კომუნისტობისას. შემდეგ კი უარესი საშიშროება შემოადგა. ადგა და ხელი მიჰყო თავის სტაბილურობის თუ უსაფრთხოების უზრუნვებელყოფას, როგორც ადამიანის, ასევე პატრიარქისა -- და უთუოდ სათქმელია, რომ მას თავის პატრიარქობის ღვთივრჩეულობისა მუდამ სწამდა და სჯეროდა. ამისათვის იხილეთ მისი მამის სიზმრის შესახებ მისივე პირდაპირი განცხადება:
მისმა ამ თვითრწმენამ იმდენად გამაკვირვა და დამაფიქრა, რომ რაღაც მასალაც კი წავიკითხე, მათ შორის, მეცნიერული კვლევაც, „ნარცისიზმი და ფსიქოპათი ლიდერები“, (ასე ჰქვია წიგნს, თორემ, რა თქმა უნდა, ილია მეორეს არ ვთვლი ფსიქოპათად)...
ამას დაემატა ორი ძალიან ცუდი მოვლენა. პირველი იყო ის, რაც მეც მეხება: მიუხედავად იმისა, რომ მე ცოტა მოგვიანებით ჩავერთე მასში. საქმე იმაშია, რომ პატრიარქი ახალგაზრდობაში საკმაოდ გახსნილი სჩანს, მოზომილად ლიბერალი და არა დოგმატურად გონება-გულჩათხრობილი. ამით იგი ახლოს იდგა წარჩინებულ რუსულ სამღვდელოებასთან და ქართველ პატრიარქებთანაც. იყო დრო, როცა იგი ეკლესიათა ეკუმენურ საბჭოშიც მოღვაწეობდა და გარკვეულ საპასუხისმგებლო მუშაობასაც ეწეოდა. კათოლიკეებთანაც განსაკუთრებით ღიაობით გამოირჩეოდა ღვთისმსახურების საკითხში და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, მეჩვენება, რომ მას ჰქონდა ერთგვარი აღმატებული წარმოდგენა და დაჯერებულობა თავის როლზე საქართველოს ისტორიაში. მისი ეს დაჯერებულობა მის „ტიფოზა“-განმადიდებლების მიერ მითიურ სურათად გარდაიქმნებოდა: ის „ბოლო პატრიარქია“, „ერის გამაერთიანებელი ეკლესიაში მეორედ მოსვლის კარიბჭესთან“, გორგასალმა მონათლა ღუდუშაურ-შიოლაშვილები, მისი ერთი ბებია ბაგრატიონი იყო, ელია/ილია წინასწარმეტყველი ცეცხლოვანებას ნიშნავს და ზეციერობას, ირაკლი/ჰერაკლე (ილია მეორეს საერო სახელი) - მიწიერ ძალას და ეს ყველაფერი შერწყმულია მასში. ანუ მასში თავს იყრის მიწიერ-ზეციერი, ფარნავაზიან-გორგასლიანი და ბაგრატიონების მეფური შტოები. ბაგრატიონები, თავის მხრივ, იესო ქრისტეს ხორციელი ნათესავები არიან, რადგან ორივენი დავით წინასწარმეტყველის წიაღიდან წარმომავლობენ. ამრიგად, ისაა მეფეც და პატრიარქიც, ჰერაკლეს მიწიერი ძლიერების ელიას ზეციურ ცეცხლოვანებაში განზავებული მადლის აალება...
–და მას, როგორც ჩანს, თავად სჯერა სიზმრების . . .
–ეს, რა თქმა უნდა, უკვე მითის კი არა, ზღაპრის ენაა! მაგრამ მასაც რაღაცნაირად სჯეროდა, რომ ახლოს იყო სამყაროს დასასრული (ეს იდეა, ალბათ, რუსეთში, პარაეკლესიური „მითქმა-მოთქმებიდან“ გადაედო, როგორც ვირუსი). ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ იყო იგი მაინცადამაინც მოწადინებული, ბოლოჟამის ქართველები სასწავლებლად ღვთისმშობლის წილხვედრილი მიწის საზღვრების გარეთ გაეშვა, თუმცა ამას მაინც აკეთებდა, თუ დაიჟინებდა მავანი. მაგრამ რა, ყველა უცხოეთში წასული ან უბრალოდ იქ დარჩა (ეს კი არ ეთანხმებოდა „ქართველი ერის გამაერთიანებელის“ იდეას), ან სხვა გზით დაიკარგა ეკლესიისათვის, ან ჩამოვედით და „დავსცხეთ“ მას პირადად (მე მოგვიანებით, მაგრამ მაინც!). ვფიქრობ, ეს შეგვეშალა. თუმცა სხვები ასე არ ფიქრობენ და შეიძლება მართლებიც არიან! მე კი მიმაჩნია, იმის მაგივრად, რომ მოგვეთმინა და ჩვენი გამოცდილების გაზიარების გზები გვეძებნა და შემთხვევას დავლოდებოდით, პირადად გეზში! ვიმეორებ, იმის მაგივრად, რომ შევკრებილიყავით, გვემსჯელა, ერთმანეთისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილებები, აზრები და იდეები, ჩამოგვექნა ეს ყველაფერი ერთ ტექსტად შეგვედგინა გეგმა, ანუ განგვესაზღვრა სტრატეგია და ტაქტიკა, უმეტესობა საკუთარ პირად ცხოვრებას მივუბრუნდით; ვინც არა, ის იმპერატიულად მხოლოდ თავისი იდეების უპირობო მიყოლას ითხოვდა და ლამის მორალურად ძალმომრეობდა...
მეორე მოვლენა ის იყო, რომ გარესამყაროდან იზოლირებული ქართველი მორწმუნეები, ბერობა და სამღვდელოება ვიკვებებოდით „ნარჩენებით“, „ნაბიჭევით“ თეოლოგიის სუფრიდან. რა იყო ეს და იყო ფანატიკურად აქტიური, რუსოფილური და ანტიდასავლური რელიგიური ლიტერატურა (მავანნი ვარაუდობენ, რომ ამგვარი ლიტერატურის ხელმისაწვდომობა კაგებეს ფანდი იყო), როცა ანტიეკუმენისტური განწყობები ღვივდებოდა. პასუხი ან თავად პატრიარქს უნდა გაეცა, ან მათ, ვისაც რამე ესმოდა ამ საკითხებში. პატრიარქმა იუკადრისა პასუხი თუ რა იყო, არ ვიცი. ალბათ, ორი რამ იყო მიზეზი: პატრიარქი ვერ მეტყველებს კარგად საჯაროდ -- არაა ამისათვის შექმნილი. და მეორე, მისი თავის მისიაზე წარმოდგენიის მიხედვით, არ ევალებოდა დეტალები! სხვა მცოდნე ამ საკითხებისა არავინ იყო. ოდნავ თუ ვინმე გამოჩნდა, მანაც რატომღაც იუკადრისა დიალოგი და ქედმაღალი და კატეგორიული იყო თავის პოზიციაში. არადა იმ დროს მხოლოდ რამდენიმეს შეეძლო გაეღწია „რკინის ფარდას“ ჩანაცვლებულ ახალ „ფოლადის სავიზო შლაგბაუმს“. ერთი-ორი კაცი დადიოდა (ახლაც ასეა, პრინციპში, ორი შარაშენიძე დადის და აგვარებს საზღვარგარეთ ჩვენი ეკლესიის საქმეებს) სხვა ეკლესიებთან შეხვედრებზე და მხოლოდ მათ მიუწვდებოდათ ხელი წყაროებზე. მაგრამ მათ არაფერი! არ ვიცი, რატომ! ელიტ-სენი შეეყარათ, რაღაც გამორჩეულობის სინდრომი გადაედოთ, ქერუბიმის ფრთებზე დასხდნენ და ისე დაჰყურებდნენ „ფრაერ“ გაუნდობლებს, თუ რა იყო, არ ვიცი! ასეა თუ ისე, ინფორმაციული შიმშილი არავინ დაუკმაყოფილა მეძიებელ ადამიანებს. ჰოდა, დარჩნენ „ობიანი პურის“, არაჯანმრთელი საკვების ამარა. მოკლედ, ნელ-ნელა, ანტიეკუმენური განწყობა ისე გაღვივდა, რომ 1998-ში საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენეს პატრიარქს და ჩვენს ეკლესიას. პატრიარქმა დათმო. პრაქტიკულად, მას არავინ დაუდგა გვერდში -- რამდენიმე ადამიანი, მაგრამ არასაკმარისი! გამოვედით ეკუმენური საბჭოდან. ეს თავისთავად არ იყო დიდი ბედენა, რადგან სასწავლებლად გაგზავნა მაინც გრძელდებოდა და უამრავი გზა და ბილიკი არსებობს სხვა ეკლესიებთან ურთიერთობის. ეკუმენური საბჭო კი სსრკ-ს დარღვევის შემდეგ „ბუქსაობს“ და არ ვარ დარწმუნებული, „აზრზე თუა, სად ბანაობს“. თუმცა ჟესტი მაინც არ იყო კარგი!
სხვაა მნიშვნელოვანი აქ: გემო ნახეს გამარჯვებისა იმ ძალებმა, რომლებიც მომავალში სულშიც კი არ დაგვიტოვებენ ადგილს, სადაც არ ჩაგვაფურთხებდნენ -- ერთი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმის გმირისა (ზურაბ ქაფიანიძე) არ იყოს კაცს დატაკებულ ნაგაზზე რომ ამბობს მძიმე რაჭვული კილოთი: „სისხლი ნაახა? აბა, შეჭამს“!
ჰოდა, შედეგად, პირველი რაც ქნეს, ისაა, რომ ჩაშალეს პატრიარქის კარგი წამოწყება. მან შემოიღო საერთო-სამღვდელო საუბრების, დიალოგისა და საკითხებზე მსჯელობის საკრებულო. დავსხედით, რომ გვემსჯელა საჭირბოროტო საკითხებზე. ამ ანტიეკუმენისტთა რადიკალური ფრთა გააფრთდა და კრებისაგან მოითხოვა „მოუნათლავად გარდაცვლილი ბავშვების“ ჯოჯოხეთში გამწესება. დაბლოკეს ყველაფერი: „სანამ ამას არ იზამთ, სხვა თემებზე არა და არასგზითო“! გაუქმდა ეს საკრებულო. მერე რაღაც დადგენილებაც მიიღო სინოდმა ამასთან დაკავშირებით, რომელსაც მე არ ვიცნობ. ნაწილი ამბობს, ბავშვები ჯოჯოხეთში გაამწესაო სინოდმა, ნიწილი კი -- არაო! მე რო მკითხო, ვიკითხავდი, „ვინ კითხავს სინოდს“, ცნობილი ანეკდოტისა არ იყოს -- გორბაჩოვმა აკრძალა ხიდიდან გადახტომაო და ჭიჭიკიამ, „ვინ კითხავს გორბაჩოვსო“ და ტკუცა თავი რიონში (წყალი თუ ჩაუსხეს, მაშინ რიონში ნეტა?!)...
–ფაქტია, რომ პატრიარქმა თითქოსდა „ვერ დაინახა“ და ამავე დროს წაახალისა კიდეც ეს პროცესი...
–მართლაც, აქ მოხდა რაღაც უცნაური რამ. პატრიარქმა დაიწყო ამ ხალხის წახალისება: აკურთხებდა ყველა მათ კანდიდატს, ყველა მათ კაპრიზს უსრულებდა. პარალელურად სხვებსაც ეხმარებოდა, მაგრამ ანტიეკუმენისტებმა ძალიან იაქტიურეს და, ფაქტობრივად, ისე გამრავლდნენ, რომ შეუძლებელი გახდა მათთან დაპირისპირება -- ან შეეწინააღმდეგებოდი და ვერაფერს გააწყობდი და სიძულვილის შხამით კი დაგგესლავდენ...
თითქოს რაღაც საერთო მოიძებნა მათ სუპერ-მართმადიდებლობასა და საპატრიარქოს იდეოლოგიაში. მოხდა უსიტყვო გარიგებასავით: ისინი პატრიარქის რჩეულობის იდეას არ შეეხებოდნენ, პატრიარქი კი მათ კარტბლანშს მისცემდა. ამ უკანასკნელის „ივერიის რჩეულობის“ იდეა ჩაჯდა ანტიეკუმენისტების „წმინდა სარწმუნოების“ შენახვის პრეტენზიაში. ანუ ივერია რჩეულია და ის ყოველთვის ინახავს სარწმუნოებას უბიწოდ („არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განცემულ ქმნილ ვართ, ვინაჲდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება“ - საყვარელი პროპაგანდისტული სიტყვებია საპატრიარქოს ფავორიტის პროტორესვიტერ ყველა რაოდენობის ჯვრის დაკიდებისა და ყველანაირი მიტრის ტარების ლაურეატ გიორგი ზვიადაძესი)! ანუ ჩვენ ვართ რჩეულნი! ჩვენ ვართ საუკეთესონი! საქართველო მალე გაერთიანდება (აშენებადი სამების გრანდიოზული, ოქროთმოვარაყებული ტაძარი იქნება ამის სიმბოლო და გარანტი), ივერია მალე გაბრწყინდება. აქ პატრიარქი იწყებს მოხუცებას, ჯანმრთელობაშერყეული, გულის პრობლემები, დიაბეტი, „ახლოა ჟამი“...
თუმცა მან გამოიჩინა პრინციპულობა და არ დაუთმო რიგ საკითხებში სუპერ-ორთოდოქსებს. ეს საკითხი უკავშირდება მათ ხშირ პილიგრიმობას ათონის მთაზე. ჩამოიტანეს ამბავი, რომ ჩვენში, ეკლესიაში ამბიონი არ დგას სწორად, არ აცვიათ მთლად სწორად მღვდლებს და უმთავრესი, ქართული გალობა არაკანონიკურია! ბერძნულ-ბიზანტიური გალობა („ბაიათებიო“, მოწინააღმდეგენი იტყვიან მასზე) არის ერთადერთი ღვთივსულიერიო.პატრიარქმა რადიკალურად უარყო ეს -- მადლობა ღმერთს ! მან და სინოდმა აკრძალეს „ბერძნული გალობა“ საქართველოში -- ეს უკვე გადამლაშებად მეჩვენება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა წაგვეხალისებინა საგალობლების შესწავლა. თუკი რუსული მრავალხმიანი ხმოვანება შესაძლებელია ჩვენში, რატომაა დაუშვებელი ბიზანტიური, მართლაც რომ გენიალური. შეგვესწავლა ჩვენიც და ისიც. ბრწყინვალედ აქვს, მაგალითად, რუმინულ ეკლესიას შესწავლილი ეს გალობა და ქმნის ახალ, ასევე ბრწყინვალევე ნიმუშებს. არსებობს სლავურად ბიზანტიური და მას იყენებენ ბულგარელებიც და სერბებიც. რუსებმაც გამოიკვლიეს და აღადგინეს ბიზანტიურთან ახლო, თუმცა ღრმად ორიგინალური „ზნამენსკი ნაპევი“. არსებობს არაბული ბიზანტიური, შესანიშნავი ანტიოქიურ მართმადიდებლებში. ინგლისურად და ფრანგულადაც იგალობება ბიზანტიური! ამასთან, რომ არა „ანჩისხატის გუნდის“ ბიჭების თავდადება (არ ვაზვიადებ, მართლა თავდადებაზე ვსაუბრობ), გვექნებოდა კი დღეს ტაძრებში ნამდვილი ქართული გალობა?...
დღეს ბიზანტიურად მაინც გალობენ რამდენიმე ტაძარში, მაგრამ არცთუ ისე კარგად, რადგან შეუძლებელია სწორი სწავლებისა და სათანადო ხელმძღვანელობის გარეშე მისი, ერთი მხრივ, შესწავლა და ათვისება და, მეორე მხრივ, შესაფერისად გადმოქართულება. ანუ იმგვარად, რომ ქართული ენის ბუნებრივი ხმოვანება არ დამახინჯდეს (მაგალითად: ქართულ ენაში მახვილი სიტყვის პირველ მარცვალზე მოდის, რაც მნიშვნელოვანი განსხვავებაა ბერძნულიდან და ასევე დამაბრკოლებელიც, პირდაპირ გადმოიღო მელოდია). მიუხედავად დიდი სიმდიდრისა, ეკლესიის ხელში „ანჩისხატის გუნდს“ მარტოს და უსახსროდ უწევდა წლების წიაღ განვითარება -- მოვა დრო და, ვფიქრობ, ამ ბიჭებს ძეგლს დავუდგამთ.
დღეს ჩვენში მაინც არაა თეორიულად ბოლომდე შესწავლილი ლიტურგიული გალობა. არც ქართული. ამ ფონზე პატრიარქის მიერ დაწერილი მიქსი -- ქალაქურ-ქართული და ევროპული მრავალხმოვანების -- ფეხს იკიდებს. მიკვირს, თუკი ბიზანტიური არ შეიძლება, რუსული, ევროპულ-ქალაქქართული ვითომ რათაო?! იყოს ყველა. დავუშვათ, ისინი თანაარსებობდნენ -- ეს იქნებოდა, მგონი, უფრო სამართლიანი!
დავუბრუნდები თქვენს კითხვას ეკლესიაში ეკონომიკურ ფაქტორზე. ილია მეორისადმი მინიჭებული ეკონომიკური პრივილეგიებით რამდენიმე ადამიანმაც იხეირა, მაგრამ ეს, ვგონებ, არც მაშინ იყო და არც ახლაა მნიშვნელოვანი... არც ისაა დღეს უკვე მნიშვნელოვანი, რომ საზღვარზე დააუბრკოლებლად და გადასახადების გარეშე გამავალ „საპატრიარქო” ტვირთებში შეიძლება ალკოჰოლიც ყოფილიყო და ჯართიც (მათ შორის, ამბობდნენ, ჯართად გამოყენებული საბრძოლო თვითმფრინავები, რაც, უდავოდ, დანაშაულია)...
სამოქალაქო და სამამულო ომი, კლანების ურთიერთსპობა საპატრიარქოს არანაირად ეხებოდა და არც ადარდებდა -- ის საკუთარი „აღმშენებლობით” იყო დაკავებული. მაგალითად, 1992-1994 წლებში, როდესაც საქართველოს მართლაც უკიდურესად უჭირდა, საპატრიარქოს შენობის გამშვენება (იგი რამდენჯერმე შეილესა და გადაიღება) ერთი პირის გემოვნებით შერჩეული ავეჯით მისი გაჭედვა გამალებით და წარმატებით მიმდინარეობდა...
ამავე პერიოდში ხშირად იმართებოდა ბანკეტებიც. ერთხელ, ალბათ უკვე იქნებოდა 1994 ან 1995 წელი, საქართველოში საბერძნეთის ყოფილი მეფე, კონსტანტინე მეორე ჩამოვიდა. ბაგრატიონები სპეციალურად შეუკრიბეს და ბანკეტი გამართეს “ასეტრინის” უხვი ასორტიტურთ (ილია მეორეს “ასეტრინა” უყვარს და “ასეტრინისვე” ხინკალი მისი საყვარელი ნუგბარია). მაშინ მისმა უწმინდესობამ სტიქაროსნებთან და დიაკვნებთან „იწინასწარმეტყველა”, რომ მეფობა საბერძნეთში და ჩვენთანაც აღდგებოდა. თითქმის თხუთმეტი წლის შემდეგ ეს კონსტიტუციური მონარქიის იდეის გახმოვანებით და „საჯიშე“ ბაგრატიონის გამოყვანით გამოისახება (მანამდე კი ჰოლანდიურ-ქართული საჯიშე ღორი და ცხვარი, კავკასიური ნაგაზი იქნა გამოყვანილი. მიდი და ნუ იტყვი, რომ არის ამაში მისტიკა, შერეული ჰოლანდიურ-ქართული მეფე-დედოფალი და მას მოყოლილი საჯიშე კარტოფილით საქართველოს გადამრჩენელი პრემიერი). არადა, ბერძენმა მეფედყოფილმა მაშინ არა სამეფო ტახტის აღდგენის სამახარობლოდ, არამედ თავისი შვილის ქორწილში დასაპატიჟებლად პირადად ჩამოუარა ყველა მართმადიდებელ პატრიარქს. ამ დროს კი თბილისი სავსე იყო აფხაზეთიდან თავშესაფრის მაძიებელი დევნილებით. მაგრამ ეკლესია ხომ არაამქვეყნიური ორგანიზაციაა, მას უფრო ფართო მისია აქვს, ვიდრე ამქვეყნიური საზრუნავით თვითშებორკვა, დიად მიზანთან შედარებით ლტოლვილები რა მოსაყვანია?!... მერე კიდევ გაიმართა ბანკეტი, ოღონდ ამჯერად შევარდნაძის მონაწილეობით. უნეტარესობამ მაშინ ჭიქა ასწია და იტირა: „ხილვა (თუ სიზმარი, არ მახსოვს) მქონდა, რომ უკვე წელს საქართველო გაერთიანდებაო”. 1995 წელი იწყებოდა...
მაშინ აშენდა სქელი გალავანი საპატრიარქოს რეზიდენციის გარშემო. რამდენიმე მონასტერიც საზრდოობდა საპატრიარქოდან (მაგრამ მონასტერიო, როცა ვამბობთ, მაქსიმუმ იქ, ალბათ, ასი კაცი თუ იქნებოდა). გაიზარდა მხოლოდ ლოიალური კადრებით დაკომპლექტებული ეპარქიების რიცხვი, ერთი-მეორეს მიყოლებით იხსნებოდა ეკლესია-მონასტრები, იგივე “საზარბაზნე „სულიერი ხორცი“, ილია მეორეს გარშემო აგებული „სულიერი” გალავანი. პატრიარქს სჭირდებოდა უსაფრთხოება. ვაქციეთ ლიბერალი, ღია, სწავლისადმი და უცხოსადმი გახსნილი და თამამი ადამიანი გალავანშემორტყმულ, ჩაკეტილ, უსაფრთხოების მაძიებლად! ლამისაა საჯაროდ შენდობა ვითხოვო, რადგან ამაში წილი მეც მაქვს -- ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე - მცირე, მაგრამ მაინც!
-გასაგებია, თუ როგორ შოულობდა პატრიარქი სარჩოს, მაგრამ –დანარჩენნი?
–როგორც წეღან ვამბობდი, ახალი სამღვდელოება ნაჭუჭ-გალავნად, ჯარად და ფარად „არმყოფობიდან მყოფობაში შემოდიოდა/ არარსობიდან არსად“. ეს სამღვდელოება თავად უნდა „გაჩალიჩებულიყო” და “მაყუთი” ეშოვნა. ანუ სქემა მარტივი იყო: უფრო მეტი ახალი მღვდელი, ოღონდ ლოიალური, ფარი თუ „ტყვიაგაუმტარი ჟილეტი” საპატრიარქოსათვის და სანაცვლოდ მათ კარტ-ბლანში: “წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი მცხოურებნი ქალაქ-დაბათანი და მოიპოვებდეთ პურსა თქუენსა არსებობისასა”...
სისტემა კი ჩვეულებრივი ფეოდალური იყო: საპატრიარქო კი – მთავარი “ფეოდალ-მეფე”. თბილისის სამღვდელოება სამრევლოების „წვრილფეხა ბატონები”, ასე ვთქვათ, „აზნაურები”. დანარჩენ საქართველოში კი, “ბობოლა ფეოდალი” ეპისკოპოსები. “აზნაურებს” საპატრიარქოში სანთლის წილი ჩაჰქონდათ. “ბობოლებსაც”. „თავად-აზნაურება” თავიანთ „საყმოებში” რას და როგორ სჩადიოდნენ, არავის საქმე იყო, -- მთავარი იყო “დიდი ბატონისადმი” ლოიალურობა და დროულად სანთლის წილის ჩატანა. საეკლესიო სასამართლო გარჩევებიც არ არსებობდა. “ბატონები” საკმაოდ გამჭრიახნი აღმოჩნდნენ და სხვის ვენახში არ ძვრებოდნენ, ხოლო თავისაში კი არავინ ეკითხებოდა, რას აკეთებდნენ. ეს სისტემა დღემდე ხელუხლებელია.
სამწუხაროდ, მღვდლებს არ აქვთ ხელფასი, დაზღვევა -- მათ შორის არც პენსია. მართლა ვფიქრობ ხოლმე, როდესაც მოხუცდებიან, ვინ მიხედავთ მათ? უმეტესობას ეყოლება მომვლელი და დააწვებიან ტვირთად შვილებს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ხანგრძლივად ავადმყოფობენ, წლობით! აბა, წარმოვიდგინოთ, პატრიარქის მოვლას რომ არ ეხარჯებოდეს ათიათასობით ლარი და არავინ ზრუნავდეს მის ჯანმრთელობაზე და საზღვარგარეთ მის მკურნალობა-დასვენება-გაჯანსაღებაზე, როგორი მოხუცებულობა ექნებოდა და თუ იქნებოდა იგი დღეს ცოცხალი?! ტაძრის წინამძღვრები კი მოახერხებენ დაზოგვას, საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვთ, მაგრამ სხვები (ვიცი ერთი ტაძრის წინამძღვარი, რომელიც თავის შავი ლაპლაპონე და “ხრუშოვკას” ერთოთახიანის ტოლი ჯიპის დაზღვევაში უფრო მეტი გადაიხადა „სანთლიფულითა“, ვიდრე მის თანაშემწე მამაოს ჰქონდა თვიური შემოსავალი თავის ჯალაბის სარჩენად)? უსამართლობად მეჩვენება ეს...
– საბჭოთა წარსული თავისი პიროვნების კულტიანად და მღვდელთმსახურების კაგებესთან ურთიერთობის ფაქტებიანად ასე თუ ისე დავგმეთ. დამოუკიდებელი საქართველოსა და ახალი ეკონომიკური პირობების ფონზე კი ახალი კერპი შეიქმნა, რომელსაც „მორწმუნე”, ფაქტობრივად, აღმერთებს...
– რამდენად უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, მე იერარქების საბჭოთა უშიშროებასთან რაიმე სახით თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჯერ ერთი, ეს მხოლოდ ვარაუდია -- თუნდაც იყოს “საფუძვლიანი თუ გონივრული ეჭვი”, მაგრამ დაუსაბუთებელია. მეორე, რომც ყოფილიყო, ვფიქრობ, საზოგადოებაში მაშინ არცთუ ისე დიდი როლი ჰქონდა ეკლესიას იმისთვის, რომ რაიმე საგანგაშო შედეგი გამოეღო. მესამე, ილია მეორის აღზევების ხანა ეთხვევა შევარდნაძის პერიოდს, როდესაც ზეწოლა შემცირებული იყო საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე -- ეს არ იყო დრო არც სტალინის და არც ხრუშჩოვის. რაც შეეხება კერპს, მას ერთი ძირითადი მახასიათებელი აქვს -- იგი თავს ვერ წარმოქმნის, იგი იქმნება თავად კერპთაყვანისმცემელების მიერ. ოღონდაც მეორე თვისება არის ის, რომ თითქოს რამ მაგიური ძალით კერპის შემქნელები თავად ემსგავსებიან ამ კერპს -- ადამიანი თავის ხატად და მსგავსად ქმნის ღვთაებას და ეს ღვთაება იმსგავსებს შემდეგ ადამიანს. ბიბლიაში ეს ამგვარადაა მოცემული: “კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი [...] ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ. / მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი [...] მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი” (ფსალმუნი 113).
მე ჩემებურად აღვიქვამ ამ მოვლენის ძირითად მიზეზს და არ ვიცი, ამ შემთხვევაში ვარ თუ არა ადეკვატური. მიმაჩნია, რომ ენას, მეტყველებას, სიტყვებს, ხატებს, სიმბოლოებს აქვს მაგიურის მსგავსი მოქმედება: თითქოს ავტომატურად, თავისით მოქმედებენ, თითქოს თავისი დამოუკიდებელი სიცოცხლე აქვთ. ისინი ერთგვარი წინარე ენიდან წარმოიქმნებიან. პრინციპში, ამიტომაცაა, რომ მათი შემქმნელები თავადვე იქმნებიან მათგან. ანუ ორივენი ამ წინარე-კონტექსტიდან ამოვდივართ. მას რაღაცნაირად შეგვიძლია ქვეცნობიერი ვუწოდოთ. ჰო, ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ მთელი საბჭოთა სივრცე (ენა, კულტურა, მეცნიერება და ა. შ.) გაძეძგილი იყო “კერპ-სიმბოლოებით”. მთელი სააზროვნო არე მხოლოდ ასეთი სიმბოლოებით მოინიშნებოდა. ბოლოს, „ზასტოის” დროს, საერთოდ უკვე ამ სიმბოლოების კარიკატურა მივიღეთ -- ანუ სიმბოლო გაკარიკატურდა. ასეთი იყო ბრეჟნევი --- მოხუცი, ქვეშაფსია ლოთი კაცი, ფაქტობრივი ფიტული, რომელიც წერდა მოთხრობებს და მათზე კიდევ იწერებოდა სიმღერები („მალაია ზემლია”, „ცელინა”). ეს ძალიან სასაცილო იყო და ვიცინოდით კიდეც. თან ქართველები ერთგვარად დისტანცირებული ვიყავით: იმ დროს ის იყო რუსი, ჩვენ ვიყავით ჩვენ -- ვამბობდით, რომ თუ გავაუთოვებდით კავკასიონს, რუსეთზე დიდი ტერიტორია გვექნებოდა, რუსი რომ ხეზე დახტოდა, ჩვენ ხომ „ვეფხისტყაოსანს” ვწერდით (დააკვირდით,ფრაზას, „ისინი რომ ხეზე დახტოდნენ“! ანუ მატერიალისტურად აღქმული დარვინის თეორია გამჯდარი იყო „ჰომო სოვეტიკუსების“ ცნობიერებაში)... მოკლედ, კარიკატურამ იმ დროს იკარიკატურა, მაგრამ, როგორც ვთქვი, ის მაინც სიმბოლო და კერპი იყო. კერპსა და ჩვენ კი ერთი ნიადაგი გვაქვს, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ქვეცნობიერი. ჰოდა, „წარხდა ჟამი ბრეჟნევის ზეობისაი” და კარიკატურის მულტსერიალიც დასრულდა. მაგრამ დარჩა კერპი, როგორც ქვეცნობიერ ნიადაგში ფესვგადგმული სიმბოლო, ენა, ხატი. ამ ხატის გაცოცხლებაა ჩვენში ყოველი სახის “სულიერი“ თუ ხორციელი მამამარჩენალი აბელ- სეთურები...
სასაცილო რამ შემემთხვა სულ ახლახან. ბოლო წლებია ქუდების მიმართ სისუსტე მაქვს. ქუდი შემხვდა მაღაზიაში. სულმა წამსძლია და შევიძინე. მგონი, მართლა ლამაზია. მეხურა და მივაბიჯებდი თავმომწონედ. უცბად გამახსენდა, რომ მთელი ჩემი ბავშვობა “კეპკიან” ქართველებზე ვღადაობდით ხოლმე, ვალიკო მიზანდარი, ხარაგაულელი ბაბუაჩემი ვანიჩკა და... არც რუსები გვაკლებდნენ, სტადიონზე მისულ ქართველებს დასცინოდა რუსი კომენტატორი, მახსოვს, იმდენი “კეპკაა”, რომ თვითმფრინავი თავისუფლად დაეშვება მათზეო! რათი ვერ მოვიშალეთ ქართველებმა “კეპკა”, “დუბლიონკა”, ადიდასის სპორტული რეიტუზები და წვეტიანი ტუფლები ერთად –მეთქი, ზოგჯერ აღვშფოთდებოდი. “კეპკა” მეხურა თავზე! “კეპკა” შევიძინე „ტაქსის შოფრის“! უბრალოდ „მოდერნიზირებული“ ფრანგულ „პონტში“... პარადიგმა და სიმბოლო გაცოცხლდა ჩემში. თურმე “კეპკის” სიმბოლოს სათვალე მიკეთია გემოვნებაზე ურფინჯუსის მიერ დაპყრობილი ზურმუხტის სამეფოში აუცილებელი მწვანე სათვალესავით...
ქვეცნობიერი დავარქვი ნიადაგს, მაგრამ სინამდვილეში ნიადაგი კი არა, ჭაობია ლანდებით დასახლებული. ამ ჭაობს მზის სხივი, თვითკრიტიკის ნათელი სჭირდება, რომ გამოშრეს და ლანდებიც გაქრნენ -- ლანდები მხოლოდ სიბნელესა და ჭაობის აყროლებულ ნისლში ბუდობენ. მაგრამ ჩვენ არასგზით არ ვიკარებთ კრიტიკას და, შესაბამისად, აზრსაც. ყველაფერს წყვდიადად ვაქცევთ, ვივიწყებთ რა თავად უახლოეს წარსულსაც. ოთხმოცდაათიანები მთლიანად დავივიწყეთ -- თუმცა დაივიწყებ, აბა, რას იზამ, იმ დასავიწყ ოთხმოცდაათიანებს! ჩემი აზრით, ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ვიხსენებთ იმ პერიოდის საპატრიარქოს. როცა ფიქრს აგიკრძალავენ, აზრის გამოხატვას შეგიბორკავენ აზრამდელი „შავი მისტიკის” შიშქვეშ, რასაკვირველია, ბევრი რამ დაგავიწყდება. ფსიქოლოგიაში ხომ ცნობილია განდევნილი მოგონებები და განცდები. ისინი განწნეხილები არიან მეხსიერებიდან, მაგრამ სად?! სად და იქვე, აზრმიუწვდომელში, სადღაც ხერხემლისა და თავისქალის შესაყარში და მხეცებივით ღმუიან იქიდან გაურკვეველ კერპსახეებს. მერე ეს ღმუილიც „წმინდა ხატებად“ ითარგმნება/განიმარტება მისტიკაში „გაწაფული” ცნობიერებით და სპირალი უფრო სწრაფ ბრუნს აკეთებს -- შავი მისტიკით დაშინებული ადამიანი ამ ქვეცნობიერ ხმებს და ლანდებს „მისტიკურადვე” განმარტავს და კიდევ უფრო საშინელ „მისტიკურ” წუმპეში იძირება... ხალხს კი ეშინია შავი კატის, კუბოსი, წყევლის და, ეშმაკმა იცის, სიკვდილის მერე რა იქნება...
მთელი ოთხმოცდაათიანი წლები „გალავნების” მშენებლობას მოხმარდა და ორიათასიანების პირველი დეკადის მეორე ნახევრიდან მოყოლებული უკვე ზოგ-ზოგჯერ და ხანდახან იღება გალავნის ალაყაფი მიმდებარე ტერიტორიების დასარბევად გამოვარდნილი „დესანტისათვის” -- ხანდახან მოთარეშეები შორ ვენახებში, დაუკრეფავშიც გაინავარდებენ ხოლმე -- თურმე, ნუ იტყვით და, კონკორდატის (საკონსტიტუციო შეთანხმების საქ. სახელმწიფოსა და სმე-ს შორის) მიხედვით, ოშკი და ხანძთა საპატრიარქოს ეკუთვნის და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროსამართლისა და ღვთაებრივი სამართლიანობის მიერ საპატრიარქოს ნებისმიერი მუშაკისადმია ანგარიშვალდებული.
–დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ საპატრიარქოსათვის სახელმწიფოსგან მიღებული ფულადი დივიდენდების გარდა, საქმე ეხება მიწებსაც, სადაც მფლობელს საკუთარი ბიზნსესის წარმოება შეუძლია და აწარმოებს კიდეც მოლაპარაკებებს, მათ შორის უცხოელ ბიზნესმენებთან....
– ეს იმდენად დაფარული სფეროა, რომ ვერაფერს იპოვნი ადამიანი ხელით ჩასაჭიდს. არსებობს რელიგიური ცნება ჰუბირისის (ύβρης). ესაა საღვთოს შეურაცხყოფა, ანუ გმობა. ესაა, როდესაც ეურჩები ღმერთს -- აი, ამირანმა რომ საჭიდაოდ გამოიწვია ნათლია-ღმერთი და მან კი ამ თავხედობის გამო კავკასიონს მიაჯაჭვა. ესაა შავი მისტიკის ლორწო. ანუ ეს ქონება იფარება ამ მისტიკის ბურუსში. ის უკვე ღმერთების სამფლობელოა, მასთან შეხება, თქმა მასზე, ფიქრი მასზე ჰუბირისია -- დაისჯები ოჯახის ტანჯვით და სამუდამო ჯოჯოხეთით. ვის რა ბიზნესი აქვს, რას აკეთებენ, სად და როგორ ნაწილდება, არავინ უწყის უბრალო მოკვდავთაგანმან...
–ზემოთ თქვენ ახსენეთ, რომ სისტემა ხელუხლებელი დარჩა. რატომ? იმიტომ, რომ ე.წ. საზოგადოების დაკვეთა არ არსებობს, თუ იმიტომ, რომ ეკლესიას გარანტირებულად ულიმიტო გავლენა აქვს?
–იმ პერიოდის რაიმე სახის ანალიზი არ ხდებოდა და არ ხდება. ეს არის საქართველოს ისტორიის თეთრი ლაქა. ნებისმიერი მცდელობა ანალიზისა „შეთქმულების თეორიით“ აიხსნება -- გვებრძვიანო, სინოდსაც კი შეუტანია თავის განჩინებაში.. რაღაცნაირად მავანმა მოახერხა და მიიტანა შევარდნაძის ყურამდე ოთხჯერნასამართლევი კაცის ეპისკოპოსობა. მწვერვალი იყო ეს მაშინ. პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა თავის გაკვირვება ამგვარი ეპისკოპოსების არსებობის შესახებ. „ეს რო ქნაო, ამიტომაც ღმერთმა წაართვა მთავრობაო“, დღემდე მესმის „მორწმუნეთა“ ნიშნისმოგებითი მუქარა...
მიხეილ სააკაშვილმა კი უბრალოდ „დაიკიდა” სემინარიის აპროტესტებული სტუდენტები და მას მერე დადუმდა მედია აწ და მარადის...
ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ 2010-ის ბარბარობის წინაღამ ბექა მინდიაშვილი მიიწვია. ისაუბრეს პატრიარქის ძმიშვილის, ბათუმისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტის, დიმიტრი შიოლაშვილის (იხილე საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდზე სინოდის წევრების ჩამონათვალი: დიმიტრი ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი; ) შესაძლო გაპატრიარქებაზე. დილას წირვაზე პატრიარქმა სახელებით ჩამოთვალა გადაცემის წამყვანი და სტუმრები (ამ გაუგებრობაში გიგა ზედანიაც მოჰყვა, თუმცა მას კრინტი არ დაუძრავს ამ საკითხზე). პატრიარქმა განაცხადა, ელვა ვარდება ციდან და ხოცავს მათ, ვინც ეკლესიაზე ცუდს იძრახავსო. წყევლაა ეს და მეტი არაფერი. მიაჩნია ეს ამგვარად მის უწმიდესობას თუ არა --ალბათ, მაინც არ თვლის ამას წყევლა-შეჩვენებად, თორემ არ იკადრებდა ამას! მაშინ ძალიან ცოტას გაუკვირდა ამგვარი ულმობელობა, ენდნენ რა პატრიარქს უსიტყვოდ და განუსჯელად. მაგრამ საქმეც ამაშია, პატრიარქმა შეიძლება არ თქვა ეს გულღრძოდ, მაგრამ მართლა „გაბრწყნებული ივერია“ და წმინდანთა „ზეციური საქართველო“ ხო არ ვართ, ვართ უბრალო ცოდვიშვილები და არც გულღრძობა, ბოღმა, სისასტიკე და სხვა ამგვარნი „სათნოებანნი“ არ არიან ჩვენგან უცხო! მერე კი მერაბიშვილ-ადეიშვილის ულმობელობებზე აზვირთთდნენ იმ ცოტასთან ერთად მრავალნიც, როცა „ციხის კადრები“ იხილეს. დაუნდობლობა, მუქარა, წყევლა, სისასტიკე ყველა მის გამოვლინებაში უნდა იყოს საზოგადოებისათვის მიუღებელი -- აქ შერჩევითობა უარესია, ვიდრე შერჩევითი სამართალი პროკურატურასა და სასამართლოებში...
სააკაშვილმა აკრძალა ილია მეორის კრიტიკა, როდესაც სემინარია/აკადემიის სტუდენტების ხმისამოღებას აგორებული სკანდალი მწიფდებოდა. მან პატრიარქს ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი და შემდეგ, უკვე წლების მერე, უმაღლესი ჯილდოთიც დააჯილდოვა იგი (თუმცა ამან ვერ უშველა ბოლო არჩევნებზე -- სამღვდელოების დიდი ნაწილი არათუ სააკაშვილის წინააღმდეგ განეწყო, ფრიად ქმედითადაც გაისარჯა მის „გადასაგდებად” -- იტყვის მავანი, ახიაო მასზე!!!). პრეზიდენტმა სავარაუდოდ იფიქრა, გამოვიყენებ ეკლესიას ჩემი პიარისთვისო და თან, ალბათ, რაღაც მისტიკური შიშის მცირე სიოც დაქროდა მის სულში...
ილია მეორის ზემომოყვანილი წყევლა კერძოში ზოგადის გამოვლინებაა. ეს იმის გამოძახილია, რომ ხალხს ეშინია შავი კატის, კუბოსი, წყევლების და, ეშმაკმა იცის, კიდე სიკვდილის მერე რა იქნება. ყველგან „მისტიკა”, ბრბოს თქმულებები და მისივე მათით მანიპულირება, აი, ისე, მოლა ნასრედინის ანეკდოტში როა: მოლა სოფელში მოვა და ხალხს წაეღადავება, შარაგზის თავში ფლავს უფასოდ არიგებენო. ყველა თავპირისმტვრევით გაქანდება იქითკენ -- მეც მერგოს ფლავიო. მოლამაც წამოავლო ჯამს ხელი და გაიქცა, ამდენი ხალხი ტყუილა ხო არ გარბის, იქნებ მართლა არიგებენო! ხალხბრბო თხზავს შიშებს და მერე ამ შიშებს მოიხელთებს მავანი/მავანნი და მანიპულირებს ამავე „შიშმთხზველ“ მასით და საბოლოოდ მანიპულირდება თავადაცაც. მაგალითად, განა ლიდერები მართლა არ იჯერებენ ხოლმე ამ ბრბოხალხის „მისტიურ ხილვებს“, რომ რაღაც განსაკუთრებულ ძალას ფლობენ (ეს ლიდერები), რომ რჩეულები არიან, რომ მისია აქვთ?! -- ვეღარ გადაარწმუნებ, ვერ დააჯერებ, რომ ეს ფანტაზიაა, უმალ წამებით ამოგხდის სულს შენ და შენიანებს და თავადაც მოკვდება, ვიდრე ამ ტკბილი „მისტიური“ ბადაგის ბახუსიდან გამოვა...
–ის, რომ ეკლესია ამ თანხას „უდრტვინველად” იღებს, როცა ქვეყანაში არაერთი მწვავე სოციალური პრობლემაა, რატომ არ აღიქმება ეს პარადოქსად? ანუ ეკლესია თვლის, რომ იგი იმთავითვე სოციალური პრობლემების მომგვარებელია, ანდა კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი მისი განსაკუთრებული როლის შესახებ მას სამუდამოდ ტოვებს ფინანსური კონტროლის გარეშე და მუდმივი რეციპიენტის პოზიციაში?
– საპატრიარქოს მესვეურებს მიაჩნიათ, რომ ეს ორგანო არის ღვთიური. ანუ, მათი აზრით, საპატრიარქო არის ღმერთის გამოცხადება მიწაზე. ცოდვაში გაჯიუტებული ურჩები რომ არ ვყოფილიყავით, ყველა, არათუ ჩვენი მთელი ქონებით, არამედ მთლიანად, მთელი ჩვენი არსით მივეცემოდით მის სამსახურს. თუ ჩვენ ამას გავაკეთბედით, ჩვენში არავითარი სოციალური პრობლემა არ იარსებებდა. მეტიც, ჩვენ “გავბრწყინდებოდით” და მთელს მსოფლიოს დავანახებდით ნამდვილი ღმერთის სახეს. თუმცა ეს დროებითია. ანუ დროებითია ჩვენი სიჯიუტე. მოვა დრო, როდესაც ყველანი ჩვენ და მსოფლიოს სულიერი წარჩინებულობა ერთად შევიკრიბებით “საქართველოს მთებში” და წარვსდგებით ღვთის წინაშე ნათლით გასხივოსნებული. სადღაც ხევში პატრიარქმა აკურთხა კიდეც მეორედ მოსვლის ნიშა, რომელიც მისმა მამამ სიზმარში ნახა (ზემოთ უკვე ვთქვით ამაზე და შესაბამისი ვიდეოც მოვიტანეთ). ამ უკანასკნელს ძილში „ეოცნა”, რომ ამ ადგილას იკრიბება ხალხი (“ივერიის გაბრწყინების თეორიის” მიხედვით – მსოფლიო ნაღები) პატრიარქის წინაშე და ეს უკანასკნელი მათ წარუდგენს ღმერთს. ასე რომ, ნებისმიერი კონტროლი ღვთისგმობად აღიქმება. ეს იმდენად ცხადად და ძალუმად არის ნარწმუნები, რომ ნებისმიერი სახელმწიფო წარმომადგენელი ვერ უძლებს ამ ძალას და ინუსხება -- უბრალოდ იდრიკება მის წინაშე! ესაა ძალიან მყარი რწმენა, რომელსაც ადამანტივით მტკიცე მისტიკური წყვდიადი აკრავს, რომლის წინაშე ადამიანური ნება უბრალოდ ფარფატებს -- შეხედეთ, რა დღეში არიან დღეს ჩვენი მმართველი ცოლ-ქმარი ხიდაშელ-უსუფაშვილი, რა ღვთისმოსავ „რეჩებს არტყამენ”, არადა, წესით, სეკულარისტები უნდა ყოფილიყვნენ... მაგრამ „დრონნი მეფობენ და არა მეფენი“ და არც ქორწილი და „სვადებნის“ სიამტკბილობაა სამარადჟამო...
–გამოდის, რომ ამ მოფარფატე ნების გამოხატულებაა, როცა ფუნდამენტალისტ ხულიგნებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ? ეს თავად ცნება „პოლიტპატიმრის” დისკრედიტაციაა...
–ეკატერინე ბესელიამ ტელეარხ „კავკასიაში“ მომხდარი დავიდარაბის გამო დაჭერილი მართმადიდებელი აქტივისტები პოლიტპატიმრებად გამოაცხადებინა პარლამენტს. ეს, ფაქტობრივად, წინა ხელისუფლების ეკლესიის დევნაში ოფიციალური დადანაშაულება იყო. ეს არის ტყუილი. წინა ხელისუფლებას იმის ყველა საშუალება ჰქონდა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გაელაშქრა, მაგრამ მან ეს შეგნებულად არ გააკეთა. მის ხელში იყო ტელევიზია და არათუ გაილაშქრა, არამედ ილია მეორის განდიდებასაც მიჰყო ხელი და მას უზარმაზარი თანხებიც გამოუყო. გალაშქრებაზე არას ვამბობ, მაგრამ ილია მეორისაგან ცოცხალი წმინდანის ჩამოქნა და უცთომელი ღვთაების ნიმბით მისი გვირგვინოსნება სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი სისულელეთაგანია. მან უზენაესის რანგში აიყვანა პატრიარქის ხატი და ისე ღრმად გაუდგა ფესვები მოსახლეობის გონებაში, რომ ახალმოსული ხელისუფალნიც კი იძულებული არიან იჩოქებოდნენ პატრიარქის წინაშე.
ეკა ბესელია ტყუის! ამ რვა ახალგაზრდის პოლიტპატიმრებად გამოცხადება ნონსენსია. არ სჭირდებოდა საბაბი მაშინდელ ხელისუფლებას, ისინი დაეჭირა. ის ჯგუფი, რომლის წევრი ეს რვა ადამიანი იყო, მუდმივად ხულიგნობდა და ადამიანებს სცემდა. ისინი ძალადობდნენ და ადამიანებს აშინებდნენ. ამ ჯგუფის წევრების დაკავება უბრალოდ პოლიციის მოვალეობა იყო, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებდნენ სწორედ იმიტომ, რომ მთავრობის „ილიამეორეთმაამებლური” არჩევანი უშლიდა ამაში ხელს. „კავკასიაში” შევარდნის შემდეგ კი უბრალოდ უნდა ეღონათ რაიმე. დააკავეს ისინი, ვინც მოხვდათ ხელში და სასამართლოს საქმეც ცუდად აწარმოეს. თუ ამ ახალგაზრდების გამოშვება აუცილებელი იყო, ისინი პოლიტწამებულებად კი არ უნდა შეერაცხათ, არამედ დაესაბუთებინათ, რომ გამოძიება და სამართალწარმოება არ იყო სწორად წარმართული. რა შუაშია პოლიტპატიმარი?! მაგრამ იურისტმა ეკა ბესელიამ ითაღლითა. სწორედ ამგვარია რელიგიური ბურუსის სიმახინჯე -- ეკა ბესელიას ანგაჟირებულ სინდისს, ყველა ხერხით გაეშავებინა „ნაცმო”, ნამუსის მომწმენდად პატრიარქისადმი მისი (ბესელიასი) უსაღვთოესი მოკრძალება მოევლინა მისივე ცნობიერებაში. ჩაიდინა მამაძაღლობა, ტყუილი და ამას თავისი „რელიგიურობით”, „მორწმუნეობითა” და პატრიარქის სიწმინდით ამართლებს. და ახლა კი კაცი არაა დედამიწაზე, მას ეს დაანახოს -- მორჩა, მოიჯადოვა თავი და თან რელიგიის სიტკბოების სახელით მწარე სიცრუე შეუზავა საქართველოს მოსახლეობას. ახლა კი ეს მოძალადე დაჯგუფება გამარჯვებას ზეიმობს -- ზეიმობს “ღვთის დიდებას” გამოვლენილს მისი წევრების „ღვთაებრივ“ სიმამაცეში და მოწამეობრივ აღმსარებლობაში. რა ძალას მისცა ბიძგი „მართმორწმუნე“ მხევალმან ღმრთისამან ბესელიამან ეკატერინემ?! და ახლა მთელი ჩემი ცხოვრება უნდა ვუხადო ამ „მოწამეებს“ ჩემი ნაშრომიდან ღალა, როგორც მათი „დამსახურებული“ პენსია, მათ, ვინც მე და ჩემი ოჯახი გვატერორეს, შეურაცხგვყვეს, ფიზიკურად თუ სულიერად დაგვქეჯნეს! დაგვცინის – მეთქი ვიტყოდი ღმერთზე, რომ არ ვიცოდე მისი იუმორის შესახებ -- იუმორი აქვს ღმერთს, ნაღდად აქვს!..
მინდა აქვე მამარდაშვილიდან ციტატა მოვიყვანო: „კანტი თეოლოგიას განიხილავდა როგორც ქიმერას [...უწოდებდა] ზედმეტობის ქიმერას. [...] ფანატიკოსი მხვერპლია ამ ზედმეტობის ქიმერის. მან, რა თქმა უნდა, სწორედ მან იცის ნამდვილი, ანუ ის სამყარო -- ხოლო ნამდვილი სამყაროა მხოლოდ ის და არა ეს სამყარო. თუმცა ფანატიკოსი ფლობს ცბიერ გამჭრიახობას (გონიერებას, რაციონალურობას). [...] ეშმაკური გამჭრიახობა გიჟების -- შენ წინაშე დგას კარგად ნაცნობი სახე-ხატი ფსიხის, პარანოიკის, გიჟის, რომლის პრაქტიკული ცბიერების არ შეიძლება არ გაგიკვირდეს. ის რატომღაც, როგორც კატა, ყოველთვის ოთხ ფეხზე ეცემა. სატანური სიცბიერეა. მე ვამჩნევდი ასეთ ეშმაკობას ანონიმურ წერილებში და დაბეზღებებში. [...] ისინი ყოველთვის სწორად ორიენტირდებიან ცხოვრებაში, მაგალითად, ყოველთვის იციან, ვინ უნდა დაასმინონ და ვისი კი არ შეიძლება. [...] ცბიერი გამჭრიახობა/გამთვლელობა მდგომარეობს იმაში, რომ დამორჩილების საშუალებით (გაშიფრეთ: დამორჩილება იდეალს, ისტორიის კანონებს, დამორჩილება ისტორიის ბორბალს, რომელიც ცნობილია ფანატიკოსისათვის, რომელიც თითქოს იმყოფება უშუალო შთაგონებაში და მჭიდრო კავშირ-ურთიერთობაში ისტორიის რკინისებული კანონებთან, რომლის მიწაზე უმოწყალო მოძრაობა-გორაობის სამსახურშია) თავის საქმიანობასა და გეგმებში ჩაითრიოს უმაღლესი არსება. აი, ამაში ხედავს კანტი ცბიერებას -- ისტორიის კანონების მიმართ ამგვარი ხილული დამორჩილების საშუალებით ჩართოს თავის საქმიანობასა და გეგმებში უზენაესი არსება.. [...ვამბობ რა ‘ვემორჩილები’] უზენაესი ძალები არსებობენ ჩემთვის, მე მათ ვიყენებ, ისინი მემსახურებიან მე ჩემს გეგმებსა და საქმეებში“ (Мамардашвили М., „Кантианские вариации“. - М.: «Аграф», 2002, გვ. 29-30).
სამწუხაროა, რომ ამ „ნარცის ფსიქოპათებს“ ჩემი ჯიბიდან მთელი ცხოვრება პენსია უნდა ვუხადო! ყოჩაღ რა, „მხევალნო ღმრთისანო“ თეავ წულუკიანო და ეკატერინე ბესელიავ! რა „წმინდა სამება“ გვყავს: მანანა კობახიძე, თეა წულუკიანი, ეკა ბესელია! თუმცა, „წყალნი წავლენ და წამოვლენ. ქვიშანი დარჩებიანო“! -- მაგრამ ამასობაში ხომ ქართულ ნიადაგს კოროზია-ეროზია შეიძლება დაემართოს...
-იმ კომისიაში მხოლოდ ბესელია არ იღებდა გადაწყვეტილებას.... იქ ადამიანის უფლებების სტაჟიანი დამცველებიც იყვნენ.
– ასეა თუ ისე, გადაწყვეტილების მოთავე იყო ქალბატონი ბესელია. ამასთან, რა, განა ნახსენები ადამიანის უფლებების სტაჟიანი დამცველები არ იდრიკებიან ილია მეორის დიდებულების წინაშე?! თეა წულუკიანის საღვთო შიშით ათრთოლებული ტემბრი არ მოგისმენიათ, თუ პრემიერის, გუშინ რომ იძახდა, არ მწამს სულის ცხონებისო, მერე პარტიარქის წინაშე დაემხო მუხლებზე და კამერების წინაშე „შიშითა ღვთისათა და საწრმუნოებით” რომ ეზიარა?! პიარის მაესტრო სააკაშვილიც კი არ მისულა აქამდე. ვიტყვით, კამერამ წაასწრო და წინასწარ არ ჰქონდა დაგეგმილი პრემიერს საჯაროდ „მასხარაობა“ ზიარებითო! მაგრამ, გათვალე, რა, კარგო ადამიანო, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ქმედებას, ქვეყნის თავი ხარ, ვიღაც მავანი კახა კურტანიძე ხომ არა!
– ვინ უნდა გააკონტროლოს ან როგორ უნდა გაკონტროლდეს საპატრიაქროს მიერ საბიუჯეტო თანხის განკარგვა? ცივილიზებულ ქვეყნებში სახელმწიფო სტრუქტურის ხარჯთაღრიცხვა ფინანსების მაკონტროლებელი ორგანოს, საზოგადოების, არასამთავრბო ორგანიზაციების თუ მედიის დაკვირვების ქვეშაა...
– ვერანაირად ვერ გაკონტროლდება. საკონსტიტუციო შეთანხმების – კონკორდატის (რომელიც, სხვათა შორის, ახლანდელი პრეზიდენტის იუსტიციის მინისტრად მსახურობის დროსაა მიღებული) საფუძველზე მთავრობამ აღიარა, რომ ქვეყანა მოვალეა საპატრიარქოს წინაშე. რა თანხასაც გამოუყოფენ წელს, ეს მხოლოდ მინიმუმია იმ ვალის ასანაზღაურებლად, რაც დაგვაკისრა ხელისუფლებამ საპატრიარქოს წინაშე ეგზისტენციალური შიშებით აძაგძაგებულმა. უბრალო ლოგიკაა, როდესაც გაქვს ვალი და აბრუნებ, შენ არანაირი უფლება არ გაქვს გააკონტროლო დაბრუნებული თანხა, გარდა მორალურისა. მორალურზე კი უკვე ვილაპარაკე -- ჩვენ აღქმული ვართ, როგორც ურჩი და ჯიუტი სამწყსო, რომელიც თავისივე საზიანოდ ეწინააღმდეგება მწყემსის, ილია მეორის ღვთივგაბრწყინებულ ნებას. არასამთავროებმა შეიძლება უბრალოდ მოსთხოვონ მთავრობას- ვინ, რა, როგორ და რის საფუძველზე დაითვალა ეს ვალი. ჟურნალისტური გამოძიება აქ უბრალოდ “უებარი” წამალი იქნებოდა. მაგრამ როგორ წარმოგიდგენია, მოკიდებს ამ საჩოთირო საქმეს რომელიმე ჩვენი ტელევიზიათაგანი?! მათ რომ ამის თავი ჰქონოდათ, აქამდეც გააკეთებდნენ! მაგრამ, სამწუხაროდ, მათაც ეშინით შავი კატების და ორფეხზე მოსიარულე ანაფორიანი წყევლა-შეჩვენებების -- ისინი ხომ საეკლესიო პირებს ამგვარად აღიქვამენ?!
–მაშინ ასე დავსვამ კითხვას. რა პრინციპით გამოიყოფა ეს თანხა? თუ გადავიანგარიშებთ 4,5- მილიონიანი ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე, თოთეულს 5 ლარზე ცოტა მეტი აქვს გადასახდელი ყოველ წელს. ასე თითქოს მცირე თანხაა, მაგრამ ერთად – შთამბეჭდავი. რატომაა თითოეული მოქალაქე ეკლესიასთან ვალში და რამდენად გამართლებულია საერო სახემწიფოში იგი ათეისტსაც და მუსლიმსაც აფინანსებინო?
–პრინციპი აქ საპატრიარქოს “ღვთაებრივი წყალობაშია”. საქმე ისაა, რომ ეკლესია ითხოვს იმ ქონების ნაცვალგებას, რომელიც მას ბოლშევიკების შემოსვლამდე ჰქონდა. ეს ქონება არავის დაუთვლია, მაგრამ სავარაუდოდ მილიარდის ფარგლებშია და შეიძლება მეტიც -- გაგიგიათ, “მადა ჭამაში მოდისო”. ჰოდა, საპატრიარქოს მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი სატელევიზიო გამოსვლაში ამბობდა, რომ რადგან ამ თანხის ერთჯერადად გადახდა მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას, ისინი (საპატრიარქო) შედიან მდგომარეობაში და ამ ვალს ანაწილებენ წლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით. მამა მიქაელს გულწრფელად სჯერა ამის. ის ნამდვილად არაა ბოროტი და ცინიკოსი ადამიანი -- მე მას პირადად ვიცნობ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მისთვის პირის მოწმენდას ვცდილობ. მან მე ორჯერ მძიმედ დამამცირა და აბუჩად ამიგდო. პირველად, როდესაც თეოლოგიის მაგისტრის ხარისხით და თესალონიკის მიტროპოლიტის საეკლესიო ჯილდოთი დავბრუნდი საერძნეთიდან (სხვათა შორის, პირველმა მე მოვიპოვე ამგვარი ხარისხი და ჯილდო საბერძნეთში ქართველთაგან), მან განმიცხადა, შენთვის ადგილი არ გვაქვს, აგერ სემინარიადამთავრებული ბიჭები არიან რიგშიო და მერე მამა მიქაელთან (უნივერსიტეტის ტაძრის წინამძღვართან) გერმანიიდან ჩამოტანილ „პაკრიშკებზე“ გააგრძელა საუბარი. მეორეჯერ კი... მოკლედ, ისე გამამწარა მან და საპატრიარქომ, რომ შიმშილობის დაწყება გადავწყვიტე საპატრიარქოს წინ და თან ჰანს კრისტიან ანდერსენის „შიშველი მეფის“ პერფორმანსებს ვაპირებდი -- თავს შევაკლავ – მეთქი! მზად ვიყავი, მაგრამ ბოლო მომენტში პირადული ჯავრით იმპულსირებულად ამგვარი „საქვეყნო“ საქმის დაწყება არ მეჩვენა სწორად. არადა, განა რაღაც რაღაცისგან არ იწყება? ისევე, როგორც არაფრიდან – არაფერი...
საპატრიარქოს ქონებრივი პრეტენზიის დაკმაყოფილების თემა რომ გავაგრძელო, მავანმა შეიძლება დასვას რამდენიმე კითხვა, მაგალითად: 1. რატომ არ თხოვთ რუსეთს, ისაა სწორედ სსრკ-ს სამართალმემკვიდრე; 2. რატომ მაინცდამაინც ბოლშევიკებამდელი და არა მეფისრუსეთამდელი ქონება? 3. რამდენადაა ეს ეკლესია იმ ეკლესიის სამართალმემკვიდრე? 4. რატომ არ ვუბრუნებთ სომხეთის სამოციქულო ეკლესიას ანუ სხვა დენომინაციებსა და აღმსარებლობებს? 5. ვინ აღნუსხა და შეაფასა ეს ქონება? 6. თუ კომპარტიის ქონება სახელმწიფოსია, რატომ არაა ეკლესიის ქონება სახელმწიფოსი, ორივენი ხომ “იდეოლოგიის მანქანები” იყვნენ? 7. ეკლესიის ქონება ვის ეკუთვნის, საპატრიარქოს თუ მთელ ერს, ვინც შექმნა ეს ქონება? და ა. შ. მაგალითად, ხშირად ამბობენ, საქართველო მართმადიდებლობამ, ანუ მართმადიდებლურმა სარწმუნოებამ და ეკლესიამ გადაარჩინაო. მე პირადად ამას არ შევეკამათებოდი. მაგრამ ობიექტურობა რომ მოვინდომო, შეიძლება გამიჩნდეს შეკითხვა: ასფალტზე რომ ამოხეთქს ყვავილი, ეს ასფალტის ნოყიერ ნიადაგობას ნიშნავს, თუ ყვავილში არსებულმა სიცოცხლის ძალამ ამოარღვია ასფალტი?! იქნებ და, მიუხედავად მართმადიდებლური დაბრკოლებისა, ქართულმა ცნობიერებამ მაინც გაიკვალა გზა წიაღ საუკუნეთა?! გია ყანჩელის მუსიკა კომუნიზმს უნდა უმადლოდეს, თუ მუსიკის ტალანტს მასში და შრომისმოყვარეობას?! თუმცა გია ყანჩელი სომხური წარმოშობისააო და -- აგერ, რახან სომხების სიძულვილიც კი დასაშვებია თურმე და მათთვის ტაძრების „კონკორდანტით“ საპატრიარქოსათვის გადაცემაც და დასანგრევად გაწირვა -- მისი მუსიკა რა სახსენებელია...
თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, ადვილი მისახვედრია, ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერილ ე.წ. “კონკორდანტამდე” მიდის -- მსოფლიოს ყველა გზა რომში მიდის, ხოლო საქართველოში – “კონკორდანტამდე”...
–როგორც ჩანს, ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას შორის კოჰაბიტაცია ყველაზე მდოვრედ, მგონი, საეკლესიო საკითხებში მიმდინარეობს. აქ სრული ჰარმონიაა...
–მანანა კობახიძემ, პარლამენტის ვიცესპიკერმა, „კონკორდანტი“ უზენაესი მოვლენააო კანონთშემოქმედებაში. ის თავის მნიშვნელოვანებით კონსტიტუციას გაუთანაბრა და, ფაქტობრივად, აღამატა კიდეც...
კანონი! ჯერ კიდევ პავლე მოციქული საუბრობდა კანონზე აღმატებას იესოს მიერ მოტანილი სხვა „კანონის“ მიერ -- სული-სიყვარულის კანონისა: „ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს / რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს“ (2 კორ 3.6). ან, ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონი“. ერთი მხრივ, კანონის სიჯიუტე, მეორე მხრივ, სიყვარულის თავისუფლება ცოდვაზე, დანაშაულზე. კანონი მუდამ სდევს სულს. ვერ იპყრობს მას, დაუძვერება მუდამ ხელიდან. კანონი ამახინჯებს სულს, რყვნის და ხდის ცოდვილს. შენდობა, თანაგრძნობა ააღორძინებს სულს და აცოცხლებს ახალი შთაბერვით. სულს არ სძაგს კანონი. არ ცდილობს მის განადგურებას. უბრალოდ ცდილობს დაუსხლტეს მას და გაურბის კიდეც. არ სძაგს და არც არაფერს გრძნობს მასზე. სადაც სულია, იქ აღმოჩნდება კანონი, რათა პროვოცირება გაუკეთოს, შებორკოს, შეიპყროს, დაატუსაღოს. სიყვარული დუმს, არ რეაგირებს კანონზე. სიყვარული, გრძნობების გრიგალი უგრძნობელია კანონის მიმართ. ჟევერი-კანონი თავად ნადგურდება სულის, სამართლიანობისა და სიყვარულის წინაშე, როგორც ვამპირი მზის შუქზე...
პარლამენტის ვიცესპიკერმა დააკანონა „კონკორდანტი“ სამართლიანობაზე მაღლა! ჟევერი გამოვიდა ორიათასწლოვან კედელში ჩაშენებულობიდან. ამიერიდან „ასო/წიგნი“ ზეობს! „კონკორდანტია“ ჩვენი სიწმინდე და პარლამენტია მოციქული მისი!..
რატომ იხდიანო მუსლიმები და ათეისტები სმე-ს სასარგებლოდ გადასახადს? საპატრიარქოს მხრიდან პასუხი მარტივია: მას არ აინტერესებს ვინ იხდის, ის მხოლოდ ვალს იბრუნებს. სახელმწიფოს მხრიდან პასუხი კი კიდევ უფრო მარტივია: ასეთი “დილიხორი” აქვს ვიცესპიკერ მანანა კობახიძეს და ძმათა და დათა მისთა!
– როგორაა ორგანიზებული სხვა მართმადიდებელი ეკლესიის საბიუჯეტო ხარჯვები, ვინ განაგებს, ვინ აკონტროლებს და ვის აქვს უფლება პრიორიტეტები გამოჰყოს, ანდა ეპარქიებისთვის საჭირო თანხების რაოდენობა დაადგინოს?
– ყველა ადგილობრივი ეკლესია თავისებურად განაგებს. თუ რუსეთს ავიღებთ, იქ მარტივადაა საქმე -- არავინ და ვერავინ! რაც შეეხება სხვა ადგილობრივებს, ისინი ძირითადად მიჰყვებიან იმ სახელმწიფო მოწყობის ტიპს, რომლის ტერიტორიაზეც ფუნქციონირებენ. ძირითადად ფინანსებს განაგებს სპეციალური განყოფილება, რომელიც ანგარიშვალდებულია სინოდის წინაშე. სინოდი ან გაფართოებული კრება, სადაც შეიძლება სხვადასხვა დოზით “წვრილი” სამღვდელობისა და მრევლის წარმომადგენლები იყვნენ თავმოყრილი, წლიურად ასაჯაროებს ხარჯებს და შემოსავლებს და ასაბუთებს მათ. რამდენადაც ზოგადად ქვეყანა არის მიჩვეული ამგვარ კონტროლს და აზრის ჩამოყალიბებასა და გამოთქმას, ანუ როგორიცაა ადგილობრივი ინტელექტუალურ/პოლიტიკურ/კულტურული ეთოსი (≈ეთიკა), იმდენადვე ვლინდება ეს ეთოსი ამ ქვეყანაში ლოკალიზებული ამა თუ იმ ადგლობრივ ეკლესიასა თუ მისი განშტოების ცხოვრებაშიც. თუმცა მართმადიდებლური ეკლესიოლოგიის იერარქიული მხარე იმდენად მკაცრად პირამიდულია (აბსოიტუსტურ-მონარქისტული), რომ ეპისკოპატის სრულფასოვანი კონტროლის განხორციელება უბრალოდ შეუძლებელია. ეპისკოპოსი, ფაქტობრივად, თავის ეპარქიის აბსოლუტური მონარქია. თუ რაიმე სახის დაყოფა და ძალთა გადანაწილება ხდება, ეს “მონარქებს” შორის ხდება და არა იერარქიის დაბალი შრეების მიმართულებით. ამგვარი ვითარებაა დღესდღეისობით და ამის გადაწყვეტა შეუძლებელია. თუმცა არსებობს იმის თეოლოგიური ბაზა, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, მაგრამ არ არსებობს (და, ალბათ, არც იარესებს კარგა ხანი) ამის ნება.
– 20 წლის დამოუკიდებლობისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 95–ე წლისთავზე ქართული ეკლესია კვლავ რუსული ეკლესიის „პოლიტიკის” ანარეკლია. ძალიან ხშირად საუბრობენ კაგებეს ქსელის გავლენაზე, მაგრამ ამ „პოლიშინელი” გავლენის გარდა, კიდევ რა სიღრმისეული ბერკეტების არსებობა განაპირობებს მის „პრორუსულ ორიენტაციას”?
– კაგებე მე საერთოდ არ მადარდებს. ეგეც რაღაც მისტიკური ძალა გახდა. ხე ნაყოფით იცნობა და მორჩა. გვაქვს თვალწინ რეალობა და ვიმსჯელოთ მის ავკარგიანობაზე, „ბნელ ძალებს“ კი არ ვდიოთ ქარში... მოკლედ, დაფარული წყალქვეშა დინებების მე არაფერი ვიცი. მეტიც, არ მჯერა, რომ ილია მეორე რაიმე გავლენას განიცდის კაგებედან. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს, კვლავ ვიმეორებ, არანაირად არ მაღელვებს. რუსული გავლენა კი მხოლოდ ეკლესიაში არაა. ჩვენ ყველანი -- ჩემი თაობა და წინა -- ვართ მეტ-ნაკლებად ჰომო-სოვეტიკუსები, ანუ რუსები (ვალიკო მიზანდარის ჩემს ქუდზე მოგიყევით უკვე ზემოთ). პატრიარქი ილია მეორე იზრდებოდა რუსეთში -- ჩრდილოეთ ოსეთსა და ზაგორსკში. იგი იქ დაკაცდა და იქ შეიძინა განათლება. იქ გადაწყვიტა სასულიერო პირობა და იქ გახდა ამად (ხელდასხმის რიტუალი, მგონი, კი შესრულდა საქართველოს სსრ-ში, მაგრამ მისი ჩამოყალიბება, როგორც სასულიერო პირისა, მოხდა ქალაქ ორჯონიკიძესა და წმინდა სერგი რადონეჟელის სამების რუსულ ლავრაში). ოცდაშვიდი წლისა დაბრუნდა საბოლოოდ საქართველოში და დღემდე უჭირს გამართული ქართულით მეტყველება. იგი პირადად იცნობდა პატრიარქ ალექსი პირველს, რომელსაც დიდ პატივს სცემდა და მგონი, დღესაც სცემს. როცა ალექსი პირველის ფოტოსურათი ვნახე, მომეჩვენა, რომ ილია მეორეს წვერის მოყვანილობა და სახის იერი იგივე აქვს. მისგანვე აითვისა მან რუსი ბანოვანების დიდგვაროვნული ჟესტიკულაციაც და სხვა ჩვევებიც. ჩვენც რუსულ თარგზე ვართ მოჭრილი, რადგან ვიცით რუსული და რუსული არეალის ხალხი ვართ -- უფრო მახლობელია რუსული ჩვენთან, ვიდრე დასავლეთი ან თუნდაც მართმადიდებლური ბალკანეთი... მზე ამოდის ჩრდილოეთიდან!
მაგალითად, ოთხმოციანი წლების ბოლოს და ოთხმოცდაათიანების დასაწყისში სასულიერო სემინარია-აკადემიაში იმართებოდა კამათები: ქართველი ვაჟა-ილია-გურამიშვილი თუ ბრიანჩანიოვ-საროვსკი-პეჩორსკი-ზადონსკი-მაქსიმოვიჩ-ზატვორნიკი. გაიმარჯვა ამ უკანასკნელმა. მაშინ მეც, სამწუხაროდ, გამარჯვებულთა მხარეს ვიყავი, რადგან მიმაჩნდა, რომ სულიერება (ნეტა რას ნიშნავს ეს სიტყვა, გამაგებინა, რა!) უფრო უხვად სწორედ სასულიერო სფეროებში იყო მოცემული. შემდეგ, როგორც ცხოვრების გამოცდილებამ მაჩვენა, “სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს / ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ” (იოანე 3.8)
–რუსეთში მღვდლებს არ ერიდებოდათ განეცხადებინათ, რომ პარტიულები იყვნენ (ერთ–ერთმა თავისი კომპარტიულობის შესახებ თავად მითხრა) და კეგებესთან სამღვდელოების კავშირები კიდევ არაერთ გასაიდუმლოებული დოკუმენტიდან გახდა ცნობილი. უბრალოდ, თუ ეს ასეა, საქართველოს ბიუჯეტიდან ისინი არ უნდა იღებდნენ „ხელფასს”, არამედ – „ცენტრიდან”,
–კეთილი, დავუბრუნდები ამ მომნუსხველად „მნიშველოვან“ თემას კაგებეს შესახებ. მე 2009 -ში ხელი მოვაწერე თეა თუთბერიძის ინიცირებულ შეკითხვებს პატრიარქისა და პრეზიდენტისადმი, სადაც იყო ლაპარაკი ამ თემაზე. ეს იყო ჩემი შეცდომა, რადგან მაშინაც არანაირად არ მივიჩნევდი ამ საკითხს მნიშვნელოვნად და აქტუალურად. უბრალოდ, მხარი დავუჭირე თეას, რადგან მაშინ იგი უსამართლოდ არათუ მხოლოდ ილანძღებოდა, არამედ ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებოდნენ. მაშინ ძალიან გავბრაზდი საპატრიარქოზე, რომ არ დაიცვა იგი ამ საშიშროებისაგან -- უბრალოდ ეთქვა, რომ თეას ფიზიკური “განადგურება” არ იქნებოდა სწორი ქრისტიანული კუთხით. შემეშალა, რადგან თეა კერკეტი კაკალი აღმოჩნდა -- მაშინ მას ისე კარგად არ ვიცნობდი, როგორც დღეს. მას ჩემი დაცვა არანაირად არ სჭირდებოდა. ამასთან, ამ ხელმოწერას მოჰყვა ჩემი ფაქტობრივი გაძევება სმე-დან. მხოლოდ ილია მეორემ მიმიღო უკან, მაგრამ მე მაინც დავტოვე იგი და იმედი მაქვს, არა საბოლოოდ. და საერთოდ, ჩემთვის პირადად პატრიარქს სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. ამიტომ, როგორც ადამიანს, პირადად მე მას უნდა ვემადლიერებოდე. მაგრამ პატრიარქი გაცილებით უფრო ზოგადი მოვლენაა, ვიდრე მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში მოხვედრილი ადამიანი. კანტისა არ იყოს, თავის „რა არის განმანათლებლობაში” რო მსჯელობს: ადამიანმა თავის კერძო სფეროში განუხრელად უნდა შეასრულოს ქვეყნის კანონები. ხოლო საჯარო სივრცეში იგი ვალდებულია იმსჯელოს ამ კანონების ავკარგიანობაზე. ვმადლიერობ პატრიარქს, მაგრამ ის არაა ხდომილება მხოლოდ ჩემი კერძო არსებობის, ის მთელი ქვეყნის სიცოცხლის ხდომილებაცაა...
რუსეთს კი, თქვენ რომ „ცენტრს“ უწოდებთ, მოთხოვე, თხოვე, ეაჯე და ევედრე რამდენიც გინდა, ის თავის თარგზე ჭრიდა, ჭრის და გაჭრის...
–მხოლოდ არა „კერკეტ კაკლებს” სჭირდებათ მხარდაჭერა? თანაც, როგორც მახსოვს, ეს ზოგადად ეკლისიაში არსებულ ობსკურანტობას უკავშირდებოდა და არა მხოლოდ პირადად პატრიარქს.
– ანუ იყო თუ არა ჩემი ხელმოწერა ჩემი პოზიციის დაფიქსირება საპატრიარქოში არსებული ობსკურატიზმის წინააღმდეგ?! ობსკურატიზმი ვიცით, ესაა პროგრესის, განათლება/განმანათლებლობისა და ყოველგვარი ახალი იდეისადმი ბრმა სიძულვილი და მტრობა. „ობსკურ“, ანუ ბნელი. სხვანაირად კი სიბნელის მანია. რუსულად ესაა “მრაკობესიე” (ბნელეშმაკობა, ბნელმანია). უკვე ვახსენე “სიბნელის მისტიკა”. თავისთავად რუსთაველისეული “მზიანი ღამე” დადებითი ცნებაა და ღმერთის ჩვენთვის მიუღწეველ ნათელს აღნიშნავს. მას “ნათელ წყვდიადს” უწოდებენ ხოლმე. მაგრამ მე სწორედ სიბნელის, როგორც სიბნელის და მის უარყოფითობაზე ვუსვამდი ხაზს. არის ასეთი ცნება ასკეტურ თუ “სულიერ” ცხოვრებაში, რაც ეშმას მიერ მოტანილ სულიერ სიბრმავეს, სიბოროტეს აღნიშნავს. ნუ, ესაა სიავის მანიაკალური მდგომარეობა. “ბნელეთის მოციქულიო”, “ბნელი ძალებიო” და ასე შემდეგ. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ასე რომ იყოს, ხელის მოწერას რა გამაბედინებდა?!
ობსკურატიზმი უცოდინარობად, იგნორანტიზმად (ignorantisme) შეიძლება გავიგოთ. მოდერნულობისათვის დამახასიათებელია ცოდნისა და ნათელის თუ არა გაიგივება, პარალელიზმი მაინც. ცოდნა სიკეთეა, უცოდინარობა -- სიავე. პროგრესი კარგია, შეყოვნება – ცუდი. უბრალოდ, ჩვენს დროში, უკვე პოსტ-პოსტმოდერნულ ხანაში, მერწყულის ორიათასწლეულში, განათლებასა და სიკეთეს შორის, სიკეთესა და პროგრესს შორის ტოლობის დასმა თავისთავად უკვე რეგრესული მომენტია -- ესეც კიდევ ქალბატონი ირონიის ახალი გაღიმება! თუმცა რა შორს მოვდივართ, ჯერ კიდევ ბერძენი ჰერაკლიტე „სვეცკი“ პითაგორელებს ეუბნებოდა, რომ ბევრის ცოდნა ჭკუას ვერ მატებს ადამიანს. პიჟონა (ფრანგულად „მტრედი“, რუსულად „პიჟონ-ი“) ინტელექტუალები, რაც უფრო მეტ უცხოსახელიან და გაუგონარ ავტორებს მოიხმობენ და ასევე გაუგონარ ტერმინებს „აატანტალებენ“ მკითხველისა თუ მსმენელის ცხვირწინ, მით უფრო ტკბებიან თავიანთი ინტელექტუალობით. ეს ჯამბაზები თავად თბილად არიან მოკალათებული სხვადასხვა „სოროში“ და “სვეცკური” ელიტურობით მორალურად ქენჯნიან დანარჩენ საქართველოს. ასეთი განწყობაც არსებობს, არა? რაღაც ეზოთერულ, „კუტოკურ-სხადნიაკურ-ტუსოვკური“ ერთმანეთის სალიცლიცო ჩიჟი-ბიჟი. ასე აღიქმებიან და თავებსაც უტეხავენ ზოგჯერ. გულღრძო თვალსაზრისია და ავი. მაგრამ არსებობს და რა ვქნათ, ჩავრეცხოთ?! მაშ, როგორ მივუდგეთ მას?! აი, პავლე მოციქული ხომ ამბობს, მომბაძეთ, როგორც მე ქრისტესო. იესო ამბობს, მომბაძეთ. როგორც მე მამა-ღმერთსო. ჰოდა, მივბაძოთ ქრისტიან ღმერთს, რომელიც ავსაც კეთილად ტრანსფორმირებს. ანუ გულღრძო და ავი პოზიციიდან კეთილი გამოვადნოთ, ნაცარქექიამ ხომ გამოადნო ქვას წყალი (ისე მაგას რა ვუთხარი, ჭყინტი ყველი გაიმეტა). ავდგეთ და ჩავთვალოთ, რომ ეს მოდერნი/განმანათლებლობის ქაოტური რეცეპციაა პოსტმოდერნულის „პონტში“. ანუ ქართველებიც მოხვედრილი ვართ მსოფლიო პოსტმოდერნულ თუ პოსტ-პოსტმოდერნულ ორომტრიალში და სპონტანური გულისრევის სპაზმები მაინც გვემართება ხოლმე ყანწით „მირთმეულ“ მოდერნზე...
მე არ გამოვხატავდი ჩემს პოზიციებს ხელმოწერებით, აქციებით და ასე შემდეგ. ხელი მოვაწერე მხოლოდ პიროვნული თანაგრძნობის გამო -- მომეჩვენა, რომ გოგონას (თეა თუთბერიძეს), რომელსაც უსამართლოდ ეპყრობოდნენ, სჭირდებოდა თანადგომა. ჯანყის მომხრე მე არ ვარ და ამბოხი არაა ჩემი გატაცება... რაც შეეხება საპატრიარქოში არსებულ პრობლემას, ეს უფრო სისტემური ხასიათისაა. ანუ ლაპარაკია პირამიდულ გაყინულ იერარქიულობაზე და ეპისკოპოსის აბსოლუტიზმზე. ეს, ვიმეორებ, მართმადიდებლობის ეკლესიოლოგიური პრობლემაა. იწერება ამაზე რაღაც თეოლოგიური ნაშრომები, მაგრამ ჯერჯერობით ეს ასე ნარჩუნდება და შენარჩუნდება, ალბათ, კიდევ რამდენიმე თაობა მაინც. ამ პირამიდის მოქნილობა, მართალია, ლამის ნულს უტოლდება, მაგრამ გააჩნია კონტექსტს, სადაც ის იმყოფება. ანუ რაგვარიცაა საზოგადოებრივი მენტალიტეტი/გონწყობა/მაინდსეთი და ცხოვრება, ისეთ ფორმასთან ადაპტაციისას ეს პირამიდა ზოგჯერ იჩენს მძიმე, მაგრამ მაინც რამ ელასტიკურობას. ჩვენში პოსტ-ბრეჟნევულ ხანაში ბრეჟნევული სიმბოლიზმის “ჯეჯილობის” არეა (აქ ჩემი ქუდის ამბავს შეგახსენებდით) და შესაბამისადაც “იპლასტიურა” ამ პირამიდამ, რას ვერჩით?! -- ბოდიში, ხუმრობაშენარევი ტონისათვის!
ცოტა სერიოზულად რომ ვთქვა, ვიტყოდი ამგვარად: მიმაჩნია, რომ ჩვენს ცნობიერებაში არსებული სიმბოლო/პარადიგმების გადაწყობა შეიძლება (ბოლო-ბოლო ჩემი ქუდი სავსებით ფრანციცულად გამოიყურება და ძალიან ლამაზია!), ანუ სიმბოლოების ასხმის გადაწყობის ქმედითი საშუალებაა რიტუალში მათი ხელახლა გაწყობა. რიტუალი ნამდვილად არის ძალის მატარებელი და მის გარეშე არ არსებობს ადამიანის სოციალური ცხოვრება. ამისათვის მე შევთავაზე საპატრიარქოს ჩემი გამოცდილება. მე მაქვს ნამსახურები მართმადიდებლური ეკლესიის სხვადასხვა ადგილობრივ გამოვლინებებში: ბერძნული (მის განსხვავებულ ტიპებში: კონსტანტინეპოლური, საქალაქო, სამონასტრო, ათონური, ემიგრაციული), სლავური (რუსული, რუსულ-ემიგრაციული, რუსულ-მოდერნირებული, სერბული, ბულგარული). შესწავლილი მაქვს ლიტურგიკა მეცნიერულად (მისი თეოლოგია, ისტორია, პრაქტიკა) -- თესალონიკის თეოლოგიური უნივერსიტეტის (იქ ექვსი წელი ვსწავლობდი) მეხუთე სართულზე არის მოწყობილი ტაძარი, სადაც ტარდება ყველა ისტორიული ლიტურგია. მაქვს ნამსახურები სხვადასხვა ლიტურგიები, რომლებიც საუკუნეებია არ სრულდებოდა მართმადიდებლობაში და ახლახან დაიწყეს მათი აღდგენა ყველგან, ქართული ეკლესიის გარდა. ვიცი ენები, ბერძნული (ახალი და ძველი), რუსული, სლავური, ძველქართული, ინგლისური. შევთავაზე, მომეცით საშუალება და ყველა ამ ძველ ლიტურგიას ვიმსახურებ. მერე ნახეთ და გადაწყვეტილებაც მიიღეთ – მეთქი. მინდოდა, მსახურების, ლიტურგიის რიტუალში მართმადიდებლობის მართლაც პოხიერი ფილოსოფია რაღაცნაირად და რამდენადაც შევძლებდი, გამეშალა. თქვენც არ მომიკვდეთ! მერე ჩავიდინე ის, რაც ჩავიდინე -- მოვაწერე ხელი ისეთ რამეზე, რაზეც თავად ვეკამათებოდი სხვებს! თავად მე გავუმტყუნე საკუთარ თავსაც და იმათაც, ვინც მომცა საშუალება, რომ მესწავლა, ეს ყველაფერი! უნამუსობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, ჩავმდგარიყავი გამამტყუნებელის პოზაში. მამხილებელის კი, შეიძლება. მაგრამ მხილება არ ნიშნავს გამტყუნებას. მხილება არის მოწოდების და მომხრობის მცდელობა და არა გასამართლების, მისჯის და თუნდაც მორალურად ქენჯნის განზრახვა...
–არსებობს მოსაზრება, რომ თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ–ეკონომიკურ სისტემაში ყველაზე „ჩამორჩენილები” არიან მართლამდიდებლობის მატარებელი სახელმწიფოები. და ამის მაგალითად საბერძნეთს ასახელებენ. რუსეთსაც. აქ მიზეზ–შედეგობრივ კავშირზე თეორიული მსჯელობა უპრიანი რამდენად იქნებოდა?
– ეს მაქს ვებერის თეორიის ერთგვარი გამოყენებაა. ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, რომ მართმადიდებლებს გვიჭირს და არც სამხრეთკათოლიკეები ჩამოგვრჩებიან ამაში. თუმცა იგივე ბავარია კათოლიკურია. საფრანგეთიც კათოლიკური იყო, როცა განმანათლებლობა ითავკაცა. მართმადიდებლობის ამ ასპექტის შესახებ არსებობს, მაგალითად: David B. Zilberman, “Orthodox Ethics and the Matter of Communism”, Studies in Soviet Thought, Vol. 17, No. 4 (Dec., 1977), pp. 341-419. არის ბერძენი ავტორიც, სტელისო რამფოს, რომელზეც მე ვწერ (“ბიზანტია, საბერძნეთი, რუსეთი (საქართველო, მართმადიდებლობა)”, http://azrebi.ge/index.php?pid=1342).
პირადად მე ამ სერიოზულ პრობლემას ეპისკოპოსების უკონტროლო ძალაუფლებას ვუკავშირებ. უბრალოდ, თუ თავად საზოგადოებამ მოძებნა ძალა საკუთარ თავში და იაზროვნა ამ ძალაუფლების რაობაზე და იპოვნა მისი კონტროლის საშუალება, მაშინ ბევრი რამე, ჩემი აზრით, შეიძლება ძალიან სწრაფად და კარგად წავიდეს კულტურულ/პოლიტიკურ/ეკონომიურ სფეროშიც. აქვე ზემონათქვამს დავუბრუნდები: ძველი ღვთისმსახურებები, რომელთა განახლებაც მინდოდა, ისეთ რიტუალურ სურათს იძლევა, ანუ მათ ბაზაზე შეიძლება დაისახოს ისეთი სურათი, რომ აღარ იყოს ეს რუსულ-ბოიარინული პირამიდა ერთადერთი სახე ლიტურგიული რიტუალური სტრუქტურისა (ეს პირამიდა ბალკანეთის ოსმანობის ხუთ საუკუნეში თავისებურად, მაგრამ ძლიერ მსგავსად გაფორმდა, რაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან სკვით-მონღოლური აღმოსავლური ელემენტი ახლოა თურქულ-შუააზიურთან). მაგალითად, ძველმა ეკლესიამ არ იცოდა კანკელი და სამღვდელოთა და საეროთა „განზღუდვა“ კედლით, თუნდაც მოხატულ-გამშვენებულით. ერთიანობა სამღვდელოთა და საეროთა რიტუალურად უფრო მჭიდრო იყო -- ქრისტიანების „სამეუფეო მღვდლობა“ ღვთისმსახურებითად გათამაშებული და ცნობიერების „მახსოვრობის დისკზე“ ჩატვირთული („როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად [...] თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი / თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად, შესაწირავად მსხუერპლთა სულიერთა, სათნოთა ღმრთისათა იესუ ქრისტეს მიერ. [...] ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა (1 პეტრე 2. 4-9)).
თუმცა სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავროები, მედია მაინც უბრალოდ შეუცვლელნი არიან რელიგიისადმი სააზროვნო დამოკიდებულების ჩამოყალიბებისათვის. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინიც მონუსხულები და წელმოდრეკილი არიან “ბრწყინვალე წყვდიადის” სიმძიმის ქვეშ... „ფრთხილად იყავით, ნუ უარყოფთ მეტყველს [...] როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უარვყოფთ ზეცით მეტყველს? ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო [...] ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი” (ებრაელთა 11), ჰოდა, ესენიც „სიფრთხილით“ ფართხალებენ ფართხალობითა ფრიადითა...
–თქვენ იმ ორ ქართველ სასულიერო პირთაგანი ხართ, ვინც სოციალურ ქსელებში საკმაო აქტიურობით გამოირჩევა, მათ შორის პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. რამდენად თავისუფალი უნდა იყოს სასულიერო პირი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების განხორცილებისას –სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში?
– ჯერ ერთი, რამდენად ვარ მე საქართველოს ეკლესიის წევრი, არ ვიცი. ხოლო რაც შეეხება ფეისბუქს, მას მე არ აღვიქვამ სერიოზულად -- ქართულ წიაღი, ისიც „ბროწეულის ოყნებით“, სამკურნალო „კაიპონტურ“ ჟიბი-ჟიბოდ იქცა...
იმგვარი საქმიანობა მაქვს, რომ მუდამ მიწევს კომპიუტერთან ჯდომა და მუშაობა. ფეისბუქს შესვენებების დროს ვაკითხავ მხოლოდ და იქ უმეტესად ჩემს უცაბედ ემოციებს ვდებ. ვათავსებ ხოლმე იმას, რასაც ვფიქრობ იმ მომენტში -- ძირითადად უკბილო ხუმრობებს. თუმცა იშვიათად სერიოზულიც ვარ, მაგრამ უმეტესად ვსარკაზმობ, ჟარგონულად რომ ვთქვა, ჩემებურად „ვახურებ“, “ვღადაობ”, რა! თუმცა უკვე გავაუქმე ჩემი ანგარიში...
დღეს იმდენი აზრია გამოფენილი, რომ რაღა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვი. აი, საბჭოთა გაზეთი “პრავდა” რომ იყოს, რომლის თითო სიტყვაც თითო ბირთვულ ბომბს უდრიდა, მაშინ სხვაა. ახლა უმეტესად ლაზღანდარობაა -- აი, ლიმონა რომ იტყოდა- „ეს ყველაფერი ცირკია და სიაბანდი [ტიგრან],... ბითურობაა და მეტი არაფერი [ჩემო ნაკაშიძე]“... თუმცა ლაზღანდარობაც მეტყველების გვარია. ვიმეორებ, არავითარი სურვილი არ მაქვს საჯაროდ ვინმე სერიოზულად ვაკრიტიკო, უბრალოდ “უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო”! ყეფენ ხოლმე და მეც ვყეფდი ხანდისხან და აწი ამასაც მოვრჩი :-)...
თუმცა ურფინჯუსის ზღაპრულ სამყაროში ძაღლიც და კატაც, საფრთხობელაც და რკინის კაციც, ყველა ადამიანურად ლაპარაკობს. ზღაპრულ სამყაროში მეგობრობა იმარჯვებს და დიდი შერიგება ხდება. ეკლესია და სახელმწიფო თავ-თავიანთ გზას უნდა დაადგნენ. რაღაც უცნაურად, მაგრამ მაინც ხდება მათი გამიჯვნა. ბოლო გადაწყვეტილებაც, რომ უმაღლესი განათლების დიპლომებს და ხარისხებს, ერთი მხრივ, მთელი განათლების ინსტიტუცია/სამინისტრო და, მეორე მხრივ, ერთი პიროვნება, პატრიარქი ანიჭებს, ამის გამოვლინებად მიმაჩნია. იარსებებს ორი სახის დიპლომი, ერთი საერო და ერთი „ზეგარდამო შთაგონებული“. ამაზე დიდი გამიჯვნა რაღა უნდა იყოს?!...
პირადად მე წლების შემდეგ კვლავ მიჩნდება შერიგების გრძნობა -- ადამიანი ვნებების კვანძია, ცუდი და კარგი ისეა გადაჯაჭვული, ერთის გამორჩევას თუ დაიწყებ, მეორესაც მოსპობ. ასე ვიზრდებით ავ-კარგიანები და „მოვალს [...] რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“ (ლკ 3. 16-17)
2013.02.05
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment