Monday, March 17, 2014

ფეხსაცმელების მუსიკის იდენტობის კრიზისი




მგონი, მართალია ჯეისონ სემიუელს სმითი. იდენტობის კრიზისს მხოლოდ ფეხებით; უფრო სწორად, ტერფებით; უფრო სწორად, ფეხსაცმელების ძირით; უფრო სწორად, სტეპის ცეკვით (Tap/Step Dance ანუ კაკუნის/ნაბიჯის ცეკვა) თუ გამოხატავ.

იატაკზე ფეხების პერკუსიით. თან შემოსაზღვრულ ოთხკუთხა სპეციალური ხის ამაღლებულ "დაფაზე", რომლისკენაც სამი მხრიდან მიკროფონებია დამიზნებული. განსაკუთრებული ფეხსაცმელებით. სხვაგარად – ვერა. არ მეგონა, თუ ფეხსაცმელების "ბაკუნმა" სტუპორში შეიძლება ჩამაგდოს და ხანდახან მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდე, როცა ცნობილი ჯაზ–არტისტი ოუენ ბრაუნი (უკრავდა სან რას ორკესტრში, მუშაობდა ერეტა ფრანკლინთან და ჯორჯ კლინთონთან ერთად) თავისი კვარტეტის თანხლებით ჯაზურ/ ბიბოპურად მღერისას "ასიმეტრიულად" შემოსძახებს, ანდა აფრიკულ საყვირს ჩაჰბერავს, ანდა ასევე ჩემსავით გაშეშებიდან დროებით გამოსული მაყურებელი შუა სტეპში აღფრთოვანებისგან წამოიყვირებს/ წამოიკივლებს, ანდა ფეხზე წამოხტება და ტაშს დასცხებს. ცხოვრებაში არასოდეს მივშტერებულვარ სხვების ფეხსაცმელებს. მით უმეტეს – უწყვეტად ორი საათის განმავლობაში. მაგრამ ესენი არასოდეს დამავიწყდება.ჯეისონ სმითის "ჭუჭყიანი ვარდისფრის" ოდნავ მობრჭყვიალე თასმებიანი ფეხსაცმელები.

ჰოდა, ლინკოლნ ცენტრის დ. რუბინშტეინის სახელობის დარბაზში ჯეისონ სმითისა და ოუენ ბრაუნის კვარტეტის ცოცხალ პერფორმანსზე პირველად ვიგრძენი, რომ ტერფების მოძრაობით იდენტობის დაკარგვაც და პოვნაცაა შესაძლებელი. რატომ ამოვიჩემე ეს იდენტობა? უბრალოდ, ამ სტილის ცეკვის ათასგვარი პრემიისა და "ემის" პრიზის ორჯერ მფლობელი ჯეისონ სემიუელს სმითი ჯაზ–კვარტეტის მუსიკის ფონზე კომპოზიციას სახელწოდებით "იდენტობის კრიზისი" ასრულებდა. "იდენტობის" ჯაზ – სვინგმა და სმითის ფეხსაცმელების მელოდიამ ვერ გავიგე სად, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ სადღაც სხვაგან გადამისროლა. თუმცა იყო კომპოზიციებიც - "სამშობლო", "ზღვა", "სამი გემი", "თეთრი ვარდი", "პროლოგი", იყო ირლანდიური მოტივები (ამ შემთხვევაში "რივერდანსულ" მუსიკას არ ვგულისხმობ), აფრიკული სიცხე, სევდა; ამერიკული კლუბების ძველი ჯაზი/ბიბოპი და ჯერ კიდევ ის პერიოდი, როცა სამუსიკო კლუბებში No Smoking არსად იყო მითითებული, ამიტომ მაგიდების ზევით ნიკოტინის ისეთი მძიმე ნისლი იდგა, რომ სცენა ძლივს გაირჩეოდა. როცა Tap Dance (რომელიც აფრიკული, ირლანდიული და ბრიტანული ფოლკ–ცეკვებისა და აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტების რიტმის ერთობით დაიბადა) ჯაზის ბგერებსაა შერწყმული, ეს აუცილებლად მოგაგონებთ ჩემი ბავშვობისდროინდელი საყვარელი ფილმის "ქოთონ ქლაბ"–ის აურას, თან ჰარლემის ისტორიის იმ პერიოდსაც, როცა იქ მეზობელ მაგიდებთან შემომსხდარი ჯორჯ გერშვინი ანდა ელ ჯონსონი შეიძლება დაგენახა, სცენაზე კი – ბესი სმიტი და დიუკ ელინგტონი.



IXX და XX საუკუნის ამერიკის ჯაზ–კლუბებიდან სტეპის ცეკვამ ჭაღებით განათებულ დარბაზებსა და გლამურულ საკონცერტო სცენებზე გადაინაცვლა. თავის ცეკვებში სტეპს, როგორც შემადგენელ ელემენტს, ლეგენდარული წყვილი ფრედ ასტერი და ჯინჯერ როჯერსიც ძალიან ხშირად იყენებდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ შავი მარგინალიებიდან სტეპმა "დიდ თეთრ სცენაზე", არასალონური სივრციდან სალონურში გადაინაცვლა და სამუდამოდ დამკვიდრდა. თან ფრედ ასტერმა და მისმა მეწყვილემ სტეპს ელეგანტური (ფრაკი, ცილინდრი, თეთრი სამეჯლისო კაბა, ქალის ძვირადღირებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი) ჩაცმის სტილიც შესძინა. როგორც წესი, სტეპი ჰოლივუდში ბედნიერების ცეკვად აღიქმებოდა და, ფაქტობრივად, ყველა ფილმი, რაც სტეპის მოცეკვავეების მონაწილეობით გადაღებულა, მხიარული მიუზიკლებისა და Funny Srory-ის შინაარსის იყო. მაგრამ ეს ასე არ არის. სტეპით დიდი სევდის, სასოწარკვეთისა და ტრაგიზმის გადმოცემაცაა შესაძლებელი. სტეპი არის რეპრესირებული, ემიგრანტული, გეტოს კულტურის ტრანსფორმირების ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც აღიარება და პოპულარობა აშშ–ის გარეთ – იაპონიიდან ბრაზილიამდე უმალვე მოიპოვა.

კონცერტის შემდეგ, მართალი გითხრათ, ჩემს სტუპორში გარკვევა მინდოდა. ინდოელი ქალების ცეკვისას ფეხებზე შებმული ზანზალაკების ხმაც მომისმენია და აფრიკული დოლ – დაირას რიტმიც, რომელიც ნიუ იორკის მეტროდან გამოსვლისას ბაქანზე მჯდომი ქუჩის მუსიკოსებისგან ლამის ყოველდღე მესმის. ის კი არა, ამ საქმის ოსტატები გასაოცარი ვირტუოზულობით ახერხებენ, სხვადასხვა ზომისა და სიმაღლის გადაბრუნებული პლასტმასის ვედროები აფრიკულ დასარტყამ ინსტრუმენტებად გადააქციონ. ბუნებრივია, სტეპი ფილმებიდანაც მახსოვს. მაგრამ საკუთარი თვალით დანახული, თან პარტერის პირველი რიგიდან– მოცეკვავე ფეხსაცმელები სულ სხვაგვარად მოქმედებს. დაჰიპნოზების მიზეზი შეიძლება ისიცაა, რომ სტეპის წარმოშობას ძველეგვიპტურ ლეგენდას უკავშირებენ, როცა ქურუმები ღმერთებისადმი მიმართვისას დიდ დოლებზე დგებოდნენ და ფეხებით ბაკუნის რიტმით საკუთარ თავსაც და შეკრებილ ხალხსაც ექსტაზში აგდებდნენ. თუმცაღა ჯეისონ სმითს არაფერი ეტყობა თავისსავე სტეპისგან ასტრალში სრულად "გასვლა". აშკარა იყო, რომ იგი მიწაზეც მყარად იდგა. მისი ცეკვა რიტმების ცვალებადობა და სრულიად რაციონალური ქორეოგრაფიაა, რასაკვირველია, იმპროვიზაციული ელემენტებით და მკაცრი დრამატურგიით. განსაკუთრებით კი ეს დრამატურგია საცეკვაო ნომრის მუსიკალური თანხლებით შესრულებისას იგრძნობა.

სტეპი ერთგვარი არამუსიკალური დასარტყამი ინსტრუმენტიცაა და არც არის. ფეხსაცმლის სქელ, დაბალ/ საშუალო სიმაღლის ქუსლსა და ცხვირზე სპეციალური ლითონის ნალები ანდა "ღილაკებია" დატანილი, რომლებიც ტკაცუნის/ წკაპუნის ხმას გამოსცემენ. ჰოლივუდურ ფილმებში სტეპის მოცეკვავე ქალები წვრილ მაღალქუსლიან, ძირზე რკინისდეტალებიან ფეხსაცმელებში ცეკვავენ და ჭეშმარიტ გაოცებას იწვევს ის, თუ როგორ შეუძლიათ იატაკზე ზღვის დონიდან ამსიმაღლე ქუსლებით ასე მსუბუქად სინკოპირება. ამბობენ, ფრედ ასტერი ჯინჯერ როჯერსს ყოველდღე გულის წასვლამდე ამუშავებდა, დღის ბოლოს კი ჯინჯერის ფეხები ნახევრად დასისხლიანებული იყოო. ამერიკაში ამგვარი ფეხის სამოსის ყიდვა ნებისმიერ საცეკვაო მაღაზიაშია შესაძლებელი. და აღარაა საჭირო ფეხსაცმელზე რკინის ხურდის ანდა ბოთლის სახურავების დაჭედება, როგორც ამას პირველი სტეპ–მოცეკვავეები აკეთებდენენ, რათა ცეკვის დროს აკუსტიკური ეფექტი მიეღოთ. ნიუ იორკში, ბროდვეიზე მდებარე ცნობილ საბრენდო მაღაზია Capezio–ში საბალეტო თუ სხვა სახის საცეკვაო ფეხსაცმელებთან ერთად სტეპ- ფეხსაცმელების შეძენაცაა შესაძლებელი. ფასები კი ასეთია : 30 –300 დოლარი და მეტი.

33 წლის ჯეისონ სემიუელს სმითი ნიუ იორკელია და, თუ შეიძლება ითქვას ბროდვეელი, რადგანაც სწორედ ნიუ იორკის ბროდვეის თეატრიდან დაიწყო მისი კარიერა. ის კი არა, 15 წლის ასაკში "ტონის" პრიზის მფლობელ ბრიდვეის შოუში (რეჟისორი ჯორჯ ვულფი) Bring in 'Da Noise, Bring in 'Da Funk მთავარი გმირის დუბლიორიც კი იყო. იგი ქორეოგრაფი, რეჟისორი და მსახიობია. ზოგადად კი უამრავი ფილმი და შოუა გადაღებული სტეპის ცეკვის ისტორიაზე, მასტერკლასებზე, სტეპის ცნობილ მოცეკვავეებზე, მათ შორის, სტეპის ვარსკვლავების მოანწილეობითაც. ჯეისონ სემიუელს სმითს დიდი ხანია ვუნდერკინდს, ვირტუოზსა და გენიალურს უწოდებენ. მუსიკის გარეშეც მისი რიტმი სუფთა წყლის ჯაზია, მაგრამ მუსიკით (განსაკუთრებით ჯაზმუსიკის თანხლებით) ფეხის ვიბრაციები, ლეგატოები და სტოკატოები სწორედ ისაა, რაც "ქოთონქლაბურ" გარემოს გაგრძნობინებს, ანუ წარსულში ჯაზის, სტეპის და განგსტერული ბიზნესის მშვიდ თანაარსებობას. მხოლოდ ამას არა, რასაკვირველია. უბრალოდ, ჩემს თავს იმაზე ვიჭერდი, რომ ერთი–ორჯერ წარმოვიდგინე, დარბაზის კარი შეიძლება გაიღოს და ალ კაპონეს რომელიმე ძმა, რალფი ან ფრენკი შემოვიდეს. ანდა სამივე ერთად. ოღონდ ცივილიზებულად, ყოველგვარი "საქმიანი გარჩევების" გარეშე. უბრალოდ, მუსიკის მოსასმენად. რალფ კაპონე, სხვათა შორის, ერთ–ერთი ასეთი "ბამბის კლუბის" მფლობელიც იყო.


სტეპი მხოლოდ ცეკვა არაა. იგი ისტორიული ტექსტიცაა, რომელიც აერთიანებს მინესტრელს (კომიქსი, კაბარე, საესტრადო შოუ, სადაც, როგორც წესი, "ზანგებს" დასცინოდნენ), ვოდევილის, ჯუმბა ცეკვასა და ჰიპ–ჰოპსაც კი. მოგვიანებით ამერიკულ სცენაზე სტეპი ვალსისა და კანკანის ელემენტიც გახდა. იგი თითქოს გაითქვიფა, მაგრამ მისი თავისბურებიდან გამომდინარე, არ შთაინთქა. სტეპის პოპულარობის განთიადზე შავკანიანი შემსრლებლები არც ისე ბევრნი იყვნენ (ვგულისხმობ სასცენო შესრულებას), რადგან მინესტრელებში თეთრკანიანები სტეპის საშუალებით "შავების" უნიათობასა და მონის სტატუსით კმაყოფილებას, ანუ აფრო – ამერიკელების როლს რასისტულად გამოხატავდნენ. სტეპის ცეკვა წინა საუკუნის 30 – 40 – იან წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მერე, როცა ამერიკამ ძველი ჰოლივუდური მიუზიკლების აღდგენა და მათი პოპულარიზაცია დაიწყო, სტეპი თაყვანისცემის მეორე ტალღამ მოიცვა. გაჩნდა საცეკვაო სკოლები, სადაც სტეპსაც ასწავლიდნენ. ძალიან პოპულარული ირლანდიული ჯგუფი Riverdance სწორედაც რომ სტეპს ასრულებს, ოღონდ, რასაკვირველია, ირლანდიურს. საინტერესოა ის, რომ სვინგისა და ბიბოპის დასარტყამების არაერთმა მუსიკოსებმა თავისი სახელოვნებო კარიერა სწორედ სტეპის ცეკვით დაიწყეს და თავიანთი სტილიც შექმნეს. მაგალითად, ჯო ჯონსონმა და ბადი რიჩმა.


როკ ენ როლისა და ჯაზური ცეკვის განვითარებამ სტეპს ახალი დეტალები შესძინა. მოგვიანებით კი გაჩდნენ როგორც სტეპის მეფე–ლეგენდები, მაგალითად, მასტერ ჯუბა, უილიამ ჰენრი ლეინი, ჯონ ბუბლსი, ბილ რობინსონი, ჩაკ გრინი, ჰერმეს პანი, ართურ დუნკანი, თომას თუნი, ჯეიმს ბრაუნი; ასევე, დედოფლები – ვერა ელენი, რუბი კილერი, მეიბლ ლი, ჯენი ლეგონი, ელეონორ პაუელი, ან მილერი, ფეგი რეიანი, შირლი თემპლი, ჯეინ უითერსი და სხვა. თუმცა ძალიან ხშირად სოლოშემსრულებლები წვყილებად ერთიანდებოდნენ სხვადასხვა სატელევიზიო, საკონცერტო თუ კინომატოგრაფიულ პროექტებში. ამის მაგალითია თუნდაც ჰერმეს პანისა და ბეტი გრაბლის წარმატებული დუეტები. მანამდე კი სტეპი აფრო–ამერიკულსა და ირლანდიურ გეტოებში იბადებოდა და იმ დროისთვის იგი ერთგვარი მულტიკულტურული, ამერიკულ–აფრიკულ–ევროპული პროექტიც იყო: დასვენების დღეებში, გეტოს საზღვრებს გარეთ, ქუჩებში, მოედნებზე გეტოელები ეთმანეთს ხვდებოდნენ, სტეპს ცეკვავდნენ და სახელდახელოდ ორგანიზებულ კონკურსებში ერთმანეთს სტეპის იმპროვიზაციებით ეჯიბრებოდნენ. ალბათ, მაშინ საცეკვაო მანერებს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა – რადგანაც იმარჯვებდა ის, ვინც წუთში/წამში თავის ფეხსაცმელს საცეკვაო სიბრტყეს უფრო მეტჯერ დაარყამდა, ვიდრე – მეტოქე. ამბობენ, ისეთებიც იყვნენ, ვინც ათ წამში იატაკზე სამოცჯერ აკაკუნებდაო. შეიძლება ითქვას ისიც, რომ სტეპი მონათმფლობელთა გემებზე აფრიკელი მონებისთვის თავინთ დოლებზე დაკვრის შეუძლებლობითაც გაჩნდა. ამ გემებზე მონები გემბანზე ფეხებით სწორედ იმ რიტმულ მოტივს ასრულებდნენ, რასაც ხელებით – თავიანთ სამშობლოში.




საინტერესოა ის, რომ ამავე დროს გაჩნდა ე.წ. რიტმული სტეპი, რომელიც წარმოადგენდა სტეპის იმ სახეობას, სადაც, ფაქტობრივად, მხოლოდ ფეხები მოძრაობდა (ირლანდიური სტეპი) და არა ტანი და ზედა კიდურები. ეს იმიტომ, რომ მონებს თავინთი კულტურის პრაქტიცირება ეკრძალებოდათ და ამიტომაც ისინი ცდლობდნენ მათი სტილი ირლანდიურ სტილს შერწყმოდა; ამდაგვარად მონათმფლობელებისგან თავიანთი ფოლკლორის თვითმყოფადობა შეენიღბათ და დაეცვათ. მოგვიანებით, რასაკვირველია, ტერფების სინკოპირებასა და რიტმს დაემატა თავის, ტანის და ხელების მოძრაობა ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ ცეკვაშია. სტეპის ნოვატორებმა მათი გემოვნების ქორეოგრაფიული სტილისთვის დამახასიათებელი ილეთები შემოიტანეს და სხვადასხვა მიმდინარეობების (კიბის სტეპი, რბილი ფეხსაცმლის, აკრობატული, Shin -Sham-Shimmy და ა.შ.) ავტორებიც გახდნენ. მაგალითად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღესაც სარგებლობს ე.წ. ბროდვეის სტილი. 42-ე ქუჩის (იგულისხმება ნიუ იორკში ამ ქუჩაზე გამართული წარმოდგენები) სტილი კი სამუდამოდ დამკვიდრდა, როგორც ნიუ იორკული ბრენდი. თუმცა, რკინის ფარდის მიუხედავად, სტეპმა სსრკ–შიც შეაღწია და იქაც პოპულარული გახდა. ცნობილია ისიც, რომ ოქტომბრის რევოლუციამდე ამერიკაში რუსებიც ცეკვავდნენ სტეპს და სტეპის ანსამბლები რუსეთშიც ჩადიოდნენ, მაგრამ ბოლშევიკური რევოლიციის მერე ამგვარი ეპიზოდური გასტროლები შეწყდა. თუმცა რუსეთში სტეპი აიტაცეს და საესტრადო სცენაზე დიდი პოლულარულობით სარგებლობდნენ სტეპის მოცეკვავე ძმები საზონოვები და გუსაკოვები. სტეპი არაერთი საბჭოური მიუზიკლის შემადგენელი კომპოზიცია იყო.


1920-იანების ბოლოს ამერიკაში მძიმე ეკონომიკური დეპრესია მძვინვარებდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ნიუ იორკსა და ჰოლივუდში სტეპის მოცეკვავეთა, მათ შორის 3–6 წლის ბავშვების პერფორმანსები უწყვეტ რეჟიმში იმართებოდა. სტეპის მოცეკვავეთა საკასტინგო სააგენტოებში მთელი ამერიკიდან ნიუ იორკის ბროდვეისკენ და კალიფორნიისკენ მოემართებოდნენ; სტეპს ჰოლივუდის მეგავრასკვლებები ცეკვევდნენ (კლარკ გეიბლი და ჯუდი გარლანდი, ჯინ კელი და ფრენკ სინატრა). ამერიკამ სწორედ იმ პერიოდში აღმოაჩინა აფრო–ამერიკელი სემი დეივისი (სტეპს ოთხი წლის ასაში ცეკვავდა) და თეთრკანიანი მიკი რუნი , რომელიც ორი წლის ასაკში ავიდა სცენაზე. მერე კი გაჩნდა სტეპის თეთრკანიანი მოცეკვავე შირლი თემპლი (სტეპს სამი წლის ასაკიდან ცეკვავდა), რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსახიობი, რომელმაც ახალგაზრდული ოსკარი 6 წლის ასაკში წლის განმავლობაში სანახაობრივ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო, მათ შორის, უპირველესად სტეპის ცეკვისთვის. ის იყო ერთადერთი თეთრკანიანი მოცეკვევე , რომლმაც კიბის სტეპი ლეგენდარულ შავკანიან ბილ რობინსონთან (კიბის სტეპის დამაარსებელი) ერთად იცეკვა.



1950– იანი წლების ბოლოსკენ სტეპის პოპულარობამ ამერიკაში საგრძნობლად იკლო და ამ "გარდაცვალების" ერთგვარი მანიშნებელი იყო ფრედ ასტერის როლი ისეთ მუსიკალურ–ანიმაციურ ფილმში, რომელშიც ასტერი თავის მოცეკვავე ორ ათეულ თეთრი ფეხსაცმლის წყვილს გრძელტარიანი ცოცხით დასდევს და "კლავს". სტეპის საყოველთაო სიყვარულის კლებას ფრედ ასტერის ჯინჯერ როჯერსთან ერთად უკანასკანელი საცეკვაო ნომერიც დაემთხვა, რომელსაც მან "საუკეთესო რუტინა" უწოდა. მაგრამ ხმები სტეპის სიკვდილის შესახებ ძალიან გადაჭარბებული აღმოჩნდა. სიცოცხლისუნარიანი კი იგი, ალბათ, იმიტომაც გახდა, რომ ცეკვისთვის დამახასიათებელ "სტადარტებში" ძალიან ბუნებრივად ჩაჯდა და ისეთივე თვითკმარ ხელოვნების სახეობად დამკვიდრდა, როგორც სხვა სახის საცეკვაო მიმდინარეობები. არადა სტეპი მაინც განსაკუთრებულია, რადგანაც ის ცეკვაა, რომელიც გესმის, ჟღერს; რომელშიც ფეხები და ფეხსაცმელები მღერიან.


1986 წელს აშშ–ში ცნობილმა ქორეოგრაფმა და სტეპის მოცეკვავემ ბრენდა ბუფალინომ დააარსა "ამერიკული სტეპ ცეკვის ფონდი", რომელიც გარდა უმრავი კონცერტის ჩატარებისა, სტეპ-მოცეკავეების მხარდაჭერისა და სტეპ–სასწავლო პროგრამებისა, დიდ ფესტივალებსაც აწყობს. წელს, მაისში 25 წელი შესრლდება მას მერე, რაც ამერიკაში სტეპ-ცეკვის საყოველთაო დღეს აღნიშნავენ. 1989 წელს აშშ–ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უფროსმა კონგრესის თანხმობა მიიღო ამ დღის ნაციონალურ დონეზე აღსანიშნავად. 25 მაისს ლეგენდარული ბილ "ბოუჯენგლის" რობინსონის (5 წლის ასაკიდან სტეპს ქუჩაში ცეკვავდა) დაბადების დღეა. ჰოდა, მთელი ამერიკა გარეთ გამოდის და სტეპს ცეკვავს... მეტროში, მაღაზიაში, საავადმყოფოში, კაფეში. სტეპის სიყვარულს ბილის თაყვანისმცემლები მხოლოდ მისი ძეგლის დადგმით თუ ღვაწლის გახსენებით კი არა, არამედ ქუჩებში, კლუბებში, ოფისებში, სკოლებში თუ საკუთარ სამზარეულოში ფეხსაცმელების "წკაპუნით" აღნიშნავენ. ბილი ცოცხალი რომ ყოფილიყო და დღევანდელ ბროდვეიზე მის დაბადების დღეს ერთად ამდენი მოცეკვავე ფეხსაცმელი ენახა, ალბათ, სიამოვნებისგან დაუსტვენდა და თავადაც მისებურად "გასტეპავდა".


წელს ჯეისონ სემიულს სმითიც აპირებს, რომ სტეპის ფესტივალს შეურთდეს. იმედია, სადმე ისევ აუცილებლად შევხვდები და თუ მთელი გაზაფხული გულმოდგინედ ვივარჯიშებ, მის "ქარიზმატულ ტერფებს", შეძლებისდაგვარად, ცოტა ხნით მაინც ავუბამ მხარს, უფრო სწორად – ფეხს. აკი, ლინკოლ ცენტრის დარბაზში არტისტები სცენიდან დაჟინებით მოგვიწოდებდნენ კიდეც: "ხალხო, ვისაც გეცეკვებათ, რას ზიხართ?! აბა, დროზე ადექით, ფეხსაცმელები აამღერეთო".

netgazeti.ge
09.03.14

No comments:

Post a Comment