95 წლის წინათ იტალიელმა პოეტმა ფილიპო ტომაზო მარინეტიმ იტალიურ გაზეთში La Gazzetta dell'Emilia (მოგვიანებით იგი ფრანგულ "ფიგაროშიც" დაიბეჭდა) თავისი ეპოქალური "ფუტურისტული მანიფესტი" (Futurist Manifesto) გამოაქვეყნა. იგი არც თუ ისე დიდხანს მერყეობდა, რა სახელწოდება მინიჭებინა ახალი სახელოვნებო მიმდინარეობისთვის: "დინამიზმი", "ელექტრიციზმი" თუ "ფუტურიზმი". მას მერე პოლიტიკურად არასტაბილურ და სწრაფი ინდუსტრიულ–ეკონომიკური ცვლილებების პერიოდში გაჩენილი ტექნიკური ერის ხელოვანთა ნამუშევრების კოლექციები მსოფლიოს არაერთ საგამოფენო დარბაზში განთავსებულა, თუმცა სწორედ ნიუ იორკში მოქმედი სოლომონ გუგენჰეიმის მუზეუმის არქიტექტურა, ალბათ, ყველაზე კარგად ასახავს ფუტურისტების რევოლუციურ ესთეტიკას, პოეტურ ეპატაჟსა და XX საუკუნის დასაწყისის აგრესიულ დინამიზმსაც. მარინეტი "ალაგ–ალაგ" ქალთმოძულეობრივ იდეოლოგიასაც ქადაგებდა (არადა მისი მეუღლე ბენედეტა კაპა იტალიაში ქალთა ემანსიპაციის აქტიურ მხარდამჭერ ფიგურად, ფემინისტად მოიაზრება) და მუზეუმების დანგრევისკენაც მოუწოდებდა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ იტალიელი მოდენისტებისა და "მანიფესტოს" მემკვიდრე იტალიელი ხელოვანების ნამუშევრები ოდესმე ოკეანისგადაღმელი კაპიტალისტური ქვეყნის ცნობილი ნოვატორი არქიტექტორის, ამერიკელი ფრენკ რაითის მიერ შექმნილ თეთრ სპირალისებრ შენობაში განთავსდებოდა, სადაც სართულიდან სართულზე არა კიბეებს, არამედ აღმავალ–დაღმავალ "სერპანტინს" აჰყავხარ და ჩამოჰყავხარ.
"მაშინ, როცა ლიტერატურა ამ დრომდე უსარგებლო ოცნებებს, ექსტაზსა და ძილს აღმერთებდა, ჩვენ გვინდა გავაღმერთოთ აგრესიული მოძრაობა, უძილობის ციებ–ცხელება, სწრაფი მოძრაობა, სახიფათო ნახტომები და მუშტის დარტყმა... ჩვენ გვინდა ვადიდოთ ომი – სამყაროს ერთადერთი ჰიგიენა, გვსურს დავანგრიოთ მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ვებრძოლოთ მორალიზმსა და ფეტიშიზმს. ჩვენ ვუმღერებთ დიად ბრბოებს, რომლებსაც აღელვებთ შრომა, სიამოვნება და აღშფოთება, ღორმუცელა სადგურები, ქარხნები, ხიდები, ფართომკერდიანი ლოკომოტივები, რომლებიც რელსებზე მიექანებიან, როგორც ფოლადის უზარმზარი ცხენები... ჩვენი გული ვერ გრძნობს ვერანაირ დაღლილობას! რადგანაც იგი გამოკვებილია ცეცხლით, სიძულვილითა და სიჩაქარით" – წერდა მარინეტი, რომელმაც ბენიტო მუსოლისთან ერთად არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და შეთავსებით რაღაც პერიოდის განამვლობაში დუჩეს სფიჩრაიტერიც კი იყო.
გუგენჰეიმის მუზეუმში განლაგებული ექსპოზიცია სახელწოდებით: "იტალიური ფუტურიზმი 1909–1944: სამყაროს რეკონსტრუქცია" (კურატორი ვივიენ გრინი) ამერიკაში იტალიური ფუტურიზმის პირველი მულტიწარმომადგენლობითი სტუმრობაა, რომელიც იტალიურ ფუტურიზმს მისი ჩასახვიდან, ფაშისტურ პარტიასთან მარინეტისა და სხვა ფუტურისტების წინააღმდეგობრივ ურთიერთობიდან ვიდრე "მანიფესტოს" ავტორის გარდაცვალებამდე (1944) და მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე ასახავს. მუზეუმის დარბაზებში გამოიფინა ოთხმოცზე მეტი ხელოვანის 360 ნამუშევარი, რომლებმაც ქრონოლოგიურად მოიცვა არა მარტო მხატვრობა და სკულპტურა, არამედ იმ პერიოდის იტალიური არქიტექტურა, დიზაინი, ფოტოგრაფია, კერამიკა, კინო, რეკლამა, პოეზია, თეატრი, მუსიკა, წიგნები, გაზეთები, პუბლიკაციები, წერილები, სააგიტაციო ფურცლები, ტანსაცმელი. მილანში დაბადებული ფუტურიზმი, რომელიც "არტმანიფესტაციებს" შორის ყველაზე მძლავრი სახელოვნებო მუხტის მატარებელი იყო, ძველის კულტს გმობდა; ტრადიციულს, კლასიკურს, რომანტიკულს, სენტიმენტალურს დრომოჭმულად თვლიდა; რადიკალურად ებრძოდა ანდა უგულებელყოფდა დამკვიდრებულ კულტურულ ღირებულებებს, გნებავთ, პოლიტიკურ პარადიგმებსაც. არტმანიფესტანტებისთვის პოლიტიკური ანგაჟირებულობა უცხო ხილი არ იყო. ფუტურისტები ცდილობდნენ ხაზი გაესვათ ხელოვნებისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე, თუმცაღა მუსოლინისგან "სიყვარულის" უკუგებას ვერ ღებულობდნენ, არადა ხელოვანები თავიანთ პოლიტიკურ ამბიციებს დუჩეს იტალიის მოდერნიზაციის გეზს უკავშირებდნენ. დიქტატორს დიდად არ აინტერესებდა არა მარტო ფუტურიზმი და ფიტურისტების ფეტიში – მანქანა, არამედ ზოგადად სახელოვნებო სიახლეებიც. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაშისტური იდეოლოგიის აშკარა პროპაგანდის იარაღად გადაიქცეოდა, შეიძლებოდა ოდნავი ყურადღება დაეთმო კიდეც მათთვის. თუმცაღა ეს არ იყო მხოლოდ იტალიის სენი. იმ პერიოდის ავანგარდისტები "ახალი პოლიტიკური წყობის" შექმნას თავის მოვალეობად თვლიდნენ: იტალიაში მარინეტი ფაშისტურ პარტიას ემხრობოდა, საფრანგეთში ანდრე ბრეტონი კომუნისტების სიმპატანტი იყო, ინგლისში უინდჰემ ლუისი სუფრაჟისტურ მოძრაობას თანაუგრძნობდა (რითაც იგი თავის პროგრესისტობას ამტკიცებდა), რუსეთში კი ვლადიმირ მაიაკოვსკი ბოლშევიკებს ასხამდა ხოტბას.
"იტალია ყველას მბრძანებელია! სიტყვას "იტალია" სიტყვა " თავისუფლებაც" უნდა ემორჩილებოდეს", – გაჰყვიროდა მარინეტი თავის ეგზალტირებულ სიტყვებში და მის ამგვარ აჟიტაციას არა ერთი ფუტურისტი თანაუგრძნობდა. თუ მარინეტის იმ წიგნის პათოსში, რომელიც მან 1915 წელს დაწერა და რომელსაც "ომი, როგორც მსოფლიოს ერთადერთი ჰიგიენა" ეწოდა არა პროფაშისტურ იდეოლოგიას, არამედ მხოლოდ "ველურ ფუტურისტულ ორიენტაციას", "ფუტურისტული უტოპიის" ქებას, რადიკალურ ნეგატივიზმსა და ტოტალური განახლების, ახალგაზრდული ძალის ჟინს დავინახავთ და არა მილიტარისტული თუ ნაციონალისტური ისტერიული პროპაგანდის ანარეკლსა და პოლიტიკურ რეაქციონიზმს; ანდა თუ არ გავიხსენებთ მარინეტის "იტალიური სიამაყის მანიფესტის" (1914) დეკლამირებისას ავსტრიული დროშების დაწვის რიტუალს, გუგენჰეიმის დარბაზებში გამოფენილი ნამუშევრების დათვალიერებასა და განსჯასაც უსიამოვნო ნალექის გარეშე შევძლებთ. ეს გამოფენა ერთგვარი გადაძახილიცაა იქვე მეზობლად Neue Galerie -ში უპრეცენდენტოდ მაღალი ინტერესის გამო სექტემბრამდე გაგრძელებული უნიკალური გამოფენისა სახელწოდებით "დეგენერატიული ხელოვნება: იერიში თანამედროვე ხელოვნებაზე ნაცისტურ გერმანიაში, 1937".
გამოფენაზე წარდგენილია იტალიური ფუტურიზმის როგორც პირველი, ასევე მეორე და მესამე ტალღის წარმომადგენლების ნამუშევრები: მხატვრები ჯაკომო ბალა, კარლო კარა, ჯინო სევერინი, უმბერტო ბოჩიონი, ფორტუნატო დეპერო; ანტონიო სანტელია (არქიტექტორი), ბრუნო მუნარი (დიზაინერი), ბენედეტა კაპა (მხატვარი და ვიზუალური არტისტი), ლუიჯი რუსალო (კომპოზიტორი). მუზეუმის მესამე სართულზე უწყვეტ რეჟიმში ვიდეოჩვენების სეანსია, სადაც ორ მოკლემეტრაჟიან ფილმს წარადგენენ ფუტურისტების პოეზიის რიტმიკისა და სხეულის ენის შეხამებით რუსალოს მუსიკის ფონზე; ასევე ფუტურისტი ფოტოგრაფისა და რეჟისორის ანტონ ჯულიო ბრაგალიასაც, რომელიც, ფაქტობრივად, მარინეტის "მანიფესტოს" გამოქვეყნებისთანავე თავისი "ფუტურისტული ფოტოდინამიკისა" და "ფუტურისტული კინოს" მანიფესტებით წარდგა. მალევე ბრაგალიამ სამხატვრო გალერეა Casa d'Arte Bragaglia გახსნა, რომელიც ავანგარდისტი მხატვრების გამოფენის მთავარი ადგილი გახდა და რომელშიც, იტალიელების გარდა, გუსტავ კლიმტი და ვასილი კანდინსკი იფინებოდნენ. ბრაგალია ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ფოტოგრაფიაში, რომელმაც თავის ნამუშევრებში "ფიქსირებული დინამიზმის" ეფექტი შექმნა, როცა ხელოვანს შეუძლია გადაიღოს მოძრაობის რკალები ისევე, როგორადაც წყლის ჭავლის შენელებული ვიდეოგადაღებას ახდენენ. ამით იგი სამყაროს ვიბრირების არა ილუზორულ, არამედ რეალურ განცდას ქმნიდა, თუმცაღა ბრაგალია არ იყო პირველი ფოტოხელოვანი, რომელიც "ფოტოლეგატოების" დაფიქსირებას შეეცადა.
მუზეუმში გამოფენილ მხატვართა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია უმბერტო ბოჩიონისა და ანტონიო სანტ'ელიას ნამუშევრები. ეს ორი ხელოვანი, შეიძლება ითქვას, რომ თავიანთ "პროფაშისტურ ფუტურიზმს" შეეწირნენ. ბოჩიონი ფუტურიზმის ყველაზე გავლენიანი მხატვარია, თავადაც ორი მანიფესტის ავტორი, არტმიმართულების თეორეტიკოსი, პორტრეტული ფერწერის ამაღორძიენებელი, რომელიც პარიზში იმპრესიონისტებთან და პოსტიმპრესიონისტებთან სწავლობდა და რამდენიმე ხნით რუსეთშიც კი იმყოფებოდა, სადაც ცარიზმის რეპრესიული პლიტიკის მოწმე გახდა. მოგვიანებით იგი პარიზში ცნობილი სკულპტორების სტუდიებს ეწვია. სკულპტურით მისი გატაცებაც ამ პერიოდს მოიცავს. 1916 წელს ოცდაათი წლის ბოჩიონი იტალიურ ჯარში ჩაირიცხა. იგი პირველ მსოფლიო ომში საბრძოლველად გაიწვიეს, სამხედრო სწავლებების დროს კი ცხენიდან გადმოვარდა და ცხოველმა სასიკვდილოდ გადათელა. პირველი მსოფლიო ომის დროს ასევე ტრაგიკულად დაიღუპა 28 წლის ფუტურისტი არქტიტექტორი ანტონიო სანტ'ელია, მომავლის მექანიზირებული ქალაქების მეხოტბე, მონოლითური ცათამბჯენების, დიდი ბეტონის ხიდებისა და მრავალდონიანი ინფრასტრუქტურული შენობა--ტერასების შემქნელი, რომლის ჩანაფიქრთა უმრავლესობა ქაღალდზე დარჩა. სხვათა შორის, პირველ მსოფლიო ომში ფილიპო მორინეტიც დაიჭრა, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა.
ფუტურისტი მამაკაცების გალერეაში ბენედეტა კაპა–მარინეტი (ცნობილი მხატვრისა და პედაგოგის ჯაკომო ბალას მოსწავლე, ისიც ასევე გამოიფინა გუგენჰეიმში) განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგანაც ის იყო მამაკაცებით დომინირებული სახელოვნებო მეინსტრიმის გამონაკლისი. 1917 წელს ბენედეტა ფუტურისტების ჯგუფის წევრი გახდა და ათი წლის შემდეგ მილანში გამართულ პირველ ფუტურისტულ დიდ გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა. იგი ასევე იყო ექსპერიმენტატორი მწერალი, ფუტურისტი რომანისტი. გუგენჰეიმში გამოიფინა კაპას უნიკალური მხატვრობა – კედლის მოხატულობა სახელწოდებით "კომუნიკაციების სინთეზი", რომელიც პალერმოს საფოსტო შენობის კედლებზეა და, ფაქტობრივად, არაიტალიელებისთვის მიუწვდომელი გახლდათ. ფრესკაზე დომინირებად ცისფერი ფერებით ასახულია ჰაერის, ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიოს, მიწის, ზღვის კავშირი, რომელსაც ძველი პომპეის კედლის მოხატულობასაც კი ადარებენ. სხვათა შორის, ამ ხუთი ფრესკის იტალიიდან აშშ–ში გადაადგილება გამოფენის კურატორის ვივიენ გრინის დამსახურებაცაა, რომლის წინაპრები იტალიელები არიან და, როგორც თავად განაცხადა, პალერმოს საფოსტო დეპარტამენტი და ქვეყნის კულტურის სამინისტრო სწორედ მას ენდო, როცა ფრესკების აშშ–ში წარდგენის უფლება მისცა, თუმცაღა ბენედეტა კაპას ოკეანისგადაღმა გამგზავრებას წინ ორწლიანი მოლაპარაკებები უძღვოდა. თანხმობის შემდეგ პალერმოში გუგენჰეიმის ფონდის სპეცალისტები გაემგზავრნენ, რათა კედლის ეს მოხატულობა ჩამოეხსნათ და ტრანსპორტირებისთვის გაემზადებინათ.
არანაკლებ საინტერესოა ექსპოზიციის ერთგვარი ბოლო აკორდი, ფუტურიზმის ერთ–ერთი მიმდინარეობის – ტაქტილიზმის (Touch Art. შეხებით, კანის რეცეპტორების საშუალებით აღქმის უნარი და მასზე დაფუძნებული სახელოვნებო მიმდინარეობა), "დინამიკური მგრძნობელობის" – მარინეტის სამხატვრო–ფუტურისტული ინსტრუმენტების ნაკრებისგან შექმნული ტილო სახელწოდებით "პარიზი–სუდანი" (1920), რომელშიც ავტორმა გამოსახა პატარა ფუნჯები, ზუმფარის ქაღალდი, საფხეკელა, აბრეშუმი, ხავერდი, ბუმბული. ტაქტილიზმი მარინეტიმ ბენედეტასთან ერთად დაარსა, თუმცა ტაქტილიზმის მანიფესტზე მხოლოდ მამაკაცის ხელმოწერაა. მარინეტიმ ამ მიმდინარეობაში თავისი პერსონალური გამოცდილება მოიტანა, როცა პირველი მსოფლიო ომის სანგრებში დაბნელებისას იგი საგნებს მხოლოდ ხელის შეხებით "ხედავდა". თუმცაღა ტაქტილიზმმა სამხატვრო წრეებში თავი ვერ დაიმკვიდრა, მაგრამ ამ ფუტურისტულ არტს თავისი კლასიკოსები მაინც ჰყავს. იგივე უმბერტო ბოჩიონი, რომელსაც მარინეტი ტაქტილიზმის ფუძემდებლად თვლის და რომლის ნამუშევარი "თავისა და ფანჯრის შერწყმა" (1911) თიხის, რკინის, ბროლისა და ქალის თმებისგან "შეკოწიწდა", როგორც პირველი "ოფიციალურ–ფუტურისტული" არტკოლაჟი.
***
გუგენჰეიმის მუზეუმში ფუტურიზმის ექსპოზიციას შემეცნებითი ლექციებიც ახლავს, მათ შორის ფუტურიზმის არც ისე ცნობილი მიმდინარეობების შესახებ. ერთ–ერთი ძალიან საინტერესო ლექცია გახლდათ "ჰანტერ კოლეჯის" პროფესორის – ემილი ბრაუნის ლექცია ტაქტილიზმზე, რომელშიც მან ფუტურიზმი ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას დაუკავშირა, მათ შორის ჰუმანისტი განმანათლებლის მარია მონტესორის (იტალიაში პირველი ქალი მედიცინის საუნივერსიტეტო განათლებით, ერთ–ერთი პირველი ქალი სამეცნიერო ხარისხით) მეთოდს, რომლის სპეციალისტსაც წლების წინ საქართველოში უშედეგოდ ვეძებდი. აშშ–ში კი მონტესორის ნაშრომები მაშინვე აიტაცეს, პრაქტიკაში დანერგეს და დღემდე წარმატებით იყენებენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის ლექტორის ლუსია რეს ლექცია ფუტურიზმისა და სექსუალობის, გენდერული თანასწორობის, საზოგადოებაში ქალის როლის ურთიერთგავლენაზე და ფაშიზმის დროინდელი სოციალური ადათ–წესების, ისტორიული ტრანსფორმაციების ფონზე ფუტურიზმისა და ფემინიზმის ურთიერთმიმართებაზე და იმაზე, თუ როგორ შეცვალა ფუტურიზმმა იტალიელი ქალების ხატი. ბენედეტა კაპას გარდა, ფუტურიზმის ისტორიას ახსოვს მარია გორეტი, დიანა გუჩიანი, მარია კორნელი, სიბილა ალერამო, ვალენტინი დე საინტ–პოინტი (ფუტურისტი ქალების ორი მანიფესტის ავტორი). ეს ფემინისტები წერდნენ ავანგარდულ ტექსტებს, ხატავდნენ და არ სურდათ თავიანთი კოლეგა მამაკაცების ხელოვნების ასლები შეექმნათ, არ სურდათ ყოფილიყვნენ მამაკაცებზე დამოუკიდებულნი. მათ უნდოდათ გამხდარიყვნენ უფრო მეტი, "ვიდრე მამაკაცისთვის ენერგიის მიმნიჭებელი საკვები" (მარინეტის სიტყვების ციტატა). სამწუხაროდ, ქალ ფუტურისტებზე უფრო ნაკლებია ცნობილი, ვიდრე – მამაკაცებზე და ამის მიზეზს, ვგონებ, დეტალური ახსნა არ სჭირდება. ჯერ კიდევ პრეფაშისტური რეჟიმის არსებობამდე მუსოლინი აცხადებდა: "ომი – მამაკაცებისთვის, დედობა – ქალებისთვის!"... იტალიელი ფუტურისტი ქალები კი მდედრობითი სქესის ფიზიოლოგიური მისიის იდენტობას თავისი ცხოვრების წესით, "ფემინური მანიფესტოს" საშუალებით არღვევდნენ, რითაც კათოლიკური ეკლესიის თუ პატრიარქალური წყობილების მოდარაჯეების უკმაყოფილებას იწვევდნენ.
***
ექსპოზიციის პარალელურად იქვე, მუზეუმის მაღაზიაში, ავტორთა ჯგუფისა და გამოფენის კურატორის რედაქტირებით გამოცემული კატალოგი "იტალიური ფუტურიზმი 1909–1944: სამყაროს რეკონსტრუქცია" იყიდება. სხვა გამოცემებთან შედარებით ეს წიგნი იტალიური ფუტურიზმის საკმაოდ დეტალურ ილუსტრირებულ და ტექსტობრივ მიმოხილვას მოიცავს; აღწერს იმ ეპოქას, რომელშიც კულტურული ტრადიციები მკვეთრად შეიცვალა; როცა სჯეროდათ, რომ "მანქანის კულტი", ტექნიზირებული ცივილიზაცია, სექსუალური თუ შემოქმედებითი იმპულსების გროტესკული, გნებავთ კიჩური ფორმები ადამიანის ცნობიერებასა და ყოფიერებას რადიკალურად შეცვლიდა.
No comments:
Post a Comment