Sunday, June 8, 2014

გოტიე - ტროტუარიდან პოდიუმამდე



"ჩემი პირველი მუზა იყო პლუშის დათუნია, ამიტომაცაა იგი აქ. იცით, რომ მადონას კონუსისებრი ბიუსჰალტერის იდეა ჯერ კიდევ ბავშვობაში მომივიდა? ჰოდა, სწორედ დათუნიასთვის შევკერე იგი გაზეთისგან" ,– განაცხადა ლეგენდარულმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ ნიუ იორკში ბრუკლინის მუზეუმში მისი გამოფენის გახსნისას. ექსპოზიციას, რომელზეც ფრანგი მოდელიორის ას ორმოცი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი და რომლის შესახებაც ხელოვანი ამბობდა, რომ "ძალიან განსხავავებულ ჩვენებას" შემოგვთავაზებდა, ასე ეწოდა: "გოტიეს მოდის სამყარო: ტროტუარიდან პოდიუმამდე". ექსპოზიციაზე, დათუნიას გარდა, გოტიეს საბრენდო ნამუშევრებიი წარადგინეს: მადონას კორსეტი (1991) და სარა ჯესიკა პარკერის ცნობილი კაბა, რომელიც მას 2000 წლის MTV -ის დაჯილდოვებაზე ეცვა. გამოფენაზე იყო ასევე გოტიეს აქსესუარები, ესკიზები, სცენური კოსტუმები, ვიდეოფილმები და, რასაკვირველია, გოტიეს შემოქმედების ჩემი ფავორიტი "დეტალი" – ქვედაკაბები მამაკაცებისთვის. კორსეტი საუკუნეების განმავლობაში ქალის შებოჭვისა და მისი მოძრაობის მინიმალიზირების საშუალება გახლდათ. გოტიეს ხელში კი იგი აგრესიული სექსუალობის ატრიბუტად გადაიქცა; მამაკაცის ქვედაწელები კი გოტიეს შემოქმედებითი ნიჭის წყალობით ტრანსფორმირდა არა ღია გეის ეპატაჟურ ეგზოტიკად, არამედ მომავალი ათასწლეულის არა მარტო საპოდიუმო, არამედ სატროტუარო ჩვეულებრივ "დრეს კოდადაც". გოტიემ, ტაბუების ცნობილმა დამანგრეველმა, ჯერ კიდევ ათი წლის წინ ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში გამართულ მამაკაცების ქვედაწელების გამოფენაზე სახელწოდებით "მამაცი გულები" (ასოციაციურად ეს სახელწოდება მელ გიბსონის ფილმს "მამაცი გული" (1995) გახსენებს) ქვედაწელების ისეთი კოლექცია წარადგინა, რომლებიც გოტიეს ხელწერის ტრადიციისამებრ "უნივერსალური მამაკაცურობის" სტერეოტიპს აცამტვერებს და ერთ მშვენიერ დღეს სავსებით შესაძლებელია კაცის გარდერობის ისეთი განუყოფელი ნაწილი გახდეს, როგორიც შარვალი – ქალისა. გოტიეს იდეაა პოდიუმზე როგორც ფეხმძიმე ქალების, ასევე არასამოდელო წონის მქონე ქალთა გამოყვანა, რითაც დიზაინერი მაყურებელს კვლავ და კვლავ თავისი ნოვატორულობითა და ექსტრავაგანტულობით აკვირვებს.



თვითნასწავლი დიზაინერი, რომელსაც პარიკმახერობა უნდოდა, პატარაობისას აკვირდებოდა, თუ როგორ და რას კერავდა ბებიამისი, აკვირდებოდა მათთან სტუმრად მოსული ადამიანების ჩაცმულობას, ნანახს ხატავდა; მერე კი ჩანახატებს პარიზის ცნობილ მოდის სახლებს უგზავნიდა. 18 წლის ასაკში პიერ კარდენის მოდის სახლში სამუშაოდ აიყვანეს, მოგვიანებით კი თავისი ტანსაცმლის ხაზიც გამოუშვა, რომლის კონცეპტი პროვოკაციაზე იყო აგებული. კომპანია Jean-Paul Gaultier S.A. (1982) აწარმოებს არა მარტო ტანსაცმელს, არამედ პარფიუმერიას (ქალის, კაცის, ბავშვის), ბიჟუტერიას, ორივე სქესის აქსესუარებს. გოტიე ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მისი ტრენდი სწორედ – უნისექსი და კიდევ – იმპროვიზაცია და შოკია. ყოველი შემდგომი კოლექციის შემდეგ გოტიეს ტანსაცმელი უფრო თავისუფალი, დემოკრატიული, კარნავალური და ღიმილის მომგვრელი გახდა. მის ნამუშევრებში ბევრი იუმორია, რომელიც ისეთივე ცნობადი მარკა გახდა, როგორც მისი საავტორო ავანგარდულობა. საკუთარი მოდის სახლის დაფუძნების შემდეგ გოტიე მუშაობდა ცნობილ მომღერლებთან, ქორეოგრაფებთან, რეჟისორებთან, მათ შორის მილენ ფარმერთან, მერილინ მენსონთან, ანჟელინ პრელჟოკაჟთან, პედრო ალმოდოვართან, ლუკ ბესონთან, ტელევიზიით საკუთარი პროგრამაც მიჰყავდა. დიზაინერის მულტიმედიური გამოფენის ერთ–ერთი დასამახსოვრებელი დეტალი გახლდათ გოტიეს ტანსაცმლიანი მანაკენების თავზე პროექტორებით ამოძრავებული მოდელებისა და თავად გოტიეს მოლაპარაკე სახეები, რომლებიც მოსაუბრე ტანსაცმლის შთაბეჭდილებას ქმნიდა – თითქოს სამოსელი არ იყო მხოლოდ მანეკენზე მორგებული მატერია, არამედ ისეთივე ვერბალური კომუნიკაციის დამამყარებელი, როგორიც გოტიეს კოლექციების ცოცხალი მოდელებია... როცა ისინი პოდიუმზე არ არიან ანუ როცა ჩვეულებრივი ადამიანებივით საუბრობენ, სახლში, ქუჩაში...

 "ყოველ ჯერზე, როცა ახალ კოლექციაზე მუშაობას ვიწყებ, ვქმნი ჩვეულებრივ ტანსაცმელს, შემდეგ კი ფრაგმენტების გადანაცვლებითა და აქსესუარების დამატებით მას ისე ვცვლი, რომ პირვანდელთან მიმსგავსება უკვე შეუძლებელი ხდება". შიშველი დუნდულა კუნთები, ქალები კაბებში საცვლების გარეშე, კაცები ქალის კაბებში – თამაში სხვადასხვა სტილებითა და მოტივებით – თეატრალური კიჩი, კლასიციზმი, არტ დეკო, პოპ არტი, ჰოლივუდის აისი, შუასაუკუნეების გოთიკა, მილიტარისტული სტილი... კრიტიკოსები თვლიდნენ, თითქოს ჟან პოლ გოტიე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქალის სხეული, მისი კონტურები დაემახინჯებინა. მაგრამ გოტიეს შემდგომმა კარიერამ ცხადყო, რომ პირიქით იყო, მისმა სტილმა სილამაზის იდეასა და სხეულის "სწორი" ფორმების შესახებ ჩვენი წარმოდგენები უფრო გაამდიდრა.


 ბრუკლინის მუზეუმის ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზებში სივრცისა და დროის მიქსირებული ნაკადი გამოიფინა: ქუჩის მოდა, კინოგმირების სახეები, ეთნიკური უმცირესობების კოსტუმები, ისტორიული ასოციაციები. გამოფენის კურატორებმა ამგვარი კოქტეილის შესაქმნელად სამოსი გოტიეს სხვადასხვა კოლექციებიდან აიღეს: 1983 წლის "დადაიზმი" (კორსეტული სტილის დასაწყისი), "კონსტრუქტივიზმი (რუსული)" (1986), "ეძღვნება ფრიდა კალოს"(1998), "იაპონელი ტურისტები ლუვრში" (1999), "გოგენის კარგი დრო"(2000). ემი უიანჰაუსის სიკვილიდან ერთი წლის შემდეგ, გოტიემ მას თავისი კოლექცია მიუძღვნა, რითაც მომღერლის ოჯახი ძალიან გაანაწყენა. დიზაინერის ერთ–ერთი გატაცება გახლდათ ეთნიკური თემა, რომელმაც მასობრივ მოდაზეც იმოქმედა. "რაბაი–შიკის" (1993/94) ეთნიკური თემა ნიუ იორკის ქუჩებში ხასიდელი რაბაების ნახვამ შთააგონა, კოლექცია "სვირინგი" (1994) – აფრიკის ომიჯები, კოლექცია "მონღოლები" (1994/95) კი – აზიისა. 

2007 წელს ჟან პოლ გოტიემ ნიუ იორკში Fashion Group International–ისგან ძალიან პრესტიჟული პრემია მიიღო ნომინაციაში "სტერეოტიპების მსხვრევასა და მოდის საზღვრების წაშლისთვის". მაშინ მან განაცხადა: " რას წარმოადგენენ წესები? ვინ აწესებს მათ? წესები უბრალოდ იმის ანარეკლია, რაც ცხოვრებაში, საზოგადოებაში ხდება, ამიტომაც თანამედროვე მოდაში წესები არ არსებობს". ბრუკლინის მუზეუმში გამართული გამოფენა ასევე იყო სტატიკური ექსპოზიციების სტერეოტიპის დამრღვევი – მოლაპარაკე, მოღიღინე, მსტვენი, პოეტური სტრიქონების წამკითხავი მანეკენები, ინსტალაციებითა და მოძრავი კაბებით შექმნილი ადამიანის ფიგურები, რომლებიც ნიუ იორკისა და პარიზის ქუჩებში დასეირნობენ და სხეულის სიშიშვლის კანონებს არღვევენ. ამ კანონების დამრღვევი ჰოლივუდთან ერთად ჟან პოლ გოტიე იყო, რომელმაც სუნამო Fragile -ის რეკლამაში სიშიშვლის "გენდერული ტრადიცია" თავდაყირა დააყენა. ვიდეორგოლში შავ კაბაში გამოწყობილი ქალია, ხოლო მის ფეხებთან – შიშველი მამაკაცების არმია. ბუნებრივია, მამაკაცის სასცენო ეროტიკული ხატების არსებობა გეი კულტურის დამსახურებაცაა, თუმცა გოტიეს ე.წ. ფემინური სტილი ვიზუალურ ექსპერიმენტს ანდა ვულგრულ ექსპრესიას მაშინვე გასცდა და გენდერული სტერეოტიპების დამანგრევლის ფუნქცია შეიძინა. 



ტანსაცმელში ტაბუს არარსებობის ყველაზე ნათელი მაგალითი სწორედ ჟან პოლ გოტიეს კოლექციებია, რომელთა რეტროსპექტივამ ბრუკლინის მუზეუმში ქუჩა და ბუდუარი, რეალობა და ფენტეზი ოსტატურად შეახამა

  ექსპოზიციაზე შექმნილ ორსართულიან შემინულ კუთხეებში განთავსებულმა ქალმა – მანეკენებმა ამსტერდამის წითელი ფანრების უბნის ატმოსფერო შექმნა, მათ გვერდით გამოფენილმა ქალის თეთრმა კაბებმა, მათ შორის ერთ–ერთმა ბუდას სახის მსგავსმა, (თავად გოტიე ეკრანზე შორტებსა და კაპრონის გრძელ ქვედაწელში), ძილ–ბურანის სიურეალისტური განწობა შექმნა. გოტიე ამბობს: "მე პატივს ვცემ ინდივიდუალიზმს და მომწონს სპეციფიკურობა, მე ვურევ და ვუთანხმებ, ვაგროვებ, ვხლართავ და ვაჯვარებ კოდებს. წარსული და აწმყო, აქ და ყველგან, მასკულინობა და ფემინურობა, განსაკუთრებულობა და ერთგვაროვნება – ერთად არსებობს". გოტიეს იდეაა "ნიუ პარიზი", სადაც ხალხთა "სადნობი ქვაბი" ისეთივეა, როგორიც ნიუ იორკში – ყოველთვის იყოს ექსტრავაგანტული, შოკისმომგვრელი, რევოლუციური ანუ ისეთი დიზაინერისა, რომელსაც " საკუთარი თავის ჯერ არ ესმის".

30 მაისი 2014
24saati,ge

No comments:

Post a Comment