2014 წელს საქართველოში უკვე 20-ზე მეტი ქალი მოკლა ქმარმა ან ყოფილმა ქმარმა. რა დასკვნა უნდა გამოიტანოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ, რასთან გვაქვს საქმე?
ტერმინი "ძალადობის ციკლი" ამერიკელი ფსიქოლოგის, ლენორ უოკერის მიერაა დამკვიდრებული. ამ ქალმა, ფაქტობრივად, აშშ-ში ოჯახში ძალადობასთან ინსტიტუციონალური ბრძოლის საფუძვლები შექმნა. მისი ორგანიზაცია ამ თემის აქტუალურობას ლობირებდა როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე თავად საზოგადოებაში. "ძალადობის ციკლი" რამდენიმე ეტაპისგან შედგება: I - ოჯახში მშვიდი, ნორმალური ურთიერთობების დარღვევა. როგორც წესი, ამ სტადიაზე მსხვერპლი აგრესორის დამშვიდებას ცდილობს: II - ძალადობრივი ინციდენტი: ვერბალური, ემოციური და ფიზიკური ხასიათის ძალადობის აფეთქება; ახლავს ხმამაღალი კამათი, ჩხუბი, დადანაშაულება, მუქარა, შანტაჟი. III - შერიგება: აგრესორი იბოდიშებს, მიზეზს ხსნის, თუმცა ამავე დროს ყველაფერს მსხვერპლს აბრალებს და მას აჯერებს, რომ მსხვერპლს აგრესია მოეჩვენა, გააზვიადა; ამბობს, რომ უყვარს და არ ღირს ბუზის სპილოდ გადაქცევა. ამან შეიძლება გასტანოს რამდენიმე დღე. იწყება ხანმოკლე "თაფლობის თვე"; IV - შედარებით მშვიდი პერიოდია. გინება, ღუმელში ქალის თავის შეყოფა, ქალის ფანჯრიდან გადაგდების მცდელობა და ცულით გამოკიდება დროებით მივიწყებულია. თუმცა მალევე უერთიერთობა N1 ეტაპს უბრუნდება.
ამ თეორიას კრიტიკოსებიც ჰყავს, მაგრამ ავიღოთ იგი, როგორც კონფლიქტის ესკალაციისა და ციკლურობის მარტივი მოდელი. პრობლემა იმაშია, რომ ეს ციკლი არასოდეს მთავრდება, თუ ის რაიმე ფაქტორმა არ შეაჩერა. ეს ფაქტორებია: განქორწინება, სახელმწიფოს ჩარევა ანდა ცოლ-ქმრიდან ერთ-ერთის სიკვდილი. როგორც წესი, ოჯახის შენარჩუნების მოტივით და იმისთვის, რომ ოჯახიდან ყოველ დღე არ ისმოდეს კივილი, დამსხვრეული ჭურჭლის ხმა, ქალი "დუმილის პოლიტიკას" ირჩევს, მაგრამ ნევროზის, დეპრესიის ფასად „ნაყიდი“ სიჩუმე ქალს უფრო დიდ პრობლემას უქმნის. ქალის დამუნჯება ოჯახში ძალადობის ერთგვარი ნელი კატალიზატორია - ადრე თუ გვიან ჯაჭვი წყდება იქ, სადაც სუსტი რგოლია.
რამდენად უწყობს ხელს ოჯახში ძალადობის არსებობას კულტურული გარემო?
ძალიან სერიოზული პრობლემაა ის კულტურული კოდები, რომელიც ბავშვებს დედის რძესთან ერთად შეესისლხორცებათ. "ქალაჩუნა", "დედაკაცივით უჭკუო", "რა ქალივით იქცევი“ - ეს და სხვა ყოველდღიური ტერმინოლოგია იმთავითვე არის დისკრიმინაციული, სექსისტური და გნებავთ "არაქრისტიანული". გადახედეთ ჩვენს ეროვნულ ყოფით და კულტურულ განძს. გნებავთ სოციალურ ქსელში განთავსებულ სტატუს–კომენტრებს, განსაკუთრებით ოჯახში ქალთა გახშირებული მკვლელობებისადმი ზღვრულად ცინიკური დამოკიდებულების მასტეკრკლასებს – "კარგი ქალი/ცხენი მათრხას არ დაიტყამს" სტილში. გადახედეთ ანდაზებს, ლექსებს, ანეგდოტებს, თანამედროვე შოუ ბიზნესს - მისი ლომის წილი აგებულია ქალის "სიყვარულზე", რომელიც რეალურად ქალის დაკნინების სტრატეგიაა. გადახედეთ შექსპირისეული დრამის ზოგიერთი მოყვარულის აზრებს იმის თაობაზე, რომ ქალი უზომოდ ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ იგი ისე უყვარდათ, რომ მოკლეს. არადა სიყვარული სამართლიანობის, თანასწორობის გარეშე არ არსებობს. სიყვარული შეუძლებელია იყოს დომინირების, ძალადობის, პატივმოყვარებისა და ამპარტავნების სინონიმი.
ქალებს არ გვჭირდება გაღმერთება, ჩვენგან სექსულური თუ ფრიგიდული, ღვთისმშობლის თუ მეძავის ხატის შექმნა. ჩვენ გვჭირდება ჩვენი აღქმა ისეთებად, როგორებიც ვართ და არა ჩვენზე არარსებული თვისებების მიწებება და ისევ ჩვენზე გადაბრალება, რომ ის მიწებებული მოლოდინები, რომელითაც პატრიარქატმა ასე მოხერხებულად "შეგვფუთა", ვერ გაგიმართლეთ. ქალისადმი "ტრადიციულად ქართული" მოწიწებით მოპყრობა ისეთივე ხელოვნურად შექმნილი კონსტრუქტია, როგორიც ჩვენი და რუსეთის ერთმოწრმუნეობის "ბენეფიტები", რომელსაც რეალობასთან საერთოდ არაფერი აქვს საერთო.
რამდენად მნიშვნელოვანია თავად სახელმწიფო აფიქსირებდეს ამ პრობლემისადმი თავის დამოკიდებულებას?
სახელმწიფომ ხისტად უნდა დააფიქსიროს, რომ ოჯახში ძალადობა არის დანაშაული და არ დაიწყოს მისი თანმიმდევრული "გაპრავება". აშშ–ში, მაგალითად, ცხოვრელზე ძალადობაც კრიმინალია, საქართველოში კი იუტიციის მინისტრი ქალი ქალთა მკვლელობას კრიმინალადაც კი არ განიხილვას, მეორე ქალი - ადამიანის უფლებების დამცველი პარლამენტარი აღშოთების მაგივრად "მიზეზს" ეძებს, მესამე – რომელიც თავად გენდერულ კომისიის "ექსპერტად" მოგვევლინა, ადრე არასამთავრობო ორგანიზაციაში ადამიანის უფლებებს იცავდა, დღეს ლინჩის წესისკენ მოუწოდებს და, ფაქტობრივად, "გინებისთვის" სისხლიანი ვენდეტას გამართვას წაახალისებს; ყოფილი სახალხო დამცველი ქალი კი ასევე თუნდაც ომბუდსმენყოფილის სტატუსითვის აბსოლუტურად მიუღებელ, გენდერულად უგრძნობ განცხადებას აკეთებს. თავი რომ დავანებოთ პროფესიულ რენომეს, რომელსაც ბრმა პოლიტიკური ანგაჟირებულობა იწირავს, ეს არის ფართოდ ცნობილი ფენომენის Woman Inhumanity to Woman-ის გამოხატულება და ამ პრობლემას, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში (არა აქვს მნიშვნელობა სოციალურ სტატუსს) სოლიდარობის გამოხატვის თუ სამოქალაქო პოზიციის სამართლებრივად დაფიქსირების ელემენტარული კულტურა და უნარ-ჩვევა არ არსებობს. კულტურას (მხოლოდ სამოქალაქო კულტურას არ ვგულისმობ) სწორედ ამგავარი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ფუნქცია აქვს და არა მხოლოდ – კინოხელოვნების ესთეტიკით ტკბობის. საზოგადოებას ტემპერატურა მხოლოდ მკვლელობაზე და სისხლიან სცენებზე უწევს და არა ისეთ ამაზრზენ გადაცემაზე, როგორიცაა "ტოპგოგო", სადაც ქალს წვივის სიგრძისა და მკერდის გარშემოწერილობით აფასებენ. სწორედ ასეთი "წვრილმანით" იწყება ველური სექსიზმი. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქალის განივთების კულტურასა და ქალის რეპრესირებას, გაუპატიურებას, მკვლელობას შორის რეალური მიზეზ – შედეგობრივი კავშირი არსებობს.
სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი, საინიციატივო ჯგუფები საუბრობენ გარკვეულ ინიციატივებზე, თუმცა ეს ყველაფერი უკავშირდება გრძელვადიან პერსპექტივას. ამის პარალელურად რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ძალიან სწრაფად, რომ ქალთა სერიული მკვლელობები შეწყდეს?
სახელმწიფოს, საზოგადოების, თითოეული ადამიანის, მეზობლის, შორებელის, ნაცნობის, უცნობის მოვალეობაა ძალადობის ფაქტის შემჩნევისას დროზე აცნობოს სამართალდამცავებს. სამართალდამცავმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახში ძალადობა არის კრიმინალი, რომელიც მან ისეთივე სერიოზულობითა და პროფესიული კვალიფიკაციის გამოყენებით აღკვეთოს, როგორც სხვა სახის კრიმინალი. აშშ-ში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ყველაზე ხშირად მეზობლები რეაგირებენ. ეს მისი, როგორც მოქალაქის, პირდაპირი უფლება – მოვალეობაა.
ძალადობაზე რეაგირებენ ბავშვები, როცა ხედავენ ძალადობას, ურეკავენ პოლიციას. სახელმწიფო ტრანსპორტში, საავადმყოფოებში, აფთიაქებში, საჯარო და კერძო დაწესებულებებში უნდა აკრავდეს პოსტერებს, საჯარო თავშეყრის ადგილებში ბუკლეტებს არიგებდეს, ატარებდეს საგანმანათლებლო კამპანიებს ოჯახში ძალადობის რაობაზე და უთითებდეს ცხელი ხაზის ნომრებს.
ნიუ იორკის მეტროში, მაგალითად, მატარებლის ვაგონებში გაკრულია განცხადებები, რომ ადამიანებმა, რომლებიც მგზავრობის ან სხვა დროს სექსუალური მაძიებლობის მსხვერპლნი არიან, დაუყონებლივ უნდა აცნობონ პოლიციას. გარდა ამისა, გარკვეული ინტერვალით ამის ხმოვანი ანინსირებაც ხდება. მეტროში, რიგ გაჩერებებზე, ბაქანზე დგას სვეტები წითელი დიდი „სასწრაფო ღილაკებით“ , რათა მიწისქვეშ, სადაც მობილურის სიგნალი არ იჭერს, ადამიანმა სამართალდამცავებთან სასწრაფოდ შეძლოს დაკავშირება. რიგ სატრანსპორტო საშუალებებში გაკრულია კიდეც ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სასჯელი შეიძლება მოჰყვეს კანონის დარღვევას. მაგალითად, ნიუ ჯერსის ავტობუსებში რკინის აბრაზე ამოტვიფრულია სიტყვები, რომ ავტობუსში შეიძლება იჯდეს სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელი, რომელიც აკვირდება მგზავრებს. სახელმწიფო ერთგვარად აფრთხილებს მგზავრებს, რომ საჯარო ადგილზე ადამიანი დაცულია ნებისმიერი "შემაწუხებლისაგნ". იქვეა მოცემული ინფორმაცია, რომ მძღოლთან კონფლიქტი ნიუ ჯერსის კანონით ისჯება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთითა და 7 500 დოლარი ჯარიმით. არავისთვისაა საიდუმლო თუ რა სახის ფიზიკური სექსუალური მაძიებობის სამიზნეები არიან გოგონები, ქალები გადაჭედილ ტრანსპორტში. სახელმწიფო აქაც ავლენს თავის პირდაპირ ფუნქციას და მოუწოდებს ამგვარი ძალადობის მსხვერპლთ დაუყონებლივ აცნობონ სამართალდამცავებს.
ქვეყანაში უნდა არსებობდეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების დიდი ქსელი. ქალმა უნდა იცოდეს, რომ ქმრის თუ მშობლების სახლიდან წამოსვლის შემდეგ მას თუნდაც დროებითი თავშესაფარი შეიკედლებს. ამგვარი ინფორმაცია მას იმის საშუალებას მისცემს, რომ არ შეუშინდეს "ოჯახური ბუდის" მიტოვების, რომელიც მისი "ციხესიმაგრეა" არ არის და ძალადობის ციკლის დატრიალებისთანავე არც არასოდეს ყოფილა ასეთად. ცნობილია, რომ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ერთადერთი ქმედითი საშუალებაა მხარეების დაშორიშორება. საქართველოში, როგორც წესი, უძრავი ქონება ოჯახში ვაჟის კუთვნილებაა, რადგან მიიჩნევა, რომ ქალი გათხოვდება და საცხოვრებლად სამუდამოდ ქმართან გადავა. ოჯახის ქონების თანაბრად გადანაწილებაც ასევე ტრადიციულ–ქართული, მაჩოისტური მანკიერებაა, თუმცა ამ თემას დროებით თავი რომ დავანებოთ, ხაზს ერთ მნიშვნელოვან საკითხს გავუსვამ. საზოგადოებამ, თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფოს მოსთხოვოს გახსნან თავშესაფრები, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები თავს დაცულად იგრძნობენ. სახელმწიფო პოლიტიკის სტარტეგია უპირობოდ უნდა იყოს გენდერული კომპონენტის შემცველი და სახელმწიფოსთვის (ისევე როგორც მედიისთვის) ოჯახში ძალადობა არანაკლები მავნებლობის მქონე ტერორისტული აქტად აღქმული, ვიდრე ადამიანის განადგურებისთვის ამუშავებული ისლამისტრური ტერორიზმის მანქანა, ოღონდ "ჩვეულებრივი" პატრიარქატისა და რელიგიური სექსიზმის მიერ ვიზირებული და შეწყნარებული.
სამწუხაროდ, საქართველოში ვინც ბიუჯეტიდან ხელფასს იმისთვის იღებს, რომ ადამიანის უფლებები დაიცვას, ისიც სრულიად არაკომპეტენტურ, სექსისტურ განცადებებს აკეთებს, რამაც, ფაქტობრივად, ძალადობის ახალი ტალღა შეიძლება გამოიწვიოს. კანონმდებლების ამგვარ სექსისტურ განცხადებებს სხვა ქვეყანაში დიდი სკანდალი მოჰყვებოდა და ადამიანს დაატოვებინებდნენ თანამდებობას [ვგულისხმობ ეკა ბესელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა მკვლელობას აქვს მიზეზი]. სამწუხაროა, ასევე ისიც, რომ ქვეყანას, ფაქტობრივად, ორი პირველი ლედი ჰყავს, მაგრამ არც ერთს მყისიერი განცხადება არ გაუკეთებია არც მერვე და არც მეცხრამეტე მოკლული ქალის გამო, საზოგადოებას კი ისინი მხოლოდ ტანსაცმლის ძვირადღირებული ბრენდების დეფილეთი თუ ახსენებენ თავს. არადა ერთ–ერთი მათგანი, როგორც მსახიობი, სწორედ ანტისექსისტურად აღქმულ ფილმში მონაწილეობდა და თავად იყო თავდასხმების სამიზნე (მახსოვს, რომ ფეისბუკზე მაკა ჩიჩუას ერთგვარი მხარდამჭერი აქციაც გაიმართა). აი, ესეც კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ფენომენის "ქალები არაჰუმანურები ქალების მიმართ" გამოვლენისა.
უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ქმრების ან ყოფილი ქმრების მიერ ქალების მოკვლაში შეიძლება მედიაც იყოს დამნაშავე, რადგან ფართოდ აშუქებს ამ საკითხს და ამით შესაძლოა პოტენციურ დამნაშავეებს უბიძგებდეს მკვლელობისკენ. როგორ უნდა მოიქცეს მედია ამ შემთხვევაში?
აშშ–ში ფართოდ შუქდება ოჯახში ძალადობის ფაქტები, როგორც ცნობილი ადამიანების, ასევე „უბრალო მოკვდავების“. გადავხედოთ სერიოზულ მედიას, რომელსაც აქვს გაცნობიერებული, რომ ოჯახში ძალადობა არის კრიმინალი, რომლის აღკვეთა, პრევენცია, სამართლებრივად მყისიერი რეაგირების მოთხოვნა არის სწორედ ხელისუფლების ყველა შტოს, მათ შორის მეოთხე ხელისუფლების ვალდებულება. მედიის დამსახურებაა ის, რომ ყველამ იცის - ოჯახში ძალადობა დასჯადი ქმედებაა და ვერც პარტიული მიკუთვნებულობა, ვერც „ეკლესიურობა“ , ვერც „კაი დედ–მამის“ თუ მეფური სისხლის გვარ-ჯილაგში ქონა ანდა უნივერსიტეტის წითელ დიპლომზე დამთავრება ვერაა ოჯახში ძალადობისგან შემაკავებელი ფაქტორი. მედია უნდა საუბრობდეს ამ ფაქტებზე, სტატიებს/გადაცემებს უძღვნიდეს, ათავსებდეს ინფორმაციას ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციისა (მათ შორის მოძალადის რეაბილიტაცია) და იურიდიული დახმარების შესახებ, თუმცა მიუღებელია მედია „სასწრაფო ნიუსად“ აცხადებდეს ადამიანის პირად დიდ ტრაგედიას, როგორც ეს მოხდა ერთ–ერთი ოჯახის შემთხვევაში, როცა „რუსთავი 2“-მა საინფორმაციო გამოშვების დროს სრულიად უადგილოდ, მხოლოდ იმისთვის, რომ ეს სხვა არხს არ დაესწრო, ანდა მაყურებლებში უფრო მეტი სარეიტინგო ადრენალინი გამოეწვია, არაადეკვატურად ჩართო "ცხელი ახალი ამბავი“ დეპეშის სტილში ქალის (რომლის ერთმა შვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე) მეორე შვილის თვითმკვლელობისა და თავად ამ ქალის სუიციდის მცდელობის შესახებ, მერე კი გადაცემა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა - მაიონეზისა და ავტომანქანის კომერციული რეკლამით.
ამერიკული მედია აუცილებლად უსვამს ხაზს თუ რა მოჰყვება დანაშაულს. ფართოდ შუქდება მსხვერპლის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, დეტალურად ყვებიან მოძალადის მიმართ წარდგენილ სამართლებრივ სანქციებზე, სასამართლოს მიმდინარეობაზე (ბუნებრივია, ორივე მხრის ადვოკატების თანხმობა/ თანდასწრებით), შემაკავებელ ორდენს აჩვენებენ ფართო პლანით, ინტერვიუს იწერენ მოძალადის დამკავებელი სამართალდამაცავებისგანაც (სახეზეა პროცესში გამომძიებლების/პროკურორების/ადვოკატების/სოციალური მუშაკების ჩართულობა); ინტერვიუს იწერენ პრობაციაზე მყოფ მოძალადესთან, ციხეგამოვლილთანაც, შესაძლებელია ციხეში მყოფთანაც. დანაშაულის შესახებ მედია საუბარს არ წყვეტს. მეტიც, ოჯახში ძალადობის "ქეისებზე" იღებენ დოკუმენტურ ფილმებს, მსხევრპლის/მოძალადის ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ აჩვენებენ. "ქეისი" მედიისთვის მხოლოდ ნიუსის "ტრანსლირებით" არ სრულდება. მედია მაქსიმალურად იყენებს თავის კომპეტენციას, ჟურნალისტური ეთიკის რესურსს, ადამიანის უფლებების ადვოკატის მისიას რათა სახელწიფოს/საზოგადოების უსაფრთხოების აქტუალური საკითხების შესახებ იმათთან იყოს მუდმივ დიალოგში, რომლებისთვისაც არსებობს ანუ მოქალაქეებისთვის.
ამისთვის სახელმწიფო რა პროექტებს ახორციელებს?
მაგალითად, ნიუ იორკის მერიას ოჯახში ძალადობის თემასთან დაკავშირებით არაერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი აქვს: სტატისტიკური მონაცემების დეტალური შეგროვებიდან დაწყებული, ვიდრე ქალაქის ბიუჯეტში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების საჭიროების თანხის გათვალისწინებით დამთავრებული. გარდა ამისა სახელმწიფო წაახალისებს ე წ. "სათემო პროგრამებს", რომელიც თავად ადგილობრივი თემის ინიციატივებს ეყრდნობა და ოჯახში ძალადობის პრევენციაზეა ფოკუსირებული. ბუნებრივია, მედია აქტიურად თანამშრომლობს ამგვარ პროექტებში, ინტერნეტგამოცემების სარეკლამო სივრცეში თავსდება სოციალური რეკლამა, მაგალითად, თუნდაც, ასეთი მოკლე მესიჯის სახით: „აშშ–ში ოთხიდან ყოველი ერთი ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. დარეკე, ნუ იქნები შემდეგი!“. რეიტინგული ტელევიზია თავად უნდა იყოს დაინტერესებული ამდაგვარი ვიდეორგოლის განთავსებით. მაგრამ თუ ამ ოცწამიან რეკლამას მოჰყვება ორსაათიანი სექსისტური გადაცემა „პროფილი“, სადაც ქალი - წამყვანი სიხარულით ისმენს და აღფრთოვანებას ვერ მალავს, როცა მამაკაცები ტრაბახობენ, თუ რამდენი ქალი „იხმარეს“, - ამგვარი სოციალური გზავნილი აზრს იმთავითვე კარგავს.
ოქტომბერი აშშ–ში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების თვედაა გამოცხადებული. მედია ყველა იმ ღონისძიებას აშუქებს, რაც კი შესაძლებელია მოიაზრებოდეს ამ თემაში. ისეთი ძალოვანი ინსტუტუცია, როგორიცაა პენტაგონი, ოჯახში ძალადობის პრობლემის გაშუქებაში აქტიურადაა ჩაბმული. სამხედროები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დამცველები თავად საუბრობენ ოჯახში ძალადობის რისკებზე, პრევენციულ ღონისძიებებზე და ა.შ. სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ ოჯახში ძალადობისა და ქალთა უსაფრთხოებაზე საუბარი წინასაარჩევნო თუ პოსტსაარჩევნო პერიოდის აუცილებელი კომპონენტია.
აშშ-ში სამუშაო ადგილებზე, სასწავლო დაწესებულებებში, საავადმყოფოებში, აფთიაქებში, ჯარში, პოლიციაში, მედიასაშუალებებში, მოსამართლეებთან, ჩინოვნიკებთან, პოლიციაში, საერთაშორისო დიდ და პატარა ორგანიზაციებში ექსპერტები გენდერული მგრძნობელობის ამაღლებისა და ე.წ. „ოჯახში ძალადობის მომატებული რისკის ხარისხის შეფასების“ თემაზე ტრენინგებს ატარებენ. ბუნებრივია, პროფესიული მედია ძალიან აქტიურადაა ჩართული ამაში, სტატიების/გადაცემების სერიის მიძღვნით, ეთერში ფსიქოლოგების/ფსიქიატრების მოწვევით, რომლებიც, როგორც წესი, არხის მუდმივი კონტრიბუტორები არიან, მაგალითად, როგორც ეს CNN-ზეა.
რაც შეეხება ქართულ პოლიტიკურ მედიარეალობას, აქ მხოლოდ ურთიერთბრალდებების პინგ-პონგია, რადგანაც პოლიტიკაში არიან ისინი, ვინც „სასტავური“ გაგებით მოვიდნენ და არა რეალური პრობლების, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის - ქალების პრობლემების გადასაწყვეტად. მედიას კი "არარეიტინგული" თემებისთვის დიდად არ სცალია.
როგორ უნდა მოიქცნენ ის ქალები ახლა, რომლებიც არიან ოჯახური ძალადობის მსხვეპლნი ან ემუქრებათ ყოფილი ქმარი?
1. სასწრაფოდ დარეკონ პოლიციაში და რაც შეიძლება მალე გაეცალონ კონფლიქტის ადგილს, ბუნებრივია, შვილებთან ერთად. თუ თავდაცვის საშუალება აქვთ ანდა თავდაცვის ილთებს ფლობენ, თავი ნებისმიერი ხერხით/ საგნით დაიცვან.
2. თუ ტელეფონამდე მისვლის საშუალება არა აქვთ, რაც შეიძლება ხმამაღლა ითხოვონ შველა, რათა რაც შეიძლება მეტს გააგებინონ თავსდამტყდარი პრობლების შესახებ.
3. დანარჩენი უკვე სახელმწოფოსა და საზოგადობის საზრუნავია.
რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და იმ განცხადებებს, რაც მოვისმინეთ ქალთა მკვლელობებთან დაკავშირებით, რომ „უბრალოდ ქმრები კლავენ ცოლებს“, „ყველაფერს აქვს მიზეზი“ და ასე შემდეგ…
მაღალჩინოსანი, რომელიც იტყვის „კრიმინალი არ გაზრდილა, უბრალოდ ქმრები უფრო მეტად კლავენ ცოლებს“, ამგვარი განცხადება სრულიად საკმარისი მიზეზია ადამიანის თანამდებობიდან გადაყენებისთვის. თუ ამას თავად სახელმწიფო არ აკეთებს, სამოქალაქო სექტორს ეს სავსებით შეუძლია, რადგანაც ეს მისი ლეგიტიმური უფლება-მოვალეობაა, მაგალითად, ევროსაბჭოს სამდივნოს, ევროსაბჭოში გაეროს წევრი, სეკულარული სახელმწიფო საქართველოს სახელით გამომსვლელი რომელიმე არაკომპეტენტური ჩინოვნიკის სამშობლოში სიძულვილის ენით საუბრის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. ჩინოვნიკის ქვეყნის გარეთ მივლინებაში გამგზავრება, სასტუმროში ცხოვრება/კვება მოსახლეობის გადასახადებიდან აკრებილი თანხით იფარება. ჩინოვნიკის (არა აქვს მნიშვნელობა მის პარტიულ, მეგობრულ თუ ნეპოტისტურ წრეს) სექსიზმის, სიძულვილის ენის, ადამიანის უფლებების შელახვისა და კრიმინალის აღკვეცა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა. სწორედ ამისთვის ვქირაობთ საჯარო მოხელეებს და არა მათი საბინაო, სატრანსპორტო პირობებისა და გარდერობის გასაუმჯობესებლად.
თამარ ივერის "ქეისი" იმის მაჩვენებელია, რომ გლობალიზაციის ეპოქაში მოქალაქეებს თავადაც შეუძლიათ ოპერატიულად იმოქმედონ თავიანთი შეხედულებებისამებრ; იმოქმედონ, როგორც სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების მდომარეობის მაკონტროლებელმა "ვიჩდოგებმა", ყოველგვარი მინისტრის მიერ ხელმოწერილი საბუთის გარეშეც. ღია საზოგადოების კონცეპტი სწორედ ესაა – დახურული, ტოტალიტარული/ავტორიტარული საზოგადოების ანტიპოდი. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ძალიან მტკივნეული გზა, თავისი მძიმე "ძალადობის ციკლი" გაიარა და ამით ფორმალურად მაინც უარი თქვა კრემლის "დიდ ძმობასა" და "სავოკზე". ღია საზოგადოების ფუნდამენტი არის ჰუმანიზმის, თანასწორობის, პოლიტიკური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პრიმატი, რომელიც განურჩევლად ყველა მოქალაქეს ეხება. ადამიანის ოჯახში ძალადიობისგან დაცვა ასევე არის ამ პრინციპების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და ისევ ვიმეორებ, მედიას ამ პოსტულატების დანერგვაში უდიდესი როლი ენიჭება. მსხვილ ამერიკულ გამოცემებს ცალკე სპეციალური გვერდები აქვთ, რომელიც ფოსკუსირებულად მხოლოდ ქალთა პრობლემებს ეძღვნება, რადგანაც სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მედიის რესპექტაბელურობისა და პროგრესულობის მთავარი ნიშანია და არა მარტო მედიის, არამედ მთელი ქვეყნის.
ნანა კვაჭაძე
გაზეთი "ბათუმელები"
20.10.2014
No comments:
Post a Comment