23 სექტემბერს ნიუ იორკში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA), კალიფორნიის უნივერსიტეტის, ბერკლის ხელოვნების მუზეუმისა და Pacific Film Archive (BAM/PFA) - ის თანამშრომლობით MoMA-ს კინოდარბაზებში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი კინოპროექტი დაიწყო. პირველად ჩრდილოეთ ამერიკისა და საქართველოს ისტორიაში თავად აშშ–ის ინიციატივით ამერიკელი და ნიუ იორკის სტუმარი კინომოყვარულებისთვის ეკრანზე ქართული კინემატოგრაფი საკმაოდ დიდი კოლექციით Discovering Georgian Cinema (ქართული კინოს აღმოჩენა) წარსდგა. უცხოური მხრიდან მსოფლიოს დედაქალაქში ქართული ფილმების კოლექციის ჩვენების ინიციატორი და ორგანიზატორი/კურატორი გახლავთ იუტე იენსენი (MoMA-ის კინოს დეპარტამენტის კურატორი) და სიუზან ოქსტობი (BAM/PFA –ის კინოს დეპარტამენტის მთავარი კურატორი). კინოპროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობდნენ "ენდი უორჰოლის ვიზუალური ხელოვნების ფონდი" (აშშ), "ეროვნული შენატანი ხელოვნებისთვის" (აშშ), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, "გოსფილმფონდი" (რუსეთი), კინოსა და ვიდეოარტის ინსტიტუტი "არსენალი" (გერმანია), "აი ფილმ ინსტიტუტი" (ჰოლანდია), "ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი" (ბრიტანეთი); "ტულუზის სინემათიკა"/ "საფრანგეთის სინემათიკა" (საფრანგეთი), პორდენონის მუნჯი კინოს ფესტივალი, რომელმაც კინორეტროსპექტივა მასალითა და საარქივო ამონაბეჭდებით მოამარაგა.
"მომაში" ქართული ფილმების სერიის ჩვენება ორ ეტაპადაა დაყოფილი: პირველი (23 სექტემბერი – 16 ოქტომბერი), რომელსაც "ოჯახური საქმე" ეწოდება და იგი სამი ოჯახის კინოტრადიციას აღწერს; მეორე (22 ნოემბერი– 21 დეკემბერი) სახელწოდებით "ცისფერი მთების მიღმა" ახალისა და ძველის შეხამებაა, რომელიც წარადგენს ივანე პერესტიანს, კოტე მიქაბერიძეს, ვასილ ამაშუკელს, ოთარ იოსელიანს, ფარაჯანოვსა და ახალი თაობის კინემატოგრაფისტს – ლევან კოღუაშვილს.
ამერიკულმა მედიამ (blouinartinfo.com, eatdrinkfilms.com, artforum.com და სხვა) "ქართული კინოს აღმოჩენას" არაერთი სტატია მიუძღვნა. რეტროსპექტივის გახსნამდე გაზეთმა New York Times თავისი გვერდი საკმაოდ ვრცელ რეცენზიას "დამოუკიდებელი ერი შესაბამისი ფილმებით. ჩვენება მდიდარ ქართულ კინოტრადიციას ზეიმობს" დაუთმო, რომელშიც ავტორი ქართული საბჭოთა კინემატოგრაფის შედევრების შექმნის ისტორიას აღნიშნავს და მკითხველს ფილმების მოკლე შინაარსს აწვდის. "არტფორუმის" მიმომხილველს კი თავის სტატიაში უკვირს, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი თავისი ფილმებით რეტროსპექტივის პირველ ნაწილში არ ჩნდება. სხვათა შორის, MoMA-ში ქართული კინოჩვენებისგან დამოუკიდებლად ნიუ იორკის 52–ე კინოფესტივალზე (26 სექტემბერი – 12 ოქტომბერი) სერიაში "აღდგენილები" ჰოვარდ ბრუკნერის, ალფრედ ჰიჩკოკისა და კინოს სხვა კლასიკოსებს შორის სერგო ფარაჯანოვის "ბროწეულის ფერსაც" (1968) აჩვენებენ.
"ხელოვნების თანამედროვე მუზეუმში" ქართული კინოს რეტროსპექტივის პირველ ეტაპზე შემდეგი ფილმების წარდგენა დაიგეგმა: ნიკოლოზ შენგელაიას "ელისო" (1928); გიორგი შენგელაიას "ფიროსმანი" (1969); ელდარ შენგელაიას "არაჩვეულებრივი გამოფენა" (1968) და "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1984); ნუცა ღოღობერიძის "ბუბა"(1930); ლანა ღოღობერიძის "დღეს ღამე უთენებია" (1984) და "რამოდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1979); სალომე ალექსის (ნუცა ალექსი–მესხიშვილი) "ბედნიერება" (2009); გიორგი დანელიას "არ დაიდარდო" (1969); თემურ ბაბლუანის "ბეღურების გადაფრენა" (1980); გელა ბაბლუანის "ცამეტი" (2005); სოფია ბაბლუანის "რა შემიძლია ბრძოლამდე გისურვოთ?" (2012); თენგიზ აბულაძის/(რეზო ჩხეიძის) "მაგდანას ლურჯა" (1955), "ვედრება" (1967), "ნატვრის ხე" (1977) და "მონანიება" (1984); რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცის მამა" (1965); მიხეილ ჭიაურელის "საბა" (1929); ნინო კირთაძის "ნავთობსადენის მეზობლები" (2005); ირაკლი კვირიკაძის "მოცურავე" (1981); მიხეილ კალატოზოვის "ჯიმ შვანთე" (1930) და "ლურსმანი ჩექმაში" (1930/32); ნანა ჯორჯაძის "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი ბაბუა" (1986); ნანა ჯანელიძის "ოჯახი" (1985) და "ნეტავი იქ თეატრი არის?" (2011); თინათინ გურჩიანის "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" (2012).
ნიუ იორკის შემდეგ Discovering Georgian Cinema "ხელოვნების ნაციონალურ გალერეასა" (ვაშინგტონი) და მოგვიანებით Tiff Cinematheque–ში (ტორონტო) გადაინაცვლებს. 23 სექტემბერს კი ნიუ იორკში "ქართული კინოს აღმოჩენა" ქართული სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობით ფილმის "ელისოს" ჩვენებით გაიხსნა, რომელსაც ამერიკელი მომღერლების ტრიოს "კავკასია" მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორული მუსიკა ახლდა. პირველ დღეს კინოპროექტი და ფილმი "ელისო" საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელმა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ და რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ წარადგინეს.
***
იუტე იენსენი: – ქართული ფილმების ამ რეტროსპექტივის შექმნა MoMA-სა და Pacific Film Archive –ის კურატორების ქართული კინოხელოვნებისადმი სიყვარულისა და შრომის შედეგია. ჩემთვის პერსონალურად კი ის მოგზაურობაა, რომელიც თბილისში 1991 წელს რამდენიმე ვიზიტით დავიწყე. ყველას, ვინც ამ საქმეში ჩართულები ვართ, დიდი მადლიერების გრძნობა გვაქვს იმ ჩვენი წინამორბედების მიმართ, რომლებმაც შეაგროვეს და ეკრანზე ძვირფასი და იშვიათი მემკვიდრეობა გვიჩვენეს. ქართული კინოს გამოფენის დასრულებისთანავე ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული კინოტრადიციის მნიშვნელობის შესახებ ბევრ ადამიანს ეცოდინება. როცა 1990 – იანებში საქართველოში ვმოგზაურობდი, ელდარ შენგელაია, რომელსაც მაშინ ძლიერი "კინემატოგრაფისტთა კავშირი" ჰქონდა, ჩვენი ერთ–ერთი კეთილი მასპინძელი იყო. მან მე და მეორე ვიზიტორი წაგვიყვანა შთამბეჭდავი ბუნების დასათვალიერებლად, რომელიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაჯვარედინის ნაწილია და გვაჩვენა პატარა მუზეუმი, რომელიც მან და მისმა ძმამ, გიორგი შენგელაიამ (მეორე მნიშვნელოვანმა რეჟისორმა) მათი დედის, დიდი მსახიობის ნატო ვაჩნაძის სამახსოვროდ ააშენეს. ნატო დაქორწინებული იყო ნიკოლოზ შენგელაიაზე, რომლის სტილითა და ოსტატობით დაფუძნდა ქართული კინო, როგორც საბჭოთა პერიოდის ისტორიის უნიკალური მოცემულობა. ეს საოჯახო მუზეუმია, რომელიც 1981 წელს კახეთში გურჯაანში ნატოს ბავშვობისდროინდელი იერის შესაბამისად აშენდა და მოეწყო. როცა ამ პატარა მარგალიტის გარშემო ვსეირნობდი, რომელიც ძმებმა ასეთი სიყვარულით ააშენეს, მახსენდებოდა ისიც, რომ მათ ისეთივე პატივი მიაგეს მამასაც წალენჯიხაში, სამეგრელოში, სადაც ის დაიბადა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ამ ოჯახის ისტორია და ნიჭიერებით სიამაყე საქართველოსთან სიღრმისეულადაა დაკავშირებული. იგი ქართული კინოხელოვნების უნიკალური ხასიათი და ისტორიაა. მოგვიანებით აღმოვაჩინე სხვა ბევრი ოჯახური კავშირებიც, რომელიც ქართულ კინოში 1920 –იანი წლებიდან ვიდრე დღემდე არსებობდა და ფრიად გაკვირვებული ვიყავი ამ ცნობიმოსყვარეობის აღმძვრელი ფაქტების რაოდენობით.
იმისთვის, რომ გამეგო ქართულ კინოში ოჯახური კავშირების შესახებ, მე სოფია ბაბლუანს, მის ძმას, გელასა და მამას, თემურს მივმართე. ისინი ყველანი კინემატოგრაფისტები არიან. მინდოდა, რომ მათ გავლენისა და შთაგონების შესახებ ესაუბრათ. პასუხებმა კი აჩვენა კავშირები ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის, ოჯახსა და სამუშაოს შორის, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებელ კინოწარმოებას, ხოლო თავისი პრაქტიკითა და ორიგინალურობით მცირე კინოწარმოებას ძალიან ჰგავს. იგი საბჭოთა პერიოდში საქართველოს განსაკუთრებულ პირობებში არსებობის გამოისობით შეიქმნა. ამგვარ სტრუქტურას კი უფულობის დაძლევა და ცენზურის სირთულეების შენიღბვა შეეძლო.
თემურ ბაბლუანმა მომიყვა: "საქართველოში არსებობს გამოთქმა: "ნათლია ნათლულის ბედზე გავლენას ახდენსო". ჩემს შემთხვევაში ჩემი ნათლია ვასილ ამაშუკელი იყო, პირველი ქართველი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი. იგი ქუთაისში ჩემი ბაბუის მეზობელი იყო. როცა მე ფილმების შექმნა გადავწყვიტე, კინო ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, ჩემი ოჯახი კი ჩემს მცდელობას მხარს უჭერდა. ისინი ისე მეხმარებოდნენ, რომ სამუშაოში, ფაქტობრივად, მთელი ოჯახი იყო ჩართული. ერთ ფილმში კი ჩემი ოჯახის თითოეული წევრიც კი მონაწილეობს". გელამ მომითხრო იმის შესახებ, რომ მამამისის ფილმებს აცენზურებდნენ და რახან მამამისს ფილმის გადაღების დროს პრობლემა ყოველთვის ჰქონდა, ამიტომაც გელას კინოხელოვნებაში ძალების მოსინჯვა არ უნდოდა და იგი იურისპრუდენციისა და ეკონომიკის შესწავლას შეუდგა. მაგრამ ერთხელაც გელას გაუცნობიერებელმა ნოსტალგიამ სძლია. მას "13"– ის გადასაღებად ფული არ ჰქონდა, ამიტომ მისი ოჯახი იძულებული იყო ფილმში ეთამაშა. სოფია ამბობს, რომ კინოსტუდიის სუნი მისი ბავშვობის სუნია და იგი მისთვის ისევ ცოცხალ მოგონებად რჩება. სოფია ხშირად თამაშობდა ფილმის ცარიელ და ბნელ დეკორაციებში, სახლში კი მამა სცენარს სამზარეულოში წერდა, სადაც, სანამ იგი თავის საქმეს არ მორჩებოდა, არავის ჰქონდა იქ შესვლის უფლება. "ფილმები ცხოვრების ღია ფანჯარასავითაა – ამბობს სოფია ბაბლუანი.– სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებაა. ჰოდა, სრულიად ბუნებრივი იყო, რომ ჩვენ ყველამ ეს გავიზიარეთ".
როცა აკვირდები ამ რთულ ოჯახურ ურთიერთობებს, რომელიც ქართულ კინოწარმოებას უკავშირდება, ოჯახთან მცირე ესთეტიური ანდა თემატური კავშირის არსებობა ცხადი ხდება. ისინი ერთი ფილმიდან მეორეში ერთად მუშაობდნენ და "ქართული ფილმის" სტუდიების ჭერქვეშ თავიანთ ინდივიდუალურ ხმას ავითარებდნენ. ამ კარგ სტუდიებს, რომელსაც 1920– იანებში სხვა სახელი ერქვა, ჰქონდა დიდი უპირატესობა იმით, რომ სახელისუფლებო ცენტრიდან შორს იყო და არტისტული სახლისა და კრეატიული კინომწარმოებლების დიდი ისტორია ჰქონდა.
1920–30 იანებში ივანე პერესტიანი (პროფესიული გამოცდილების მისაღებად საქართველოდან წასული), მიხეილ კალატოზოვი, ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი და დავით რონდელი კინოსტუდიებს ამუშავებდნენ, მსახიობების ჯგუფების შესანიშნავ გამოცდილებას აზიარებდნენ და ქართულ ხასიათს ეკრანზე აცოცხლებდნენ: ნატო ვაჩნაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, რამაზ ზაქარიაძე და სერგო ზაქარიაძე. 1950–60–70–იანებში მოვიდა რეჟისორების მომდევნო თაობა, რომელმაც შეძლო არსებული სოციალური თუ პოლიტიკური გარემოებების დახვეწილი და რთული კრიტიკით შეექმნა ფილმები, რომელიც მმართველი ხელისუფლების კინომატოგრაფიული ოპოზიცია იყო: თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი, ელდარ და გიორგი შენგელაიები და მამაკაცების დომინანტურ ინდუსტრიაში ერთი ქალი – ლანა ღოღობერიძე.
"ქართული ფილმის" კინოსტუდიებში შემდეგნაირი ოჯახური და პროფესიული ქსელები ჩნდებიან: კოტე მიქაბერიძე სიკო დოლიძესთან ერთად იყო "ჩემი ბებიის" (1929) რეჟისორი, კოსცენარისტი და ამავე დროს მსახიობი პერესტიანის, ლევ პუშის, ჭიაურელის (ვაჩნაძესთან ერთად) და გიორგი შენგელაიას ფილმებში. მიხეილ ჭიაურელი თამაშობდა პერესტიანისთვის და ფარაჯანოვისთვის. მისი ცოლი, ვერიკო ანჯაფარიძე, იყო ადრეული ქართული კინოს დიდი ვარსკვლავი და თამაშობდა მისი ქმრის ფილმში "საბა"(1929), ისევე როგორც ნიკოლოზ შენგელაიას, ფარაჯანოვის, აბულაძისა და სხვათა ფილმებში. ჭიაურელი იყო გიორგი დანელიას ბიძა ("არ დაიდარდო"(1968) და მამა სოფიკო ჭიაურელის (გიორგი შენგელაიაზე დაქორწინებული), რომელიც იყო გიორგი შენგელაიას, აბულაძის, ჩხეიძისა და ფარაჯანოვის ფილმების ვარსკვლავი... და აქ მხოლოდ ზოგიერთს ვახსენებ.
ნიკოლოზ შენგელაია პერესტიანსათან ერთად იყო "გაფლანგვის" (1927) კოსცენარისტი და პუშთან ერთად "გიულის" (1927) რეჟისორიც. მისი ცოლი, ნატო ვაჩნაძე, 1920 – იანების ვარსკვლავი, გაღმერთებული იყო პერესტინისა და რონდელის მიერ და თამაშობდა ქმრის რამდენიმე ფილმში, როგორც ამას მისი და, კირა ანდრონიკაშვილი, "ელისოს" ვარსკვლავი აკეთებდა. ნიკოლოზისა და ნატოს ვაჟები, 1960 – 70 – იანების ყველაზე ცნობილი რეჟისორები არიან, ასევე თამაშობდნენ ჭიაურელისა და ჩხეიძის ფილმებში.
"ქართულ ფილმში" თენგიზ აბულაძემ ჩხეიძესთან ერთად პირველი საერთაშორისო წარმატების მქონე ფილმი "მაგდანას ლურჯა" (1955) გადაღო; მოგვიანებით ჩხეიძემ ერთ – ერთი ყველაზე საყვარელი და ლოკალური წარმატების მქონდე ფილმი "ჯარისკაცის მამა" (1964) შეუდარებელი ზაქარიაძით როლში. აბულაძის რძალი ნანა ჯანელიძეა, რომელიც "მონანიების" (1984) კოსცენარისტია, მოგვიანებით რამდენიმე კარგად შეფასებული ფილმი გადაიღო და ამაჟამად ქართული ეროვნული კინოცენტრის დირექტორია.
ყველა ამ კავშირების ჩამოთვლის შემდეგ ჩემთვის გასაკვირი ის იყო, რომ როცა მე სალომე ალექსის ვთხოვე მისი დედის, ლანა ღოღობერიძის ინტერვიურება საქართველოში კინოწარმოების პროცესში მათი გამოცდილების შესახებ, ორივე ქალმა ჩემი იდეა უარყო იმის მაგივრად, რომ პერსონალურ გამოცილება გაეზიარებინათ ანდა თავისუფლად გაეკრიტიკებინათ. ლანას დედამ, ნუცა ღოღობერიძემ 1920– იანების ბოლოსა და 30– იანების დასაწყისში რამდენიმე ფილმი გადაიღო. იგი მაშინ დააპატიმრეს, როცა ლანა შვიდი წლის იყო. მისი ფილმები აიკრძალა და მან შემდეგი 12 წელი გადასახლებაში, ციხეში როგორც "ხალხის მტრის ოჯახის" წარმომადგენელმა გაატარა. დღემდე ეგონათ, რომ ეს ადრეული ფილმები დაკარგული იყო მანამ, სანამ რამდენიმე წლის წინათ ლანამ "ბუბა" არ იპოვა – 1930 წელს დედამისის მიერ გადაღებული გასაოცარი დოკუმენტური ფილმი, რომელიც თავისი ავთენტური ენით გამოირჩევა. ლანა ამბობს, რომ მას დედის გავლენის შესახებ საუბარი არ შეუძლია, რადგანაც მას უბრალოდ დედის ფილმების ნახვის საშუალება არასოდეს ჰქონია. საბჭოთა კინოს ისტორიაში ისევე როგორც ნუცა ღოღობერიძის სახელი, ასევე მისი ფილმები, არ არსებობს. ლანა ამბობს: "ისე მოხდა, რომ რომ 1950– იანების ბოლოს პირველი ქალი კინემატოგრაფისტი საქართველოსა და სსრკ–ში მე ვიყავი. რასაკვირველია, ჩემი გადაწყვეტილება გავმხდარიყავი კინემატოგრაფისტი იმ ფაქტითაც იყო განპირობებული, რომ ჩემი დედა წარსულში კინოხელოვანი იყო". სალომემ კი თქვა: "რა არის კინემატოგრაფი: სიცოცხლის ფორმა. იყო რეჟისორი ნიშნავს გაბედო გქონდეს ცხოვრების შენეული ხედვა, შენი შეხედულება. ეს გამბედაობა კი მე დედისგან მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც მე მისგან მივიღე, არის თავისუფლება, ცხოვრების არატრადიციული მოდუსი – იდეა, რომ შენ შენი ცხოვრება ისე უნდა განვლო, როგორადაც გრძნობ და არა ისე, როგორც სხვებს მოსწონთ". შეიძლება სალომემ ამგვარი დამოკიდებულება სწორედ თავისი დედისგან მიიღო.
სიუზან ოქსტობი: – Discovering Georgian Cinema მართლაც ქართული კინოს აღმოჩენის შესაძლებლობაა; იმის შანსი, რომ მდიდარი კინომემკვიდრეობა შეისწავლო; სწორედ იმ ქვეყნის, რომელმაც წინა საუკუნის განმავლობაში ბევრი შესანიშნავი ფილმი შექმნა. ეს არის ქართული კინოს დიდი რეტროსპექტივა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ოდესმე განხორციელებულა. ეს სერია მთელი მსოფლიოს არქივებიდან მოპოვებული 35 მმ– იანი კინოფირის მემკვიდრეობაა, რომელიც კურატორებმა და არქივარიუსებმა კინომატოგრაფის ტრადიციად შემოგვინახეს როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე. საქართველო პატარა ქვეყანაა თავისი არაორდინალური მრავალფეროვანი ადგილმდებარეობით. საუკუნეების განამვლობაში ქართული ენა სხვა ენათა ჯგუფისგან თავისი უნიკალური დამწერლობით განცალკავებულად იდგა. კინემატოგრაფიული ტრადიციის შემოტანით, რომელიც გასულ საუკუნეში განსაკუთრებული კულტურული გარემოდან წარმოიქმნა, ეს რეტროსპექტივა კინოწარმოების სამ ძირითად პერიოდზე კონცენტრირდება: კინოს მუნჯი ეპოქის მშვენიერი ფილმები; თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის პრიზიორი "მაგდანას ლურჯა" /შუა 1950, 1960 და 1980– იანების კინო და ქართული კინოს ახალი ტალღა, რომელიც ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ნიჭის დემონსტრირებაა.
კინოს მუნჯი პერიოდის ფილმები, რომელიც კინოს დაბადებიდან ევროპაში ერთი დეკადის მერე გაჩნდა, საქართველოში 1934 წლამდე გაგრძელდა. ხმოვანი ეპოქის დადგომის შემდეგ ქართველმა კინემატოგრაფისტებმა შექმნეს საკმაო რაოდენობის მნიშვნელოვანი და ოსტატური დოკუმენტური ფილმები ძლიერ, დრამატულ ფილმებთან ერთად. ესენია ვასილ ამაშუკელის "აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში" (1912), ქართული "კულტურფილმები" (1930/34) და ნუცა ღოღობერიძის "ბუბა" (1930), რომელიც ავანგარდისტ მხატვართან, დავით კაკაბაძესთან ერთად გადაღებულ პოეტურ, დოკუმენტურ ფილმს წარმოადგენს. ეს ფილმი, ფაქტობრივად, საბჭოთა რეჟიმის კინოისტორიიდან ამოწერეს, მაგრამ აღადგინეს და იგი ე.წ. სუბიექტურ კონტენტსა და ავტორის ხმასთან მისი კომპლექსური კავშირების გამო ლუის ბუნუელის ფილმის "ქვეყანა პურის გარეშე" გვერდით უნდა განიხილებოდეს.
მუნჯი კინოს პერიოდის ქართული საუკეთესო ფილმები ისეთივე მაღალი საწარმოო სტანდარტითაა (კამერის ძლიერი მუშაობა, კრეატიული მონტაჟი, მგრძნობიარე პერფორმანსი) შექმნილი, როგორიც წამყვანი რეჟისორების განსაკუთრებული სტილით გადაღებულები; ამის მაგალითია ივანე პერესტიანის "წითელი ეშმაკუნები"(1923) და "სამი სიციცხლე" (1924), ისევე როგორც გადაღების განსაკუთრებული ადგილები და ბუნებრივი განათება. მიხეილ ჭიაურელის "საბა" (1929), "ხაბარდა" (1930) და მიხეილ კალატოზოვის "ლურსმანი ჩექმაში" (1930/1932) მონტაჟის მშვენიერ ექსპრესიულ სურათს წარმოაჩენს. მუნჯი კინოს ხანის სხვა ფილმები გვიჩვენებს კვლავაც რელევანტური გეოპოლიტიკური თემებისა და საქართველოს დასავლურ ქვეყნებთან კავშირების შთამბეჭდავ სურათებს; ისეთ ფილმებს, როგორიცაა ნიკოლოზ შენგელაის "26 კომისარი" (1928), ლევ პუშის "განწირულები: რუსი ჯარისკაცები საფრანგეთში" (1930), ლეო ესაკიას "ამერიკანკა" (1930) და კოტე მიქაბერიძის დადაისტური პაროდია სამსახურზე "ჩემი ბებია" (1929).
1960 – იანების ბოლოს ქართულმა კინომ კრიტიკოსებსა და პროგრამების შემდგენელებს შორის საერთაშორისო რეპუტაცია მოიპოვა. თენგიზ აბულაძემ, ოთარ იოსელიანმა, სერგო ფარაჯანოვმა, ელდარ და გიორგი შენგელაიებმა, ირაკლი კვირიკაძემ, ლანა ღოღობერიძემ, რეზო ესაძემ და სხვებმა ამ მაღალი შეფასების არსებობაში თავიანთი წვლილი შეიტანეს, რომელსაც ქართული კინო კვლავ ინარჩუნებდა. 1960– იანებიდან ვიდრე 1980 – წლამდე საქართველოში შეიქმნა კინოწარმოების შესანიშნავი ნიმუშები ("არაჩვეულებრივი გამოფენა", "ცისფერი მთები", "მონანიება", "ნეილონის ნაძვის ხე"), რომელიც საბჭოთა სისტემასა და მის სტატუს – ქვოს აკრიტიკებდა. ასევე არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ კინემატოგრაფისტები კონცენტრირდებოდნენ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე და ეკრანზე რევოლუციამდელი პერიოდის მოთხრობები გადაჰქონდათ. ამგვარად ისინი ფოკუსირებდნენ ჭეშმარიტად ქართულ თემებზე ("ფიროსმანი", "მოცურავე", "დღეს ღამე უთენებია", "სურამის ციხის ლეგენდა"). ფაქტია, რომ ამგვარი ტენდენცია ქართულ ფილმის მუნჯი ხანის ფილმებშიც არსებობს.
ოჯახის თემა ქართული კინოისტორიის ერთგვარი დომინანტური თემაა. ჩვენ ვნახეთ ამის მწვავე მაგალითები: ლევან კოღუაშვილის ყურადღების მიღმა დატოვებული დოკუმენტური "ქალები საქართელოდან" (2009) და "შემთხვევითი პაემნები" (2013), სალომე ალექსის შთამბეჭდავი და მშვენიერი კომედია "ბედნიერება" (2009) და ნანა ექვთიმიშვილის ცოცხალი, ოსტატური მოკლემეტრაჟიანი ფილმი "დედა" (2013).
მეორე თემა, რომელიც ქართულ კინოს ხელოვნებისადმი ღრმა სიყვარულში აერთიანებს, არის ტრადიციული კულტურა. ცეკვა, ლიტერატურა, თეატრი, მხატვრობა და არქიტექტურა. უამრავი ფილმი და გადასაღები მოედანი, მიზანსცენები ხელოვნებით, ტექსტუალური ბმულებითაა გაჯერებული. რამდენიმე ქართველი კინემატოგრაფისტი თავინთი ლირიული და პოეტური ტექნიკით ხასიათდება – ოთარ იოსელიანი, თენგიზ აბულაძე ("ვედრება, "ნატვრის ხე") და ალექსანდრე რეხვიაშვილის მშვენიერი "გზა შინისაკენ" (1981), რომელიც ენათესავება ანდრეი ტარკოვსკისა და ალექსანდრე სოკუროვის ფილმებს და უკეთესად უნდა იყოს ცნობილი.
ასევე აღსანიშნავია დოკუმენტური ფილმებიც: ნინო კირთაძის (საფრანგეთში მცხოვრები ქართველი) "ნავთობსადენის მეზობლები"(2005), "დურაკოვო: ბრიყვების სოფელი" (2008) და "ცოტაოდენი რამ საქართველოს შესახებ" (2010), რომელმაც ევროპული კინოაკადემიის აღიარება მოიპოვა, ისევე როგორც "სანდესნსის კინოფესტივალზე" – თინათინ გურჩიანის "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს", რომელმაც ასევე მიიღო "სანდენსის კინოფესტივალის" ჯილდო. ამ ფილმებს დაერთვება მომატებული ინტერესი ახალი ტალღის კინოსადმი, რომელიც მოიცავს ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის კორეჟისორულ ნამუშევრს "გრძელი ნათელი დღეები"(2013) (რომლის ოპერატორი გახლდათ ნიჭიერი რუმინელი კინემატოგრაფი ოლეგ მუტუ), რომელიც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ამერიკული კინოაკადემიის მიერ იყო ნომინირებული და ასევე ამერიკულ დისტრიბუციაში საკმაო კარგი პოზიცია ეჭირა; ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ქართულ – ესტონური კოპროდუქცია "მანდარინები"(2013), რომელიც რეგიონალური კონფლიქტების ქვეყანაში პაციფიზმის იდეის მატარებელი ფილმია და გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" (2014), რომელმაც კარლოვი ვარის ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა.
"ქართული კინოს აღმოჩენა" ჩრდილოეთ ამერიკის რამდენიმე ქალაქს იმის შანსს აძლევს, რომ კავკასიური ქვეყნის განსაკუთრებული ყურადღების ღირსი კინემატოგრაფი ნახოს. ამავე დროს, სანამ ეს 35 მმ–იანი ფირის ფილმების იშვიათი კოლექცია და რესტავრირებული დიგიტალური ასლები შეუფასებელია, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროექტი ბევრ იმ ინსტიტუციებში გააღებს კარს, სადაც ამ ფილმების ასლები აქვთ და ეს თავისთავად დროთა განმავლობაში ევროპასა და აშშ–ში კულტრული გაცვლის შანსებს გაზრდის. ძალიან კარგია, როცა გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქართული კინორეტროსპექტივისთვის შერჩეული ამგვარი შესანიშნავი ფილმები ნახო.
***
ამერიკული სამუსიკო ტრიო "კავკასია" 1994 წელს შეიქმნა, თუმცა მის სამივე წევრს ქართული ხალხური მუსიკის შესრულების უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს. ტრიოს წევრები ამერიკელები არიან – კარლ ლინიხი, ალან გასერი და სტიუარტ გერლზერი. მათ საკონცერტო, საფესტივალო მოღვაწეობისა და ქართული ღინისძიებების მუსიკალური გაფორმების გარდა, აშშ–ში ქართული ფილკლორის ვორკშოფებზე, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სამუსიკო ფეკულტეტებზე და აშშ–ის საზღვრებს გარეთაც იწვევენ. ჩრდილოეთ ამერიკაში საგასტროლო ტურების დროს მათ არტკრიტიკოსებისგან არაერთი აღფრთოვანებული შეფასება დაუმსახურებიათ და ისეთი მედიის ყურადღება მიუპყრიათ, როგორიცაა New York Times, BBC Music Magazine, Toronto Globe and Mail და სხვა. ტრიო საქართველოშიც მოგზაურობდა, ქალაქებსა და სოფლებში ქართული ფოლკლორული მუსიკის შედევრებს აგროვებდა და შესრულების მანერას სწავლობდა. ჰოდა, სწორედ ამ ტრიოს ხვდა წილად "ქართული კინოს აღმოჩენის" გახსნის დღეს ნაჩვენები ფილმის "ელისო" მუსიკალურად გახმოვანება.
კარლ ლინიხი: – მე მთხოვეს, რომ ფილმისთვის "ელისო" შემექმნა ცოცხალი ვოკალური "საუნდთრეკი", რომელიც ტრადიციულ ქართულ ხალხურ მუსიკას დაეფუძებოდა. ჩემს ტრიოსთან ერთად მე ამგვარი მუსიკა შევქმენი და ჩვენ ნიუ იორკში არსებული ქართული მუსიკალური გუნდის "სუფრულის" ხუთი წევრიც შემოგვიერთდა. 2012 – ში, კალიფორნიაში, ბერკლიში ყოფნის დროს სიუზან ოქსტობს შევხვდი. მან მაცნობა, რომ იგი ქართული ფილმების დიდ პროექტზე მუშაობს და რომ, ალბათ, ჩემი დახმარება დასჭირდებოდა. მე ამ პროექტით ძალიან დავინტერესდი და ამა წლის აპრილში სიუზანმა თავისი შემოთავაზებით მომმართა კიდეც. მომცა იმის უფლება, რომ შემექნმა "საუნდთრექი", რომელიც მართლაც შთამბეჭდავი და თხოვნის დამაკმაყოფილები აღმოჩნდა. უარის თქმა არც კი წარმომედგინა.
ქართული ხალხური სიმღერები მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, ვინც ვარ თავად მე და იგივე შეიძლება ითქვას ჩემი ტრიოს სხვა წევრებზეც. უკვე ოცი წელია ჩვენ ერთად ვმღერით და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჩვენი ცხოვრება ქართული კულტურისადმი სიყვარულით ავაგეთ. მართალია, ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია ასეთი განსაკუთრებული სამუშაო შევასრლოთ, როგორიც "ელისოსთვის" გავაკეთეთ, მაგრამ როცა ეს ჩვენ შეგვიძლია, ეს მართლაც ჯადოსნურ მოვლენად გადაიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა ვართ ქართველები, ჩვენ ძალიან გვიყვარს თქვენი კულტურა, ხალხი. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ქართული მუსიკა როგორღაც ჩვენიცაა და, ალბათ, ჩვენ უკვე სულ ცოტათი მაინც ქართველები გავხდით; ქართველები, რომელიც ჩვენ გვიყვარს. ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაპიაროთ და მოვუაროთ ქართულ ტრადიციულ კულტურას, განსაკუთრებით, პოლიფონიური სიმღერის უნიკალურ ტრადიციას.
ელდარ შენგელაია: კინოპროექტის დასაწყისი ძალიან კარგი იყო. ყველამ, (ვინც დღეს ფილმის წარდგენის შემდეგ ჩემთან მოვიდა), მითხრა, რომ "ელისოს" ჩვენება ძალიან კარგი იყო. ამერიკელები მოდიან, გვეკითხებიან და ძალიან გაკვირვებულები არიან, რადგან "ელისო" პირველად ნახეს. ზოგმა ისიც მითხრა, რომ მას ამ ფილმის მეორედ ნახვა სჭირდება. იმედი მაქვს, რომ კინოპროექტის შემდეგი ეტაპები კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
"მომაში" ქართული ფილმების ერთგვარი რეტროსპექტივა ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინათ აქ ნაჩვენები შენგელაიების ფილმებით დაიწყო; დედაჩემის, ნატო ვანჩნაძისა და მამაჩემის, ნიკოლოზ შენგელაიას ჩვენებით. სწორედ მაშინ დაიბადა ამგვარი იდეა. მაგრამ, რადგანაც მაშინ სსრკ დაინგრა, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა. და, აი, ახლა, ის პროექტი კვლავ გაცოცხლა. ჩემთვის ეს არის დიდი სიხარული, რადგანაც მამაჩემის "ელისო" ამერიკელებმა კარგად მიიღეს. მერე ჩემი და ჩემი ძმის ფილმებსაც აჩვენებენ. მერე სხვა რეჟისორებისაც. სამომავლოდ კარგი იქნებოდა აქ ერთი რეჟისორის ყველა ფილმი აჩვენონ: მიხეილ კობახიძის, ლანა ღოღობერიძის, მერე რეზო ჩხეიძის და სხვების. ახლა უკვე გზა ხსნილია და მეტი და მეტი ქართული ფილმის წარდგენაა შესაძლებელი. წელს კანში "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" კინოკლასიკად გამოცხადდა. იქ იუტე იენსენი იყო ჩამოსული და მოლაპარაკებებიც იმის თაობაზე დაიწყო, რომ ისევ ის ძველი კინოპროექტის იდეა აღვედგინა და დღეს ეს პროექტი განხორციელდა კიდეც.
ლანა ღოღობერიძე: – "ქართული კინოს აღმოჩენა" ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს არ არის მხოლოდ ქართული კინოს აღიარება, არამედ ეს არის ქართული კულტურის აღიარება და ამასთანვე საერთოდ საქართველოს აღიარებაც. თუ საქართველოს მსოფლიო ცივილიზაციაში რაიმე წვლილის შეტანა შეუძლია, მას ეს შეუძლია სწორედ წარსულისა და დღევანდელი კულტურით და ამ საქმეში ჩვენს კინოს თავისი კუთვნილი ადგილი უჭირავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რაც დღეს ნიუ იორკშო, "მომაში" ხდება. საქმე იმაშია, რომ გარკვეული პერიოდი ქართული კინო საერთოდ ჩაკვდა და მე იმის განცდაც კი მქონდა, რომ ქართული კინო უკვე აღარაა და რაც გვქონდა, ისიც კი დავკარგეთ. იმის გამო, რომ ჩვენი კინო დღეს კვლავ აღმოცენდა; არსებობენ მშვენიერი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორები ანუ ეს ჯაჭვი აღდგა – დღეს ქართულმა კინომ სწორედ ამ მიზეზთა გამო შეიძინა ასეთი მნიშვნელობა. მე არ მიმაჩნია, რომ აშშ–ში ქართული კინოს წარდგინებამ დაიგვიანა.
1930 წელს, როცა დედაჩემმა პორველი ფილმი გადაიღო, მერე კი მხატვრული ფილმიც, ის იყო სსრკ–ში პირველი ქალი რეჟისორი და, მგონი, მსოფლიოშიც. და მერე მე ვიყავი სსრკ–ში პირველი ქალი რეჟისორი. ახლა კი ქალი რეჟისორებს ახალი თაობა წამოვიდა და ჩვენ მართლაც არაერთი კარგი ქალი რეჟისორი გვყავს. კინემატოგრაფიაში ამგვარი გენდერული გადანაწილება ხანდახან შემთხვევითობაა, ხან – კანონზომიერებაც. საქართველოში ქალს მართლაც ძალიან სერიოზული როლი ჰქონდა და საერთოდ, მგონია, რომ ქართველი ქალი საქართველოში არის ყველაფერი კარგის კვინტესენცია და ამიტომ, ბუნებრივი მგონია, რაც მოხდა. ძალიან მიხარია, რომ კინორეტროსპექტივის ერთ – ერთი მთელი დღე ჩემს ოჯახს მიეძღვნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაჩემის ფილმი, რომელიც დღიდან გამოშვებისა სსრკ–ში აკრძალული იყო და ახლა 73 წლის შემდეგ ვიპოვე და მაყურებელს ვაჩვენე, მან საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა. ჩემთვის ეს ძალიან დიდი სიხარულია.
ნანა ჯენილიძე: – ჩემთვის პერსონალურად ეს რეტროსპექტივა არის სხვა ქვეყანაში საკუთარი კულტურით გასვლა, რადგანაც საქართველოს ყველაზე ძლიერი იარაღი რაც აქვს, ესაა მისი კულტურა, რომელიც უამრავ საუკუნეს ითვლის. ეს კულტურა კი აკუმულირებულია ქართულ კინოში, რომელიც 1907 წლიდან იწყება და დღევანდელ დღემდე მოდის. ქართულ კულტურას ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს, ამიტომ "ქართული კინოს აღმოჩენა" ჩემთვის ის კულტურული დესანტია, რომელიც სხვა ქვეყანას თავისი კულტურით იპყრობს. არასოდეს გვიან არ არის ამის გაკეთება, მთვარია ერთი მხურვალე მაყურებელი მაინც, რომ ეს დაინახოს და ეს მარცვალი აუცილებლად გაღვივდება. რადგანაც ამგვარი პროექტების წარდენა გვიან არასოდესაა, ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ასეთი დესანტის გაგზავნისთვის. მე ვფიქრობ, რომ ქართული კინო კულტურის ის დესანტია, რომელიც ყოველთვის მზადყოფნაშია, რადგანაც ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ სამოციანებში შექმნილი გენიალური კინო, ეს მაინც იქნებოდა განვლილი ეპოქა. მაგრამ როცა შენ გყავს გიორგი ოვაშვილი, ლევან კოღუაშვილი, რუსიკო ჭყონია, ნანა ექვთიმიშვილი და ისინი უკვე იმდენი არიან, რომ ჩამოთვლაც მიჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის უძლიერესი ძარღვი, რომელიც ფეთქვას, რომელიც ცოცხალია და რომელიც გამოწვევებს ახალი ფილმებით პასუხობს. ეს პროექტი ვაშინგტონში, ტორონტოში მიემგზავრება. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ქართული ფილმები მოთხოვნადია.
მიხეილ გიორგაძე: - (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი): – საქართველოს კულტურის სამინისტრო "ქართული კინოს აღმოჩენის" ფინანსური და ორგანიზაციული თანამანაწილეა. ამ პროექტის ჩანაფიქრი 25 წლის წინ დაიბადა და დღეს იგი შესანიშნავი ადამიანების იუტე იენსენისა და სიუზან ოქსტობის გამოისობით განხორციელდა კიდეც. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართული ფილმების შესახებ სხვადასხვა ქვეყნების კინოარქივებში ინფორმაციას აგროვებდნენ და ეს პროცესი ორ ათწლეულზე გაიწელა. ეს პროექტი მაყურებლის წინაშე 2008 – ში უნდა წარდენილიყო, მაგრამ ომი დაიწყო. მათ ამ ჩანაფიქრს მაინც არ დაანებეს თავი და ამისთვის მათი დიდი მადლობლები ვართ.
ჩემთვის "ქართული კინოს აღმოჩენა" ქართული ხელოვნებისა და კულტურის საზღვარგარეთ გატანის კარგი შანსია. ჩვენი კინოინდუსტიისთვის ამგვარი ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენებას აქ არა მხოლოდ კინომოყვარულები, არამედ ამერიკული კინოინდუსტიის წარმომადგენლებიც ესწებიან ხოლმე. მათ საქართველოს უკეთ გაცნობის სურვილი აქვთ. ასევე დიდია საქართველოში ინვესტირების სურვილიც; რომ მათ ფილმები ჩვენთან გადაიღონ. საქართველოში პრაქტიკულად ყველანაირი კლიმატური ზონაა, პატარა მანძილებია, ტერიტორია გადასაადგილებლად მოსახერხებელია, გადასახადები დაბალია, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით მუშახელი იაფია და ა.შ. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ფორუმები საქართველოში კინოწარმოების გააქტიურების მასტიმულირებელი გახდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კინოინვესტორებისთვის იგეგმება გარკვეული საკანონმდებლო წახალისებები და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ. ამ პაკეტს მთავრობას წარვუდგენთ და ვფიქრობ, ეს იქნება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. დღემდე არსებობდა იმის პრობლემა, რომ ჩვენ ჩვენი კინოფილმების ასლები არ გვქონდა და იგი მოსკოვში "გოსფილმფონდში" ინახებოდა, მაგრამ მალე ამ პრობლემასაც მოევლება. სამომავლოდ უამრავი პროექტია განსახორციელებელი, დაწყებული საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოფენების მოწყობითა და ჩვენი ფოლკლორის/პოლიფონიის გაცნობით დამთავრებული.
24საათი
8.10.2014
No comments:
Post a Comment