Sunday, January 18, 2015

უტა ბექაიას "ორსახოვნება"




ნიუ იორკში, მანჰეტენის ცენტრში, გვიან საღამოს URBAN GARDEN –ის დიდი "მინის სახლის" პირველ სართულზე უჩვეულო Art-A-Porter სანახაობა გაიმართა, რომელზე დაკვირვებაც მხოლოდ ქუჩაში მოსიარულეებს შეეძლოთ – შემთხვევით გამვლელებსაც და სანახობაზე სპეციალურად დაპატიჟებულებსაც. სხვადასხვა ფერის უცნაური ფორმის კაბებსა და კოსტუმებში გამოწყობილი, ნიღბიანი მსახიობები "გაორებას" განასახიერებდნენ. Duality – ასე ერქვა პერფორმანსს, რომლის ავტორი მხატვარი უტა ბექაია გახლავთ და რომლის დიზაინით შექმნილ კოსტუმებსაც დადგმის მონაწილეები წარადგენდნენ, მათ შორის – ქართველებიც.



– 2014 წელს სწორედ ამ პროექტზე ვმუშაობდი და ჯერ კიდევ ვმუშაობ. – ამბობს უტა ბექაია. – მანამდე "გაორებამ" კანადაში იმოგზაურა, მერე იგი ნიუ იორკში ბრაიანტ პარკში აჩვენეს სუსან ბარტშის კურატორობით შექმნილ “ანტი მოდის ფესტივალზე" (სახელად “Art -A - Porter “), რომელიც ნიუ იორკის მოდის კვირეულის პარალელურად მიმდინარეობდა. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან საიტერესო იყო, რადგან პირველად მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი პროექტი ქუჩაში, თან ხალხმრავალ ალაგს გამეტანა და ადამიანებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში მეჩვენებინა. პროექტზე The Dulaity ეხლაც ვმუშაობ და მას კვლავ ნიუ იორკში მალევე წარვადგენ, ოღონდ ამ ჯერად, როგორც სპექტაკლს.


– თუ სწორად მახსოვს, არც ისე დიდი ხნის წინათ თეატრის დეკორაციებსაც ქმნიდით. ახლა შეიცვალა რაიმე? ძირითადად ტანსაცმლის დიზაინზე გადახვედით?


– თეატრში ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე, დიდი გამოცდილებაც შევიძინე, ბევრი რამ ვისწავლე. ყველაზე მეტად კი დისციპლინა და, ასე ვთქვთ, სტრესული სიტუაციებიდან სტრესის გარეშე ადვილად “გამოძვრომაც". გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხდი, რომ აღარ მინდა სხვის ხედვას (კერძოდ კი, რეჟისორის) შევასხა ფრთები, არამედ – ჩემსას. ამერიკელებს ძალიან კარგი გამოთქმა აქვთ: Control Freak, რაც ნიშნავს ადამიანს, რომლისთვისაც აუცილებელია ყველაფერი კონტროლის ქვეშ ჰქონდეს. ჰოდა, მე, როცა ვმუშაობ, სწორედ ასეთი ვარ. არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი. ალბათ, ორივე. ამიტომ გადავწყვიტე ნაკლებად მემუშავა თეატრებში და ფილმებზე, თუ რა თქმა უნდა ისეთი პიესა ანდა სცენარი არ არის, რომელიც ძალიან მომწონს და სრული თვითრეალიზაციის საშუალებას მომცემს. ამჟამად მე უფრო პერფორმანსს ვდგამ, ვიდრე ტანსაცმლის დიზაინს ვქმნი. ვცდილობ სამოსი გამოვიყენო როგორც თვითგამოხატვის საშუალება, როგორც მედიუმი.


–ბრიტანეთსა და კანადაში რა სახის კოლექცია წარადგინეთ?


– მთელი 2013 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ პროექტზე ვიყავი კონცენტრირებული. ამის საშუალება კი იშვიათად მეძლევა ხოლმე. ამ პროექტს ერქვა "იასამნისფერი მასხარა" (The Purple Jester). თემატურად ეს პერფორმანსი შუა საუკუნეების უვროპული კულტურით, კერძოდ კი ჰერონიმო ბოსხის ნამუშევრებით იყო შთაგონებული. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რადგან პირველად ცხოვრებაში თანმიმდევრობას, მოძრაობასა და რეჟისურას იგივე ყურადღება მივაქციე, როგორიც – ვიზუალური მხარის განვითარებას. ეს პროექტი Ideal Glass –თან ერთად გაკეთდა, იმ არტ


– სტუდიასთან ერთად, სადაც მე ამჟამად ვმუშაობ. სხვათა შორის, ამ სპექტაკლის პრემიერა თბილისში, "თბილისის მოდის კვირეულის" (2013) ფარგლებში შედგა და ერთ – ერთი ნაწილი პერფორმანსადაც წარვადგინეთ. შემდეგ ნიუ იორკში "უილიამსბურგის მოდის კვირეულზეც" ვაჩვენთ; შემდეგ მაასტრიხტში, ჰოლანდიაში, ძალიან საინტერესო მოდის ფესტივალზე სახელად Fashion Clash. ასევე ვაჩვენეთ პარიზში, პერფორმანსის თეატრის ცენტრში სახელად Le Guillotine; ტორონტოში FAT ფესტივალზეც და ინგლისში "ბრაიტონის მოდის კვირეულზეც".



– როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა Ideal Glass – თან, არტ სტუდიასთან, რომელმაც ამას წინათ თავისი კედლები ლევან მინდიაშვილის ნახატსაც დაუთმო?



– თანამშრომლობა Ideal Glass- თან 2010 წელს დავიწყე. მაშინ გავიცანი ვილი, კაცი, რომელიც ამ სივრცეს განაგებს. ეს ადამიანი ჩემთვის ნიუ იორკის სახეა, გარეგნობითა და აქცენტით დაწყებული, ვიდრე ბოჰემური ცხოვრების სტილით დამთავრებული. ოთხი წლის მანძილზე უამრავი პროექტი ერთად შევქმენით. ჩემთვის Ideal Glass მართლაც "იდეალური შუშის" არტ – ჯგუფია, რომელიც შედგება ვილ მორგანის, მუსიკოს ჯონ სილივანის, ფოტოგრაფ აიაკამეის, ვიდეოგრაფ ჯესი სტედის და თქვენი მონა მორჩილისაგან. აგრეთვე გყავს არტისტები, რომლებიც სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობას იღებენ.

ძალიან მიყვარს პრემიერის, პრეზენტაციის დღე. მზადების პერიოდში ზედმეტი ემოციებისა და დაღლილობის გამო ტრანსში ვვარდები ხოლმე. მე ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მაშინვე ვგრძნობ, რომ მაყურებლის უკუკავშირი კარგია, მედიაც ჩემს პროექტებს პოზიტიურად აშუქებს. ასევე ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა უფრო მეტმა არტ – კრიტიკოსემა შეაფასოს ჩემი ნამუშევარი, რაც თავისთავად უფრო მეტად განვითარების საშუალებას მომცემდა.



– თქვენი არაერთი პროექტი შუა სკუნეებითა და კარნავალური ესთეტიკითაა ნაკარნახევი. რა გახდა მათი შექმნის მოტივატორი?



– ნამდვილად მაქვს ზეგავლენა მასკარადისა და ეთნიკური ესთეტიკის. თუმცა, ზუსტად ვერ გეტყვით



– რატომ. თუ გავაანალიზებ, ალბათ, ეს დაკავშირებულია ჩემ ბავშვობასთან, ფერებთან, რომლებსაც ვხედავდი; ზღაპრებთან, რომლებსაც ვკითხულობდი; სერგო ფარაჯანოვის ფილმებთან; ბებიაჩემის სახლთან სამეგრელოში...

პატარაობიდან ვოცნებობდი, რომ ბევრი მემოგზაურა და თანაც ყველგან ჩემი ნამუშევრები მეჩვენებინა. მე მგონი, კოსმოსში სწორედ ამ სურვილის პროეცირება მოხდა და ასე თუ ისე ამიხდა კიდეც. მე მგონი, ყოველთვის ასეა – რასაც ითხოვ, იმას იღებ. …..



– რამდენად აქვს ნიუ იორკსა და მის აურას გავლენა თქვენს შემოქმედებაზე?



– ნიუ იორკი ჩემი სახლია. შეიძლება ითქვას, რომ მე ამ ქალაქში გავიზარდე (1998 წლიდან აქ ვარ) და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აქ გავატარე. რა თქმა უნდა, მას ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩემზე. ისე მოხდა, რომ ჩემში იმ ორი საპირისპირო საწყისის შეერთება მოხდა, როგორიცაა თბილისი და ნიუ იორკი. ქართული ინფანტილიზმი, სამყაროს ეზოთერული და არალოგიკური აღქმა გაერთიანებული ამერიკული სრულყოფილი პროდუქციის შეფუთვასთან და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომასთან. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამას ვაცნობიერებ. ჰოდა, ეს ბოლო პერფორმანსი, რომელსაც "ორსახოვნება" ჰქვია, სწორედაც ამ თემაზეა. ეს პროექტი კი 2013 – ში ამ ჩემი ლექსით დაიწყო :



ორ სამყაროში,

ვეძებ ერთ ბოლოს

ვეძებ თანხმობას



პარალელებში

ვეძებ მსგავსებას,

და მთლიანობას



ორ გასმულ ხაზში

ვცდილობ შუაგულ

სივრცის ავსებას



და ორად ყოფილს

მინდა შერწყმული

ერთის გაგება.










ლევან მინდიაშვილის ფოტოები
24საათი   01.05.15


No comments:

Post a Comment