Wednesday, December 24, 2014

ქართველები Blue Note Jazz Festival–ზე




წელს ნიუ იორკში Blue Note Jazz Festival (ცისფერი ნოტის ჯაზ – ფესტივალი) მეოთხედ ჩატარდა და ტრადიციულად, მთელი ,,ვაშლის ქალაქი’’ მოიცვა. ფესტივალის ფარგლებში არეტა ფრანკლინი Radio City Music Hall - ში გამოვიდა, ბობ მაკფერინი და ქუისტლავი, მაიკლ მაკდონალდი და რეგი უატსი The Town Hall -ში, მაიკლ ბოლტონი - Lehman Center for the Performing Arts–ში, მარკუს მილერი -Highline Ballroom–ში, სერჟიო მენდესი B.B. King Blues Club & Grill – ში, Dizzy Gillespie™ Afro Cuban Experience feat. Machito Jr., ჯეფ ლორბერ ფუსიონი და ენდი ბეი – Blue Note Jazz Club-ში და ა.შ. იმ დღეებში 80 –ზე მეტი სოლო შემსრულებელი და ბენდი, შეიძლება ითქვას, იმისთვის შეიკრიბა, რომ ჯაზისა და ნიუ იორკის ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ჯაზ-ტერიტორიის Blue Note Jazz Club არსებობა ეზეიმა.

1981 წელს ჯაზის დიდმა ფანმა, დენი ბენსუსენმა, გრინვიჩ ვილიჯში "ცისფერი ნოტის ჯაზ – კლუბი" დააარსა; მოგვიანებით კი მისმა შვილმა, სტივენ ბენსუსენმა მამის ბიზნესი გააფართოვა და Blue Note Jazz Club -ის გარდა კიდევ არანაკლებად ცნობილი ჯაზ-კლუბებისა და რესტორნების მფლობელი გახდა. წლების განმავლობაში აქ მოდიოდნენ დიზი გილესპი, ოსკარ პიტერსონი, სარა ვაუგან, ლაიონელ ჰამპტონი, რეი ჩარლზი, დეივ ბრუბეკი, უინტონ მარსალისი, ჩიკ კორეა, კით ჯარეთი, ქრის ბოტი. მოგვიანებით, სტივენ ბენსუსენმა Blue Note Jazz Club ოკენისგადაღმაც – მილანში, ტოკიოსა და იაპონიის კიდევ სამ ქალაქში გახსნა. კლუბის არსებობიდან ოცდაათი წლის თავზე (2011) კი მან Blue Note Jazz Festival დააარსა, რომელიც ნიუ იორკის ყველაზე ავტორიტეტულ ჯაზ–მოვლენად გადაიქცა. გარდა ამისა, 2000 წელს Blue Note Entertainment Group –მა "თაიმს სქვერზე" გახსნა "ბიბი კინგ ბლუზ ქლაბი", რომლის მუსიკალური გემოვნება ჯაზს გასცდა და თავის სცენაზე პოპისა და ჰიპ–ჰოპის ვარსკვლავების მოწვევაც დაიწყო. შვიდი წლის შემდეგ კი ჩელსიში სტივენ ბენსუსენმა გახსნა Highline Ballroom, სადაც გამოდიოდნენ პოლ მაკარტნი, სტივ უანდერი, კარლოს სანტანა, ემი უაინჰაუსი, ლედი გაგა, ჯასტინ ბიბერი; 2012 – ში Blue Note Entertainment Group –მა ვაშინგტონში ახალი სიცოცხლე შთაბერა ოცდაათი წლით დახურულ ლეგენდარულ Howard Theatre–ს, რომლის შენობა აშშ–ის ისტორიულ ძეგლთა სიაშია შეტანილი. ეს თეატრი 1910 წელს თეთრკანიანმა ბიზნესმენებმა დააფუძნეს და მაშინდელი რასისტული ატმოსფეროს მიუხედავად, თეატრის სცენა ძირითადად, მხოლოდ აფროამერიკელ შემსრულებლებს ეთმობოდა. 25 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის შემდეგ ისტორიული Howard Theatre ახალი კურატორებით, ახალი იმიჯითა და ახალი ენერგიით ახალ საკონცერტო მოღვაწეობას შეუდგა. სწორედ აქ დაიწყო თავისი კარიერა დიუკ ელინგტონმა, ელა ფიცჯერალდმა, მარვინ გეიმ და Supremes–მა. Blue Note Entertainment –ის შვილობილი ორგანიზაცია "გრემის" ნომინანტი კომპანია Half Note Records–ია, რომელსაც თავის აქტივში, "ცისფერ ნოტში" გამართული კონცერტების 50 – ზე მეტი ჩანაწერი აქვს, მათ შორის ლეგენდარული ჯაზ– პიანისტის ალფრედ მაკქოი ტაინერისაც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ასევე ლეგენდარულ საქსოფონისტ ჯონ კოლტრეინთან ერთად უკრავდა. 


"ცისფერი ნოტის ჯაზ – ფესტივალს" სტუმრობდნენ Manhatten Transfer, ლათინური ჯაზ – ბენდები, ჯოშუა რედმანი, ჩუჩო ვალდესი, სტენლი კლარკი, ჯონ მაკლაფლინი თავის The 4th Dimension – თან ერთად, ასევე ჰიპ–ჰოპის შემსულებელი იასინ–ბეი და სხვები. წელს, როგორც ყოველთვის, ნიუ იორკში ჯაზი ინტრენაციონალური შემადგენლობით წარსდგა. ალბარი მაროკოელი ვირტუოზი გიტარისტია, რომელიც ისრაელსა და საფრანგეთში გაიზარდა. იგი მუსიკოსობის გარდა, ბიზნესმენიც გახლავთ და კომპანიის - "ავსტრალიის ჯაზის ჯილდოების" დამაარსებელიცაა. პიანისტი მაიკლ კალამო, დომენიკის რესპუბლიკიდან, 16 წლის იყო, როცა ადგილობრივ ნაციონალურ სიმფონიურ ორკესტრს შეუერთდა; იაპონელი პიანისტი და კომპოზიტორი ჰირომი, რომლის მასწავლებელიც გახლდათ ლეგენდარული ამერიკელი კომპოზიტორი და პიანისტი, აჰმედ ჯამალი, თავისი ტრიოთი წარსდგა. ჰირომი ტრადიციულ ჯაზს, სხა სტილისტური ჟანრის მუსიკასაც უკრავს და მსოფლიოში ერთ – ერთ ყველაზე პროდუქტიულ მუსიკოსად ითვლება. ფესტივალზე ჯაზ– მუსიკის მოყვარულებს ასევე შანსი მიეცათ, მოესმინათ ლეგენდარული მომღერლისა და პიანისტისთვის, ჯონ კოლტრეინის საყვარელი ვოკალისტისთვის, 75 წლის ენდი ბეისთვის, რომლის ოთხოქტავიან ბარიტონს ჯაზის სამყაროში უნიკალურ კულტურულ ფენომენს უწოდებენ. შარშან ენდი ბეის ალბომმა The World According to Andy Bey "გრემის" ჯილდოც დაიმსახურა. ჰოდა, ამ მუსიკოსებს შორის Blue Note Jazz Clab– ში ქართველებიც წარსდგნენ: პიანისტი ბექა გოჩიაშვილი და მისი ბენდი Beka and DJ Logic. ბექასა და მის მეგობრებზე ცნობილმა მუსიკის ამერიკელმა კრიტიკოსმა და გაზეთის Jazz Times მუდმივმა მიმომხილველმა ბილ მილკოვსკიმ (ჯო პასტორიუსის, კით რიჩარდსის ბიოგრაფიის, წიგნის "ჯაზის ლეგენდები" და სხვათა ავტორი) თქვა: "ახალგაზრდა ვირტუოზების ეს გუნდი იმ ენერგიითა და იდეებით გავსებს, რომელიც მუსიკას ახალი, ამაღელვებელი მიმართულებით ავითარებს. ბად პაუელი ცოცხალი რომ იყოს და მინიმუგზე უკრავდეს, ალბათ, სწორედ ამდაგვარად დაუკრავდა". ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა და მიკროტონალური მუსიკის ფუძემდებელმა დეივიდ ფიუზინსკიმ ჩემთან საუბარში კი აღნიშნა, რომ "ბექა გასაოცარი მუსიკოსია" და იმედი აქვს, რომ ოქტომბერში თბილისში გამართულ ჯაზ–ფესტივალზე მას აუცილებლად შეხვდება. ფესტივალზე ბექამ და მისმა ბენდმა მუსიკალური კომპოზიციები ალბომიდან Chillin' in Batumi (2013) შეასრულეს. კონცერტში მონაწილეობდნენ ჯეიმს ჰარტი (სინთეზატორი და ვოკოდერი), ჯილილ შაუ (ალტსაქსაფონი), ვიქტორ ბეილი (ელექტროგიტარა), ჯასტინ ტაისონი (დასარტყამი ინსტრუმენტი). ასევე კალიფორნიელი ვოკალური პერკუსიონისტი (Beatbox) ბატერსკოჩი (ანტოინეტ კლინტონის სასცენო სახელი), რომელიც ბათუმში "შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალზე" (2012) გახლდათ და ბექა სწორედ იქ გაიცნო. გარდა ამისა Beka and DJ Logic–მა თავის გამოსვლაში ჩართო სალომე კორკოტაშვილიც, რომელმაც ირაკლი ჩარკვიანის ერთი სიმღერა შეასრულა. ერთგვარი მოულოდნელობა იყო ჯაზ – ბენდისა და ჰიპ – ჰოპის შემსრულებლის კალიფორნიელი რასარ ამანის (www.soundcloud.com/rasarmusic) ერთობლივი კომპოზიციები, რომლებმაც, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი სამუსიკო მიმდინარეობები ძალიან ჰარმონიული ჟღერადობით წარადგინა. რასარ ამანმა გვიამბო, რომ ბექა თავისი მეგობარი ბატერსკოჩის საშუალებით გაიცნო, რომელიც ქართველი შემსრულებლის ალბომის Chillin' in Batumi – ის რამდენიმე კომპოზიციას ასრულებდა.

 – ბატერსკოჩმა მითხრა, რომ იგი ნიუ იორკში მიფრინავს იმისთვის, რომ იმუშაოს ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა კაცთან, მაგრამ მაშინ დიდად არაფერი მიკითხავს, – ამბობს რასარი, – ზაფხულში კი ბატერსკოჩმა მირჩია, რომ Chillin' in Batumi მომესმინა და მენახა, თუ შევძლებდი რომელიმე კომპოზიციის გარეპვას. როცა ნიუ იორკში ჩავფრინდით, მე უბრალოდ, ჩუმად ვიჯექი ოთახში იმ დროს, როცა ბენდს რეპეტიცია ჰქონდა. მე და ბექას მანამდე არ გვისაუბრია და არც არავინ იცოდა, რომ მე არტისტი ვარ. უბრალოდ, იქ ვიჯექი. უცებ ბატერსკოჩმა დამიძახა, კომპოზიციის შესრულებაში ჩაერთეო. ბექა ძალიან გახარებული იყო და მითხრა, რომ მე Blue Note Jazz Festival –ზე მათთან ერთად უნდა გამოსვულიყავი. ჩვენს გამოსვლამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე შევხვდით ერთმანეთს და ისეთი განცდა მეუფლებოდა, რომ ჩვენ კარგა ხნის ნაცნობები ვიყავით. ბექა ისეთი ნიჭიერია! ასევე თითქმის არარეალურია, როგორი ადვილია ეს მისთვის! მას შეუძლია ილაპარაკოს და იცინოს ისეთ რამეზე, რაც მუსიკას არ უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს, ცალი ხელით განსაცვიფრებელი მუსიკა დაუკრას. ბექა ძალიან ხალისიანი ადამიანია და ყოველთვის ხუმრობს. ძალიან მიყვარს ბექასთან ერთად შესრულება, რადგანაც იგი მრავალმხრივ ნიჭიერია, ძალიან ემოციურია და ყოველთვის გრძნობს მუსიკას. ბექა გოჩიაშვილი არის გენიოსი.

 – ამ შეხვედრამდე საქართველოს შესახებ რაიმე იცოდით?

– მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ არსებობდა ჯორჯიის შტატი. ბექასთან შეხვედრამდე ძალიან ცოტა რამ ვიცოდი საქართველოს შესახებ. არ ვიცოდი, თუ საქართველოში ასე უყვარდათ ჯაზი. ბექამ თვალი ამიხილა.

 – ჯაზისა და ჰიპ–ჰოპის დამეგობრებას როგორ უყურებთ?

– ჯაზი და ჰიპ–ჰოპი მშვენივრად თანაარსებობენ, რადგან ჰიპ–ჰოპი ჯაზის შვილია. ჰიპ–ჰოპი მას მერე მოვიდა, რაც გაჩნდა ჯაზი, ბლუზი, ფანკი, სოული, დისკო, House Music და ყველა ამასთან დაკავშირებული მუსიკალური ფორმა. ყველა ჩემი საყვარელი არტისტი ჯაზსა და ჰიპ – ჰოპს მშვენივრად კომბინირებს. ესენი არიან: Guru, A Tribe Called Quest, Gang Starr და სხვა უამრავი რეპერი, რომლებსაც ჯაზ – მუსიკა გარეპული აქვთ. ერთ–ერთი პირველი ჩემი ალბომი იყო ქუინსი ჯონსის " "Back On the Block". ქუინსი ჯაზის ნამდვილი ლეგენდაა, მაგრამ მან იცოდა, რომ ჰიპ–ჰოპი იმ პერიოდის თაობის ხმა იყო, ამიტომაც თავის კომპოზიციებში ბევრ რეპერს რთავდა, მაგალითად, ისეთებს, როგორებიც არიან Kool Moe Dee, Big Daddy Kane, & Ice-T. აგვარმა დამოკიდებულებამ მუსიკის შესახებ ჩემი პირადი წარმოდგენა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში შემიქმნა. როცა სამი წლის ვიყავი, ჩემი საყვარელი ჯაზ – სიმღერას ერქვა Compared To What (ლეს მაკქანისა და ედი ჰარისის კომპოზიცია). ჯაზ– მუსიკოსებთან ერთად ბევრს ვრეპავ და ჩემს კარიერას ასე ვავითარებ. მიყვარს, როცა ჯაზის აუდიტორია ასეთი ყურადღებიანია. ჩემი ლირიკა და ვოკალური ნიმუშები რთულია და ამიტომაც მას მახვილი ყური სჭირდება, რათა აღიქვან ის, რასაც ვაკეთებ. მესაყვირეებისგან გამიგია, რომ ისე ვრეპავ, თითქოს საყვირზე ვუკრავ. დღის ბოლოს კი – ეს ნამდვილი მუსიკაა. როცა თავს კარგად გრძნობ, იცი, რომ სწორად აკეთებ იმას, რასაც აკეთებ.

 – ბექასთან ერთად სამომავლო გეგმებიც ხომ არ დაგეგმეთ?

– იმედი მაქვს, რომ ბექასთან ერთად მის შემდგომ ალბომზე Beka & Logic Project ვიმუშავებ. მანამდე კი ბატერსკოჩთან ერთად ტურნეში მივემგზავრები, რადგან იგი თავის სადებიუტო ალბომზე მუშაობს. ამჟამად, საკუთარ ორ ალბომს ვწერ; ერთ–ერთი ჯაზის გავლენით შეიქმნა. ამ ალბომს დაერქმევა "ღვთიური მეცნიერება". იგი ჩემი და პროდიუსერის, Styles 1001 – ის გუნდის, Mellow Nine ის ერთობლივი ნაწარმოები იქნება.

21.09.2014
24 საათი










No comments:

Post a Comment