იმ საღამოს "ბლუ ნოუთ ჯაზ ქლაბში" შესვლამდე ერთი საათი გარეთ გვალოდინეს. ღამის 11 საათის წინასაახალწლო ნიუ იორკი იყო ძალიან ცივი და სუსხიანი. წინასწარ შეკვეთილი ბილეთების ნიშნად ქაღალდის სამაჯურები ხელზე გაგვიკეთეს და შეგვპირდნენ: ნუ გეშინიათ, არ გაგყინავთ, კლუბის კარი მალე გაიღებაო. ვიღაც დიდი, ზორბა, პომპონიან ფერადნაქსოვქუდიანი, მაღალი აფრო – ამერიკელი, ჯინსის დიდ კომბინიზონში, შიშველი ყელითა და თითებგადაჭრილ ხელთათმანებიანი, მთელ ჩვენს გრძელ რიგს დაუყვა და თითოეულთან ჩერდებოდა, ადგილზე ხტუნავდა, ტრიალებდა, ასკინკილით დახტოდა და Jingle Bells და White Christmas–ს გვიმღეროდა თავისი ჩახრინწული, როხროხა, სპირტისუნიანი, ალა – ლუის ამსტრონგის ხმით, თან პლასტიკატის ჭიქაში ჩაყრილ ხურდებს მთელი ძალით აჩხარუნებდა იმის ნიშნად, რომ მისი სოლო – აკაპელა შესრულება ანაზღაურებას მოითხოვდა...ჩემ შემდგომ ვოკალური მონაცემები და გამდიდრების წადილი ასე ათ ადამიანზე ეყო... მერე უცებ უკან მობრუნდა, იქვე, ჩემ წინ ტროტუართან მოქანებულ შავ დიდ ჯიპში, რომლის კარიც გაიღო და იქიდან ხმამაღალი ჰიპ–ჰოპი ყურისწამღებად გამოვარდა, ეს ჩვენი "ბლუ ნოუთს" გარეთ მოღვაწე მომღერალი სიცილით უცებ წინ შეხტა, ოღონდ ხურდის ჩხარუნის გარეშე, მანქანა დიდი სიჩქარით დაიძრა, ოდნავ მიძინებული ქალაქის ფერებში გაუჩინარდა და დაგვტოვა გაკვირვებულნი, გაწბილებულნი კრის ბოტის კონცერტის "მოთელვის", სიცივისგან ერთ ადგილზე მოხტუნავე მოწმეები. მანქანა სულაც არ ჰგავდა უსახლკაროთა "თემის" ფუფუნებამოკლებულ გადაადგილების საშუალებას.
გრძელ მაგიდასთან, რომელიც პირდაპირ სცენას უერთდებოდა, შემთხვევით აღმოვჩნდი პოლონური წარმოშობის მსახიობ შაუნა ჰამიქთან ერთად, რომელიც კრის ბოტის მეგობარი სტინგის მონაწილეობითა და სტინგის მუსიკალური გაფორმებით დადგმული ბროდვეის შოუში "უკანასკნელი გემი" ერთ–ერთი როლის შემსრულებელი აღმოჩნდა. მგონი, ჩემს მეხსიერებაში ის მაგიდა ერთადერთი ადგილი იყო, სადაც უცნობ ადამიანებთან არ დამჭირდა იმის ახსნა, თუ რომელი გეოგრაფიული ერთეულიდან ვარ, იქვე ბროდვეის შოუზე მიპატიჟებაც მივიღე, შაუნამ კი – კრის ბოტისგან მიძღვნილი კომპოზიცია, ჩვენ კი – მისი მეშვეობით ჩვენი მაგიდისადმი სცენაზე მყოფთა განსაკუთრებული ყურადღება. კრის ბოტის ბენდი იმ საღამოს იმ შემადგენლობით იყო, რომლითაც ოქტომბერში საქართველოში ჩავიდა. ბილი კილსონი – დასარტყამი ინსტრუმენტები, არიანა ვარშავ–ფანი – ვიოლინო, ბილი ჩილდსი – ფორტეპიანო, ბენ ბუტლერი – გიტარა, რიჩი გუდსი– კონტრაბასი, ენდი ეზრინ – კიბორდი, საია სმითი და ჯორჯ კომსკი – ვოკალი.
2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც კრიტიკოსების მიერ ძალიან კარგად მიღებული ალბომი "როცა მიყვარდება" გამოვიდა, კრის ბოტი ამერიკის ყველაზე სახელგანთქმული მესაყვირე გახდა როგორც პოპ, ასევე ჯაზ სამყაროში. "გრემის" მფლობელი, "ბილბორდის" მრავალგზის მეწინავე მუსიკოსის კარიერის აღმავლობა მის ცხოვრებაში პოლ სიამონის გამოჩენამაც (1990) განაპირობა. კრის ბოტი გამოდიოდა არეტა ფრანკლინთან, ფრენკ სინატრასთან, ბარბარა სტრეიზანდთან, ანდრეა ბოჩელისთან, სტივენ ტაილერთან, ჯოშუა ბელთან, ნატალი ქოულთან, ბეტი მიდლერთან, ჯონი მიტჩელთან, ჰერბი ჰენკოკთან, მარკ კნოპფლერთან, დეივიდ ფოსტერთან და სხვა ცხნობილ მომღერლებთან, მუსიკოსებთან თუ სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად, მათ შორის, "კარნეგი ჰოლში", "ჰოლივუდ ბოულში", სიდნეის ოპერასა და იტალიის სან კარლოს თეატრში. განსაკუთრებით წარმატებული აღამოჩნდა მისი სასცენო დუეტი სტინგთან ერთად. მასთან ერთად ბოტი საქართველოსაც ესტუმრა. ამჯერად კი ლეგენდარულ "ბლუ ნოუთში"( სადაც შარშან ზაფხულში ბექა გოჩიაშვილი თავის ბენდთან Beka and DJ Logic ამ კლუბის მიერ მოწყობილ ფესტივალზე უკრავდა), იგი წარდგა ე.წ. სადღესასწაულო სტუმრობით (რომელიც 'ბლუ ნოუთში" ბოტისთვის რიგით უკვე მეათეა). კრის ბოტის საახალწლო კონცერტებს The Wall Street Journal– მა "დიდი ვაშლის საახალწლო ქმნილება" უწოდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ცნობილი მესაყვირე თავისი კონცერტის სტუმრებს ექსპრომტად წარადგენს და მათთან ერთად კომპოზიციებსაც ასევე ექსპრომტად ასრულებს, მაგალითად, სტინგსა და ჯონ მაიერთან (2011) ერთად.
" მთელი ამ წლების განმავლობაში" ბლუ ნოუთში" მოსვლა ჩემთვის იგივეა, რაც სახლში დაბრუნება, – ამბობს კრის ბოტი. – საუკეთესო ქალაქი, საუკეთესო კლუბი, შესანიშნავი ადამიანები"...
Blue Note Jazz Club ნიუ იორკის ის ადგილია, სადაც მთელი მსოფლიოდან ჯაზის მოყვარულები ჩამოდიან, ახალი წლის დადგომას კი ეს ჯაზ – კლუბი უკვე ბოლო ათი წელია დღეში კრის ბოტის ორი კონცერტით ხვდება. არც მესაყვირე იშურებს ფულს, როგორც თავად ამბობს, საუკეთესო მუსიკოსების დასაქირავებლად. თან მათ სრულ თავისუფლებას ანიჭებს, განსაკუთრებით - რომელიმე ცნობილი ნაწარმოების შესრულებისას. ასე იყო იმ დღესაც მაილს დეივისის კომპოზიციის აჟღერებისას. "მეტი თავისუფლება, მეტი ჯაზი ყოველ ღამე, მეტი ვარიაცია"... იგი ამბობს, რომ ბენდი იღლება ერთი და იმავე "ჰიტის" შესრულებით, ამიტომაც სჯობს მუსიკოსებს მისცე ნაწარმოების ინტერპრეტაციის უფლება, დიდი მუსიკოსები კი უზადო შესრულებაზე პასუხისმგებლობას თავად აიღებენ ...
– ჩემი ნამდვილი "გრემი" არის ყოველ ღამე სცენაზე გამოსვლა. – ამბობს ბოტი. – "გრემიმ" ყველა კარი გამიღო? კი, ნიუსებში თქვეს, რომ "გრემის" მფლობელი ვარ, მაგრამ სცენა უფრო მეტია, ვიდრე ეს. სად მიდევს "გრემი"? ჩემს ოფისში სხვა ჩემს ჩანაწერებთან ერთად. ამას წინათ ვიყავი 25 "გრემის" მფლობელ ვინს გილთან. დეივიდ ფოსტერს კი სახლში "გრემები" ყველგან უდევს, პიანინოზე, ბუხართან, ყველგან! სტინგიც ამ დღეშია. გაგეცინება ადამიანს. ეს მუსიკოსები ჩემი ახლობლები არიან... რაც შეეხაბა ნიუ იორკს: მშვენიერია, როცა შეგიძლია წლის საუკეთესო დროს ჩაჯდე თვითმფრინავში, მსოფლიოში ყველაზე მაგარ ქალაქში ჩაფრინდე და მსმენელს 21 დღეში 42 შოუ აჩვენო. "ბლუ ნოუთი" არაჩვეულებრივი ადგილია და მიხარია ამ ბედნიერების გაზიარება ჩემს მეგობრებთან, მსმენელებთან, ფანებთან ერთად.
"ბლუ ნოუთის" გარეთ ლოდინასას გონებაში წინასწარ დავაწყვე კიდეც რიგითობით, თუ რას დაუკრავდა კრის ბოტი პირველ სამეულში. ვიცოდი, რომ პირველი იქნებოდა – Emmanuel, მერე – En Aranjuez Con Tu Amo, მერე – Cinema Paradiso. ჰოდა, დაემთხვა კიდეც. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც "პარადიზო" მიყვარს, რადგანაც ბოტის საყვირის ფონზე თითქოს ხელახლა ვუყურებ ჩემს საყვარელ ფილმს და სალვატორე დი ვიტას სინემაზე შეყვარებულ თვალებს.
მუსიკალურ ნომრებს შორის კრის ბოტი ყვებოდა თავის ახლო მეგობრებზე, სტინგსა და დეივიდ ფოსტრეზე, იუმორით წარადგენდა თავის კოლეგებს. პომპეზურად გაგვაცნო უკრაინული წარმოშობის ჯორჯ კომსკი, რომელმაც შეასრულა Italy და Con te Partirò. სასიამოვნო სიურპრიზი იყო კრის ბოტისა და მისი ბენდის მიერ მაილს დეივისის Kind of Blue-ს შესრულება. ბოტი და სტინგი მაილს დეივისის ყოფილ მეუღლესთან, ცნობილ მსახიობ სისელი ტაისონთან მეგობრობენ, რომელსაც, ბოტის სიტყვებით, განსაკუთრებული აურა შემოაქვს, როცა მის კონცერტებს ესწრება.
დასასრულს, როცა ყველა დაიშალა და სულ ცოტანიღა დავრჩით, მუსიკოსებმა მილოცვები, მადლობები მიიღეს, ტანსაცმელიც გამოიცვალეს, ინსტრუმენტები ჩაალაგეს, საათზე ისარი ღამის პირველ საათს გადასცდა... ბოტიმ ყველაზე გამძლეებს ავტოგრაფები დაურიგა. "ჯორჯიის" ხსენებაზე სახეგაბადრულები მიყვებოდნენ, როგორ შეუყვარდათ საქართველო, სადაც, მათი თქმით, გასაოცარი, კეთილი და გენიალური ხალხი ცხოვრობს. საია სმითმა აღნიშნა: მხოლოდ თბილისის "ზარაში" ვნახე ის შარვალი, რომელიც ახლა მაცვიაო; ჯორჯ კომსკისთან უკრაინისა და საქართველოს ამბებზე ვისაუბრეთ, არიანა ვარშავ–ფანიმ რა გემრიელი ხაჭაპური გაქვთო... მე კი ვიდექი, სოციალური ღიმილით ვუსმენდი და ვფიქრობდი ამ ჩვენს "საგარეო და საშინაო" პოლიტიკის კონტრასტებსა და უკვე დამღლელი უხერხულობის განცდაზე, როცა საცივ – ხაჭაპურულ აღქმას ვერა და ვერ სცდები...
ორშაბათი დგებოდა... "ბლუ ნოუთიდან" წამოსულს ჩემს ფოტოაპარატსა და ტელეფონში კრის ბოტის კონცერტის ჩემი ჩანაწერების მოსმენასა და ფოტოების თვალიერებაში გართული შეცდომით სულ სხვა მატარებლის ვაგონში შევედი და იქ ბექა გოჩიაშვილი დამხვდა. ვუთხარი, რომ ახლახან "ბლუ ნოუთის" "რეზიდენტს" კრის ბოტის ვუსმენდი – მეთქი, მერე ნიუ იორკის ცხელი ზაფხულის ღამეს ბექას კონცერტიც გავიხსენეთ.
მარკეტინგული სისინისგან, დავიდარაბისგან დაღლილი, მიძინებული, ჯაზბწკარედში დაკარგული ნიუ იორკი უჩვეულოდ ცარიელი, გარინდული იყო და ძილშიც კი ჯაზის სიხშირეზე გადართული...
1.19.2015
24saati.ge
No comments:
Post a Comment