ბრუკლინის ისტორიულ უბანში "პარკ სლოუფ" ას წელზე მეტია დგას რენესანსის პერიოდის სტილში აგებული ფრანგული ვერსალის სასახლის მსგავსი შენობა Grand Prospect Hall, რომელიც წლების განმავლობაში ვიქტორიანულ გლამურთან და ე.წ. მაღალი საზოგადოების შეკრების ადგილთან იყო ასოცირებული. მოოქროვილი, პატარა ანგელოზებიანი კედლები, მარმარილოს სვეტები – კიბეები, მოჩუქურთმებული სახელურები, დიდი, მძიმე, ბროლის ჭაღები; კედლებზე ხის მდიდრულ ჩარჩოებში კლასიკური სტილის ფერწერა, აბრეშუმის მოქარგული ფარდები და ძველებური ავეჯი საოცარ კონტრასტს ქმნიდა იმასთან, რაც ამ პომპეზურ, დიდ მანსარდიან – დიდ დაბრაზებიან შენობაში 16 და 17 იანვარს ხდებოდა. აქ მოსვლა უყვარდათ დიუკ ელინგტონს, სოფი ტუკერს, მეი ვესტს, ენრიკო კარუზოს, ფრედ ასტერსა და ჯინჯერ როჯერსს, ალ კაპონეს და ახლაც თუ "გრანდში" შეივლით იმ ცეკვის კურსებზე, რომელიც იქაა გახსნილი, სავსებით შესაძლებელია ფრენსის ფორდ კოპოლას, იო–იო მას, ვერა ვანგს, ნაომი კემპბელს ანდა ანჟელიკა ჰიუსტონს გადაეყაროთ. ეს უზარმაზარი სივრცე განკუთვნილია სამეჯლისო ცეკვებისთვის, თეატრალური დადგმებისთვის, ქორწილებისთვის, კორპორატიული წვეულებებისთვის, გართობისთვის. რესტორნები და ბარები ყოველ სართულზეა. აქ გამართულ ღონისძიებებზე უკვე მესამე საუკუნეა ჟურნალები The Vogue და Life წერენ.
Zlatne Uste Golden Festival–ი უკვე 30 წელია ნიუ იორკის შტატში ტარდება. წინა კვირას Grand Prospect Hall-ის კედლები ბალკანური და ცენტრალური/ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მუსიკის ფესტივალზე გამომსვლელების, სტუმრების ტემბრისა და ცეკვისგან ზანზარებდა. ცოტა ხნით ადრე აქ მოლიერის "ძუნწი" წარადგინეს, ახლა კი ტრადიციულ ბალკანურ და სხვა ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ფოლკლორული ანსამბლები, მოცეკვავეები, მომღერლები, პროფესიონალები და მოყვარულები მთელს ამ დარბაზებსა და იარუსებზე იყვნენ განფენილნი. სტუმარს წინასწარ დარიგებული განრიგითა და დროის ცხრილის მიხედვით შეეძლო ნებისმიერ "ეთნოსთან" გაჩერებულიყო და მოესმინა ის, რასაც ერთბაშად მხოლოდ ამგვარ დიდ ფესტივალებზე თუ აღმოაჩენ და შეიყვარებ – უნიკალური ხალხური მუსიკის ცოცხლად შესრულებას. გარდა ამისა გამოფენილი იყო ხელთნაკეთი ხალიჩები, ხოლო მუსიკის მოყვარულებს იქვე ნაციონალური სამზარეულოს, სასმელების დაგემოვნებაც შეეძლოთ და არა მხოლოდ ბალკანურის. არამედ, მაგალითად, ბერძნულის და სომხურის. დარბაზებში დიდი მხიარულება, ხმაური, ჟრიამული იდგა, ადამიანები საკუთარ თავს თავადაც ირთობდნენ, მარტოდ მოსულები მარტოდ ცეკვავდნენ, ყოველგვარი კომპლექსის გარეშე ბენდის წინ ჩნდებოდნენ და ჩანთადაკიდებულები რიტმს მიჰყვებოდნენ, უცნობებს საცეკვაოდ იწვევდნენ. ყველა კლეზმერულ მუსიკაზე იწყებდა ხტუნვას და მოძრაობის რიტმულობაში ადამიანებს უზარმაზარი ჭაღიც არ ჩამორჩებოდა. დარბაზები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იყო ადაპტირებული და ისინიც ტრიალებდნენ ეტლებზე, მღეროდნენ, ცეკვავდნენ... ისეთი ამბავი იყო ამტყდარი, რომ ადამიანს ფელინის საყვარელი საფინალო "ბალაგანი" მაშინვე გაგახსენდებოდა.
მღეროდნენ ბულგარელები, მაკედონიელები, ალბანელები, სერბები, თურქები, ბერძნები, ბოშები, უნგრელები, სომხები (მოვისმინეთ ქალთა ტრიოს ძალიან მელოდიური სომხური სიმღერების არტისტული შესრულება), თუმცა ბენდების მიერ შესრულებული კომპოზიციები იმას სულაც არ ნიშნავდა, რომ შემსრულებლები მუსიკის წარმოშობის ქვეყნიდან იყვნენ. მაგალითად, "იელის" უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ბალკანელებმა და არაბალკანელებმა შესანიშნავად შეასრულეს ბალკანური ხალხური სიმღერები, მათ რეპერტუარში ქართული სიმღერაც იყო. ასეთი იყო ქალთა ვოკალური ანსამბლი Slaveya, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ფოლკლორს ასრულებს.
ფესტივალზე ქართული სიმღერები "სუფრულმაც" წარადგინა – ამერიკელი კარლ ლინიქის მიერ შექმნილმა მულტიეთნიკურმა ანსამბლმა, რომელმაც სხავადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები გააერთიანა. Grand Prospect Hall –ში ამერიკელებმა იმღერეს "შვიდკაცა" (გურული), "სუფრული" (ლეჩხუმური), "მასპინძელსა მხიარულსა" (იმერული), "დიდება თარინგზელარეშ" (სვანური), "ოქრომჭედელო" (მესხური), ნადური "გორდელა" (გურული) და "მრავალჟამიერი (იმერული).
- ამა წლის "ოქროს ფესტივალზე" ჩვენს ჯგუფში 16 ადამიანი მღეროდა. წარმოშობით არაბი, ჩინელი, ლიტველი და რუსი ებრაელი. – ამბობს კარლ ლინიქი. – ორ წევრს ქართული სისხლი აქვს. ბებიები ქართველები ჰყავდათ. "სუფრულის" ყველა წევრი ამერიკის მოქალაქეა და ნიუ იორკში ცხოვრობს. პირადად ჩემი წინაპრები კი წარმოშობით გერმანიიდან, იტალიიდან და ნორვეგიიდან იყვნენ.
– რატომ დაარქვით "სუფრული"?
– იმიტომ, რომ ყველაზე გემრიელი სიმღერა სუფრაზე იმღერება და ამავე დროს სიტყვა "სუფრული" ამერიკელებისთვის ადვილი გამოსათქმელია.
– ამ ფესტივალზე პირველად იყავით?
– მეშვიდეჯერ. ფესტივალზე ბევრი შემსრულებელი გამოდის. ჩვენს გარდა ქართულს სხვებიც მღერიან, თუმცა ჩვენი "სუფრული" ანსამბლია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართულ სიმღერებს ასრულებს. ქართულ მუსიკაზე მსმენელს ყოველთვის ერთი და იგივე რეაქცია აქვს: ხანგრძლივი ოვაციები, შექება, შეძახილები. ქართული პოლიფონია ძალიან უყვართ.
- როგორ შეკრიბეთ "სუფრულის" წევრები?
– ჯგუფი ჩემამდეც იკრიბებოდა. ზოგიერთი წევრი ჩემი მეგობარი იყო. როდესაც მე საცხოვრებლად ამერიკაში დავბრუნდი, მთხოვეს, რომ მათი გუნდის ხელმძღვანელი გავმხდარიყავი. მანამდე ქართულის გარდა სხვა ტრადიციის სიმღერებსაც ასრულებდნენ. მე ვუთხარი, რომ თანახმა იმ შემთხვევაში ვიქნებოდი, თუ მხოლოდ ქართულს ვიმღერებთ – მეთქი. შეთანხმდნენ და ასე დაიბადა ანსამბლი "სუფრული". მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ საშუალება მაქვს ვიმღერო, ვისწავლო, ვასწავლო და ამერიკელებს ქართული სიმღერები შევაყვარო.
– როგორ მუშაობთ მათთან მაშინ, როცა მათ ქართული ენა არ იციან?
– მე მხოლოდ ტექსტებს ვაძლევ და ისინიც მათ ზეპირად სწავლობენ. ძალიან კარგად ითვისებენ და ერთ გაკვეთილზე შემიძლია შეძლებისდაგვარად ერთი ახალი სიმღერა ვასწავლო კიდეც. ჩემი გამოცდილებით, ისინი სიტყვებს უკეთესად სწავლობენ, როცა სწავლა ნოტების გარეშე მიმდინარეობს. არ მიჭირს მათთან მუშაობა, რადგანაც ძალიან ნიჭიერები არიან. რასაკვირველია, მათთვის ყველაზე რთულია ქართულ ენაზე მეტყველება, მაგრამ მე ჩემს პადაგოგიური მეთოდებს ვიყენებ და, მგონი, საერთო საქმე კარგადაც გამოგვდის.
1.29.2015
24saati.ge
No comments:
Post a Comment