Thursday, September 10, 2015

75 წლის ბოცვერი ფილარმონიაში




თავგადასავლების მოყვარული ანცი, მარდი, ხალისიანი, მატყუარა, თავხედი, ხელოვნების მოყვარული, თავდაპირველად "აუღიარებელი ვარსკვლავი", მოგვიანებით კი "სელებრითი", მუდამ სტაფილოს მღრღნელი სუპერყურცქვიტა "ბაგს ბანი" (Bugs Bunny. ბაგს ბოცვერი. ზოგჯერ "ბაგს კურდღელსაც" უწოდებდნენ) ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და ხანდაზმული ამერიკული კინოსტუდიის Warners Bros-ის (1923) ცნობადი ემბლემა და ამ კომპანიის ანიმაციური/კომიქსური პროექტების წარმატების სიმბოლო მას შემდეგ გახდა, რაც 1940 წელს ოფიციალურად კინოეკრანებზე ოსკაროსან, მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში "ველური კურდღელი" (რეჟისორი ფრედერიკ ავერი) გამოჩნდა. თუმცა მანამ, სანამ ბაგსი ნიუ იორკული აქცენტით მოსაუბრე ბოცვერად გადაიქცეოდა, მისი საბრენდო წამოძახებით "რა მოხდა, დოკ?", იგი სხვადასხვა ანიმაციურ/კომიქსურ ფილმებში/ნახატებში მანამდეც არსებობდა. საბოლოოდ კი ბაგსი არა მარტო "ჰოლივუდის დიდების ხეივანში" საკუთარი ვარსკვლავით დამკვიდრდა, არამედ აგერ უკვე ბოლო 25 წელია აშშ–ის სოლიდური ორკესტრები–ფილარმონიები მის დაბადების დღეებს სისტემატურად აღნიშნავენ, მათ შორის, ნიუ იორკის ბროდვეიზე და ლინკოლნ ცენტრში. წელს, 27 ივლისს "ანთროპომორფული" ნაცრისფერი ორკიჭა, ყურგრძელა ბოცვერი 75 წლის გახდა.



დიდი ხნის წინათ პოლონური წარმოშობის ხუთი ებრაელი ძმის, გვარად უორნერ (კომპანიის აბრევიატურა WB) წამოწყება და მცირედი ინვესტიცია ათწლეულების შემდეგ აშშ–ის მთავარ კინო/ტელე/ანიმაციურ/გასართობი ინდუსტრიის დიდ კორპორაციად ტრანსფორმირდა, რომლის განუყოფელ საკულტო ფიგურად ბაგს ბანი გადაიქცა, ხოლო ბოცვერის ხმა შექმნა ცნობილმა ამერიკელმა კომედიანტმა მსახიობმა მელვინ ბლანკმა, რომელსაც "ათასი ხმის ადამიანს" უწოდებდნენ და რომელიც 49 წელი, ვიდრე სიკვდილამდე, ბაგს ბანის ახმოვანებდა. "ლიონ შლეზინგერის სტუდიოს" მხატვრების მიერ მოფიქრებული ჭკუამხიარული, ოპტიმისტი ბოცვერი ამერიკული ანიმაციის ოქროს ხანის ცხოველებს (Mickey Mouse (მიკი თაგუნია), Daffy Duck (გიჟი იხვი), Porky Pig (მსუქანა გოჭი), ტომი და ჯერი, უოლტ დისნეის თუ სხვა ანიმაციური სტუდიების გმირები) შორის ყველაზე სასიქადულო და პოპულარული არსებაა. მის ოფიციალურ მამად ითვლება ცნობილი ამერიკელი ანიმატორი და კომედიანტი ბენსონ ჰარდავეი, რომელსაც მეტსახელად "ბენს/ ბაგს" უძახდნენ. სწორედ მან დახატა ნამდვილი, ნაცრისფერი ბაგს ბანის წინამორბედი თეთრი ბოცვერი, რომელიც ეკრანებზე 1938 წელს ფილმში Porky’s Hare Hunt (მსუქანა კურდღლის ნადირობა) გამოჩნდა და რომელიც ყველაფერზე ხმამაღლა კისკისებდა. ბაგს ბანის, რომელიც Warners Bros–ის ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიების – Looney Tunes–ა და Merrie Melodies (ანიმატორი, სცენარისტი, პოდიუსერი და რეჟისორი ჩაკ ჯონსი) მუდმივი გმირია, ჰყავდა ერთგული თანამგზავრი – მისი სამშობიაროში დაბადებიდან და უიღბლო "კასტინგიდან" დაწყებული ვიდრე შეყვარებულობამდე და შოუ ბიზნესში წარმატებულ კარიერამდე. ეს იყო იყო კარლ სტალინგი – კომპოზიტორი, დირიჟორი და მეარანჟირე; მუსიკას უკრავდა "უორნერ ბროს"–ის ორკესტრი, ხოლო "მულწიკებში" გაჟღერებული სიმღერები WB –ის სტუდიებში შექმნილი ფილმებიდან იყო გადმოტანილი. თუმცა არა მარტო. ბაგს ბანის ექსცენტრული ცხოვრება ვაგნერის, როსინის, შტრაუსის, სმეტანისა და სხვა კლასიკოსთა მუსიკის ფონზეც თამაშდებოდა.

კონცერტს, რომელიც "სუპერსტარი" ბოცვერის დაბადების წელს მიეძღვნა, "ბაგს ბანი სიმფორნიურში" ეწოდა და, ბუნებრივია, მას უფრო მეტად თინეიჯერის ასაკს ჯერარმიღწეული მაყურებელი ჰყავდა. თუმცა არა მარტო. ოფიციალურად აუდიტორიაში მხოლოდ ხუთ წელზე უფროსები დაიშვებოდნენ, თუმცა ჩანთებითა და სახელდახელოდ წამოღებული ბალიშებით ამაღლებულ სკამებზე ძალიან პატარებიც და ზოგადად ყველა ასაკის "ბაგს ბანელი" ისხდნენ. "ევერი ფიშერ ჰოლში" გამართულ "ანიმაციურ კონცერტს", რომელსაც ნიუ ორკის ფილარმონია ასრულებდა, ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი მწერალი, რეჟისორი და პროდიუსერი ჯორჯ დოუგერტი დირიჟორობდა. აუდიტორიაში იჯდა კლასიკური ანიმაციის მეტრის, ლეგენდარული ჩაკ ჯონსის ქალიშვილი, ცნობილი პროდიუსერი ლინდა ჯონს ქლუ, რომელსაც დაბრაზმა პატივი მიაგო.



"კლასიკური მუსიკა Looney Tunes –ის მეშვეობით უფრო მეტმა ადამიანმა ბავშვობაშივე აღმოაჩინა, ვიდრე ეს სხვა წყაროდან იყო შესაძლებელი, რადგანაც განა ყველა ქალაქს აქვს იმის ფუფუნება, რომ "ნიუ იორკის ფილარმონია" ჰქონდეს? ამგვარად, ქვეყნის სხვა ნაწილებში ადამიანები მუსიკას ეზიარნენ "ბაგს ბანით", ელმირ ფადისა (ბაგს ბანიზე თოფით მონადირე ანიმაციური გმირი – ი.მ.) და Looney Tunes –ის მეშვეობით" – აღნიშნა მუსიკალური წარმოდგენის "ბაგს ბანი სიმფორნიურში" ავტორმა ჯორჯ დოუგერტმა.

იმ ორი საათის განამვლობაში, რაც ამერიკელი ბოცვერი ეკრანზე დახტოდა, დარბოდა, პიანინოზე უკრავდა, ოპერაში მღეროდა თუ "კილერს" გაურბოდა, არაანიმაციური ფილარმონიის ორკესტრანტები ღიმილს ძლივს იკავებდნენ, როცა შესაძლებლობა ეძლეოდათ ეკრანზე მოპარპაშე ბოცვერს თვალს ყურადღებით ადევნებდნენ, ხოლო "ევერი ფიშერ ჰოლის" მაყურებელი, დიდიან–პატარიანად სიცილ – კისკისს არ წყვეტდა. გარეთ კი ბოცვერის "ვარსკვლავური საათისგან" განსახვავებული გამოფენა იყო გამართული – ბაგს ბანის გაცოცხლების რუტინის ამსახველი დოკუმენტები – ჩარჩოში ჩასმული ძველი და ახალი ანიმაციური ჩანახატები და ვაგნერის მუსიკის თითოეული ნოტის შესაბამისად თანმიმდევრობით დანომრილ – ჩამოწერილი მოუსვენარი ბოცვერის ცხოვრების "კარგად ტემპერირებული კლავირი".






2015.09.06
netgazeti,ge






No comments:

Post a Comment