Thursday, September 10, 2015

"ტკბილი ცხოვრება" და ჩარლი ჩაპლინი




იმ დღეს თუ სადმე კინოს სამოთხე მდებარეობდა, მისი ზუსტი მისამართი მე ვიცოდი. ეს იყო ნიუ იორკის ფილარმონიის "ევერი ფიშერ ჰოლი" თავისი ტრადიციული "კონომუსიკის" სერიის ფარგლებში გამართული კონცერტით სახელად La Dolce Vita: The Music of Italian Cinema ("ტკბილი ცხოვრება: იტალიური კინოს მუსიკა").




იტალიური კინოს ოქროს ხანის ფილმების კინომუსიკას ­ ნინო როტას, ენიო მორიკონესა და ლუის ბაკალოვას მელოდიებს ორკესტრი (დირიჟორი ალან გილბერტი; პირველი ვიოლინო ჯოშუა ბელი) უკრავდა, ხოლო "არიები" კინოფილემებიდან ამერიკელმა სოპრანომ რენე ფლემინგმა და პოპ – მომღერალმა და მსახიობმა ჯოშუა გრობანმა შეასრულეს. ეკრანზე ნაცნობი იტალიური "ამარკორდის", "რვანახევრის", "ტკბილი ცხოვრების", "ჯულიეტასა და სულების", "ქალების ქალაქის", "ახალი კინოთეატრის "პარადიზოს", "უცნობი ვენეციელის", "შეხვედრის", "ერთხელ დასავლეთში", "ფოსტალიონის" კადრებმა მათი შემქმნელი რეჟისორები, მსახიობები და კომპოზიტორები ხელახლა გააცოცხლა. მათ შორის ბევრი ამქვეყნად არაა, მაგრამ ამ ნოსტალგიური, სევდიანი, საოცრად მელოდიური განწყობის ტალღაზე გრძნობ, რომ ისინი არსად წასულან, არც წარსულში; კინომექანიკოსი ალფრედოს პატარა მეგობრის, სალვატორე დი ვიტას მოგონებები კი შენი საკუთარი ბავშვობის მოგონებებად გადაქცეულა, მერე რა, რომ მექანიკოსის "კაბინაში" საათობით არასოდეს მჯდარხარ, არც სალვატორესავით დიდი რეჟისორი გამოსულხარ და არც კარიერისთვის ოჯახი მიგიტოვებია. ის საღამო საკუთარი იტალიის გახსენებას და იქ დროებით მყუდრი ბინის დადებას ჰგავდა...


ჯუზეპე ტორნატორეს სენტიმენტალური შედევრი, ისევე როგორც ფედერიკო ფელინის, ლუკინო ვისკონტის თუ სხვათა გენიალური კინო არ იქნებოდა ისეთი როგორიცაა მათი შემქმნელი კონოკომპოზიტორების გარეშე. შეიძლება სულაც ეს ფილმები ამ ჯადოსნური მუსიკის ეგზისტენციისთვის გადაიღეს. კერძოდ კი, ნინო როტას ნოტებისთვის. მისი "ამარკორდის" ვალსირებული ფიფქების პირველი აკორდი მაშინვე გადაგაადგილებს სადღაც. როგორც მუსიკალური თემის დასრულებისას ალან გილბერტმა აღნიშნა, "რომის ერთ–ერთ კაფეში", მე კი ნიუ იორკიდან – ქუთაისში, ჩემს ქალაქში, იმ პატარა, არაგლამურულ, არახალხმრავალ "ოფიცერთა სახლის" კინოდარბაზში, სადაც შეუმჩნეველი აფიშა ყოველთვის დიდი კინოთეატრებისგან განსხვავებულ რეპერტუარს გამცნობდა და სადაც დედას დავყავდი, რომ მსოფლიოს ძველი და ახალი კინოშედვრები მენახა, სადაც "ჩემი პერსონალური კინოიტალია" ცხოვრობდა და სადაც ტრევის შადრევანში ანიტა ეკბერგის შესვლის გარდა კიდევ უამრავი კინოპოსტერ–ხატები ინახებოდა. მგონი, იმ კინოდარბაზის მმართველს თუ მენეჯერს ჩემსავით უყვარდა იტალიური კინო სულაც იმ დროის ჩათვლით, როცა პირველი იტალიური ფილმი ძმები ლუმიერების აღმოჩენისთანავე გაჩნდა. ამ ფილმში კი რომის პაპა კინოკამერას აკურთხებს... მგონი, კურთხევამ გასჭრა. მოპირდაპირე მხარეს განლაგებულ, დიდ, სვეტებზე შემდგარ კინოთეატრში "საქართველო" კი როგორც წესი, "დისკოს მოცეკვავის" ანდა "კინგ კონგის" მგავსი ჰიტები გადიოდა.






მარტინ სკორსეზემ თავის წარდგინებაში აღნიშნა, რომ მისთვის იტალიური კინო ფილმის მუსიკალური იმიჯებით ცოცხლდება. ცხადია, შეუძლებელია ფედერიკო ფელინის "რვანახევრის" ფინალური, ამაოების წრეზე მოტრიალე, სიურეალისტური "ბალაგანი" ნინო როტას "სტოკატოების" გარეშე გაგახსენდეს, ანდა პიერო შივაპაზას კადრები "უცნობი ვენეციიდან" სტელვიო კიპრიანის "ვენეციური იავნანის" გარეშე. "ფილარმონიკის" ეკრანზე კი ამ დროს საღამოს გრილი ვენეცია, თეთრი მთვარე და მშვიდ წყალზე მოტივტივე გონდოლები ჩანს.




რენე ფლემინგმა შეასრულა ენიო მორიკონეს "შენი სიყვარული" ("ერთხელ დასავლეთში"), რომელიც პირველად სახელგანთქმულმა სოპრანომ კატია რიჩარელიმ იმღერა. ეს მუსიკა კომპოზიტორმა ფილმამდე საკმაოდ ადრე დაწერა, სერჟიო ლიონეს კი იგი ისე მოსწონებია, რომ სიმღერის "დათმობის" თხოვნით მორიკონესთვის არაერთხელ მიუმართავს.




ჯოშუა გრობანმა მოგვითხრო იტალიის საზღვრებს გარეთ არც ისე ცნობილი ფილმის, პიერო შივაზაპას "შეხვედრის" შესახებ, რომელშიც ახალგაზრდა შეყვარებული თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს და იმღერა ენიო მორიკონეს სიმღერა ამ ფილმიდან "მე შენზე არ ვფიქრობ". არმანდო ტროვაიოლის მუსიკა კი დინო რიზის "ქალის სურნელიდან" ტრაგიკული სიყვარულის ნაღვლიანი, უიმედო დასასრულივით გაჟღერდა. ისეთივე უიმედო, როგორც მარჩელოს არშემდგარი "ტკბილი" კათარზისია La Dolce Vita–ს ნინო როტასეულ ინტერპრეტაციაში.




"ლა დოლჩე ვიტას" Mondo Cane­ს (ნინო ოლივიეროსა და რიზ ორტოლანის) მელოდიასთან ერთად ეკრანზე გამოჩნდა ნახატი კინოთეატრი (ჯუზეპე რაგაცინის ანიმაციური გრაფიკა), რომელსაც "ტკბილი ცხოვრება" ერქვა, ხოლო ბილეთების გამყიდვლად იქ შლაპიანი და წითელშარფიანი ფედერიკო იჯდა... მერე კი შავ–თეთრი კადრებით: ოდრი ჰეპბერნი, ინგრიდ ბერგმანი, მარჩელო მასტროიანი, კლაუდია კარდინალე, მარლონ ბრანდო, ჟან პოლ ბელ მონდო, მონიკა ვიტი, ჩარლი ჩაპლინი, გრეის კელი, ტოტო, ბრიჯიტ ბარდო, ბერტ ლანკასტერი, ანა მანიანი, პოლ ნიუმანი, ინგმარ ბერგმანი და ფედერიკო ერთად, Bocca della Verita­სთან მდგარი ალფრედ ჰიჩკოკი და ბოლოს წარწერა Arivederci Roma...














ჩარლი ჩაპლინი ორკესტრს ოქროს ციებ–ცხელებისთვის დაწერილი მუსიკის შესახებ ესაუბრება. 1925 წ




Se ("თუ") ენიო მრიკონემ და მისმა შვილმა ანდრეამ "პარადიზისთვის" დაწერეს: " თუ ჩემს გულში ერთი დღე იცხოვრებდი... თუ ჩემს სულში ერთი დღე იცხოვრებდი, გაიგებდი რას ვგრძნობ ...




ჩემი ნოსტალგიური, მელანქოლიური "გლამურული" რომაული არდადეგებიც დამთავრდა და დაიწყო რეალისტური "ახალი დროება".




***




ამბობენ, რომ ჩარლი ჩაპლინი ვერ გადარჩებოდა, რომ არა მუსიკა. მომღერლების უღარიბეს მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული გენიალური არტისტის მამა ქრონიკული ალკოჰოლიკი იყო, ხოლო დედა – ­ფსიქიკურად ავადმყოფი. ჩარლიმ მშობლები ადრე დაკარგა და მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი ასაკიდან სცენაზე გამოდიოდა, თინეიჯერობისას, იგი, ფაქტობრივად, ლონდონის ქუჩებში ცხოვრობდა. ერთხელაც მან  ხეტიალის დროს ერთი პოპულარული მელოდია მოისმინა, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, "სასოწარკვეთა დაავიწყა".






"ნიუ იორკის ფილარმონიკის" ეკრანზე 1936 წელს დასრულებული ფილმის "ახალი დროება" (New Times) ჩვენება ჩარლი ჩაპლინის მუსიკის ორკესტრული შესრულებით ყველაზე ნაკლებად ჰგავდა კომედიას, თუმცა მთელი დარბაზი ხარხარებდა და ეს სიცილი ყველაზე არაადკვატური რამ იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც კი შემხვედრია ამერიკაში ყოფნის განმავლობაში... თუმცა სიტყვები "ჩარლი ჩაპლინის მუსიკა" არასწორია. ჩარლი არც ერთ ინსტრუმენტზე არ უკრავდა და ნოტების კითხვა არც კი იცოდა. უბრალოდ, ჩაპლინის კარგი თანამზრახველი, ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი (ორასზე მეტი ფილმის კინომუსიკის ავტორი) ალფრედ ნიუმენი ჩარლის წამღერებულ მელოდიებს ფურცელზე გადაიტანდა ხოლმე, ხოლო ყველა დროის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის "სუპერსტარული" წოდება უფლებას აძლევდა მას იგი კომპოზიტორად მოეხსენებინათ. ეკრანზე დიდი დეპრესიის დროს მაწანწალა მარტოსული ადამიანის სევდიანი, არაფუტურისტული ისტორია იფურცლებოდა. ადამიანის, რომელიც ფუტურისტულ ქარხანაში მუშაობს და რომლის რეალური კონვეირი ადამიანის ფსიქიკას აავადებს. მაწანწალა ყოველ ჯერზე, როცა ცდილობს ცხოვრება შეცვალოს, ციხეში ხვდება. ხმოვანი კინოს ეპოქაში ჩარლი ჩაპლინს ქუჩის მაწანწალას ალაპარაკება არ შეეძლო.  ფილმის გმირი, მხოლოდ მაშინ ამოიღებს ხმას, როცა ერთ–ერთ რესტორანში უნდა იმღეროს, მაგრამ მანჟეტებს კარგავს, სადაც სიმღერის ტექსტი უწერია... და მღერის იტალიური და ფრანგული სიტყვების გაურკვეველ ნაკრებს... მოგვიანებით ჩარლი ჩაპლინი New Times– ის კინომელოდიას სიმღერად Smile (" ღიმილი") გადააქცევს, რომლის დაწერის იდეა, სავარუდოდ, მაშინ დაიბადა, როცა მაწანწალა და მისი მეგობარი გოგონა ხელიხელჩაკიდებული გზას გაუყვებიან. ჩარლი ჩერდება და თავის მეგზურს ღიმილისთვის თავისი ტუჩების კიდეებზე მიუთითებს. მოგვიანებით "ღიმილი" საოპერო შემსრულებლისა (პლაჩიდო დომინგო) და არაერთი პოპმომღერლის რეპერტუარში გაჩნდება, მათ შორის, ნათ კოულის, ჯუდი გარლანდის, ერიკ კლეპტონის, ბარბარა სთრეიზანდისა და მაიკლ ჯექსონის.






ჩარლი ჩაპლინს აშინებდა ის, რომ ხმოვანი კინო პანტომიმას ნელ – ნელა მოკლავდა, თუმცა კინომუსიკა გამონაკლისი იყო, იგი ხომ სხეულის ენას უფრო მეტ გამომსახველობას სძენს. ბუნებრივია, "ჩარლის მუსიკის" უკან ისეთი დიდი კომპოზიტორები იდგნენ, როგორებიც იყვნენ დეივიდ რასკინი, ალფრედ ნიუმანი და მერედით უილსონი. უილსონი აღნიშნავდა კიდეც იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი ნოტებს ვერ კითხულობდა, მას ზუსტად შეეძლო მუსიკალური თემის ლოგიკურობა შეექმნა. "მე მუსიკის მართვა შემეძლო, ჰოდა, ამგვარად შევქმენი ნატიფი და რომანტიკული მელოდია იმისთვის, რომ ჩემი კომედიები გადამეღო. ეს კი ჩემთვის მუსიკაში ყველაზე ბედნიერი რამ იყო." – ამბობდა ჩარლი.
2015.08.30
netgazeti,ge

No comments:

Post a Comment