წელს ნიუ იორკის საერთაშორისო ჯაზფესტივალმა, რომელიც მსოფლიოს დედაქალაქში მთელი ივნისის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელიც, ფაქტობრივად, დახურა ცხრამეტგზის "გრემის" ნომინანტმა, ცნობილმა ამერიკელმა ჯაზ და პოპ მუსიკოსმა, მსახიობმა ნატალი კოულმა, თავისი ხუთი წლის იუბილე იზეიმა.
ფესტივალი, რომლის დამაარსებელია Blue Note Jazz Club–ი, როგორც წესი, ქალაქის თხუთმეტ არტსივრცეში (მათ შორის, ცენტრალ პარკის სცენებსა და "თაუნ ჰოლში") ტარდება და ოთხმოცზე მეტი მომღერლისა და ბენდის კონცერტს მოიცავს. წარსულში "ბლუ ნოუთ ჯაზ ქლაბის" "დროშის" ქვეშ გამოდიოდნენ დიზი გილესპი, ოსკარ პიტერსონი, სარა ვაუგჰანი, რეი ჩარლზი, დეივ ბრუბეკი, უინტონ მარსალისი, ჩიკ კორეა და კით ჯარეთი.
წელს ფესტივალს, წესისამებრ, მუსიკის ძველი და ახალი მეტრები სტუმრობდნენ: ბადი გაი, ელ დი მეოლა, ოლივერ ლეიკი, ელ კუპერი, კენეთ გორელიკი, დარლინ ლავი, სამხრეთ აფრიკელი ჯაზპიანისტი აბდულა იბრაჰიმი, იაპონელი კომპოზიტორი/პიანისტი ირომი, ბრიტანელი დრამერი ჯინჯერ ბეიკერი, ესპანელი მომღერალი ბუიკა, კუბელი მომღერალი/პერკუსიონისტი პედრიტო პარტინესი, The Manhattan Tranfer Meets Take 6, The Bad Plus Joshua Redman, Robert Glasper Trio და ბევრი სხვა.
არაერთ ჰოლივუდურ ფილმში დილის ნიუ იორკის ქუჩების ჩვენებისას ჟღერს ვაშლის ქალაქის "გარიჟრაჟის ჰიმნი" This Will Be ("ეს იქნება"), რომლის სადებიუტო შესრულებამაც 1975 წელს ლეგენდარულ ჯაზ მუსიკოსის ნათ (კინგ) კოულის შვილს, ნატალი კოულს მაშინვე დიდი პოპულარობა მოუტანა, ეს სიმღერა კი დღესაც ამერიკულ ჰიტად რჩება. This Will Be –ის განსაკუთრებულობაზე ისიც მეტყველებს, რომ ორმოცი წლის შემდეგაც კი პირველი ჰანგების აჟღერებისთანავე Town Hall–ის (1921) დარბაზის სხვადასხვა ასაკის მსმენელს, ფაქტობრივად, ერთი რეაქცია ჰქონდა – ყველა წამოხტა, ტაში შემოჰკრა და ადგილზე ცეკვა დაიწყო.
ცხადად მახსოვს, თუ როდის ვნახე პირველად წარსულისა და აწმყოს სასცენო "მონტაჟი" – ნატალისა და მისი დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი მამის სიმღერა – დუეტი სახელწოდებით "დაუვიწყარი" (Unforgettable). საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებიდან სამი წელი სრულდებოდა... "დვიჟოკით" ამუშავებული ტელევიზორის ეკრანზე დავინახე, რომ ნათელი დარბაზის სცენაზე გაღიმებული მუსიკოსები ისხდნენ; ორკესტრი ნელ, ვალსისებრ მუსიკას უკრავდა; ლამაზ, გრძელ, დეკოლტირებულ კაბაში გამოწყობილი ქალი კი მამის გამოსახულებასთან ერთად სიყვარულის მარადიულობაზე მღეროდა...
იმ დღეს "თაუნ ჰოლში" ისევ გამოჩნდა ნათ კოულის ხატი და სამოცდახუთი წლის ნატალიმ მამასთან ერთად ისევ "დაუვიწყარი" იმღერა. ნათ და ნატალი კოულის საოჯახო და სასცენო ურთიერთობის შესახებ სატელევიზო ფილმიც Livin' for Love გადაიღეს (გოგონა თხუთმეტი წლის წინ იყო, როცა მამა გარდაეცვალა). ასეთვე სათაური ჰქონდა მომღერლის ერთ–ერთ სიმღერას 2000 წელს გამოშვებული ალმობიდანაც, თუმცაღა მანამდე ბევრი ნატალი კოულის კარიერის დასასრულს წინასწარმეტყველებდა. მიზეზი კი იყო შემოქმედებითი პაუზა, რომელიც ნარკოტიკებით გატაცებამ და თანმდევმა სერიოზულმა დაავადებებმა გამოიწვია. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ოდესღაც "რიტმ ენდ ბლუზის" კაშკაშა ვარსკვლავის პოპულარობა წარსულს ჩაბარდა.
თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. ცხრაგზის გრემის მფლობელმა ნატალი კოულმა ესპანურენოვანი სიმღერების შესრულება დაიწყო და მისმა პირველმა ლათინოამერიკული რიტმების ალბომმა Natalie Cole en Español (2013) "ლათინური გრემის" სამი ნომინცია დაიმსახურა. ეს ჩანაწერი ერთგვარად მამის მემკვიდრეობის გაგრძელების მცდელობაც გახლდათ: ნატალი რვა წლის იყო, როცა მამამისმა ესპანურენოვანი ალბომი ჩაწერა, რომელსაც აშშ–სა და მის საზღვრებს გარეთ დიდი წარმატება ხვდა წილად. სწორედ ამ ტრიუმფს ახლდა მამა–შვილის მექსიკაში მოგზაურობა, რომლის ამსახველი კადრები ეკრანზე კვლავ გაჩნდა და ნათ კოულთან ერთად ნამღერი (ამჯერად ესპანურენოვანი სიმღერა) სცენიდან ისევ გაისმა. ძალიან გამხდარი, მაღალი ქალი ბრჭყვიალა ზედითა და ასეთივე ბრჭყვიალატარიანი მიკროფონით, რომელიც სიკვდილს არაერთხელ გადაურჩა და რომელიც ახლა თირკმლის დაავადებათა კვლევითი ცენტრის აქტიური მხარდამჭერია, ჩარლი ჩაპლინის Smile ს "ახალი დროებიდან" სევდიანი ღიმილით მღეროდა. ნატალი კოულის კონცერტიც და მასთან ერთად "ცისფერი ნოტის" ჯაზფესტივალიც მთავრდებოდა...
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment