ივნისის დასაწყისში ნიუ იორკის ცენტრში მდებარე "ამერიკის უკრაინულ ინსტიტუტში" ორგანიზაციის "საქართველოს ამერიკელი მეგობრები" (ხელმძღვანელი მარუსია ჭავჭავაძე) ტრადიციული საქველმოქმედო საღამო გაიმართა. 1994 წლიდან American Friends of Georgia (AFG) ფილანტროპულ აქციებს, აუქციონებს იმისთვის მართავს, რათა საქართველოში სოციალურად დაუცველ, ყველაზე მოწყვლად ადამიანებს დაეხმაროს. 1994 წლიდან ვიდრე დღემდე AFG–ამ საქართველოში სამოცამდე პროექტის განხორციელებას დაუჭირა მხარი; ამ ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის პირდაპირი წესით გადაცემულმა თანხამ 2,2 მილიონ დოლარამდე შეადგენა, ხოლო სამედიცინო ტიპის დახმარებამ – 4,5 მილიონზე მეტი.
საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა 120 "ქუჩის ბავშვის" აღზრდა–მოვლაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის 25–ის სწავლა–განათლება დააფინანსეს; დაეხმარნენ 2008 წლის ომისგან დაზარალებულებს; ხელი შეუწყვეს "ჰოსპისისა" და სახლში მოვლის მომსახურების ორგანიზებას არა მარტო საქართველოში, არამედ – კავკასიის რეგიონშიც. მარუსია ჭავჭავაძის მეგობრები და თანამოაზრეები ეხმარებიან ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებულ ქართველ ბავშვებს, უმწეო მოხუცებს, ობლებს; მხარს უჭერენ ომისგან ტრავმირებულთა რეაბლიტაციის პროცესს. ამას გარდა ისინი ქართული ხელოვნების წარმოჩინებისა და კულტურული ძეგლების მოვლის დიდი ხნის გულშემატკივრები არიან.
AFG–ის დამაარსებელია კონსტანტინე (კონი) სიდამონ–ერისთავი (იგი ორგანიზაციას 16 წელი ხელმძღვანელობდა), რომელმაც მის მეგობრებთან, ოთარ ზალდასტანიშვილთან და ოთარ შალიკაშვილთან ერთად თავიანთი სოციალური თუ ფინანსური რესურსების გამოყენებით საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზება ქვეყნების ძალიან რთულ – 1990 –იან წლებში შეძლეს.
ამას წინათ გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ქართული ღვინის კომპანიის "ხოხბის ცრემლები", ნიუ იორკში ქართული რესტორნის Oda House –სა და "ამერიკის უკრაინული ინსტიტუტის" მხარდაჭერით, "საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა" საქველმოქმედო აუქციონზე ქართველი და ამერიკელი ხელოვანების ნამუშევრები გამოიტანეს: – ლადო ფესვიანიძის სამკაულები, ლევან მარგიანის მინიატურები, ქეთევან მატაბელის ნახატები და ამერიკელი ფოტოგრაფისა და მოგზაურის უილიამ ოსგუდის მიერ 1920–30 –იან წლებში სვანეთში მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები. ამ საქველმოქმედო წვეულებისთვის სპეციალუარდ ჩიკაგოდან ჩამოვიდა ლექსო თორაძის ყოფილი მოსწავლე, პიანისტი ქეთევან ქართველიშვილი, რომელმაც შოპენისა და ლისტის ნაწარმოებები შეასრულა. "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" არსებობის ოცი წლის იუბილის აღნიშვნა აუქციონით დასრულდა.
წვეულებას გარდა ქართველი სტუმრებისა, გაეროში საქართველოს წარმომადგენლობისა და ნიუ ორკში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებისა ის ამერიკელებიც ესწრებოდნენ, რომლებიც საქართველოს კულტურას სწავლობენ და მის პოპულარიზაციას ეწევიან.
24 საათი
No comments:
Post a Comment