2014 წლის 11 მარტს რუსი ხელოვანების ნაწილმა ვ. პუტინს ყირიმის ანექსიისა და, ფაქტობრივად, უკრაინაში ომის გაჩაღების მომხრე წერილით მიმართა. წერილს ასე ჰქვია: "რუსეთის ხელოვნების მოღვაწეები – უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის მხარდასაჭერად".
დღეისათვის ამ წერილს ხელი 511-მა ადამიანმა მოაწერა. მათ შორის, ჯერ კიდევ საბჭოური თუ "ახალი რუსეთის" ეპოქიდან ნაცნობმა "კულტმოღვაწეებმაც", მაგალითად: ზურაბ წერეთელმა, მარკ ზახაროვმა, სტანისლავ გოვორუხინმა, ნოკოლოზ ცისკარიძემ, ლიუდმილა ჩურსინამ, იური ბაშმეტმა, ფიოდორ ბონდარჩუკმა, ოლეგ გაზმანოვმა, იური კარამ, ლევ ლეშჩენკომ, იური სოლომინმა, დმიტრი ხარატიანმა, ვალერი ფოკინმა, გენადი ხაზანოვმა, კარენ შახნაზაროვმა ...
ამ წერილის ხელმომწერებმა, ფაქტობრივად, შელახეს ყირიმის ტერიტორიაზე მცხოვრებთა, მათ შორის, ყირიმელი თათრების ფუნდამენტური უფლებები, მხარი დაუჭირეს ომში ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის კვლას, ქვეყნის გაყოფას, ეროვნებათა შორის შუღლის გაღვივებასა და სიცრუის პროპაგანდის საბჭოური ხერხების ახალი ძალით აღორძინებას. ეს ყველაფერი კი წარიმართა ლოზუნგით "ჩვენი კულტურა, მისი სულიერი საწყისები და ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები".
წერილში ხშირადაა ნახსენები ნაცვალსახელი "ჩვენი", რაც ამ შემთხვევაში საკუთრივ რუსული იმპერიალიზმის ინტერესებს გულისხმობს და არა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. ხელმომწერთა შორის არიან ის მოღვაწეებიც, რომლებიც აშშ–ს ხშირად სტუმრობენ, კერძოდ კი, ნიუ იორკის თეატრალურ და საკონცერტო დარბაზებში გამოდიან. ამჯერად აშშ–ში გასტროლებზე რუსეთის ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, თეატრის დირექტორი კირილ კროკი, მსახიობები ალექსეი გუსკოვი (პარტია "ედინაია როსიის" წევრი/ პუტინის ნდობითი აღჭურვილი პირი) და ევგენი კნიაზევი (შჩუკინის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის რექტორი) ჩამოვიდნენ. ისინი მანჰეტენის ცენტრში, "კარნეგი ჰოლის" მეზობლად მდებარე New York City Center-ის სცენაზე სპექტაკლით "გაგვიღიმე, ღმერთო" წარსდგნენ.
ყველა მათი წარმოდგენის მიმდინარეობისას, მაყურებლებსა და დასს გარეთ, თეატრის შენობის წინ ფეისბუკზე შექმნილი უკრაინელების საინიციატივო ჯგუფი (ისინი "ფეიჯზე" Signer - Busters არიან დარეგისტრირებულნი) პლაკატებით, შეძახილებით, უკრაინის დროშებითა და საინფომაციო ფურცლებით ხვდებოდა და ვახტანგოვის თეატრის ამ სამი არტისტის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ყირიმის ანექსიის მხარდაჭერას გმობდა.
უკრაინელმა პროტესტანტებმა მას მერე, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის მხარდამჭერ არტისტთა სია გამოქვეყნდა, ნიუ იორკში 25–ზე მეტი აქცია/პიკეტი გამართეს იქ, სადაც ამ ყბადაღებული წერილის ავტორები პერფორმანსებს მართავდნენ. ვალერი გერგიევის ხელმოწერა "კარნეგი ჰოლთან" და "მეტროპოლიტენ ოპერასთან" გააპროტესტეს, ვლადიმირ სპივაკოვის – "ლინკოლნ ცენტრთან", იგორ ბუტმანის – "ლინკოლნ ჯაზთან". "ბრუკლინის მუსიკალურ აკადემიაში" რუსი საოპერო მომღერლის ანა ნეტრებკოს გამოსვლაც გაპროტესტდა. მას ამ სამარცხვინო წერილზე ხელი არ მოუწერია, თუმცა ნეტრებკო სანკტ–პეტერბურგში გამართული კულტურული ფორუმის მიმდინარეობისას ევროკავშორის ქვეყნებსა და აშშ–ში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებულ "ნოვოროსიის პარლამენტის სპიკერს", სეპარატისტების ლიდერს იგორ ცარიოვს ოფიციალურად შეხვდა და საჩუქრად ერთი მილიონი რუბლის ჩეკიც გადასცა...
დაწყებითი კლასების პედაგოგი ვალენტინა ბარდაკოვა, რომელიც ომით დაზარალებული უკრაინელების სამედიცინო დახმარებითაა დაკავებული, აქტიურადაა ჩართული მობილური პიკეტების ორგანიზებაში და ისიც იცის, რომ მიუხედავად მათი აქციის მშვიდობიანი ხასიათისა, ის და მისი მეგობრები, სიტყვიერს ვინღა ჩივის, ფიზიკური აგრესიის სამიზნეც შეიძლება გახდნენ, როგორც ეს, მაგალითად, შარშან, ტალინში მოხდა. საქმე იმაშია, რომ ვალენტინამ და მისმა მეუღლემ ქალაქში სეირნობისას შემთხვევით სტანისლავ გოვორუხინი და მისი ათი კოლეგა დაინახეს, ვალენტინამ ჰკითხა რეჟისორს თუ რატომ მოაწერა მან ხელი ამ საბჭოური ეპოქის სიმბოლოს – ძალადობის მხარდამჭერ კოლექტიურ წერილს. მოულოდნელად კი პასუხად ფიზიკური აგრესია მიიღო, რის შედეგადაც დაზარალებულებს, მასსა და მის ქმარს სამედიცინო დამხრება დასჭირდათ. ვალენტინას თითი მოტეხეს, ხოლო მის მეუღლეს ტვინის შერყევა და მრავლობითი სისხლნაჟღენთები დაუფიქსირდა.
ოდესღაც საკულტო ფილმის "ასა" ავტორი (ნატოს წევრ ესტონეთში იგი ამჟამად დოვლატოვის მოთხრობის მიხედვით ფილმს იღებდა), სადაც ვიქტორ ცოი "ცვლილებებს" ითხოვდა, მშვიდად უყურებდა თუ როგორ ათრევენ თმებით "ბრატსკი ნაროდის" – უკრაინის წარმომადგენელ ქალს და როგორ სცემდნენ მის ქმარს. ვალენტინა ბარდაკოვას განცხადებით, პროკურატურამ საქმე მიჩქმალა, მიუხედავად იმისა, რომ "ქეისი" აშშ–ის მოქალაქეებს ეხებოდა და მიუხედავად იმისა, რომ სათვალთვალო კამერების გარდა, არსებობს მოწმე, რომელმაც ეს ინციდენტი საკუთარი ვიდეოკამერით გადაიღო.
New York City Center–ის წინ გამართულ ერთ–ერთ აქციაზე უკრაინელ მეგობრებთან ერთად მეც გახლდით. შესაბამისად, რუსულენოვანი აუდიტორიის რეაქციაზე დაკვირვების საშუალებაც მომეცა. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობის მცდელობაც. ერთნი პუტინს სიყვარულში დაუფარავად უტყდებოდნენ (ერთმა კაცმა ისიც განაცხადა, რომ "ომი კარგია, რადგან რუსეთი გაიმარჯვებს, ამიტომაც იგი პუტინს ემხრობა"), მეორენი გაიძახოდნენ, რომ პოლიტიკა მათი საქმე არაა...ერთი კაცი კი ყირიმის დაკარგვაში აშშ–ს ადანაშაულებდა და მოპიკეტეებს ხმამაღლა "ამერიკოსებს" უწოდებდა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აღშფოთდნენ დასის წევრების საქციელით და განაცხადეს, რომ თავიდან რომ სცოდნოდათ ამ მსახიობების ხელმოწერის შესახებ, ბილეთს არ იყიდდნენ, სპექტაკლზე არ წავიდოდნენ. ყოფილა შემთხვევაც, როცა მაყურებლებმა სპექტაკლის გამართვამდე პუტინის მხარდამჭერი არტისტების შესახებ გაიგო, ბილეთი უკან დააბრუნა და ინფორმირებულობისთვის საინიცატივო ჯგუფს მადლობა გადაუხადა.
მოპიკეტეებს შავ დაფაზე ნუმერაციის ის ციფრები ეწარათ, რომლის გასწვრივაც წერილში ამა თუ იმ რუსი არტისტის ხელმოწერა იყო დაფიქსირებული. ერთ–ერთ მოპიკეტეს კი სახელგანთქმული ლატვიელი მევიოლინეს გიდონ კრემერის (მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დრეზდენში გამართული კონცერტი მიუძღვნა და გაჩაღებული ომის წინააღმდეგ თავისი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა) სიტყვები: "ჩვენ, არტისტები, კულტურის ადამიანები მშვიდობისმყოფელებად უნდა დავრჩეთ".
რუსული თეატრის გასტროელების დასრულების შემდგომ ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში დასისა და მაყურებლების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უკრაინელების საინიციატივო ჯგუფიც დაესწრო. ადამიანებმა, ვინც ომის მხარდამჭერ წერილს ხელი მოაწერა, ილაპარაკეს ხელოვნებისა და მშვიდობის ურთიერთკავშირზე, ძმობაზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე; პროტესტანტებმა კი აქაც მოახერხეს არტისტების პროპუტინიზმისა და ფარისევლობის მხილება.
"ამ არტისტებს წერილის დაწერას არავინ აიძულებდა. უბრალოდ, მათი მიზანი თავიანთი ბელადისადმი ერთგულების დამტკიცება იყო, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვათ, რომ ისინი პუტინის რეჟიმს ყოველთვის ერთგულად ემსახურებიან. ჩვენი პიკეტისა და პროტესტის ძირითადი მიზანი კი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, თუ ვინ არიან ის ხელოვანები, რომლებიც ომს ემხრობიან; მათ ბიუჯეტში რაც შეიძლება ნაკლები ფული უნდა შეუვიდეთ. ადამიანები არ უნდა უხდიდნენ ფულს იმათ, ვინც ძალადობისა და ომის გამჩაღებელია," – განაცხადა ვალენტინა ბარდაკოვამ
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment