Wednesday, July 8, 2015

ადამიანის უფლებების კინოენა




იმ უამრავ საერთაშორისო და ლოკალურ კონოფესტივალებს შორის, რომელიც ნიუ იორკში გაზაფხულ–ზაფხულში ტარდება, ყველაზე მნიშვნელოვანი და შემეცნებითი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, არის Human Rights Watch – ის ფილმების ფესტივალი, რომელიც, როგორც წესი, ქალაქის ორ მთავარ კინოცენტრში (Film Society of Lincoln Center და IFC Center) ტარდება და რომელსაც ყოველთვის მისი ავტორებისა და ამ უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლის საინტერესო საუბარი ახლავს.




ამ კინოფორუმზე საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებული თუ წონიანი პრიზის გარეშე დარჩენილი ფილმები, როგორც წესი, უსამართლობისა და "ტრადიციული ღირებულებების" მქონე საზოგადოები ნორმების წინააღმდეგ აღმდგარი ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ბრძოლის მემატიანეა.



ამერიკელი რეჟისორის მეთიუ ჰეინემანის ფილმი "კარტელის მიწა" მოგვითხრობს მექსიკაში მიმდინარე ნარკოომზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც თავად იღებენ კანონის ძალას თავიანთ ხელში, ებრძვიან ნარკომაფიას და ამგვარად ნებსით თუ უნებლიედ ლინჩის წესის მიმდევრები ხდებიან.





ირანელი რეჟოსორის აიატ ნაჯაფის ფილმი No Land's Song, რომელიც "სიმღერის წართმეულ უფლებად" შეიძლება გადაითარგმნოს, გვიყვება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ შემოღებულ აკრძალვაზე – ქალ მუსიკოსებს ოფიციალურად საჯაროდ მუსიკის შესრულება აეკრძალათ. თუმცაღა შავ ბაზარზე თეირანსა და სხვა ქალაქებში მათი ჩანაწერების ყიდვა მაინცაა შესაძლებელი.




ფილმი მოგვითხობს ირანელი კომპოზიტორი ქალის სარა ნაჯაფის (რეჟისორის და) ყოველდღიურ პერიპეტიებზე – თუ რაგვარი ბარიერების გადალახვა უწევს მას სცენიდან ქალის ხმის ასაჟღერებლად, თუნდაც ლამის საუკუნის წინ მოღვაწე, ცნობილი ირანელი ქალი მომღერლის ქამარის ჩანაწერების გასაცოცხლებლად; როგორ იღწვის სარა ფრანგ მუსიკოსებთან ერთად სახელმწიფო ჩინოვნიკებთან მოლაპარაკებებისას არალეგალური კი არა, ოფიციალურად აღიარებული კონცერტის ჩასატარებლად, სადაც ქალები მხოლოდ "მოფარებულში", "ბექში" არ იმღერებენ...



ფილმს განსაკუთრებულ წონას ისიც სძენს, რომ, როგორც თავად ავტორმა განაცხადა, მას შეუძლია მოსალოდნელ რეპრესიებს თავი დააღწიოს (იგი ამჟამად ირანის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს), თუმცაღა მისი ფილმების გმირები მის სამშობლოში რჩებიან. ფესტივალზე, ასე ვთქვათ, ეს არ იყო ერთადერთი ფემინისტური ფილმი, რომელიც ქალთა უფლებებესა და მათი აქტივიზმის შედეგებზე მოგვითხრობდა.



ზოგადად ეს კინოფორუმი ქალი რეჟისორების სიმრავლითაც გამოირჩეოდა. აღსანიშნავია ამერიკელი რეჟისორის ჯინი რეტიკერის (იგი ფილმებს ძირითადად არაბულ სამყაროში ქალთა მდგომარეობის შესახებ იღებს) ნაწარმოები "გაზაფხულის გამოცდები " – ერთი ეგვიპტელი ქალის, ჰენდ ნაფეას ხმის უფლების შესახებ, რომელმაც უშიშროების სამსახურის აგენტების მხრიდან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას გაუძლო და ... მერე ციხეში თავისივე ოჯახის მცდელობით აღმოჩნდა.





ამერიკელმა რეჟისორმა ბეთ მურფიმ გადაიღო დოკუმენტური სურათი "რა მოაქვს ხვალინდელ დღეს" (აშშ–სა და ავღანეთის ერთობლივი ნამუშევარი) ავღანეთის ერთ პატარა სოფელზე, რომელშიც გოგონათა სკოლა გაიხსნა, სადაც ძირითადად ობოლი პატარები სწავლობენ. იმ დღეს, როცა ეს სკოლა გაიხსნა, ქვეყნის დედაქალაქის ერთ–ერთი სკოლაში ტერორისტმა ბომბი ააფეთქა და იმ დღეს ასობით გოგონა დაიღუპა.



რაზია ჯანი საგანმანათლებლო ფონდის ხელმძღვანელია, რომლის ინიციატივითაც გოგონებს, რომლებიც სასწავლო მერხისკენ ცელოფნის პარკებში ჩაწყობილი ფურცლებით მიიჩქარიან, წერა–კითხვისა და ინგლისური ენის სწავლა შეუძლიათ. რაზია სოფლის უხუცესებსა და მამაკაცებს მხოლოდ ერთი თხოვნით მიმართავს, რომ მათ ამ სკოლის უსაფთხოების დაიცვა შეძლონ, რადგანაც არავინ იცის ხვალ რა მოხდება.





სამხრეთ აფრიკელი რეჟისორის ფრანსუა ვერსტერის ფილმი "შაჰრეზადას სიზმარი", რომელიც კვლავ არაბული გაზაფხულის ისტორიას (ეს ფესტივალი თუ შეიძლება ასე ითქვას, ორიენტალისტური კვლევების ინტერესით გამოირჩეოდა), ამჯერად ნიკოლოზ რიმსკი – კორსაკოვის სუიტას "შაჰრეზადას" ჟღერადობის ფონზე გვიყვება




ფილმი ერთგვარი მხატვრული სიმბოლოების, მუსიკის შემსრულებელი ორკეტრის, "ათას ერთი ღამის" ნახატი/თოჯინური იმიჯებისა და ძალადობის, სისხლიანი შეტაკებების დროს დაღუპულთა დედების მიერ მოყოლილი "ზღაპრების" თხრობაა.



"ჰიუმან რაითს უოტჩის" 26–ე კონოფესტივალზე ის 17 ფილმი აჩვენეს, რომელიც ერთგვარი გზამკვლევია XX და XXI საუკუნის მსოფლიო დრამების კვალდაკვალ. გარდა ამისა, ამგვარი კინოფორუმი იმათი განმანათლებელიცაა, ვინც მედიის ყურადღების ცენტრში ვერ და არმოხვედრილი მსოფლიოს ისტორიით ინტერესდება.





მაგალითად, სწორედ ასეთია ამერიკელი რეჟისორის ჯოშუა ოპენჰეიმერის ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი "სიჩუმის გარეგნობა". ფილმი, ფაქტობრივად, იმ ტაბუს არღვევს, რომელიც ლამის ნახევარ საუკუნის განმავლობაში ინდონეზიაში 1965 წელს მიმდინარე გენოციდს ჩქმალავდა და ადამიანის სიძულვილის ძალას მთელი თავისი დამანგრეველი ბრუტალობით აშიშვლებს.




საფესტივალო პროგრამიდან განსაკუთრებული აღნიშნვნის ღირსია ჰოლანდიელი პოლიტოლოგისა და რეჟისორის ჯოი ბოინკის ფილმი "მშვიდობის ტვირთი", რომელიც მოგვითხობს სამოქალაქო ომისგან წელგაწყვეტილი გვატემალას გენერალურ პროკურორ ქალზე, კლაუდია პაზ ი პაზზე (ესპანურად Paz y Paz "მშვიდობა და მშვიდობას" ნიშნავს), რომელმაც ომი მხოლოდ დაუმარცხებელ კრიმინალურ დაჯგუფებებს, ძლიერ ნარკომაფიებს (რომლებიც ერთმანეთთან შეჯახებისას სისხლის მდინარებს აჩენენ) კი არა, არამედ კორუმპირებულ პოლიტიკურ/ფინანსურ ელიტასა და ქვეყნის ყოფილ ძლევამოსილ მმართველსაც გამოუცხადა და იმას მიაღწია, რომ უამრავი გვატემალელის სიკვდილის "ავტორი", 88 წლის გენერალი ეფრაის რიოს მონტი (რომლის დაცვაზე 1–2 ადვოკატის გარდა არავინ განაცხადა თანხმობა) 2013 წელს საჯაროდ გასამართლდა.



იგი ტრიბუნალმა ბრალდებულად სცნო და 80 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯა. საჯარო სასამართლოზე, რომელიც "ჰიუმან რაითს უოტჩისა" და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ძალისხმევის გარეშე ვერ შედგებოდა, დაიკითხა გენოციდის, არაადამიანურობის, ფეხმძიმე ქალებისა და მცირეწლოვანთა ხოცვის არაერთი მოწმე, რომელთა წამებისა და გაუპატიურების შესახებ მონათხრობის მსმენელი ფესტივალის კინოდარბაზში მსხდომნიც აღმოვჩნდით.




ეკრანზე მტკიცებულებად მოკლულების გაჩეჩქვილი თავის ქალებიც გამოჩნდა.... თუმცა, ფაქტობრივად, მეორე დღესვე საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი დიქტატორი გაათავისუფლა, რის შედეგადაც, ქვეყნის პროკურორი დროზე ადრე დაითხოვეს და, ფაქტობრივად, საქმე ისე შემოაბრუნეს, რომ ბრალდებები უკვე პაზ ი პაზს წაუყენეს. გვატემალის გენპროკურორმა, რომელიც ამავე დროს უფებადამცველადაც აგრძელებდა მუშაობას, საჯაროდ განაცხადა, რომ მისი დამცველი მხოლოდ ქვეყნის კონსტუტუციაა.





თუმცა, ცხადია, სიცოცხლის გადასარჩენად ეს საკმარისი ვერ იქნებოდა. მამაცი ქალი იძულებილი იყო თავის ოჯახთან, რომელსაც სახლში ოცამდე უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი მუდმივად იცავდა, ქვეყნის ტერიტორია დაეტოვებინა და საცხოვრებლად ესპანეთში გადასულიყო. მხოლოდ ფილმის ბოლოს გამოჩნდნენ კლაუდიას მეუღლე და პატარა შვილი (მას, ფაქტორბივად, მამა ზრდიდა), რომელთა არსებობის შესახებ მთელი ფილმის განმავლობაში არაფერი ვიცოდით. "ქალი, რომელმაც ძალადობის წრე გაარღვია" – ასე უწოდებენ კლაუდია პაზ ი პაზს, რომელიც მაინც არ წყვეტს თავის პროფესიულ საქმიანობას და ამჯერად სპეცსამსახურებს მექსიკაში გაუჩინარებული კოლეჯის 43 სტუდენტის მოძიებაში ეხმარება.



ჯოი ბოინკმა გვატემალაში მაშინ დაიწყო მუშაობა, როცა ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, ადამიანთა მკვლელობების "რეიტინგის" მიხედვით მსოფლიო ლიდერი გახდა. სწორედ ამ დროს დაინიშნა პაზ ი პაზი პროკურორად. რეჟისორმა კლაუდიასგან დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე თანხმობის მიღება შეძლო. თუმცაღა ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ჰოლანდია დიდი ხანია აფიქსირებს და იკვლევს გვატემალაში ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევებს და სწორედ ამის გამოც კლაუდია ამ ევროპული ქვეყნის წარმომადგენელს ენდო.



ფაქტობრივად, ბოინკმა პირველი გვატემალელი ქალი გენერალური პროკურორის გვერდით ოთხი წელი გაატარა. ამ ფილმმა გარდა რეფორმატორი საზოგადო მოღვაწე კლაუდია პაზ ი პაზისა და მისი "ბევრი ხეების ქვეყნის" (ასე უწოდებენ გვატემალას) ისტორიისა, კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, თუ რამდენი ტონა სისხლითაა მორწყული ის ნარკოტიკები, რომელიც ლათინური ამერიკიდან ჩრდილოეთით მდებარე კონტინენტზე თუ ევროპაში ხვდება...

***



"შეაჩერეთ სპექტაკლი! თქვენ სხვაგვარადაც შეგიძლიათ სირიელ ხალხს დაეხმაროთ." – ამგვარი წარწერა ჩნდება სირიელი რეჟისორის, ჩარიფ კიუანის სამწუთიან ფილმში, რომელშიც ევროპის ერთ–ერთ ცნობილ მუზეუმშია გადაღებული. მინის თაროებზე ადამიანის თავის ქალები მისი ზომა–ფორმის, "გარეგნობის" დასათვალიერებლადააა გამოდებული. თავის ქალაზე ციფრებწაწერილი ანატომიური ზონებიცაა აღნიშული. 





"უპირველესად ადამიანებს ისე არ უნდა აჩვენებდნენ, როგორც ცხოველებს" – ამბობს კინოკომპანია Abounaddara Collective/Film – ის (სირიელი კინოხელოვანების გაერთიანება, რომელთა მიზანია სირიის ალტენატიული ანუ მეინსტრიმედიისგან განსხვავებული იმიჯის შექმნა) დამფუძნებელი რეჟისორი. ჩარიფისა და მისი კოლეგების, მათ შორის ქალი რეჟოსორების ძალიან მოკლე ფილმები მედიურ თუ კინოდოკუმენტალისტურ სივრცეში ჟურნალისტური ეთიკისა და არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დამცველი ნარატივებია, არამედ - უსულო სხეულის უფლებისაც არ იყოს გამომზეურებული, როგორც ბუტაფორია, საგანი.




"ისეთი ბრუტალური ძალადობის დროს, როგორსაც ადგილი აქვს სირიაში – განაცხადა ჩარიფ კიუნმა. – რეჟისორი, ოპერატორი თუ ფოტოგრაფი უნდა ცდილობდეს დააფიქსიროს არა სიკვდილი მომაკვდავი ადამიანის ჩვენებით, არამედ ის, თუ რა ხდებოდა ამ საბედისწერო მომენტამდე და მის მერე. მაშინ, როცა აშშ–ში ძალადობის ვიდეოკარდების "იუთუბსა" და სოცილურ ქსელებში ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მსხვერპლის უფლებების დაცვისას ისეთი კონფლიქტებისა და მასობრივი ძალადობის გაშუქებსას, რომელსაც, მაგალითად, საირიაში აქვს ადგილი.



ჩვენ უნდა ვაჩვენებდეთ ზოგად სურათს და არა სისხლში ამოსვრილ გვამებს". თუმცა Human Rights Watch -ის ფესტივალის იმ საღამოს გამართულ ჩვენება – დისკუსიაზე, რომელსაც "იმიჯის უფლება" ეწოდა, ამერიკელი კინოხელოვანები სირიელ კოლეგას არ ეთანხმებოდნენ იმ არგუმენტის მოშველიებით, რომ უფლებადამცველთათვის ძალადობის ვიზუალური მხარის დაფიქსირება მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, თუმცა ჩარიფ კიუანს ამაზეც ჰქონდა პასუხი: "აშშ დემოკრატიული ქვეყნაა და ის სირიაში არსებული კონტექსტიდან განსხვავდება. რაც შეეხება ძალადობის ვუზუალიზაციას, ამგავრი მასალები ორგანიზაციის არქივებში უნდა დარჩეს, როგორც ისტორიული მასალა და არ გადავიდეს მასმედიურ მეინსტრიმში.



"პრივატულობის უფლება" ინდივუდუალური უფლებაა და ჩვენ ვალდებული ვართ მსხვერპლს პატივი ვცეთ" – განაცხადა რეჟიროსმა, რომლის (ისევე როგორც მისი სირიელი კოლეგების) რამდენიმე წუთიან ფილმებში, სადაც მსხერპლნი გადატანილ უბედურებაზე ყვებიან, ჩრდილში სხედან და მაყურებელს მხოლოდ მათი ხმა ესმის. "არაა აუცილებელი სიკვდილს თვალებში (იგულისხმება მკვდარი ადამიანის სხეული– ი.მ.) კამერით ჩახედო. – ამბობს ჩარიფი. – "Abounaddara Film –ის მთავარი პრინციპია სხვას ისე მოექცე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ და უპირველესად ამისთვის საჭოროა 1. საკუთარ თავს პატივს სცემდე და 2. და აუკრძალო შენს თავს თვალებში სიკვდილს ჩახედო, რადგანაც ეს მკვლელობის გაბანალურებას იწვევს".






Molotov Man-ის სურათები.



Magnum Foundation-ის პრეზიდენტმა, ცნობილმა ფოტოგრაფმა სიუზან მეისელასმა სლაიდების საშუალებით მისი ყველაზე ცნობილი ფოტოს Molotov Man თავგადასავლი წარადგინა ანუ ისტორია იმისა, თუ როგორ გახდა ერთი ნიკარაგუელი რევოლუციონერის, სანდინისტელის ფოტო მეინსტრიმული არა მარტო მედია სივრცეში, არამედ – ხელოვნებაშიც. მეამბოხეს ზედმეტსახელად "ბარეტა" მარჯვენა ხელში აალებული ასაფეთქებელნივთიერებიანი პეპსი – კოლას ბოთლი უჭირავს, მერცხენაში კი – ავტომატი. ეს ფოტო ერთგვარი სანიმუშო Case Study-–ია იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი ერთხელ ატაცებული იმიჯი გახდეს არა მარტო ეპოქის, არამედ პროპაგანდა–ანტიპროპაგანდის იაღარი და ამავე დროს პოპკულტურის ნაწილიც.



ამერიკელმა მხატვარმა ჯოი გარნეტმა და არა მარტო მან სიუზან მეისელასის ფოტო ტილოზე გადაიტანა. არტკრიტოკსები მსჯელობდნენ, რომ სანდინისტური რევოლუციის მოქმედი პირის (იგი სწორედ ამ ფოტოს საშუალებით ერთგვარი ნიკარაგუელი "სელებრითი" გახდა) მოხდა 1979 წლის ნიკარაგუის დეკონტექსტუალიზაცია. ადრე ავტორს არასოდეს უხსენებია მისი "ობიექტის" სახელი და გვარი, რადგანაც ფოტოს მიზანი იმთავითვე მის სანდინისტელ გმირად გამოცხადება სულაც არ ყოფილა. არტკრიტიკოსები და იურისტები დღესაც მსჯელობენ "მოლოტოვის კაცის" ავტორს სრული უფლება ჰქონდა თუ არა მის მიერ გადაღებული ფოტოს ლამის მილიონობით ვერსია–ინტრეპრეტაციისთვის მოთმინებით ეცქირა. საქმე სასამართლომდე არ მისულა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ საკულტო იმიჯის რებრედირებას სამართლებრივი დავა არ შეიძლება მოჰყვეს.



კინოფესტივალზე "მშვიდობის ტვირთი" არ იყო ერთადერთი კინოსურათი, რომელიც გვატემალელების ტრაგიკულ ისტორიას შეეხეო. ამერიკული კინოკომპანია Skylight Pictires –ის დამფუძნებელმა და რეჟისირმა პამელა იატესმა "გამოსახულების უფლებაზე" დისკუსიისას აჩვენა თავისი ფილმის "გრანიტი: როგორ ჩავაჭედოთ დიქტატორი" (Granito: How to Nail a Dictator) ნაწყვეტები, რომელიც სამოქალაქო ომის დროს დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ ადამიანებზე (გაეროს მონაცემებით გვატემალას სამოქალაქო დაპირისპირებამ ორასი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა), მათ მომძიებელ ახლობლებსა და ადამიანის უფლებების დამცველთა ძალისხმევაზე მოგვითხრობს.




"გრანიტო" არაა ამ რეჟისორის პირველი ფილმი, რომელიც მან გვატემალაში დატრიალებულ ტრაგედიას მიუძღვნა. რეჟისორმა აღნიშნა, რომ თითოეული მსხვერპლის ფოტოს გამოყენება გარკვეულ ეთიკურ თუ იურიდიულ პრობლემებს უკავშირდებოდა. თუნდაც ფილმის პოსტერისთვის გამოყენებული ქალის სახე, რომლის "გამასიურება" დაკარგული მშობლის მაძიებელი შვილისთვის, ცხადია, პრობლემატური აღმოჩნდა. ფილმის შემქმნელებს ყოველთვის უწევდეთ ამგავრი არც ისე ადვილად დასაძლევი მორალური წინააღმდგობების გადალახვა.



დისკუსიის მონაწილე სამივე რეჟისორი მათი მეტ–ნაკლებად განსხავებული შეხედულებების მიუხედავად, ერთნი იყვნენ იმ აზრში, რომ ეკრანსა თუ ჟურნალის ფურცლებზე ადამიანის ტანჯვისა და უსამართლობის წარდგენის ხერხი არა მარტო ესთეტური, არამედ პოლიტიკური და ეთიკური არჩევანია. ასევე აღინიშნა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებებისა და კანონის როლის თანმიმდევრული განმარტების პროცესი უნდა იყოს მიმართული ომში, ადამიანის უფლებების შელახვისას თუ სხვა ამგვარ სიტუაციებში ადამიანებისა და ადამიანთა ჯგუფების "შუშველ სიცოცხლეებად" წარმოჩენის შესამცირებლად.



"გამოსახულების უფლებაც" ადამიანის უფლბებათა რიცხვში უნდა შედიოდეს, რადგანაც ეს კონსტიტუციური უფლება თავადაა უფლებათა ნაკრები და იგი ადამიანის ღირსებისა და მისი არჩევანის პატივისცემას მოიცავს. უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიო სავსეა იმიჯებით, რომელიც გასაოცარი სისწრაფით ვრცელდებიან, ხოლო ჩვენი პოლიტიკური, ეთიკური და ინტიმური ცხოვრება სწორედ რომ იმიჯების საშუალებით კონსტრუირდება.

2015.07.02
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment