მაისში მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა კინოხელოვნების საპრეზენტაციო ცენტრმა "ლინკოლნ ცენტრის კინოსაზოგადოება" (Film Society of Lincoln Center. 1969) თავის კინოდარბაზში მოაწყო შეხვედრა არგენტინელ მწერალთან, კინოპროდიუსერთან, სცენარისტთან და რეჟისორთან მართინ რეჯთმენთან, რომელმაც თავისი ახალი ფილმი "ორი გასროლა" (2014) წარადგინა.
ბუენოს აირესელი ხელოვანი თავისი მინიმალისტური გამომხატველობის ენითაა ცნობილი. თავად რეჟისორი ამბობს, რომ მას არ უყვარს "ხელოვნური ატმოსფერო და ტექსტის ორგანიზება", რადგანაც ეკრანის იქით მაინც არაფერი ხდება.
ფილმში მართლაც არაფერი ხდება, ადამიანები მიდი–მოდიან, მუსიკას უკრავენ, ჭამენ–სვამენ, სძინავთ, ტუალეტის კართან დგანან, მანქანის საჭესთან სხედან, ნამზეურს იღებენ, ლიფტით მგზავრობენ, ტელეფონს პასუხობენ, საუბრობენ არაფერზე, დადიან ფსიქიატრთან, ეძებენ დაკარგულ ძაღლს. ერთადერთი დასამახსოვრებელი ქმედება, რომელიც ეკრანზე ხდება, ესაა თინეიჯერი მარიანოს მიერ ეზოში ბალახის გასხვლის დროს მიწაში ჩაფლული რევოლვერის პოვნა, მერე – საძინებელ ოთახში თვითმკვლელობა, ორი გასროლა თავსა და მუცელში და კედელში ორი ნატყვიარი. სუიციდი, რომელიც სიკვდილით არ სრულდება. არც სისხლი–ტკივილი ჩანს და არც მთელი ფილმის განმავლობაში თავად მთავარი გმირი, რომლის არსებობა დედამისის, ძმისა და უცხო ადამიანების უაზრო მიმოსვლაში გავიწყდება კიდეც. როგორც "მთავარი გმირი" განმარტავს, "თავის მოკვლა იმიტომ უნდოდა, რომ იმ დღეს უბრალოდ ძალიან ცხელოდა"
მთელი ფილმის განმავლობაში, რომლის მეოცე წუთზე გეჩვენება, რომ ის არასოდეს დასრულდება, გგონია, რომ აი, ახლა მაინც გაიგებ, თუ რისი თქმა უნდა ავტორს, ანდა ახლა მაინც მოხდება რაიმე, რაც თუნდაც კინოსურათის სათაურს გაამართლებს. მაგრამ, არა. ამ ერთგვარმა "ანტიგამომხატველობითი" კინოს ავტორმა განაცხადა კიდეც, რომ ფილმის სცენარს გადასაღებ მოედანზევე სპონტანურად იგონებს.
მართინ რეჯთმენის პირველი ფილმი "თავგადახოტრილი" (1992), რომელიც მოტოციკლეტისტი ყმაწვილის ცხოვრების ერთ ეპიზოდს აღწერს და რომელმაც ლოკარნოს კონოფესტივალზე "ოქროს ლეოპარდიც" დაიმსახურა, კრიტიკოსებმა მოიწონეს (კინოკრიტიკოსების ჯილდოც გადასცეს, ოღონდ ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ), თუმცა მას მერე მათმა კეთილგანწყობამ საგრძნობლად იკლო. არადა თავიდან ამ რეჟისორს ჯარმუშსა და აკერმანს ადარებდნენ, მერე კი რეჯთმენის ფილმები დროის მოკვლის მტანჯველ საშუალებად გადაიქცა, ერთგვარ ნატურალიზმად უსასრულო პაუზებით, მოქმედი პირების ლეთარგიული ძილითა და ერთმანეთთან დაუკავშირებელი მიზანსცენებით.
ფილმები, რომელიც სიცარიელის, უკონტექსტობისა და ღარიბი ვიზუალური ენის ერთგვარი ნაკრებია, "არტ ჰაუსურმა" ხელოვნებამაც დიდად ვერ მიიღო. "ორ გასროლას" არც მთავარი გმირი ჰყავს და არც მეორეხარისხოვანი როლის შემსულებლები – ფილმი ნატურალიზმის განმეორებადი, მოსაწყენი "თავგადასავალია", სადაც ახლო ხედებით აჩვენებენ სახლის ჭუჭყიან სამზარეულოს პურის ფინჩხებითა და ოჯახის წევრებს შორის ორი–სამი სიტყვით შემოფარგლულ ზერელე კომუნიკაციას. ეს "უსისტემო ნარატივი" მოგვითხრობს არა მოქმედი გმირების ერთმანეთთან ურთიერთობაზე, არამედ რეჯთმენის კაფკასეულ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი და ხელოვნებაზე, რომელიც უფრო მეტად ნონსენსს ეძებს, ვიდრე სასწაულსა და კათარზისს, რომელსაც, როგორც წესი, კინოსგან ელიან.
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment