ბრუკლინის მუსიკალური აკადემიის (BAM) კინოდარბაზში მხოლოდ ერთი დღით ბერლინალეს "ვერცხლის დათვის" მფლობელის (1996), ბრიტანელი კინო და ტელერეჟისორის რიჩარდ ლონგქრეინის ახალი ამერიკული ფილმი "კიბის 5 მარშით ზემოთ" (5 Flights Up. 2014) აჩვენეს. კინოსურათის (სცენარისტი ნეილ საიმონი) ნიუ იორკულ პრემიერას რეჟისორი და მსახიობები დაიანა კიტონი, მორგან ფრიმენი და სინტია ნიქსონი დაესწრნენ
ფილმი ეფუძნება ამერიკელი მწერლის ჯილ სიმენტის რომანს "გმირული ქმედებები" და იგი პირველად შარშან ტორონტოს კინოფესტივალზე აჩვენეს. ასეთ ფილმებზე ამბობენ, რომ მოსაწყენამდე ბანალურიაო. თუმცა ამ "კეთილი ბანალურობის" დიდ ეკრანზე იშვიათად ნახვის გამო მის არამოსაწყენობას ნამდვილად დააფასებ. რეჟისორი ვუდი ალენივით ნიუ იორკის მეხოტბე არაა, თუმცა დიდ ეკრანზე იმ ქუჩების ხილვისას, რომელიც მდიდართა მიერ მონიშნული უბნების რეპუტაციით სარგებლობს, სადაც ერთოთახიანი, "ხრუშოვკაზე" მცირე ფართის ქირის ფასი ხუთი–ექვსი ან მეტი ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, იმის გახსენებას იწყებ, გაგივლია თუ არა საყვარელი დიდი ვაშლის ქალაქის ამ გლამურულ შუკა–შუკა "ავენიუ–სტრიტებზე". ქალაქი – ნაცნობია, ნაცნობია ბრუკლინისა და მანჰეტენის დამაკავშირებელი ხიდებიც, კაფეების აბრებიც და ნაცნობია ტელევიზიის არხების "ტოპნიუსური" შეპყრობილობაც, როცა რაღაც არაორდინალური ხდება. მაგალითად, როცა ამ დიდ ქალაქში ტერორისტს ეძებენ, ამ საშიში ადამიანის აღმოჩენის ადგილმდებარეობამ კი მაშინვე იმ ადგილზე უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვის რეიტინგი შეიძლება დააგდოს. ნაცნობია ისიც, რომ ბრუკლინში დღესაც მაღალსართულიანი ულიფტო სახლები კარგად იყიდება/ ქირავდება. ეს ქალაქი ყველანაირ პროდუქტს სარფიანად ჰყიდის, რადგანაც სიძვირის მიუხედავად უცნაური კანონზომიერებით მუშტარი უფრო მეტია, ვიდრე შემომთავაზებელი. თუმცა ეს უკვე სხვა ნიუ იორკული თემაა, ამ ქალაქის პოლიშინელის საიდუმლო – "ეკონომიკური ფილოსოფია", რომელზეც ბევრს არანაირი წარმოდგენა აქვს და რომელიც ამ ფილმის მიმოხილვას ნაკლებად ეხება.
ფილმის ერთ–ერთი მოქმედი გმირი შინაური ძაღლი სახელად დოროთია, რომელიც ავად ხდება. რეალურ ცხოვრებაში შინაური ცხოველის მკურნალობის ხარჯები (მცირებიუჯეტიანი დაზღვევის მიუხედავად) საშუალო ამერიკელისთვისაც რომ დიდი ფუფუნებაა, ფილმის არმოსაწყენ რეალიზმს კიდევ მეტ ქულას მატებს. ჩემს მეგობარს, მაგალითად, ზუსტად იგივე მდგომარეობა ჰქონდა. ამ ქალაქში, ჯერ ეს ერთიც, Dog Friendly ანუ შინაური ცხოველის მიმღები საცხოვრებელი შენობის (ძირითადად, დასაქირავებლად) პოვნა არც ისე იოლ საქმეთა რიცხვს განეკუთვნება და ზუსტად იმ დროს, როცა ეს ფილმი ვნახე, ამ ჩემი ახლობლის ძაღლს სერიოზული დაავადების სიმპტომები ჰქონდა, რომლის მკურნალობის თანხის ვერგადახდას სერიოზულად განვიცდიდით. საბედნიეროდ, "რეალური ძაღლის" შემთხვევაში სიმსივნის მსგავსი ახლადწარმონაქმი თავისით ქართული "კოლხურისა" და კიდევ რაღაც მალამოს გამოყენებით ნელ – ნელა გაქრა, რამაც ძალიან გაგვახარა; კინოში კი დოროთის ოპერაციისთვის ორმოცი წლის ოჯახის ბიუჯეტში ათი ათასი დოლარი მალევე გამოიძებნა და ოთხფეხას მკურნალობა ჰეპი ენდით დასრულდა.
ალექსი (მ. ფრიმანი) მხატვარია, ხოლო მისი ცოლი რუთი (დ. კიტონი) – მასწავლებელი. ქმარს მეხუთე სართულზე ასვლა უჭირს, ამიტომ ოჯახი ახლობელი ბროკერის ლილიას (ს. ნიქსონი) საშუალებით ბრუკლინში სახლის გაყიდვას და მანჰეტენზე ლიფტიანი ბინის ყიდვას გადაწყვეტს. ზუსტად იმ პერიოდში მეც მომიწია მეგობრებთან ერთად "ღია სახლის" (მარკეტზე გასაყიდად გამოტანილი სახლის საჯაროდ დათვალიერების ღია კარის დღე) "ღონისძიებაზე" სიარული, ასე რომ ფილმის ეპიზოდის ტლანქად შელამაზების კომპონენტს თუ არ ჩავთვლით, ფაქტობრივად, დოკუმენტურ კადრებად აღვიქვი.
ფილმიდან ვგებულობთ, რომ რუთი ახალგაზრდა მხატვრის ალექსის ნახატისთვის შიშველი პოზირებდა; იმას, რომ გოგონას დედას შვილის არჩევანი არ მოსწონდა; იმას, რომ მათ შვილი ქალის ჯანმრთელობის პრობლების გამო არ ეყოლებოდათ და იმასაც, რომ ყმაწვილს თავისი მუზა იმიტომ შეუყვარდა, რომ ის სხვებისგან თავისი ბუნებრიობით გამოირჩეოდა.
"კიბის 5 მარშის ზემოთ" ორი, შეყვარებული, საშუალო ასაკს გადაცილებული ადამიანის (აშშ–ში სიტყვა "მოხუცს" ერიდებიან) თანაგრძნობაზე, ერთგულებასა და მეგობრობაზეა; იგი ამბავია ორი ნიუ იორკელისა, რომლებიც თავის ძველ მოგონებებს ვერ ელევიან და ისევ იმ ულიფტო ბინაში რჩებიან, სადაც, როგორც ჩვენ ვიტყოდით, სიამტკბილობაში თითქმის ნახევარი საუკუნე ერთად გაატარეს. მოკლედ, ეს ფილმი სიყვარულზე, სიმშვიდესა და სულ ოდნავ – ნიუ იორკზეცაა
06.06.2015
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment