Saturday, June 6, 2015

სტენლი კლარკის ნიუ იორკული მაისი




ცნობილმა Blue Note Jazz Club-მა მაისის ექვსი დღე (თორმეტი შოუ) თავისი სცენა ლეგენდარულ ბასისტს სტენლი კლარკსა და მის ბენდს დაუთმო. ოთხი "გრემისტი" მუსიკოსის ბენდში კი ვირტუოზი ხელოვანები არიან: აკუსტიკურ და ელექტროპიანინოზე – 19 წლის ბექა გოჩიაშვილი, დასარტყამ ინსტრუმენტებზე - 20 წლის მაიკლ მიჩელი და კიბორდისტი, მათზე მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი წლებით უფროსი კამერონ გრეივსი.


სცენაზე იმ დღეს ბილი ჰოლიდეის "ახალგაზრდული" ასწლოვანებაც გაიხსენეს და ცისფრად ჩაბნელებულ სივრცეში მომღერალ ნატაშა აგრამას შესრულებით ბლუზის მუდმივი თემა – სიყვარული, სევდა, მონატრება და კოცნები შემოიტანეს.


აკუსტიკური და ელექტრო ბასგიტარის უბადლო ოსტატმა, სტენლი კლარკმა ჯაზის გარეშე თავისი კარიერის მხოლოდ მცირე ნაწილი გაატარა, თუმცაღა იგი ამ დროს ჩარლზ მინგუსის, ჯეიმს ბრაუნის, რონ კარტერისა და ჯიმი ჰენდრიქსის არაფორმალურ მოსწავლედ რჩებოდა. მოგვიანებით სტენლი კლარკმა კით რიჩარდსთან და სტენლი ჰერცთან ნაყოფიერი თანამშრომლობა დაიწყო. ერთ მშვენიერ დღეს კი მან ფიუჟენის ნომერ პირველ ბასისტად გაიღვიძა. ფილადელფიის კონსერვატორიის კურსდამთვრებულის (სამუსიკო აკადემიაში იგი აკორდეონს, ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და კონტრაბასს სწავლობდა) ჯაზის სამყაროში შებიჯება სწორედ ნიუ იორკში მოხდა, როცა ოცი წლის სტენლი როგორც კი დიდი ვაშლის ქალაქში ჩავიდა, მაშინვე "იშოვა სამსახური" ისეთ ბენდლიდერებთან, როგორებიც არიან: ჰორას სილვერი, არტ ბლეიკი, დექსტერ გორდონი, ჯო ჰენდერსონი, ფარაო საუნდერსი, გილ ევანსი, სტენ გეთზი და ჯერ კიდევ იმ დროისთვის არც ისე ცნობილი პიანისტი – კომპოზიტორი ჩიკ კორეა.




მთელი 1970–იანების ამერიკული ფიუჟენის ყველაზე ცნობილი ფიგურა - ჩიკ კორეასა და სტენლი კლარკის ბენდი - Return to Forever (დაბრუნება უსასრულობაში) იყო. კლარკი ამბობდა, რომ ისინი მაშინ ვერ აცნობიერებდნენ, თუ როგორი გავლენა ჰქონდათ მათ ადამიანებზე, უბრალოდ საგასტროლო გამოსვლების რეკორდს ამყარებდნენ და ისევ გზას უბრუნდებოდნენ. მთლიანობაში Return to Forever–მა რვა ალბომი ჩაწერა, რომელთაგან ორი ოქროსი გახდა. ბენდმა "გრემი" და არაერთი ნომინაცია აიღო ზუსტად იმ პერიოდში, როცა მოგზაურობდა. 2006–ში კლარკმა თავის ძველ მეგობართან, კიბორდის პიონერთან, მომღერალთან და კომპოზიტორთან ჯორჯ დიუკთან ერთად ევროპასა და აშშ–ში დიდი მუსიკალური პერფორმანსი მოაწყო და "წლის საუკეთეოს ტურის" ნომინაციაც – Jammy Award დაიმსახურა. 2011 წელს კი სტენლი კლარკის ალბომმა The Stanley Clarke Band "გრემი" საუკეთესო თანამედროვე ჯაზ ალმობისთვის დაიმსახურა. 2008–ში 1977 წელს დაშლილი Return to Forever რეინკარნირდა, რომლის ერთ–ერთი შედეგი ორი წარმატებული ალბომის ჩაწერა იყო.


2000-იანებში სტენლი კლარკი ბევრ დროს უთმობს კინოს (მათ შორის მსახიობისა და პროდიუსერის რანგში მან ასამდე ფილმის შექმნაში მიიღო მონაწილეობა) და სატელევიზიო მუსიკის შექმნას; ასევე ანიმაციასა და დოკუმენტურ ფილმებს. მათ შორისაა პოპულარული "ციხის ისტორიები: ქალები გისოსებს მიღმა" (1991); "როკი მარჩიანო" (1999) და "სტატიური შოკი" (ანიმაციური სერიალი, 2000)

სტენლი კლარკის ბასგიტარა გამოსცემს ექსტრაორდინალურ, რიტმულ ბგერებს, რომლის მოსმენასაც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ელოდები ამ "ელექტროკონტრაბასისგან"... მის ბასს თავისი იუმორი აქვს, ხოლო კლარკის ბენდის ახალგაზრდა წევრებს, ბექასა და მაიკლს – განსაკუთრებული ჯაზ–გადაძახილები, რომელსაც მეტრის ბასის პაუზის დროს უჩვეულო სისხარტით ახერხებდნენ და რომელზეც ისევე გეცინება, როგორც ზეპირსიტყვიერ მარილიან ხუმრობაზე.


სტენლი კლარკისა და ბექა გოჩიაშვილის შეხვედრა 2011 წლის იანვარში, Return to Forever-ის ნიუ-ორკის კონცერტამდე რეპეტიციის დროს შედგა, სადაც იგი მისმა უკვე მენტორებმა, ჩიკ კორეამ და ჯაზ ფიუჟენის ერთ–ერთ მამად წოდებულმა ლენი უაითმა დაპატიჟეს. მას მერე ქართველი მუსიკოსი ლეგენდარული ჯაზმენის ბენდის მუდმივი წევრია. შარშან კლარკი ბექასთან ერთად თბილისის ჯაზ ფესტივალზე დიდი წარმატებით გამოვიდა. წელს ბენდი მსოფლიოს სხვადასხვა ჯაზ ფესტივალებზე, კლუბებში და საკონცერტო დარბაზებში ასამდე კონცერტს ჩაატარებს. ნოემბერში სტენლი კლარკი "ბლუ ნოუთს" თავის ბენდთან ერთად ისევ დაუბრუნდება, მაისის ბოლოს კი ქართველი ჯაზპიანისტი "ირიდიუმში" დაუკრავს. ბექამ გაზაფხულის დადგომაც ამ ლეგენდარულ კლუბში გვაზეიმა და მაისის დასრულებასაც ისევ მანდ აღვნიშნავთ.

18.05.2015
netgazeti.ge


No comments:

Post a Comment