ჩემს მეხსიერებაში ნიუ იორკის ერთ–ერთი ძველი არტსივრცე The Kitchen (სამზარეულო) (1971), რომელიც სხვადასხვა სახის სახელოვნებო მიმდინარეობების წარმომადგენლებს, არტკრიტიკოსების ლექციებსა და ინოვაციურ იდეებს ეთმობა, ქართველ მხატვარს უკვე მეორედ მასპინძლობს.
პირველად იყო ლადო დარახველიძე (2013), ახლა კი – ანა ეძგვერაძე–კაპანაძე, რომელიც ანა კ.ე.–ის სახელითაა ცნობილი. No Entrance, No Exit (არა შესასვლელი, არა გასასვლელი) სამი ხელოვანი ქალის – ანა კ.ე.–ის, ალინა ტენსერისა და ვიოლა იესილტაჩის ერთობლივი გამოფენაა. ეს პროექტი ენდი უორჰოლის ფონდის, ნიუ იორკის მერისა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა. "სამზარეულოს" მესვეურთა აზრით, ამ სამი ხელოვანის შემოქმედებაში პერფორმანსი სხვადასხვაგვარ როლს თამაშობს. კერძოდ, როცა მხატვარსა და აუდიტორიას შორის სივრცით ხატებში ერთგვარი "ნავიგაცია" მყარდება. მაგალითად, ანა კ.ე. –ის ინსტალაცია "დაუმთავრებელი ღიმილი" იყენებს კაფელისგან შექმნილ ავზს, როგორც არა–პერფორმანსის სცენას. ავზის ფილები, იგივე კაფელი სამგანზომილებიან სივრცეში პიქსელს – გამოსახულების ელემენტს წარმოადგენს და პარალელურად უნიფორმებსაც – ფუტურისტულ საცურაო კოსტუმებს, რომელიც ავტორის სახელის ასოებს წარადგენს. ეს კოსტუმები თაროებზეა დალაგებული და არტისტის კანის განსახიერებაა. სივრცე კი გრძელდება ცხაურებში, რომელიც ავზის სტრუქტურასა და სამარხიან ვიდეოში სახელწოდებით "მრავლობითი ჭურჭუტანა" აირეკლება; ხოლო არტისტის სხეულის ჩრდილი მისი სახელოსნოს ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს ჩანს.
29 წლის ანა ეძგვერაძე–კაპანაძის შემოქმედებითი "სივი" საკმაოდ შთამბეჭდავია: გამოფენები ბერლინში, დუსელდორფში, ჩიკაგოში, ნიუ იორკში, ისრაელში. ხუთი წელია ამერიკაშია, მანამდე გერმანიაში (სადაც სამხატვრო აკადემია დაამთავრა) ცხოვრობდა, მანამდე კი – საქართველოში, სადაც ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში სწავლობდა.
"როცა რომელიმე საგამოფენო დარბაზში მეპატიჟებიან, ყოველთვის ყურადღებით ვათვალიერებ მას, რათა დავინახო როგორია მისი სივრცე, მექნება თუ არა ინსპირაცია თავად საგამოფენო დარბაზიდან – ამბობს ანა. – ეს გამოფენა და ინსტალაცია სწორედ ამ დარბაზისთვის შევქმენი. რატომღაც იმის განცდა დამებადა, რომ უნდა შემექმნა ისეთი ცარიელი სივრცე, რომელშიც მაყურებელს შესვლა არ შეუძლია, ხოლო არსებული სიცარიელე მოინიშნება. The Kitchen–ის მეორე სართულზე რაღაც გამოფენა იყო, რომელზეც დამპატიჟეს და ამავე დროს "ჩემი" დარბაზიც ვნახე. მანამდე კი კურატორი ჩემთან სახელოსნოში მოვიდა და მითხრა, რომ კონტექსტუალურად მოეწონა ის, რასაც ვაკეთებდი; ისიც, რომ ჩემს ნამუშევრებს პერფორმატიულ მხატვრობასთან დიდი კავშირი აქვს. "სამზარეულო" ხომ ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან დიდი ხანია თავისი პერფორმანსული წარსულითა და აწმყოთია ცნობილი.
ყველა, ალბათ, ამ ავზში ჩასხმულ წყალსა და წყალში გათამაშებულ სცენას ელოდებოდა, არა?
ჰო, ხალხი მოდიოდა გამოფენაზე და მეუბნებოდა, რომ მოვედით, ველოდებოდით და არაფერი ხდებაო. ჰოდა, ეს ინსტალაცია სწორედ ამაზეა: როცა მოლოდინში ხარ, უყურებ სცენას და გგონია, რომ რაიმე უნდა მოხდეს. ამ დროს კი არაფერი ხდება. ავზის გვერდით პატარა ჭიქა დგას. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. ამით ინსტალაციაში იუმორიც შემოვიტანე.
ეს ჭიქა ერთგვარი გლამურის ნიშანია? აბაზანაში წევხარ და შამპანურს წრუპავ?
ასეც შეიძლება. საერთოდ კი ჩემი ჩანაფიქრით გამოფენის გახსნისას ავზში წყალი უნდა ყოფილიყო. წყალი გადავიფიქრე და გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა "დაუმთავრებელი ღიმილი". ავზთან აუცილებლად ჭიქა წყლით უნდა დამედგა. იდეა კი ასეთი იყო: ეს ერთსაღამოიანი პერფორმანსი უნდა ყოფილიყო. ავზი წყლით გაივსებოდა, რაც თავის თავად ავზს ინფორმაციით დატენიდა. რახან უწყლო ავზი უნდა წარმოგვედგინა, ჩავთვალე, რომ იუმორიც უნდა შემომეტანა. რახან საცურაო ავზია, ყველას იმის მოლოდინი აქვს, რომ იგი აუცილებლად წყალს უნდა უკავშირდებოდეს. მაგრამ წყალი არაა. მერე იმის განცდა გიჩნდება, რომ ეს წვეულებაა და ვიღაცას ელეგანტური ჭიქა დარჩა.
ფოტოებზე მოდელი თავად ხართ. როგორ მოიაზრებთ ავტორობასაც და ფოტომოდელობასაც?
ფოტოებზე ჩემი კანი მაცვია. მოვიფიქრე საცურაო კოსტუმის კონცეფცია და "კანი" მკერავს შევაკერინე. კოსტუმები აბსტრაქტულად მხატვრის სახელის ასოებია. როცა მაცვია, შესაძლებელია იმის წაკითხვა, თუ ვის ეკუთვნის იგი. თუმცაღა ძალიან გააბსტრაგირებულია. კოსტუმები ჩემს ტანზე მოჭრილი სკულპტურაა; კანი კი გახდილი მაქვს, იგი თითქოს სკულპტურაზეა არქივირებული და ამით მე, ასე ვთქვათ, მხატვრულ პროფილს ვიცილებ. ვიდეოინსტალაცია კი ჩემს კანთან პირდაპირ არაა დაკავშირებული. ეს ვიდეო ძველია, 2012 წლისაა, ინსტალაცია კი ახალი გაკეთებულია.
ხე და კაფელი კონტრაპუნქტად მოიაზრება?
ასეა. ხე და ქვა კონტრაპუნქტია. ცხაურის სტრუქტურა ქვისაა, ხოლო ხე მის ანტიპოდს ქმნის. დიდხანს ვფიქრობდი თუ რა ფორმით შემომეტანა "დაპირისპირება". შემეძლო "ფლექსი გლასი" ამეღო – გამჭვირვალე მასალა– პლასტიკატი, მაგრამ სპეციალურად ნატურალური მასალა – ხე ავიღე, რადგანაც ხეს წყალზე რომ დადებ, იგი ტივტივებს. სიმბოლოები წყალს, წყალზე დადებული მატერიასა და ტივტივს უკავშირდებოდა. მინდოდა მოძრაობა შემომეტანა, თითქოს ტალღაც აქაა.
რატომ კაფელი?
კაფელი ბავშვობას უკავშირდება, როცა ბებიას თურქულ აბანოში დავყავდი. დიდ დაბრაზებში კედლებზე, ჭერსა და იატაკზე აკრული კაფელი სისუფთავისა და სიწმინდის განცდას მანიჭებდა. იმისგან განსხვავებულს, როგორსაც გარე სამყარო გახვედრებს
No comments:
Post a Comment