Saturday, June 6, 2015

ბ.გ./აკვარიუმი. აბორდაჟი!




სახლში დღესაც მაქვს ვინილის შავი ფერის დისკები – "აკვარიუმისა" და ვლადიმერ ვისოცკის. ესენი "რუსული ესტრადის" ის ორი ეული წარმომადგენელი იყო, რომელთა ჩანაწერებს, რასაკვირველია, მონოპოლისტი ფირმა "მელოდიის" მაღაზია/განყოფილებებში შორეულ ბავშვობა – ახალგაზრდობაში ვყიდულობდი. უფრო სწორედ, მშობლები ყიდულობდნენ. მოგვიანებით მათ "ДДТ" მიემატა, რომელსაც უკვე "იუტუბზე" ვუსმენდი

პირველი ნაყიდი დისკის "კონვერტიც" მახსოვს – თეთრის ფონზე ცენტრში დიდი შავი ასოებით Аквариум. ბორის გრებენშჩიკოვის იგივე ბ.გ.–ის სიმღერებს კი პიანინო – გიტარაზეც ვაწყობდი – "Город Золотой", "Сидя на красивом холме", "Мы стояли на плоскости"... ძირითადად, 1980 – იანების საკულტო ფილმის "ასა"– რეპერტუარიდან. ისიც მახსოვს, რომ, მგონი, პირველად "საბჭოურ სიმღერაში" გავიგონე "მაჩო" კაცის მარიალიანი დაცინვა და ვთვლიდი, რომ ასეთების ყველაზე ადეკვატური ზედმეტსახელი "არისტოკრატული" "დონ ჟუანი" კი არა, არამედ "Big Kozloduev" (სიმღერა Cтарик Kозлодуев) უნდა ყოფილიყო.





საქართველოს 1990 – იანების წლებმა და მერე ემიგრაციამ ოდნავ გადამავიწყდა "აკვარიუმი", თუმცაღა ერთხელ, 2000–იანების დასაწყისში ბორის გრებენშჩიკოვის თბილისში ნამღერი "ოქროს ქალაქიც" მოვისმინე. ალბათ, ასე თორმეტი წლის წინათ. და ახლა მაისის ერთ საღამოს ნიუ იორკის არქიტექტურულ ძეგლად წოდებულ და მრავალნახანძრალ "ვებსტერ ჰოლში" (1886), რომელიც უკვე თითქმის საუკუნენახევარია ყველაზე ცნობილი ღამის კლუბი/საკონცერტო სივრცეა თავისი სხვადასხვა ზომის დარბაზებითა (სულ 2 500 მაყურებელს იტევს) და ჰედონისტი ბოჰემის ხმაურიანი დროსტარებებით, "აკვარიუმის" კონცერტი BG/Aquarium. Abordage! (ბ.გ./აკვარიუმი. აბორდაჟი!) შენობის Grand Ballroom –ში (დიდი დაბრაზი) გაიმართა. აქ რეგულარულად დადიოდნენ სკოტ ფიცჯერალდი, ფრენსის პიკაბია და ჯოზეფ სტელა... დაბრაზი ფეხზე მდგომის მოყვარულთათვისაა განკუთვნილი, მე გამიმართლა და თითქმის ორსაათანი კონცერტი (მუსიკოსები ბისზე ხუთჯერ გამოვიდნენ–იმღერეს) დარბაზის ზედა აივანზე, სავარძელზე მოკალათებულმა მოვისმინე და ვინ იცის, საუკუნის წინ იქნებ სწორედ ამ აივანზე მენ რეი, ჩარლზ დემუთი და მარსელ დიუშამპი დაეხეტებოდნენ, ოღონდ ფრანგულ – ინგლისურენოვან საზოგადოებაში. გრებენშჩიკოვის კონცერტზე, როგორც დავაკვირდი, მხოლოდ რუსულენოვანი ყველა ასაკის მსმენელი იყო, მათ შორის 3–4 წლის პატარებიც, რომლებსაც ბ.გ. – ის ინდურ–კელტური მოტივების "მანტრებზე" გემრიელად ეძინათ.





'აკვარიუმის' კონცერტი BG/Aquarium. Abordage! ნიუ–იორკის 'ვებსტერ ჰოლში'. ფოტო/ია მერკვილაძე





ნიუ იორკი "აკვარიუმის" ჩრდილოამერიკული ტურნეს ერთ–ერთი "სადგური" იყო, რომელიც ტორონტოდან დაიწყო და ჩიკაგოში დასრულდა. ამა წლის სამ ივლისს კი ბორის გრებენშჩიკოვის ბენდი თბილისს ეწვევა. როგორც "აკვარიუმის" წარმომადგენელმა ალექსეი იპატოვცევმა მითხრა, რეპერტუარი სცენაზე გასვლამდე ერთი საათით ადრე დგება, ხოლო ჩემს კითხვაზე – იქნება თუ არა ეს კონცერტი "ომის საწინააღმდეგო", როგორც მას შარშან კიევში უწოდეს, იპატოვცევმა ასე მიპასუხა: "ჩვენ ვუკრავთ მუსიკას და ასე მოგვაქვს მშვიდობა. კონცეტრებისთვის თემები სპეციალურად არასოდეს შეგვირჩევია".





სცენაზე, რომელიც ნისლსა და ცისარტყელას სხივებში იყო გახვეული, ცოდნის ქალღმერთის, სარასვატის დიდი პორტრეტი იყო გამოსახული. კელტური მუსიკის ინტონაციებს ბენდის ირლანდიელი მუსიკოსები, ცნობილი ფლეიტისტი ბრაიან ფინეგანი და დრამერი ლიამ ბრედლი ქმნიდნენ. სცენაზე გამოვიდა "აკვარიუმის" ვეტერანი ბასისტი ალექსანდრე ტიტოვი, რომელიც ბ.გ.–ს გვერდით ლამის ორმოცი წელია უკრავს. ძველი სიმღერები, რომლებიც მიყვარდა, არ გაჟღერებულა. იყო ახალი სიმღერები "აკვარიუმის" ახალი ალბომიდან "მარილი"; სიმღერები განუკითხაობის ცხენებზე, მეფის ნადირობაზე, ჩაის ერთად სმაზე, გზაზე, მტერ–მოყვარეზე, ფრთებზე, ღალატზე, მარტოობაზე, სმაზე და სიყვარულზე. ფაქტობრივად, იგივე თემები რაც ბ.გ.–ის ერთ ძველ სიმღერებშია; იმაზე, რომ ცხოვრებაში სიზმრების გარდა სულ ორი რამ გვაქვს – სიხარული და შიში. შიში იმისა, რომ ჩვენ უარესები ვართ, ვიდრე შეგვიძლია, რომ ვიყოთ და სიხარული იმისა, რომ ყველაფერი საიმედო ხელშია...





No comments:

Post a Comment