ნიუ იორკში 20 მარტს, გაზაფხულისთვის და ბედნიერების საერთაშორისო დღისთვის უჩვეულოდ სუსხიან და თოვლიან დღეს ბრუკლინში, "ბრაიტონ ბიჩზე", რომელსაც ამერიკულ საბჭოთა კავშირს უწოდებენ, თოვლიანი ოკეანის ნაპირზე ორმოცდაათზე მეტი ქართველი შეიკრიბა, რათა წინმსწრებად, 21 მარტს თბილისში ოპოზიციის მიერ გასამართი მიტინგისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა.
მიტინგის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, არა ქვეყნის სტაგნაცია, არამედ მისი დაჩქარებული უკუსვლაა, რადგანაც: ქვეყანა შეუჩერებლად ღარიბდება, ინვესტიციები იკლებს, უკან დაბრუნდა კრიმინალური ავტორიტეტების პატივისცემა, "ობშიაკების" აკრეფა, კორუფცია და ნეპოტიზმი, ქვეეყნის მცოცავ ოკუპაციას მთავრობის მხრიდან პროტესტი არ ახლავს, ღარიბაშვილის მთავრობამ კი, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მართავს, ყველაფერი გააკეთა, რათა დასავლელი პოლიტკოსების რიტორიკიდან საქართველო, როგორც მწვავე პრობლემა, გამქრალიყო; ბოლოს კი ისიც აღმოჩნდა, რომ თურმე პუტინი საქართველოს მტერი არაა. "ბრაიტონზე" მცხოვრებმა ზოგიერთმა რუსმა უკმაყოფილება გამოთქვა ქართულ–უკრაინული, აშშ–ის, ევროკავშირისა და ნატოს დროშებიანი მსვლელობის დანახვისას, რასაც საქართველოს ყოფილი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა ასე უპასუხა: "ჩვენი ანტიპუტინური მიტინგები, ქმედებები ისევ და ისევ რუსი ხალხის გამოსაფხიზლებელი მცდელობებია და არა რუსოფობიური"
აქცია ნიუ იორკში საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ფოტო: ია მერკვილაძე, 20.03.2015
გიორგი ხუროშვილი: – სამწუხაროდ, მსოფლიოს ისეთ მთავარ პოლიტიკურ დედაქალაქებში, სადაც მსოფლიოს გეოპოლიტიკური ბედი წყდება, ანუ ვაშინგტონსა და ნიუ იორკში უკვე საერთოდ არავინ ახსენებს საქართველოს, ხოლო ბესელია თავისი "მჭერმეტყველური" ინგლისურით თავს გვჭრის და ასე ახდენს ქვეყნის პრეზენტაციას. ეს არის ამის მაქსიმუმი, რაც ამ ხელისუფლებას შეუძლია. არ არსებობს ეკონომიკური გეგმა, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ათასობისთ იპოთეკარი, რომელსაც ერთ დღეში 10 000-ით გაუძვირდა ვალი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ჩემი ოჯახის წევრებიც ამერიკაში ცხოვრობენ და იმავე მძიმე სამუშაოს ეწევიან, რასაც თითოეული თქვენგანი. და თუ თქვენ ადრე ამერიკიდან საქართველოში თვეში 500 დოლარს აგზავნიდით და იქ კი ოჯახი 500–600 ლარს ამატებდა, ადამიანები რაღაცნაირად ამ თანხის გადანაწილებას ახდენდნენ. მაგრამ გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, როცა გზები არ იგება, ინფრასტრუქტურული პროექტები არ მიმდინარეობს, ადამიანებმა სამუშაო ადგილები დაკარგეს, ასეთ შემთხვევაში აქედან გაგზავნილმა ფულმა დაკარგა თავისი ღირებულება. ამბობენ, ცხოვრება გაძვირდაო. ცხოვრება კი არ გაძვირდა, დოლარის კურსმა ლართან მიმართებაში მოიმატა და გაჩნდა ე.წ. "უფასო ფული", რომელსაც საქართველოს ოლიგარქი ხალხს პირდებოდა. ეს კი ჰგავს იმ სიტუაციას, როცა ადამიანს ხელფასად მილიონობით კუპონი ჰქონდა, ერთი პური კი 2–3 მილიონი ღირდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი მსყიდველობითი უნარი ნულთან იყო გათანაბრებული. საქართველოში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა, ინვესტიციებმა იკლო, ოცამდე მსხვილი ბრენდი საქართველოს ბაზრის დატოვებას აპირებს, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი ეკონომიკური ზრდა საერთოდ არ დაფიქსირებულა.
აქცია ნიუ იორკში საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ფოტო: ია მერკვილაძე, 20.03.2015
დღეს ჩვენ უკრაინის დროშებთან ერთად აშშ–ის დროშები გვიჭირავს. აშშ–მა ძალიან ბევრი ქართული ოჯახი გადაარჩინა და ჩვენ მალდობლები ვართ ამ ქვეყნის. მაგრამ ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ დავსხდებით, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ჩვენი ხმა შევუერთოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხვალ რუსთაველის გამზირზე უნიათო მთავრობის გადაყენებას მოითხოვენ.
აქცია ნიუ იორკში საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ფოტო: ია მერკვილაძე, 20.03.2015
პოლიტიკური დევნა არაა საზოგადოების დაკვეთა და არც იმ ადამიანების ქვეყნის მტრად გამოცხადება, რომლებსაც ბევრი რამ გაუკეთებიათ. სამწუხაროდ, დღევანდელი უგუნური და კომპლექსიანი მთავრობა ასე ცდილობს თავისი თავის დამკვიდრებას. იუსტიციის სახლში, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო და რომელსაც უცხოელებს ვაჩვენებდით, ვედეოკამერები გამოურთავთ. ეს იმ მიზნით, რომ იქ კორუფცია დამკვიდრდეს: მანადმე იქ არავის სჭირდებოდა ხუთ წუთში პასპორტის ასაღებად ნაცნობ–უცნობების მოძებნა და ქრთამის გადახდა. სამწუხაროდ, დღეს გამოდიან ადამიანები, პროფესორები (რომლებსაც მე ვიცნობ) და ლანძღავენ წინა ხელისუფლებას და მისი მმართველობის ცხრა წელს. არადა, ათი წლის წინათ მათი ხელფასები 200–300 ლარი იყო, ახლა 5000 ლარს გაუთანაბრდა... ისმის კითხვა – გაუგებარია, თუ რას ლანძღავენ ისინი? იმას, რომ მისაღებ და სახელმწიფო გამოცდებზე კორუფცია აღარაა და გამოცდიებისთვის სტუდენტებს ნაცნობ–მეგობრების მოძიება არ სჭირდებათ? დღეს კრიმინალები თითს გვიქნევენ და გვეუბნებიან, რომ მათი დრო მოვიდა. ცხადზე ცხადია, რომ ეს არის სიბნელის პროგრესის წინააღმდეგ ბრძოლა და თუ ჩვენ ეს სიბნელე დღეს არ შევაჩერეთ, ხვალ უკვე ძალიან გვიან იქნება."
ია მერკვილაძის ფოტორეპორტაჟი
21.03.2015netgazeti.ge
No comments:
Post a Comment