ბრუკლინის მუსიკალურ აკადემიაში (BAM) რამდენიმე დღის განმავლობაში ფლამენკოს მინიფესტივალი გაიმართა, რომელზეც აშშ–ში მოქმედი ესპანური ცეკვის კომპანია Flamenco Vivo Carlota Santana (1983) თავისი პერფორმანსებით წარსდგა.
პირადად ჩემთვის, ფლამენკოს განვითარების ძალიან არაპროფესიონალი დამკვირვებლისთვის, რომლის ცოდნა ამ სფეროში UNESCO–ს მიერ ამ ცეკვის მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებას (2010), ლა არხენტინას, ხოაკინ კორტესის, სარა ბარასის, დანიელ ნავაროს, კარლოს საურას კინოსურათს "ფლამენკო", პაკო დე ლუსიას (ახალი ფლამენკოს ფუძემდებელი) გიტარას, დოკუმენტურ ფილმებსა და "იუთუბიდან" აქა–იქ შეკრებილ ეპიზოდებს არ სცდება, "ფლამენკოს" ცოცხალი "სულების" მაყურებლის რიგიდან სულ რაღაც სამი მეტრის დაშორებით შეგრძნება ტრანსის განცდის ტოლფასი იშვიათი შთაბეჭდილება იყო.
სხეულზე შემოტმასნილი, წითელი–თეთრი ფერის ან ყვავილებნახატიანი, უკან გრძელკუდიანი კაბები, მარაოები, ფოჩებიანი თავსაფრები, მამაკაცების შავი მკაცრი კოსტუმები "ბოლეროს" მოსასხამებით, იატაკზე "მოკაკუნე" მუდამჟამს შფოთიანი "ფეხსაცმელები", კასტანიეტების ტერმპერამენტიანი რიტმი, მოცეკვავეების გაშეშებული, უღიმილო, მკაცრი სახეები და განწირული ვნება... მუქ ფერებში ჩაცმულ მომღერალთა გუნდის სუნთქვის გამჩერებელი, საოცრად დრამატული ამოყვირებები, რომელიც რეალურად გულის იმპულსური მოძრაობებია და რომელიც პირველყოფილ ტირილს უფრო ჰგავს, ვიდრე ცეკვის მელოდიას, რომლის დაძაბულობის ინტენსივობაც ფინალისკენ იკლებს, სიჩუმის დადგომა კი ნამდვილი ინფერნალური წყვდიადია.
შოუს განმავლობაში სულ მეგონა, რომ მომღერლებიც წამოხტებოდნენ და ცეკვას დაიწყებენ. ასეც მოხდა. პერკუსიონისტმა ხოსე მორენომ "ვერ მოითმინა" და ფლამენკოდ გადაიქცა (მოგვიანებით გავიგე, რომ იგი ქორეოგრაფი და მოცეკვავეც ყოფილა)... ფლამენკოურია "ფლამენკოს ხმის" სპეციალური ტემბრის დინამიური ცვლილებების, ერთი შეხედვით, ქაოტური "ილეთები", ზღვრულად დაძაბული, დამღლელად გაჭიმული, უკან გადაზნექილი ტანი და თითქოს მტკივნეულ კრუნჩხვაში გაშეშებული, "ძლივს მოძრავი" ხელის მტევნები, თითები, რომლებიც ჰაერში არქეტიპულ სასოწარკვეთას ხატავს, რომელსაც ვერც გაიმეორებ, ვერც სიტყვით გადმოსცემ. ერთგვარი ეროტიული, უიმედო გრძნობის ენერგია, რომელიც გრაციოზულიცაა, ველურიც და ბავშვობაში პირველად ნანახ "კარმენს" მისი "ალქაჯური" გამომწვევობით გაგახსენებს.
ფლამენკოს ხელოვნება დიდი ხნის განმავლობაში "დახურულ ხელოვნებად" ითვლებოდა, რადგანაც ესპანელი ბოშები, რომლებსაც ამ ცეკვის მშობლებად მოიაზრებენ, იზოლირებულად ცხოვრობდნენ და ამ ცეკვას მხოლოდ "გარკვეულ წრეებში" წარადგენდნენ. ფლამენკოს საწყისი მავრიტანული ხელოვნებაა, რომელიც მას მერე ჩაისახა, რაც XV საუკუნეში ბოშები დამხობილი ბიზანტიიდან გამოიქცნენ, ესპანეთის სამხრეთ სანაპიროს შეეხიზნენ და ბინა ანდალუზიის პროვინციაში დაიდეს. მათ ადგილობრივი მუსიკალური ტრადიციების გადახალისება აქტიურად დაიწყეს და ამ მავრიტანულ–ებრაულ–ესპანური ხელოვნების მუსიკალური ნაერთიდან, რომელიც "რეფორმირდა" ჯერ ბოშების, მერე კი – ესპანელების მიერ, ფლამენკო დაიბადა. ფლამენკო ძალიან ფართე ინტერპრეტაციის ხალხური მუსიკისა და ცეკვის ნაერთია, რომელიც ორმოცდაათზე მეტ ნაირსახოებას მოიცავს. XX საუკუნიდან კი ფლამენკომ ჯაზის, კუბური მელოდებიც "შეისრუტა" და კლასიკური ბალეტის ელემენტებიც დაიმატა.
Flamenco Vivo Carlota Santana–ის წარმოდგენას ერქვა Angeles/Almas (ანგელოზები/სულები), რომელმაც ორი სხვადასხვა პროგრამა, ძველი ცეკვები და ასევე ფლამენკოს სამი ქორეოგრაფის ახალი დადგმა მოიცვა. თავად ამ კომპანიის დამფუძნებელი, ნიუ იორკისა და დიუკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლოტა სანტანა მსოფლიოში ცნობილი ფლამენკოს/ესპანურის მოცეკვავეა, რომელსაც "ფლამენკოს შემნარჩუნებელსაც" უწოდებენ. მისი ინიციატივით ინოვაციური სახელოვნებო პროგრამა შეიქიმნა, რის შემდეგაც ფლამენკოსა და ესპანური ცეკვის ელემენტები საშუალო რგოლის საგანმანათლებლო სისტემაში შეიტანეს.
Flamenco Vivo –ს მოცეკვავეები სხავდასხვა ჯილდოების მფლობელები არიან, როგორც, მაგალითად, სევილიაში დაბადებული მოცეკვავე ჩარო ესპინო, რომელიც ლეგენდარული ბოშა ქორეოგრაფისა და ფლამენკოს მოცეკვავის კრისტოფერ რეიესის პარტნიორი იყო და ცნობილი ეკვადორელი ქორეოგრაფის – რაფაელ აგუილარის დასშიც ცეკვავდა; ესპანელი ქორეოგრაფი/მოცეკვავე ანტონიო ჰიდალგო კი ფლამენკოს შემსულებელი ყველაზე ცნობილი ანსამბლების სოლისტია და ამჟამად ანტონიო გადესის ფონდის წარმომადგენელიც.
***
არ ვიცი ამ პროგრამას "ანგელოზები" რატომ ეწოდა. შეიძლება ერთ–ერთი ქორეოგრაფის ანჯელ (ანგელოზი) მუნოზის გამო, რომელიც თავის თავს "ფეხებით მომღერალს" უწოდებს. ანგელოზების ქცევა–გარეგნობაზე მე კვლავ არქაული წარმოდგენა მაქვს. სამაგიეროდ, სცენაზე ნამდვილად იყვნენ სულები და ამ სულებს "ფლამენკო" ერქვათ.
06.05.2015
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment